კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

როგორ იმშობიარა ქალმა ქუთაისის ერთ-ერთ ქუჩაში და ვინ ეძებს მას ავსტრიიდან

51 წლის ნინო გვალია და 68 წლის ირა არველაძე ეძებენ (დაახლოებით 75-76) წლის ლილის. (ჟურნალისტის შენიშვნა: ამჟამად ნინო გვალია ავსტრიაში იმყოფება. მას ძალიან უნდოდა რუბრიკა „დაკარგულებში“ მისი ისტორიაც დაბეჭდილიყო, რაშიც მისი დეიდაშვილები ნანა და ირა დაეხმარნენ).

ისტორია: ვეძებ ჩემს ბიოლოგიურ მშობლებს დედას და დებს. დედის შესახებ მწირი ინფორმაცია მაქვს, ვიცი, რომ სახელად ლილი ჰქვია და ადრე (1952 წელს) ქუთაისში ბალახვანის კიბეებთან ახლოს ცხოვრობდა. ჩემთვის ასევე ცნობილია, დედაჩემის მეზობლების გვარი – შალიკიანები. ჩემამდე დედას ერთი გოგო ჰყავდა, ამჟამად კი კიდევ 2 ჰყავს. როგორც გავიგეთ, იგი თბილისში ცხოვრობს. სამწუხაროდ, მეტი ინფორმაცია მის შესახებ არ გამაჩნია.

– მოგვიყევით ეს ისტორია. როგორ დაკარგა ნინომ დედა და როდის გადაწყვიტა მისი მოძებნა?

ირა არველაძე: ეს ძალიან უცნაური და საინტერესო ისტორია გახლავთ. ნინო დაიბადა ქუთაისში 1958 წლის 2 მაისს, ფეიქრის ქუჩის ¹7-ში. ამ სახლის ეზოში, შემდგომ კი სასწრაფოთი ¹2 სამშობიარო სახლში გადავიყვანეთ დედასთან ერთად. ჩვენ ამ ისტორიასთან ის გვაკავშირებს რომ, დეიდაჩვენს ეთერი (ბუჩქუ) ფხაკაძე-გვალიას არ ჰყავდა შვილი და ბათუმიდან ქუთაისში სწორედ იმისთვის ჩამოვიდა, ბავშვი ეშვილა. დამთხვევა იყო ალბათ, რომ ეთერი ქუთაისში სწორედ 1 მაისს ჩამოვიდა, 2 მაისს კი ჩვენთან სახლში სუფრა იყო გაშლილი. მაშინდელი უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა გაშალა ეს სუფრა და ჩვენს ეზოში უამრავი ხალხი იყო. მათ შორის, ჩემი ძმაც, რომელიც მანქანაზე იჯდა და თამაშობდა მძღოლობანას. სწორედ ამ დროს ჩვენთან ეზოში შემოვიდა ვიღაც ქალი, რომელსაც თურმე, მშობიარობა ეწყებოდა. იგი ჩემს ძმას მივარდა და დახმარება – სამშობიაროში წაყვანა სთხოვა. ჩემი ძმა შეშინებული დედასთან მივარდა, მაგრამ სანამ გააგებინა რა ხდებოდა, და სანამ ყველანი გარეთ გამოვცვივდით, იმ ქალს თურმე მშობიარობა დაეწყო ჩვენს ეზოშივე, ხის ძირას. ექსტრემალური სიტუაცია იყო. ბევრმა თავი აარიდა იმ ქალს, შეეშინდათ, თქვენ წარმოიდგინეთ, მხოლოდ ჩემი უშვილო დეიდა დარჩა მასთან და ნინოც სწორედ მის ხელში დაიბადა. აღმოჩნდა, რომ იმ ქალმა ბავშვი, უკანონოდ გააჩინა და შესაბამისად, მისი სახლში წაყვანა არ შეეძლო. ასე მოხდა ნინოს შვილად აყვანა.

– რა იყო იმის მიზეზი, რომ ქალმა ქუჩაშივე იმშობიარა და როგორ დაემთხვა, რომ სწორედ თქვენს ეზოში მოხდა ეს ყველაფერი?

