კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ითვლებოდა ირანში დიდ პატივად ქართველი ქალის ცოლად ყოლა და სად შეისწავლა შაჰმა ქართული ენა


არასდროს ირანის პოლიტიკურ სარბიელზე ისეთი დიდი რაოდენობით არ მოღვაწეობდნენ ქართველები, როგორც შაჰ-აბას პირველის მმართველობის ხანაში. მათ შორის მრავლად იყვნენ ქალებიც. დღევანდელ ინტერვიუში მხოლოდ რამდენიმე ქართველ ქალზე ვისაუბრებთ, რომელთაც თავიანთი კვალი დატოვეს როგორც შაჰ-აბასის პირად ცხოვრებაში, ასევე ირანის პოლიტიკურ და კულტურულ სარბიელზე. ჩვენი რესპონდენტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი მიხეილ სვანიძე სწორედ ამ ქალბატონების შესახებ გვიამბობს.



მიხეილ სვანიძე: შაჰ-აბას პირველის ჰარამხანა ხუთასამდე ქალს ითვლიდა. მათ შორის ყველაზე დიდი რაოდენობით კავკასიიდან იყვნენ, განსაკუთრებით კი – საქართველოდან. საქართველოს მეფეები, სომხეთისა და შირვანის გამგებლები, შაჰს ყოველწლიურად ძღვნად უგზავნიდნენ განსაზღვრული რაოდენობის ქართველ, სომეხ და ჩერქეზ ქალებს. ამათგან, მეფური შთამომავლობის სამი-ოთხი ქალი მისი კანონიერი ცოლი ხდებოდა, ზოგიერთ მათგანს ჰარამხანაში ტოვებდა, დანარჩენებს კი თავის სარდლებს უგზავნიდა. ქართველ ქალებს ირანში დიდად აფასებდნენ. ისინი მოსწონდათ არა მარტო გარეგნული სილამაზით, არამედ ჭკუით, სიდარბაისლით, სათნოებით. ირანში დიდ პატივად ითვლებოდა ქართველი ქალის ცოლად ყოლა. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია შაჰის სამეფო კარი. შაჰ-აბასის უფროს ძმას, ჰამზა-მირზას ორი ცოლი ქართველი ჰყავდა. ისქანდერ მუნშის ცნობით, შაჰ-ხოდაბანდემ მოსთხოვა სიმონ ქართლის მეფესა და ალექსანდრე კახეთის მეფეს, თავიანთი ქალიშვილები გაეგზავნათ ჰამზა-მირზასთვის.

– როგორ ცხოვრობდნენ ქართველი ქალები მუსლიმანურ გარემოცვაში?

– ბუნებრივია, ქართველი ქალებისთვის მძიმე იყო მუსლიმანურ გარემოცვაში, ჰარამხანაში ცხოვრება. ირანში გადახვეწილი ქართველი ქალები ფარულად ინარჩუნებდნენ ქრისტიანობას და ქართულ ადათ-წესებს. შაჰ-აბასის კარზე მყოფი პორტუგალიის ელჩის, ანტონიო გოვეას ცნობით, ერთხელ, როდესაც შაჰ-მირზა ავად გახდა, მისმა ცოლმა, კახეთის მეფე ალექსანდრეს ასულმა, მას ჯვარი უჩვენა და უთხრა: „თუ ქრისტეს ირწმუნებ და მას მფარველობას სთხოვ, განიკურნებიო“. შაჰ-მირზა დასთანხმდა და განიკურნა.

1586 წელს მოკლეს ტახტის მემკვიდრე ჰამზა-მირზა.

– ვინ და რატომ მოკლა იგი?

– ხმები დაირხა, რომ ჰამზა-მირზას მკვლელობაში ხელი ერია მის ძმას – აბას-მირზას. ანტონიო გოვეას გადმოცემით, შაჰ-აბასს მისთვის უთქვამს, ყიზილბაშებმა იმიტომ მოკლეს ჰამზა-მირზა, რომ იგი ქრისტიანებს დიდი სიმპათიითა და სიყვარულით ექცეოდაო.

– შაჰ-აბასის ხელისუფლებაში მოსვლიდან თუ შეიცვალა ამ მხრივ სიტუაცია?

