კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ამბავი რომაელების, ეგვიპტელების, ნინო იმნაიშვილის, ზესტაფონური თიხისა და პრეზიდენტის სტიპენდიის შესახებ


იმნაიშვილების ოჯახში მშვენიერი და მრავალფეროვანი კერამიკული ნაკეთობების კოლექცია ინახება, რომლის ავტორიც მათი ქალიშვილი, 19 წლის ნინო იმნაიშვილია. თუ რა ასაკიდან გროვდება ეს კოლექცია, რამდენი ნამუშევარია მასში თავმოყრილი და რამდენჯერ გახდა მათი წყალობით ჩვენი რესპონდენტი პრეზიდენტის სტიპენდიანტი, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

– ნინო, ძალიან საინტერესო, ფერადი და შთამბეჭდავი კოლექციის მფლობელი ხარ. უფრო დიდი იყო ჩემი შთაბეჭდილება, როდესაც შევიტყვე, რომ შენ ხარ ამ კოლექციის ავტორი და აქ წარმოდგენილი ყოველი ნივთი შენი ხელითაა შექმნილი. როგორ დაიწყე ამ კოლექციაზე მუშაობა?

– დიდი მადლობა. პატარა ვიყავი, დაახლოებით, ექვსი-შვიდი წლის, როდესაც დედას ინიციატივით დავიწყე კერამიკის შესწავლა. როგორც ყველა, მეც თავიდან პატარ-პატარა ნამუშევრებს ვქმნიდი. დროთა განმავლობაში გამიტაცა ამ საქმიანობამ და გადავწყვიტე, სერიოზულად მოვკიდებოდი და საკუთარი კოლექცია შემექმნა. თავდაპირველად, ინტენსიურად ვმუშაობდი, შემდეგ კი, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, იმდენ დროს ვეღარ ვუთმობდი ამ საქმიანობას სამწუხაროდ, მაგრამ თიხასთან მუშაობის სიყვარული და ახალი ფიგურების შექმნის სურვილი დღემდე უსაზღვროდ დიდი მაქვს. როგორც კი დრო გამომიჩნდება, ყოველთვის ვჯდები და არ ვიკლებ კერამიკაზე მუშაობის სიამოვნებას. კარგა ხანია, თავს ვამჩნევ, სხვაგვარად დავიწყე მუშაობა. რასაც ვქმნი, ვქმნი საკუთარი ფანტაზიით, იმის თქმა მინდა, რომ ლოგიკას არ მივყვები და ჩარჩოებში არ ვექცევი.

– როგორ მოდის იდეა, ყოველი ახალი ფიგურის შექმნისა?

– სიმართლე, რომ გითხრათ, არც ვიცი წინასწარ, თუ რას გავაკეთებ. დავჯდები, ხელში ავიღებ თიხას და შემდეგ ყველაფერი თავისით ხდება. მე თვითონაც არ ვიცი, ისე, თავისით მოდის.

– ფერებით, როდის იმოსება შენი კოლექციის ნიმუშები?

– ერთხელ რომ გამოიწვება ფიგურა, შემდეგ მოდის დაფერვის პროცესი, რომელიც საკმაოდ რთულია. არასდროს იცი, როგორ სახეს მიიღებს ესა თუ ის ფერი საბოლოოდ, რადგან გამოწვის შემდეგ ფიგურა სულ სხვა ფერს იღებს. ეს ყველაზე რთული და საინტერესო პროცესია.

– ძირითადად, რა ფერები ჭარბობს შენს კოლექციაში?

– ამ ბოლო დროს თითქოს უფრო ცისფერზე გადავედი, წყლის ტონებში ვმუშაობ. ალბათ, იმიტომ რომ, თევზებს ვაკეთებ. არ მიყვარს მყვირალა ფერები, თუმცა სიჭრელე მიტაცებს.

– თევზები ვახსენეთ, ისინი საკმაოდ მრავლადაა შენს კოლექციაში.

– მიყვარს, რაღაცნაირად, თითქოს უფრო მეტი ფანტაზიის საშუალებას მაძლევს. რაც მინდა, ყველაფერი შემიძლია, თევზზე დავატიო. ყველაფერს იტანს და ყველანაირ ორნამენტს კარგად ირგებს.

