კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაინტერესდნენ ამერიკისა და თურქეთის ტელეარხები ჯუგაანელი გლეხის, „ბლუ ოთარას“ ბედით და რამდენი დღე გაატარა მან საიქიოში


ადამიანის სულის უსიერ წიაღში ყოველთვის ბჟუტავს იდუმალი ცნობისწადილი შეუცნობის შეცნობისა, რასაც ხშირად ღვთის სასწაულებად მივიჩნევთ. სწორედ, ერთი შეხედვით დაუჯერებელი ამბის მოსასმენად წავედი ქიზიყის ლიბოგამაგრებულ, ძველ, ტრადიციულ ოჯახში. კახეთისთვის გადამთიელი არ ვარ, მაგრამ მაინც კითხვა-კითხვით მივაგენი ჯუგაანში ოთარ კიკილაშვილის ოჯახს. გზადაგზა ვისმენდი მისი „მკვდრეთით აღდგომის“ ნაირგვარ ვერსიას... გზაშივე გადამიწურეს იმედი ოთხმოცდახუთი წლის ოთარ კიკილაშვილთან შეხვედრისა. მითხრეს, მას შემდეგ, რაც ორბივით გაჯეელდა, სახლში რა გააჩერებს, ვენახში იქნება წასულიო. ასე აგიხდათ ყველაფერი კარგი! ამიტომაც მისი მეუღლის – ქალბატონ მაყვალა გოგაშვილისგან მოვისმინე უცნაური თავგადასავალი მისი თანამეცხედრისა, რომელსაც ბიბლიური მოსესავით, უფლის შეცნობის შემდეგ, წაერთვა ენაბორძიკობა და 75 წლის ასაკში, ისე ამეტყველდა, ნებისმიერ სახელგანთქმულ ორატორთან შეუძლია მჭევრმეტყველებაში გაჯიბრება.


მაყვალა გოგაშვილი: ამბავი, რომელიც ჩემს ქმარს გადახდა, შემთხვევიდან ძალიან მალე ამერიკისა და თურქეთის ტელეარხებმა გააშუქეს. ხომ გაგიგიათ, შვილო, „შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო“. მილეთის ამბებს გულმოდგინედ იმეორებენ, თავისიანის დაჯერება კი უჭირთ. ჩვენი რაიონის გაზეთები მაშინღა დაინტერესდნენ ჩემს ოჯახში მომხდარი ამბით, როცა მეზობელ ქვეყანაშიც გახმაურდა და შორეულშიც. შინაურები კი ამბობდნენ: რაც მოხდა საკუთარი თვალით რომ არ გვენახა, გაზეთში წაკითხულსა და მოსმენილს არ დავიჯერებდითო. ჩემი მეუღლე მინდორში იყო სამუშაოდ წასული. კოლმეურნეობიდან არენდით გვქონდა მიწის ნაკვეთი აღებული ბოსტნეულის მოსაყვანად. უცებ მუხლებში სისუსტე იგრძნო, გულმაც ფრიალი დაუწყო. დაანება საქმეს თავი და გაჭირვებით მოაღწია სახლამდე. ისე გამოიყურებოდა, როგორც მთვრალი. თვალებიც არეული ჰქონდა, ამღვრეული და დაწითლებული. მაშინვე დაწვა დასასვენებლად. ცოტა ხანში გონება დაკარგა. ექიმი მოვიყვანეთ, გონზე ვერ მოიყვანეს. ასე გავიდა დაახლოებით რვა დღე. ამ ხნის განმავლობაში ვერც ხმის ამოღება შეძლო, ვერც თვალის გახელა, მგრძნობელობა საერთოდ დაკარგული ჰქონდა. არაფერზე რეაგირებდა. ზუსტად მეცხრე დღეს ფეხი შეატოკა და თვალები გაახილა, მერე ისევ დახუჭა. მეათე დღეს ცნობიერება თითქოს დაუბრუნდა. გაახილა თვალები და იკითხა, სადა ვარო. მე ვუთხარი: შენს სახლში ხარ-მეთქი, არა, არ ვარ ჩემს სახლშიო. რადგან ხმა გაგვაგებინა, გადარჩენის იმედიც გაჩნდა. ექიმებმაც დაუწყეს მკურნალობა. ერთი თვალი გადაუტრიალდა და მხოლოდ სითეთრე მოუჩანდა. მაგრამ, მგრძნობელობა დაუბრუნდა და აი, ერთ დღეს საღ-სალამათმა გაიღვიძა. თვალიც, აზრიც და გონებაც წესრიგში ჰქონდა და მოხდა დაუჯერებელი რამ: კაცმა, რომელსაც მთელი სიცოცხლე „ბლუ ოთარას“ ეძახდნენ, გამართულად დაიწყო ლაპარაკი. საწოლიდან წამოდგა და სწორედ მაშინ გვიამბო იმქვეყნად მოგზაურობის შესახებ.

