კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ დაუპროექტა ახალი სახლი ნანა ფაჩუაშვილს და რატომ დატოვა მან მოგონებები ძველ ბინაში



მსახიობი ნანა ფაჩუაშვილი დაახლოებით ორი თვეა, რაც ახალაშენებულ ბინაში, ვერაზე დასახლდა. ბინის დიზაინი ქალბატონ ნანას თავად ეკუთვნის და ყველა დეტალი სახლში მისი გემოვნებითაა შერჩეული. ოთახები ღია კაკაოსფერ და მორუხო ფერებში, სააბაზანო კი ცისფერ ტონებშია გადაწყვეტილი. როგორც თავად დიასახლისი ამბობს, ამ ბინაში ძველი საცხოვრებლიდან სულ ოთხი ნივთი წამოიღო, დანარჩენი ყველაფერი ახალი შეიძინა. არასასიამოვნო მოგონებები იქ, ძველ ბინაში დატოვა და ახალი ენთუზიაზმით შეაბიჯა ახალ სახლში.

ნანა ფაჩუაშვილი: უკვე ორი თვეა, რაც ვერაზე, ახალაშენებულ ბინაში გადმოვედი საცხოვრებლად. ამ ბინის მშენებლობის დამთავრებას შვიდი წელია, ველოდები. მიუხედავად იმისა, რომ ბინა ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე დასრულებული, მაინც გადმოსვლა ვამჯობინე. სასწრაფოდ დავიწყე რემონტი, ყველა საჭირო ნივთი შევიძინე და გადმოვბარგდი. ძალიან მინდოდა ახალ გარემოში სწრაფად დაბინავება და მოვახერხე კიდეც.

– ბინის დიზაინი ვის ეკუთვნის?

– შემიძლია, გითხრათ, რომ ბინის დიზაინიც და რემონტიც თავად გავაკეთე, მარტომ. ამაში დიდი ინტერესი და აზარტიც იყო. ოთახებიც მე დავაპროექტე და, კედლის საღებავის ფერებიც სხვების დაუხმარებლად შევარჩიე. საერთოდ, ვფიქრობ, სასურველია დიზაინერმა გააკეთოს ეს ყველაფერი, მაგრამ თუ გინდა ფული დაზოგო, მაშინ ეს საკუთარ თავზე უნდა აიღო. ჩემი შვილები დაბინავებულები არიან, ამ ბინაში კი მე და ჩემი 21 წლის შვილიშვილი ანი ვცხოვრობთ. გვყოფნის ის, რაც გვაქვს და ბინის დიზაინიცა და ფართიც გვაკმაყოფილებს. შეგნებულად არ მინდოდა ძალიან დიდი ბინა. სულ ვამბობ, დასარჩენად ვეღარ მოხვალთ, ისე დავაპროექტე ბინა-მეთქი (იცინის). ძალიან მიყვარს სინათლე და ჩემს ბინაში სულ შუქი ანთია. გეტყვით იმასაც, რომ რემონტი ისეთი რამეა, რაღაცას რომ გააკეთებ, მეორე დღეს ამბობ, ნეტავ ეს ასე არ გამეკეთებინაო. თუმცა ახლა რამის შეცვლა გამიჭირდება. ყველაფერს თანხები სჭირდება, თორემ, კორექტივებს ჩემს დიზაინში დღესვე შევიტანდი. თავიდან რომ მქონდეს დასაპროექტებელი ბინა, სხვანაირად მოვიქცეოდი. რაც შეეხება მისაღები ოთახის კედლების ღია კაკაოსფრად შეღებვას, ვფიქრობ, ეს ჩემს გუნება-განწყობას მიესადაგება. საძინებლის კედლების რუხი ფერი კი, ჩემს წლოვანებასთან უფრო ახლოა. ასევე, ძალიან მიყვარს აივანზე ჯდომა. გამოვალ ხოლმე ჩემს პატარა, კოხტად მოწყობილ აივანზე საღამოს და, თბილისის ხედს რომ ვუყურებ, ცხოვრების სტიმული მეძლევა. ყოველ დილით, გავიღვიძებ თუ არა, საწოლიდან ადგომისთანავე აივანზე გამოვდივარ. გადავხედავ გარემოს, თან ხედით ვტკბები, თან მტკვარს გავცქერი და თან ამინდსაც ვიგებ. ცოტა დიდი აივანი რომ მქონდეს, უკეთესი იქნება, მაგრამ ეს პატარაც კარგია, რომ მაქვს. განმარტოვდები ადამიანი აივანზე, დაჯდები, ჭიქა ყავას დაიდგამ პატარა მაგიდაზე, გადაიდებ ფეხს-ფეხზე და გასცქერი მტკვრის დინებას. ამაზე კარგი არის რამე? (იცინის). მთელი ზაფხული ასე გავატარე, აი, ზამთრის გატარება კი მისაღებ ოთახში მომიწევს.

– ავეჯიც თქვენი გემოვნებით შეარჩიეთ თუ რჩევა ვინმეს დაეკითხეთ?

