კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2017 (162)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)
აპრილი 2017 (220)

ვის ჰქონდა საქართველოში პირველი სანოტო სტამბა და როგორ შემოგვინახა ესტატე კერესელიძემ 5 532 საეკლესიო საგალობელი


რომ არა წმიდა ექვთიმე აღმსარებლის (კერესელიძის) რწმენა და თავდადება, ჩვენი ეროვნული საუნჯე დიდ საგანძურს დაკარგავდა. ამ საქმისადმი მამა ექვთიმეს თავგანწირულმა სიყვარულმა და შემართებამ შთამომავლებს 5 532 საეკლესიო საგალობელი შეუნარჩუნა. ჩვენი რესპონდენტი, საქართველოს ეკლესიის ისტორიის მკვლევარი, ავტორი მონოგრაფიისა „მე-19 საუკუნის ქართველი მოღვაწეები და საეკლესიო გალობა“, ილია თავბერიძე 2003 წელს წმიდანად შერაცხილი ექვთიმე აღმსარებლისა და მასთან ერთად ქართული საეკლესიო საგალობლების თავგადასავლის დეტალებზე გვესაუბრება.



ილია თავბერიძე: ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია ერთი ხელნაწერი ნომრით Q-840, რომელიც ექვთიმე (ესტატე) კერესელიძის მიერ ქართული საეკლესიო საგალობლების ნოტებზე გადატანის საგანგებოდ აღწერილი ისტორიაა. მომცრო რვეულის 120 გვერდზე გადმოცემული ეს ისტორია წმიდანად შერაცხილი ექვთიმე კერესელიძის ბიოგრაფიაც გახლავთ. ხელნაწერი გამოვაქვეყნე 2005 წელს მონოგრაფიაში „მე-19 საუკუნის ქართველი მოღვაწეები და საეკლესიო გალობა“. ამ დღეებში განხორციელდა წიგნის მეორე გამოცემა.

ექვთიმე, ერისკაცობაში ესტატე კერესელიძეს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქვეყნისა და ეკლესიის წინაშე. იგი 1865 წელს დაიბადა რაჭის სოფელ სადმელში. მალე თბილისში გადმოვიდა და ერთ-ერთი კერძო სასტუმროს მზარეულის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა. 1882 წელს მან გაიცნო მაქსიმე შარაძე, ილია ჭავჭავაძის „ივერიის“ ექსპედიტორი, რომელმაც „საღმრთო წიგნთ საკითხავი კაბინეტი“ ჩამოაყალიბა. ექვთიმე ამ კაბინეტის წევრი გახდა, სადაც საღვთო წიგნების კითხვა-შესწავლის გარდა, საკუთარი ძალებით, მოგვიანებით კი მგალობელ მელქისედეკ ნაკაშიძის ხელმძღვანელობით, საეკლესიო გალობასაც სწავლობდა. სანოტო ნიშნები მაშინ არც მელქისედეკმა იცოდა. სწავლა იმ პირადი სამგალობლო კრებულის მიხედვით ხდებოდა, რომელიც მელქისედეკს (როგორც ყველა დიდ მგალობელს) ჰქონდა. მასში მითითებული იყო სპეციფიკური სანოტო ნიშნები „ნევმები”, რომლის ახსნა მხოლოდ მათ შეეძლოთ. ხელნაწერთა ცენტრში დაცულ საგალობელთა კრებულიდან ერთ-ერთის მინაწერში წმიდა ექვთიმე აღნიშნავს: „1882 წელს სხვებთან ერთად დავიწყე მე ქართულ-იმერულ კილოზე ზეპირი გალობის სწავლა მგალობელ მელქისედეკ ნაკაშიძისაგან და რომ ადვილად გვესწავლა და არც ნასწავლი დაგვვიწყნოდა, სწავლის დროს გალობის ყველა მუხლს და სიტყვას (სანამ ნოტები არ ვიცოდით) სხვადასხვა ნიშნებს ვუკეთებდით და ეს ნიშნები სწავლაში ძალიან გვეხმარებოდა... ეს ნიშნებიანი წიგნი შევინახე ნიშნად იმისა, რომ სანამ საქართველოში ჯერ ნოტების სწავლა არ იყო შემოღებული იმ ძველ დროებში, თუ რანაირის ნიშნების დასმით სწავლობდა ხალხი ზეპირ გალობას, ამ წიგნში ნახეთ.“

– ნოტების წერა-კითხვა როდის გახდა მათთვის შესაძლებელი?