– რა თქვა, სად ვიყავი და რა ვნახეო?

– როგორც კი ამოვძვერი ჩემი სხეულიდან, დავტოვე აქაურობა და სინათლით გაჩახჩახებული გვირაბი გავიარე. გავცდი თუ არა გვირაბს, ერთი ახალგაზრდა ბიჭი შემომხვდა და მეგზურობა შემომთავაზა, ისეთ წალკოტში შემიყვანა, მსგავსი სილამაზე და ფერები არც სიცოცხლეში, არც ფილმში და არც ნახატებში მინახავს. იქ ისეთი სილამაზეა, გადმოცემა შეუძლებელიაო. მცენარეები ყოფილა სულ სხვანაირი, მდინარეები, ჩანჩქერები ისეთი, თვალს ვერ მოწყვეტდიო. ხალხიც უნახავს, ნაცნობებიც და უცნობებიც. მაგრამ არც ჩემს მშობლებს და არც თავისებს ხმა არ გაუციათ. თვითონ კი ეკითხებოდა, თურმე, არ გაგიხარდათ ჩემი ნახვაო. იმათ კიდევ ზედაც არ შეუხედავთ. ისე დაიჭირეს თავი, ვითომ ვერც მიცნეს და ვერც დამინახესო, – თქვა. მარტო ერთი ახალგაზრდა ბიჭი დალაპარაკებია იმ პირველ ბიჭს, ვინც ჩემს ქმარს წინამძღოლობა გაუწია. უთქვამს: როდის დაგავალე ამ კაცის მოყვანა, სულაც არ მეჩქარება მაგის მოსვლა, ახლავე გაუმზადე საბუთები და უკან დააბრუნეო. ჩემს ქმარს ძალიან მოსწონებია ის ქვეყანა და დარჩენაც სდომებია, მაგრამ ისე მკაცრად დახვედრია ის ახალგაზრდა ბიჭი, ჩემს მეუღლეს თხოვნაც კი ვერ გაუბედავს, დავრჩებიო. მერე მიუცია სამკუთხედი კონვერტი და უთქვამს, არც გახსნა და არც წაიკითხო, პირდაპირ წადი, არსად გადაუხვიოო და გამოუგზავნია. ის ადგილიც უნახავს, სადაც ბოროტი და ცოდვით სავსე ადამიანები იყვნენ, მაგრამ შიგნით მათ სანახავად არ შეუყვანიათ. უკითხავთ: რასაც ინატრებ, აგისრულებთო... ჩემს ქმარს ვერ გაუბედია ხმის ამოღება, გუმანით, უთქვამს, ჯანმრთელობა მოგვეცი მე და ჩემს ოჯახს, დანარჩენს თვითონ მივხედავთო. როგორც ეს „უთქვამს“, უსიტყვოდ მოუკიდია ხელი იმ ბიჭს, ვინც მიიყვანა და სააქაოს გამოუცილებია. მეტი არაფერი ვიცი, რადგან ასე ამბობს: ყველაფრის თქმა მეკრძალება, რაც სათქმელი იყო – გითხარითო.

– რა შეიცვალა მის ცხოვრებაში იქიდან დაბრუნების შემდეგ?