– მე ვერ წარმოვიდგენდი, რომ თევზის სახის მიხედვით მისი ხასიათის განსაზღვრა იქნებოდა შესაძლებელი, მაგრამ როდესაც ერთმანეთის გვერდიგვერდ ამდენი თევზი დავინახე შენს კოლექციაში, მათი ხასიათების ამოცნობაც არ გამიჭირდა. ყოველი მათგანი განსხვავებული ხასიათისაა.



– არასდროს ვიმეორებ არც ორნამენტებს, არც სახეს.

– გაჩუქება თუ შეგიძლია?

– ეგ არის ჩემი სუსტი წერტილი. ვერანაირად ვერ ვიმეტებ, ვერც გასაჩუქებლად და ვერც გასაყიდად. გამოფენებზე ძალიან ხშირად უცხოელები ინტერესდებიან, მაგრამ ვერ ვყიდი, არ შემიძლია. იმდენად მიყვარს და ისეთ დიდ ენერგიასა და სიყვარულს ვდებ თითოეულ ფიგურაში, ჩემი ნაწილია, არ შემიძლია მათთან განშორება. სულ ის მიკვირს, როგორ ყიდიან საკუთარ ქმნილებებს. არაერთხელ მიცდია, თავისთვის შთამეგონებინა, რომ ამ ფიგურას სხვისთვის ვაკეთებდი, და შემყვარებოდა, მაგრამ არ გამომდის. საბოლოო შედეგს რომ დავინახავ, იქ ყველაფერი მთავრდება: თავს ვუტყდები, რომ ის ჩემია და ჩემთან დარჩება! სხვაგვარად არ შემიძლია!

– გამოფენებს ხშირად მართავ? მე პირადად გამოფენიდან შევიტყვე შენს შესახებ.

– მე, მაკა და გიგიშა პაჭკორიების სახელოსნოში დავდივართ და ყოველი წლის ბოლოს ვაწყობთ გამოფენებს. როგორც ადგილობრივი, ასევე უამრავი უცხოელი დამთვალიერებელი ჰყავს. ახლა ვაგროვებ ნამუშევრებს და მინდა, პერსონალური გამოფენა მოვაწყო.

საერთოდ, გამოფენებზე ბედი არ მწყალობს ხოლმე. ხშირად ტყდება ჩემი ნამუშევრები.

– შენს კოლექციაში ინახება ისეთი ნაკეთობებიც, რომლის შექმნისთვისაც პრეზიდენტის სტიპენდიანტი გახდი.

– პრეზიდენტის სტიპენდია პირველად ჭადრაკის ფიგურების შექმნის გამო დავიმსახურე. მაშინ 8 წლის ვიყავი მხოლოდ. ხატვისა და კერამიკის გარდა, 6 წლის ასაკიდან ჭადრაკზეც დავდიოდი. ერთ-ერთი გაკვეთილიდან რომ ვბრუნდებოდი, გადავწყვიტე, გამეკეთებინა ჭადრაკის ფიგურები ისე როგორც ვხედავდი, ანუ ჩემეულად. ამის შემდეგ ეს ნამუშევარი პრეზიდენტის სტიპენდიაზე წარვადგინე და პირველად, მაშინ დავიმსახურე პრეზიდენტის სტიპენდია.

– პირველადო, ახსენე, სხვა დროსაც გახდი პრეზიდენტის სტიპენდიანტი?

– პირველი სტიპენდიანტობის შემდეგ, გადავწყვიტე, ისევ გამეკეთებინა ჭადრაკის ფიგურები, რადგან, პირველი მცდელობა შედეგიანი, უცხო და საინტერესო გამომივიდა. ოღონდ ამჯერად, ერთმანეთს დავუპირისპირე თეთრი და შავი ფერის ფიგურები. თეთრი ფიგურები რომაელთა სამოსით შევმოსე, შავით – ეგვიპტელების. ერთი წლის განმავლობაში ვმუშაობდი, ამ „ისტორიულ ჭადრაკზე” და გადაუჭარბებლად ვამბობ, ამ ხნის განმავლობაში, ჩემთვის მართლა არაფერი არსებობდა. თითო ფიგურა ათასჯერ შემიძლია დავშალო, იქამდე, სანამ არ მივაღწევ სასურველ შედეგს. ამის ნებისყოფა მაქვს. ვიჯექი და ვზელდი ზესტაფონის თიხას (იცინის).