– მოგვიანებით, მელქისედეკ ნაკაშიძემ, მაქსიმე შარაძეს და ამხანაგობის წევრებს გააცნო იტალიიდან დაბრუნებული ცნობილი საოპერო მომღერალი ფილიმონ ქორიძე, რომელიც საეკლესიო საგალობლების ნოტებზე გადატანას აპირებდა. ფილიმონმა სიამოვნებით მიიღო მაქსიმეს და მისი ამხანაგობის წინადადება – ესწავლებინა მათთვის სანოტო ნიშნები; ცოტა მოგვიანებით კი, მაქსიმე შარაძის მიერ დაარსებული ამხანაგობის სტამბისთვის, წმიდა ილია მართლის შუამდგომლობითა და პროფესორ ალექსანდრე ხახანაშვილის დახმარებით, რუსეთიდან სანოტო ნიშნების შრიფტიც მიიღეს. ექვთიმე კერესელიძემ არა მარტო სანოტო ნიშნები შეისწავლა კარგად, არამედ ნოტების სასტამბო ანაწყობებსაც ის აკეთებდა. ნოტების წერაში ისე დაოსტატდა, რომ ცოტა ხნის შემდეგ ფილიმონი მის მიერ ჩაწერილი საგალობლებისა და სიმღერების გადაწერასაც ანდობდა და ავალებდა. 1893 წელს ექვთიმე თაყაიშვილის, არისტოვლე ქუთათელაძის, მაქსიმე შარაძისა და ექვთიმე კერესელიძის ინიციატივით და ხელშეწყობით, ფილიმონ ქორიძე ოზურგეთში გაემგზავრა და მგალობელ ანტონ დუმბაძისგან ჩაიწერა საგალობლები. ფილიმონი ამ საგალობლებს თბილისში გზავნიდა, საგალობელთა ერთი კრებულის დასტამბვა შარაძის სტამბამ მოასწრო კიდეც. 1908 წელს კი მაქსიმე შარაძე გარდაიცვალა. სტამბის მეწილეებში დავა ატყდა და ექვთიმე კერესელიძე იძულებული გახდა მღვდელ სვიმონ მჭედლიძის წინადადებას დასთანხმებოდა და სტამბის მისთვის კუთვნილი ნაწილი ქუთაისში გადაიტანა. საგალობელთა კრებულიც კი შუაზე გაიყო და კიდევ კარგი, რომ ეს ნაწილი საისტორიო-საეთნოგრაფო საზოგადოების მუზეუმში ექვთიმე თაყაიშვილს ჩაბარდა, საიდანაც ისინი კერესელიძემ ითხოვა და ხელმეორედ გადმოიწერა.

– როგორ გაგრძელდა ქუთაისში ამ სტამბის მუშაობა?

– ქუთაისში სტამბის საქმე თავიდანვე ურიგოდ აეწყო. მართალია, აქ იბეჭდებოდა ცნობილი ჟურნალი „შინაური საქმეები“, მაგრამ თავდაპირველად შეთავაზებული წინადადებები რეალური არ აღმოჩნდა. ვერ მოინახა სათავსო საგალობელთა კრებულების შესანახად. დაუცველობის გამო მისი ნაწილი განადგურდა და მას ექვთიმემ შემთხვევით ბაზარში, ხორცის გამყიდველებთან მიაგნო. ისინი კრებულის ფურცლებს ხორცის გასახვევად იყენებდნენ.

ამ პერიოდში, ექვთიმემ ქუთაისში ყველა ხმაზე გამართა ჩაწერილი საგალობლები, რაშიც დახმარებას უწევდნენ მღვდელი რაჟდენ ხუნდაძე და ქუთაისის საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის რეგენტი ივლიანე ნიკოლაძე. მოგვიანებით, არეული დროით შეშინებულმა ექვთიმემ, საგალობლები მღვდელ რაჟდენ ხუნდაძეს მიაბარა. როცა უკან დაბრუნება მოსთხოვა, მამა რაჟდენმა არასაკმარისად მიიჩნია მისთვის გადახდილი თანხა. უფრო მეტის აღების იმედით, კრებულებიდან ამოჭრა მისი ნაგალობევი და წმიდა ექვთიმეს მიერ ნოტებზე გადატანილი საგალობელთა ნაწილი.

– როგორ გაგრძელდა ქუთაისში ექვთიმე კერესელიძის მოღვაწეობა?

– მამა ექვთიმეს, რომელიც უკვე გელათის მონასტრის ბერი გახლდათ, ისღა დარჩენოდა, მთელი წლის განმავლობაში ნაწილ-ნაწილ ეთხოვებინა მამა რაჟდენისგან ამოხეული საგალობელთა ნოტები და ხელახლა გადაეწერა.

გელათის მონასტერში ღვთისმსახურება საეკლესიო ტიპიკონის სრული დაცვით სრულდებოდა, რამაც ექვთიმეს საშუალება მისცა ტიპიკონის მიხედვით გაეწყო საგალობლები. როგორც თავად იგონებს, მონასტრის მორჩილები და ბერები ხშირად ეტყოდნენ თურმე: „როცა შემოვდივართ, დღედაღამ სულ წერ. ნეტავი, რა სარგებლობა გაქვს! უფულოდ ტყუილად რათ უჭირვებ შენს თავს! ხოლო მე პასუხს ვეტყოდი: მე მაგაზე არა ვფიქრობ, თუ უფასოდ რათა ვმუშაობ-მეთქი, რადგან მე ამაში ვპოულობ დიდ სიმდიდრეს. ეს თვითონ ფულია, თვითონ ძვირფასი განძია, ეს ოქრო-ვერცხლსა და თვალ-მარგალიტზე უძვირფასესი საუკუნო საუნჯეა!.. ხანდახან გაკვირვებაში მოვდივარ: ვინ მოუშვა ჩემამდე ეს ძვირფასი სიმდიდრე! რომ მე უღირსი იმაში ხელს ვურევ-მეთქი!” 1917 წელს წმიდა ექვთიმე კერესელიძე ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად.

– საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ეკლესია უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდა. როგორ მოხერხდა ამ საგალობლების გადარჩენა?

– 1924 წელს საქართველოში არნახულად გაძლიერდა კომუნისტური ტერორი. დაიჭირეს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ხელაია). ციხეში აღმოჩნდა თითქმის ყველა მღვდელმთავარი. დაკეტეს გელათის მონასტერი. ექვთიმე კერესელიძეს კიდევ ერთხელ მოუხდა საგალობელთა გადამალვა. ერთ დღესაც რკინის ყუთებში ჩაწყობილი საგალობელთა კრებულები ურმით, „წითელი ტერორისა“ და სხვა კრიმინალური ბანდების თარეშისაგან აკლებული შარაგზების გავლით, მცხეთაში ჩაიტანა. გადანახულ საუნჯესთან ერთად, მამა ექვთიმე სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში დაბინავდა. 1925 წელს ეპისკოპოს პავლეს (ჯაფარიძე) ლოცვა-კურთხევით, სვეტიცხოვლის ტაძარში წმიდანმა სამ ხმაზე გადაიტანა იქვე შემთხვევით ნაპოვნი ხელნაწერი – წმიდანთა ყოველდღიური მოსახსენებელი კრებული. სვეტიცხოვლიდან ექვთიმე ზედაზნის მონასტერში გადავიდა სამოღვაწეოდ, საგალობელთა კრებულებიც იქვე გადაიტანა და მონასტრის ეზოში მიწაში დამარხა.

– როგორ გადარჩა ეს ხელნაწერები და როგორ მოაღწია ჩვენამდე?

– მეოცე საუკუნის 30-იან წლებში ბეთანიის მონასტერი ჭეშმარიტი ღვთიური სავანე გახლდათ. დღეს უკვე, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმიდანებად შერაცხილი – წმიდა გიორგი-იოანე აღმსარებელი (მხეიძე) და წმიდა იოანე აღმსარებელი (მაისურაძე) ამ მონასტერში გარდაცვალებამდე მოღვაწეობდნენ. სწორედ აქ გაიგო საქართველოს სიძველეთა დაცვის კომიტეტის თანამშრომელმა დავით დავითაშვილმა ზედაზნის მონასტერში წმიდა ექვთიმე კერესელიძის მიერ გადანახული საგალობლების შესახებ. დავითაშვილს კულტურის ძეგლთა დაცვის სამმართველოში სამსახურებრივად ევალებოდა სიძველეთა დაცვის ინსპექცია სარემონტო სამუშაოებისა და ძეგლების აღრიცხვის მიზნით. ამიტომ, მას, ალბათ, ხშირად უხდებოდა ეკლესია-მონასტრებში ყოფნა. მაგრამ, საგალობლებით მის დაინტერესებას ექვთიმე აღმსარებელი უნდობლად შეხვდა. ვერ წარმოიდგინა, თუ ახალი საბჭოთა ხელისუფლება ასეთ ინტერესს გამოიჩენდა მის მიმართ.

– როგორ შეძლო დავით დავითაშვილმა ექვთიმე კერესელიძის ნდობის მოპოვება?

– დავით დავითაშვილმა წმიდა ექვთიმე მუზეუმ „მეტეხის“ (დღეს საქართველოს ხელოვნების მუზეუმი) დირექტორს, ცნობილ მხატვარსა და ხელოვანს, მეტეხის ტაძრის გადამრჩენელს, დიმიტრი შევარდნაძეს წარუდგინა: „მოქალაქე ექვთიმე კერესელიძეს დახედე, რა დიდი საქმე გაუკეთებია!” ამის შემდეგ, როგორც ჩანს, ისეთი დიდი მამულიშვილების რეკომენდაციამ, როგორებიც ამ საქმის მონაწილენი – დიმიტრი შევარდნაძე, შალვა ამირანაშვილი, დიმიტრი არაყიშვილი, კოტე ფოცხვერაშვილი და სხვები იყვნენ, დაარწმუნეს მთავრობა, რომ ექვთიმესთვის დაენიშნათ პენსია; მის მიერ შემონახული საგალობლები კი საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს ჩაბარდა.

ექვთიმე კერესელიძე ზედაზენში გარდაიცვალა და იქვეა დაკრძალული.

ფასდაუდებელია მისი დამსახურება ძველი ქართული საეკლესიო გალობის გადარჩენის საქმეში. რომ არა მისი ურყევი რწმენა და თავდადება, ჩვენი ეროვნული საუნჯე დიდ საგანძურს დაკარგავდა. ამ საქმისადმი მამა ექვთიმეს თავგანწირულმა სიყვარულმა და შემართებამ შთამომავლებს 5 532 საეკლესიო საგალობელი შეუნარჩუნა. 2003 წელს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ექვთიმე კერესელიძე წმიდანად შერაცხა.


скачать dle 11.3