– შაჰ-აბასის დროს ირანის პოლიტიკურ სარბიელზე განსაკუთრებით აქტიურობას იჩენდა კავკასიური ელემენტი. აღსანიშნავია ისიც, რომ შაჰის დიდი „სისუსტე“ ქართველი ქალებით დაინტერესება იყო. შაჰ-აბასს ქართველი და ჩერქეზი ქალები მათი სილამაზის გამო განსაკუთრებით მოსწონდა. შაჰის ჰარამხანაში ირანელი ქალები ძალიან ცოტანი იყვნენ, ცოლებად მას უმეტესწილად ქართველი, ჩერქეზი და რუსი დიდგვაროვანი ქალები ან მხევლები ჰყავდა.

სიმონ მეფეს ევროპულ წყაროებში ხშირად იხსენიებენ შაჰ-აბასის სიმამრად. უფრო გვიან ლუარსაბ ქართლის მეფე იძულებული შეიქნა, თავისი და, ელენე (ლელა) ცოლად მიეცა შაჰ-აბასისთვის. 1623 წელს შაჰ-აბასმა ლელა კახეთის მმართველ ფეიქარ-ხანს დაუთმო, რადგან ლუარსაბის ვერაგულად მოკვლის შემდეგ, შაჰი შიშობდა, რომ დას ძმის გამო შური არ ეძია და არ მოეკლა იგი.

შაჰ-აბასი ვერაგი და სასტიკი იყო. მართალია, წყაროებში მრავალგზისაა ნახსენები შაჰის განსაკუთრებული სიყვარული ქართველი ქალების მიმართ, მაგრამ ამ დამპყრობლის ხასიათიც ხომ ცნობილია. მის სიყვარულსა და კეთილგანწყობას ათასი მიზეზი ჰქონდა და ხშირად რისხვით იცვლებოდა. თუ საჭირო იყო შაჰი საკუთარ შვილებსაც კი არ ზოგავდა.

– მართალია, რომ შაჰ-აბასმა იცოდა ქართული?

– შაჰ-აბასმა ბავშვობიდანვე ისწავლა ქართული ენა – მაშინ, როდესაც ის ჰარამხანაში იზრდებოდა, სადაც ქართული საკმაოდ ხშირად ისმოდა. შემდეგში იგი ქართული ენის ცოდნას საჭიროების მიხედვით იყენებდა.

– კიდევ ვინაა ცნობილი შაჰ-აბასის ქართველ ცოლთაგან?

– შაჰ-აბასი თავის მრავალრიცხოვან ცოლებს შორის განსაკუთრებულ სულიერ სიახლოვესა და სიყვარულს გრძნობდა ქართველი ქალის – თამარის მიმართ.

– რა ვიცით ამ თამარის შესახებ?

– ფარსადან გორგიჯანიძის ცნობით, „შაჰ-აბას ყაენს ცოლად ჰყვანდა და ნამეტნავად უყვარდა ანდუყაფარ ამილახორის დაი – თამარ“.

– რით დაიმსახურა ამ ქალბატონმა შაჰ-აბასის დიდი სიყვარული?

– როცა შაჰი ნაღვლიანი და დადარდიანებული შედიოდა ჰარამხანაში, მასთან მიახლოებასა და დალაპარაკებას ვერავინ ბედავდა, ერთი, წარმოშობით ქართველი, უფროსი და კანონიერი ცოლის გარდაო, – გადმოგვცემს სპარსი ისტორიკოსი. ეს ქალი ანდუყაფარ გურჯის, კახეთის ვალის – ალექსანდრე ხანის ნათესავის ასული იყო, რომელზეც შაჰს 1596 წელს უქორწინია. თამარი კარგად იცნობდა შაჰ-აბასის ხასიათსა და ბუნებას და მასზე დიდი გავლენა ჰქონდა.

არის კიდევ ერთი ქალბატონი, რომელიც აგრეთვე დიდი პატივითა და გავლენით სარგებლობდა შაჰ-აბასის სამეფო კარზე.

– ვინ იყო იგი?