– იმ ქალს ლილი ერქვა. სამწუხაროდ, მისი გვარი არ ვიცით, ეროვნებით ქართველი იყო. თურმე, ქუთაისში, ბალახვანის კიბეებთან ახლოს ცხოვრობდა და ქვრივი იყო. რამდენადაც ვიცით, მისი მეუღლე გარდაცვლილა გაყვანილობაზე მუშაობისას, ნინომდე მას ერთი გოგო ჰყავდა კიდევ, ხოლო ნინო ვიღაც ახალგაზრდა ვაჟისგან გაუჩნდა (რომელმაც იგი მოატყუა, ცოლობას დაპირდა და არ შეირთო). ლილის ორი ძმა ჰყავდა, რომლებისაც ეშინოდა და მათ რომ არ გაეგოთ მისი ორსულობის ამბავი, მუცელი აკრული ჰქონდა თურმე მთელი ცხრა თვე. ჩვენ ეს ყველაფერი მისგან შევიტყვეთ. დეიდაჩემს ძალიან შეეცოდა და საავადმყოფოშიც კი გაჰყვა. სამშობიაროში ყველას ძალიან გაუკვირდა მისი და ბავშვის გადარჩენაც, რადგან ექიმების დახმარების გარეშე მოგეხსენებათ მშობიარობა რა რთულია. ბებიაქალმა კი, როდესაც ბავშვი ნახა წამოსცდა კიდეც, რა მადლი იქნებოდა ახლა ამისთვის ერთი უშვილო ქალიო, რაზედაც დეიდამ თქვა, მეც აგერ ვარო (იღიმება). ასე მოხდა პატარა სასწაული და ნინიკო დეიდაჩვენმა გაზარდა. ლილი სამშობიაროდან ისევ ჩვენთან, სახლში დაბრუნდა, ბავშვს ძუძუ მისცა და უკანმოუხედავად წავიდა. ნინიკო ეთერიმ იშვილა, ნაწილობრივ მეც ვეხმარებოდი მის გაზრდაში, ამიტომაც ვგულშემატკივრობ ახლაც.

– როგორ გაიგო ნინომ თავისი ისტორია და რა იცით კიდევ ლილის შესახებ, რამ შეიძლება შეგვიწყოს ხელი მის მოძებნაში?

– ნინომ ეს ამბავი არც ისე დიდი ხნის წინ გაიგო. ამის შემდეგ ჩვენ დაგვირეკა და გვთხოვა, დავხმარებოდი დედის მოძებნაში. რაც შევძელით, გავაკეთეთ. გავარკვიეთ, რომ ლილი თურმე ადრე ცხოვრობდა ბალახვანთან ახლოს. მას ჰყავდა ორი ძმა. იყო ქვრივი, იმ დროისთვის ახალგაზრდა, დაახლოებით, ოცდახუთი წლის და ლამაზი (მაღალი იყო და ჩაღრმავებული თვალები ჰქონდა) ქალი გახლდათ. შემდგომ მისი მეზობლებისგან გავიგეთ, რომ თურმე თბილისში წასულა. იქ დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი და ცოლად გაჰყვა, თუ არ ვცდები, ხატვის პედაგოგს (სამწუხაროდ, არც მისი გვარი ვიცით). მეორე ქორწინებისგან ლილის კიდევ ორი გოგო შეეძინა, ანუ გამოდის, ის ამჟამად ნინოს ჩათვლით, ოთხი გოგოს მშობელია. ნინოს ძალიან უნდა დედის პოვნა, ასევე უნდა ნახოს თავისი დები და ნათესავებიც. სამწუხაროდ, მისი აღმზრდელი მშობლები ცოცხლები აღარ არიან. მათი ამაგი ნინოს არასდროს დაავიწყდება, მაგრამ მშობლის პოვნა მაინც ძალიან უნდა. მიუხედავად ყველაფრისა, ის იმედოვნებს, რომ დედა გამოეხმაურება. იმ შემთხვევაში, თუკი ლილი ვიპოვეთ და ღმერთმა ქნას, ეს ასე იყოს, ნინო ჩამოვა საქართველოში და აუცილებლად ნახავს მას და თავის დებს. დღემდე არ ვიცით, ვინ გაუმხილა ნინოს მისი ისტორია, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უფლება, მას არ დავეხმაროთ. შეიძლებოდა უფრო მეტი რამ გაგვეგო ლილის მეზობელი ქალისგან, რომელიც შედარებით ასაკიანი იყო. სამწუხაროდ, ამჟამად იგი გარდაცვლილია. ამის გამო ლილის პოვნა ძალიან რთულია, თბილისიც დიდია. იმედი გვაქვს, ვინმე მათგანმა, ვინც იცის ეს ისტორია ან პირადად იცნობს ლილის, მის შვილებს გამოგვეხმაურება. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ დედა-შვილი იპოვის ერთმანეთს.

თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

ნატალია მახარაშვილი

скачать dle 11.3