– როცა ცოლად გავყევი, „ბლუ ოთარას“ ეძახდნენ. კოლმეურნეობაში მუშაობდა. ძალიან მშრომელი კაცი იყო, მაგრამ რაკი მეტყველება უჭირდა, სამსახურში ვერ აწინაურებდნენ. ამის გამო ებოდიშებოდნენ კიდეც. მე მისი ფიზიკური ნაკლისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, რადგან სხვამხრივ კარგი კაცი იყო – მშრომელი, ოჯახის ერთგული, თუმცა ფიცხი და ადვილად ფეთქებადი. „იქიდან“ დაბრუნებული კი სხვა კაცად იქცა. გარდა იმისა, რომ „ბლუ“ მეტსახელადღა შემორჩა და ჩვეულებრივ ლაპარაკობს, ჯანმრთელობით და შრომისუნარიანობით ოცი წლის ბიჭს დაემსგავსა, გარეგნობითაც გაახალგაზრდავდა. ხასიათიც სულ მთლად შეეცვალა სასიკეთოდ. მორწმუნეც გახდა. ადრე პირჯვრის გადაწერაც არ იცოდა, „იქიდან“ დაბრუნების შემდეგ კი ლოცვის გარეშე სახლიდან არ გადის. დაუახლოვდა ეკლესიას, რელიგიურ ცოდნას დაეუფლა. არ არსებობს შაბათი დღე და კვირაძალი, ნაკურთხი სანთლების ანთება დაავიწყდეს. ძუნწი არც ადრე ყოფილა, მაგრამ ახლა სხვანაირად ხელგაშლილი და გულგაშლილია. „იქიდან“ მოსულს ყვავილების სიყვარული დასჩემდა, ოთახის მცენარეებს საათობით ელაპარაკება და ისე უვლის, ეზოც სულ აავსო ნაირ-ნაირი ვარდებით და ყვავილებით. გული სწყდება, რომ ეს ამბავი 75 წლისას შეემთხვა და არა ახალგაზრდას. ალბათ, ახალგაზრდას რომ დაბრუნებოდა მეტყველება, მიწის მუშად არ დაბერდებოდა. შრომა კი არ ეთაკილება, მაგრამ, ალბათ, მეტს მიაღწევდა, გამართულად საუბარი რომ შეძლებოდა.

– თქვენ მეტყველების დაბრუნება ახსენეთ. რამე კონკრეტულმა შემთხვევამ განაპირობა ენის დაბორძიკება თუ თავიდანვე ასე ამეტყველდა?

– ძალიან გვიან აუდგამს ენა, 4-5 წლისას, ტვინის ანთებას გამოუწვევია ენაბორძიკობა. ახლა უკვე სიკვდილის თადარიგსაც იჭერს. მიუხედავად იმისა, რომ თავს მხნედ და ჯანმრთელად გრძნობს.

მთავარი ის არის, რომ სიკვდილი საშიში განცდა აღარ არის მისთვის. უფრო მეტიც, ოთარასათვის გარდაცვალება რაღაც სასიამოვნო სიახლის მოლოდინია, რადგან იმქვეყნად ყოფნამ სიცოცხლის ფასი უკეთ გააგებინა და იცის, როგორ უნდა მოიქცეს, მუდმივ სატანჯველში რომ არ ჩაიგდოს თავი. სიკვდილის თადარიგში კიდევ იმას ვგულისხმობ, რომ უნდა ლაზათიანად გავემგზავროთ. არაფერზე არ დავაღონოთ შვილები და შვილიშვილები. ჩემი ქმრის რწმენა მეც გადმომედო. საშიშ ცოდვებს არ ჩავიდენთ. წვრილმანი კიდევ შეგვენდობა და გვეპატიება. ისე კი, მეჩვენება, რომ სიკვდილზე ლაპარაკი ადრეა, ჩემი ქმარი „იქიდან“ მოსვლის შემდეგ ისე შევიდა სიცოცხლის ეშხში, ახალგაზრდობაშიც რომ არ ყოფილა, მაგრამ, რადგანაც ყველანი სიკვდილის შვილები ვართ, თადარიგი მაინც საჭიროა.