– ავეჯი ჩემი და „ბელუქსის“ მაღაზიაში მომუშავე გოგონების შერჩეულია. ჩამოფასების დროს სასწრაფოდ დამირეკავდნენ და მეტყოდნენ, ქალბატონო ნანა, თქვენ რომ მოგეწონათ, ის ჩამოფასდა, მოდით და შეიძინეთო (იცინის). ისე, ყველაფერი ცალ-ცალკე მაქვს ნაყიდი. ძალიან მიყვარს ყვავილები. ქოთნის ხეც შევიძინე ახალი ბინისთვის და ადგილი მისაღებ ოთახში მივუჩინე. ძველი ბინიდან მხოლოდ ოთხი ნივთი გადმოვიტანე: ცხენის სტატუეტი, დიდი ხნის წინათ, პოლონეთში ნაყიდი დასაკიდი ტელეფონი, რომელიც მე და ჩემმა მეუღლემ ერთად შევიძინეთ, ასევე, ჩემი ქმრის, ტრისტანის ნაქონი მუსიკალური „კომბაინი“ და უცხოეთში გასტროლების დროს ნაყიდი ჭაღი, რომელიც საძინებელში კიდია. ძველ ბინაში ყველა ნივთი წარსულს მაგონებდა. მართალია, ჩემი წარსულით ძალიან ვამაყობ, მაგრამ არც ის ნოსტალგია და ტკივილი მავიწყებს თავს. რატომღაც, ასეთი გარდატეხა მოხდა ჩემში – მომინდა ძველისგან გათავისუფლება და ახლის შეძენა. სხვათა შორის, ოთხი ტელეფონი მაქვს სახლში, ყველა სხვადასხვა ქსელი და, მინდა გითხრათ, ჩემი შვილიშვილის გადამკიდე, დავისვენე. (იცინის). მადლობა ღმერთს, ჯერ ოთხივეს ერთად არ დაურეკავს.

– როგორი დიასახლისი ხართ? გიყვართ სამზარეულოში ტრიალი?

– დიასახლისობა მიყვარს, მაგრამ დრო არ მრჩება ამისთვის. თუ სტუმრები მოდიან, აი, მაშინ სტიმულიც მაქვს და სამზარეულოშიც ხალისით ვტრიალებ. ახალი ბინის, ახალი სამზარეულოსთვის მწვადის მინი-შესაწვავი აპარატი შევიძინე და ვინც მესტუმრება, ყველას ვთავაზობ ჩემი ხელით შემწვარ მწვადს. (იცინის). აქ ყველა საჭირო ნივთი მაქვს და, ვფიქრობ, ეს ყველა დიასახლისისთვის საჭირო და აუცილებელია. სამზარეულო სპეციალურად რუხი ფერის შევარჩიე, კედლები კი მუქი მწვანეა და ეს ორი ფერი ძალიან მოუხდა ერთმანეთს. სხვათა შორის, სამზარეულოში გამწოვია და პროექტში გათვალისწინებული არ იყო ფანჯარა. მე კი, ჩემი ინიციატივით დავარღვიე პროექტი, მოვიყვანე მუშები და ფანჯარა გავჭერი. რა ვქნა, მიყვარს ჰაერი, შუქი და სივრცე (იცინის). საბერძნეთში რომ ვიყავი, იცით, რა მომეწონა იქ? ყველა ბინას დიდი აივანი აქვს და იქ ხდება სტუმრის მიღება, გამასპინძლება, ვახშამი, საუზმე და, რა ვიცი, მთელი დღე ასე არიან. ფაქტობრივად, აივანზე ცხოვრობენ. მეც მინდოდა აივანზე ცხოვრება, დავდგამდი ყვავილებს, დიდ მაგიდას, სკამებს... მაგრამ, ვინ მაცადა? ისეთი ვიწრო აივანი აქვს მისაღებ ოთახს, ამას ვერ ვახერხებ და ამაზე მწყდება გული. აი, აბაზანა კი ჩემს გემოზე მოვაწყვე და ცისფერი ავარჩიე მისთვის. რაც შეეხება სარკეებს, ხომ იცით, ყველა ქალს უყვარს სარკე და მით უმეტეს, ხელოვანს და ამიტომ საძინებლისთვის ის სპეციალურად შევუკვეთე და აბაზანაშიც დიდი სარკე დავკიდე. ფარდებზეც ბევრი არ მიფიქრია: მისაღებში მუქი კაკაოსფერი, ხოლო საძინებლისთვის – მუქი რუხი ფერის ქსოვილი შევარჩიე – უბრალოდ შეღებილმა კედლებმა ასე მოითხოვა. რა ვიცი, მე ჩემი ბინა ძალიანაც მომწონს და მაკმაყოფილებს. ახლა მინდა, მისაღებში, კედელზე, კუთხე გამოვყო და ჩემი სპექტაკლებიდან ნათამაშევი როლების სახასიათო ფოტო-არქივი გავაკეთო. ვნახოთ, ეს ჯერ იდეაში მაქვს.

ნონა დათეშიძე


скачать dle 11.3