– ეს გახლდათ დედით ქართველი ზეინაბ ბეგუმი, იგივე ანა-ხანუმი, რომელიც, სავარაუდოდ ოთარ შალიკაშვილის შვილიშვილი, შაჰ-თამაზის ასული უნდა ყოფილიყო. შაჰ-ისმაილმა იგი დანიშნა ჰერეთის მმართველზე – ალიყული-ხან შამლუზე, მაგრამ ქორწინება სასიძოს სიკვდილის გამო აღარ შედგა. ზეინაბ ბეგუმი ჰარამხანის ფავორიტი, ხოლო შაჰ-აბასის მეფობისას – ჰარამხანის უფროსი და ქალთა შორის შაჰთან ყველაზე დაახლოებული ყოფილა. მისი თანამედროვენი იმასაც ამბობდნენ, ზეინაბ ბეგუმს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა შაჰთანო. ფალსაფის აზრით, ეს ქალი მეფური შთამომავლობის ქალთაგან ყველაზე დაახლოებული ყოფილა შაჰ-აბასთან, რომელიც მას დიდ პატივს სცემდა და მრავალ საქმეზე ეკითხებოდა რჩევას. იგი ბევრ ისეთ თათბირსა და ლხინში იღებდა მონაწილეობას, სადაც მხოლოდ მამაკაცები იკრიბებოდნენ. ირანში მცხოვრები კარმელიტი მისიონერების გადმოცემით, ეს ქალი დიდი ინტელექტით გამოირჩეოდა და, ძალზე დაფასებული ყოფილა შაჰ-აბასის მიერ, რომელსაც სამხედრო ლაშქრობებშიც ახლდა თან.

ირან-ოსმალეთის ზავის დადების შემდეგ შაჰ-აბასმა მკვეთრად შეცვალა თავისი დამოკიდებულება ქართველებისა და საქართველოს მიმართ. მოულოდნელად გარდაიცვალა ირანის ჯარის ქართველი სპასალარი ალავერდიხან უნდილაძე. საფიქრებელია, ალავერდიხანმა არ გაიზიარა შაჰის პოლიტიკა საქართველოს მიმართ, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყნის განადგურებას და შაჰმა იგი თავიდან მოიშორა, მოაწამვლინა. საყურადღებოა, რომ შაჰ-აბასმა საქართველოში ლაშქრობის საბაბად გამოიყენა თავისი „თავდავიწყებული“ სიყვარული ლუარსაბ მეფის დის ხორეშანის მიმართ.

1609 წელს კახეთის მეფემ, თეიმურაზ პირველმა, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ გადაწყვიტა, ცოლად მოეყვანა ლუარსაბ მეფის და – ხორეშანი. თეიმურაზის პაპა – ალექსანდრე და ხორეშანის დიდედა – ნესტან-დარეჯანი და-ძმანი იყვნენ. რაკი ისინი ნათესაურ კავშირში იყვნენ ერთმანეთთან, ამიტომ ქორწინებისთვის საჭირო იყო ქრისტიანული ეკლესიის თანხმობა. თეიმურაზმა თხოვნით მიმართა საქართველოს პატრიარქს.

– საბოლოოდ შედგა თუ არა ეს ქორწინება?

– ამ ქორწინებით მყარდებოდა ნათესაური კავშირი ქართლსა და კახეთს შორის, რასაც უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა. ეს კი მიუღებელი იყო შაჰისთვის, რადგან ამ დროს მას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა საქართველოს დაპყრობა და აოხრება. იგი შეეცადა ხელი შეეშალა ამ ქორწინებისთვის და ამ მიზნით ლუარსაბს ხორეშანის ხელი სთხოვა. მან თბილისში ელჩი გაგზავნა და ლუარსაბ მეფის მეორე დაც მოითხოვა ცოლად. ქართველმა მეფემ ეს ელჩი ტკბილი დაპირებებით მოიშორა, მეორე ელჩს კი ლუარსაბმა მოახსენა, რომ ხორეშანი უკვე დანიშნულია კახეთის მეფეზეო. ამ პასუხმა შაჰი განარისხა და მესამე ელჩს დაავალა, ხორეშანი ნებისმიერი ხერხით ჩაეყვანა მასთან.

ირანში შაჰ-აბასისა და ხორეშანის სიყვარულის შესახებ ამბავი გავრცელდა. პოეტები და მუსიკოსები ლექსებსა და სიმღერებს თხზავდნენ, რომლებსაც სეფიანთა ირანის ეპოქის დასრულებამდე ლხინსა და ნადიმების დროს მღეროდნენ. საქართველოში კი ხორეშანისადმი შაჰის სიყვარულის არავის სჯეროდა. ქართველ პოლიტიკოსებს კარგად ესმოდათ, რომ ეს იყო მხოლოდ საბაბი ქვეყნის დარბევისა. ირანის შემოჭრა რომ აეცილებინა, თეიმურაზ მეფემ უდიდესი მსხვერპლი გაიღო, რაც აღემატებოდა ადამიანის შესაძლებლობებს: მან თავისი დედა – ქეთევან დედოფალი და ორი ვაჟი გაგზავნა შაჰის კარზე, მაგრამ, ამაოდ – შაჰს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ჩვენი ქვეყნის დალაშქვრა და მისი დაპყრობა.


скачать dle 11.3