ადრე ჩემს ქმარს ოჯახის კეთილმოწყობისთვის ჩემი ჯუჯღუნი და ძალდატანება სჭირდებოდა. ამბობდა: რა ძალა მაქვს, ყორეების შენებას რომ შევაკვდე, ორი ფიცრის მეტი ვის რა წაუღია ამქვეყნიდანო, მაგრამ ახლა აღარ ფიქრობს ასე. მართალია, ამქვეყნიდან მხოლოდ ორ ფიცარს გვატანენ, მაგრამ, როგორც ნახა, ამქვეყნად ვინც როგორი ცხოვრების წესით ცხოვრობს – იქაც ისეაო. ამიტომაც მარადიულ სოფელზე ზრუნვისთვის ირჯება წუთისოფელშიც. თავს უფლებას აძლევს, ყველას დაუშალოს ხელმრუდობა, ჭორაობა, უსაქმურობა, ეუბნება: აქ თუ შეგრჩებათ ცოდვები, იქ სხვანაირი სამართალიაო.

ამას წინათ იეღოველები გვესტუმრნენ. შემოვიპატიჟე სახლში, საკადრისად გავუმასპინძლდი, ჩემს ქმარს უმტკიცებდნენ, რაც შენ გადაგხდა, ბნელი ძალების ნახელავია, რადგან სატანის მეუფების ხანაში ვცხოვრობთო. სხვა დროს გინდ ჩართულ ტელევიზორთან გისაუბრიათ, გინდ მაგათთან, მაგრამ ჩემმა მეუღლემ, ისეთი არგუმენტები მოიყვანა მათთან საუბარში, სიტყვა აღარ შეუბრუნეს, თუმცა, არ ვიცი, ასე ზრდილობის გამო მოიქცნენ თუ სიკვდილგამოვლილის ნაამბობის ირწმუნეს.

სასწაულების მჯერა, შვილო, როგორ არ დავიჯერო, როცა 75 წლის კაცი ხელახლა დაიბადა სიკვდილის ზღვარზე მყოფი. ვინც ჩვენი ოჯახის ამბავი იცის, ყველას სჯერა, რაც მოხდა, იმიტომ მოხდა, რომ ღმერთის ყოვლისშემძლეობაში დავრწმუნებულიყავით, დაილოცოს მისი ძალა და სამართალი!

სიმართლე გითხრათ, ღვთის გმობა მეც წამომცდენია. წლინახევრის ბავშვი დამეღუპა და ღმერთს ვადანაშაულებდი უსამართლობაში. ახლა კი, მოვინანიე ეს ცოდვა, რადგან ვიცი, სადაც არიან უმანკო სულები. ისიც ვიცი, რომ წუთისოფელი გამოცდაა იმისი, ვინ, სად დავიმსახურებთ ყოფნას. მადლობელი ვარ უფლის, თვალის ახელისთვის. ხომ გაგიგიათ, „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“.

მართალია, ქალბატონი მაყვალას ნაამბობი ჯუგაანის „ყურის ძირში“ მცხოვრებმა გვიან გავიგე (ამერიკელი და თურქი ჟურნალისტებისგან განსხვავებით) ჩემი კოლეგა და კიკილაშვილების მეზობელი გელა ზედელაშვილისგან, მაგრამ ქალბატონი მაყვალას თქმისა არ იყოს, „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“. მით უმეტეს, რომ ამგვარი თავგადასავლების მოსმენა, ჰაერივით სჭირდება მცირედმორწმუნეთ და ათეიზმის სენით შეპყრობილ ადამიანებს, რომელთათვისაც ღვთის ძალაში დასარწმუნებლად მაინცდამაინც მირონმდინარე ხატებისა და ხანდაზმულთა გაახალგაზრდავების დანახვაა საჭირო, რომლებიც სამწუხაროდ, ვერ აცნობიერებენ, რომ თითოეული მათგანი ღვთის ხატია, ღმერთის უბადლო შემოქმედებაა და ყოველი დღე – დღესასწაულია თავისი სიდიადით, სხივოსნებითა და ტკივილით.


скачать dle 11.3