– ზესტაფონის რატომ?

– ზესტაფონში იძენენ ჩვენი სახელოსნოსთვის თიხას.

– ესე იგი, რომაელები და ეგვიპტელები ზესტაფონური თიხის მეშვეობით გააცოცხლე?

– (იცინის) ასე გამოდის. მოკლედ, მეორედ ამ ჭადრაკის გამო დავიმსახურე პრეზიდენტის სტიპენდია. იმ დროისთვის უკვე 12 წლის ვიყავი.

– რა დრო სჭირდება ერთი ფიგურის შექმნას?

– გააჩნია ფიგურის ფორმასა და ზომას. საშუალოდ, ერთ თვეს ვანდომებ თითო ფიგურაზე მუშაობას.

ბავშვობაში შექმნილ ფიგურებს, ზღაპრების ზეგავლენა ემჩნევა, რასაც ვკითხულობდი, შემდეგ ყველა გმირს ერთად ვაკეთებდი და გამოფენებზე გამქონდა.

– რას ნიშნავს შენთვის ეს კოლექცია?

– ყველაფერს. ეს კოლექცია ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ამ ფიგურებს რომ ყოველდღე არ ვიყურო, არ შემიძლია. ვესაბრები და მგონია, ჩემი ესმით. საერთოდ თიხას ესმის კიდეც და თვალისცემაც იცის. როგორი განწყობითა და დამოკიდებულებითაც ქმნი მისგან ამა თუ იმ ფიგურას, ყოველთვის ემჩნევა ნამუშევარს. ამიტომ, როცა რაღაცას ვაკეთებ თიხით, ყოველთვის ვცდილობ, გულით და სიყვარულით მოვეკიდო. ეს კოლექცია მარტო ჩემთვის არა, ჩემი ოჯახისთვისაც ძალიან ბევრს ნიშნავს. დაბადების დღეებზე ჩემს გაკეთებულ ნამუშევრებს ვჩუქნიდი ხოლმე მამაჩემს. სიმბოლურად სასმისებს ვამზადებდი სპეციალურად მისთვის. საფერფლეებს ვაკეთებდი ხშირად. პატარა რომ ვიყავი, სულ მინდოდა, ჩემი გაკეთებული საფერფლე მიმეტანა სტუმრებისთვის. ისინი კი არასდროს არ აფერფლებდნენ მასში, ასეთში როგორ ჩავაფერფლო, უბრალო მომიტანეო, მეუბნებოდნენ. ამაზე ყოველთვის გული მწყდებოდა.

– როგორ უვლი ამ ფიგურებს?

– მე თვითონ ვუვლი, ვწმენდ, გადავაადგილებ, არავის ვანდობ.

– ამჟამად რამდენი ფიგურაა ამ კოლექციაში?

– ბევრი, არც დამითვლია, ალბათ ორასზე მეტი.

– სტუდენტი ხარ, შენი მომავალი პროფესია ახლოა შენს საყვარელ საქმიანობასთან?

– ამ კითხვით ხშირად მომმართავენ. როცა ჩავაბარე, ყველა ელოდებოდა, რომ სამხატვრო აკადემიაში მოვისურვებდი სწავლის გაგრძელებას. მე ჩემს საქმეს მაინც ვაკეთებ და მაკმაყოფილებს ისიც, თუ როგორ ვაკეთებ. პროფესიას რაც შეეხება, ბავშვობიდანვე ჟურნალისტობაზე ვოცნებობდი. ვიქნები ჟურნალისტი, ხელი არ შემეშლება და ამ საყვარელ საქმიანობას არასდროს დავანებებ თავს. ძალიან კარგი ენერგია მოდის თიხიდან და განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. მსიამოვნებს მასზე მუშაობა.


скачать dle 11.3