კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ მეგობრობს მოსკოვში თამუნა ამონაშვილი თამრიკო გვერდწითელთან და რის გაკეთებას სთხოვს მას ქეთა თოფურია ხშირად



მომღერალი თამუნა ამონაშვილი, თავის მეუღლესთან რეზიკო არჩვაძესთან ერთად, უკვე წელიწადზე მეტია, მოსკოვში ცხოვრობს და მოღვაწეობს. როგორც თავად ამბობს, უცხო მხარეში თავს კარგად გრძნობს და გადატვირთული სამუშაო განრიგის გამო, არც ნოსტალგიისთვის რჩება დრო. როგორც თამუნასგან შევიტყვეთ, ის სამომავლოდ უამრავ გეგმას სახავს და ჯერჯერობით საქართველოში, გასაგები მიზეზების გამო, ჩამოსვლას ვერ ახერხებს.



თამუნა ამონაშვილი: უკვე წელიწად-ნახევარია, რაც რუსეთში ვართ მე და რეზიკო. თავს კარგად ვგრძნობთ. რა მისიითაც ვარ წამოსული, იმის ასრულებაზე ვარ ახლა ორიენტირებული, თან ვმუშაობ, ვმღერი კლუბში და არც ცუდად ვგრძნობ თავს უცხო გარემოში. უსაქმურად ვერ ვჩერდები, ამიტომ სულ დინამიკაში ვარ. რეზიკო ძალიან მეხმარება და გვერდში მიდგას. მე მოსკოვში გრანდიოზული მისიით არ ვარ წამოსული. კიდევ ვამბობ, ამ ეტაპზე პირადი საქმეები მაქვს მოსაგვარებელი. რეზიკო რომ არ იყოს ჩემს გვერდით, მერწმუნეთ, ერთი დღეც კი ვერ გავჩერდებოდი აქ. ყველა საქმეს ის აგვარებს. უდიდესი ძალაა ჩემთვის რეზიკო და მის გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნია ცხოვრება. მოკლედ, ბედნიერი ვარ და არც ბედზე ვწუწუნებ.

– რა მისიას გულისხმობ?

– ოჯახური მისიაა და ამას ნამდვილად ვერ გაგიმხელთ. იმას კი გეტყვით, რომ ფეშენებელურ კლუბში ვმღერი, სადაც ძალიან კარგი სიტუაციაა, კარგი საზოგადოება დადის, ბევრი თაყვანისმცემელიც მყავს და თავს კარგად ვგრძნობ. მე ჩემს საქმეს ვაკეთებ და კმაყოფილი ვარ. შემოთავაზებებიც მაქვს, გეგმებს ვსახავ და ვნახოთ, ნელ-ნელა მივიწევ წინ. ერთბაშად ხომ იცით, არაფერი გამოდის, მით უმეტეს ამ დიდ ქვეყანაში და ამდენი წარმატებული ადამიანის გვერდით.

– გარემო პირობები თუ მოქმედებს შენზე და ხარ თუ არა ბრძოლისუნარიანი?

– ბრძოლისუნარიანი არ მეგონა ჩემი თავი, მაგრამ ყველა ჩემი ახლობელი, მეუბნება და მარწმუნებს, ხარო. მე პირიქით მგონია, ემოციური ადამიანი ვარ და წინაღობის დროს ფარ-ხმალს ვყრი, მაგრამ როცა სიძნელის წინაშე ვდგები, უფრო ვძლიერდები. ისე, ამ ცხოვრებაში თუ არ იბრძოლე ადამიანმა, ისე არაფერი გამოდის. შეძლებისდაგვარად, მეც ასე ვიქცევი. გამოგიტყდებით, იცით, რა მენატრება ყველაზე მეტად საქართველოში?

– ნამდვილად არ ვიცი, რა გენატრება?

– აეროპორტიდან რომ გადადგამ ფეხს და ქართული სუნი ტრიალებს ირგვლივ. აი, ეს სუნი მენატრება. და კიდევ, ოჯახის წევრები, მეგობრები... ვერაფრით გავძლებ სამუდამოდ სხვა ქვეყანაში. ახლა რომ აქ ვარ, ეს ჩემს ოჯახს და კარიერას სჭირდება, თორემ სამუდამოდ რუსეთში ნამდვილად ვერ გავძლებ.

– მახსოვს, მითხარი, რუსეთში, მოდის ბიზნესში მინდა ჩემი სიტყვა ვთქვაო. ამ მხრივ რა სიახლეებია?

– ყველაფერს ერთად ხომ ვერ გავაკეთებ? ახლა სიმღერით ვარ დაკავებული. თან მოდაში რომ სიტყვა თქვა, უდიდესი შრომა, იღბალი, ნერვები, დრო და დიდი მატერიალური საშუალება გჭირდება. უცბად არაფერი ხდება. უამრავი მეგობარი მყავს აქ. ჩემი ნამუშევრები საკუთარ ბუტიკებში წაიღეს და დადეს. ძალიან მოეწონა მნახველებს და გაიყიდა კიდეც. გეგმაში კი მაქვს საკუთარი ბუტიკის გახსნა, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ იდეაშია. დღეს კი ის თანხები, რასაც სიმღერაში აქ მიხდიან, მაკმაყოფილებს. არც ცუდ პირობებში მიწევს ცხოვრება. ხვალ ვნახოთ... რამეს მოვიფიქრებ და იქნებ, მოდის ბიზნესშიც მიხილოთ. თან მე არც შრომა მეზარება, კარგადაც ვკერავ და ვქსოვ.

– თუ არ ვცდები, იუდაშკინმა ნახა შენი ნახელავი და ძალიან მოეწონა. მასთან თანამშრომლობას არ აპირებ?

– მართალია, ბესალინა ჩემი ახლობელია და მისი დახმარებით და რჩევით, იუდაშკინმა ნახა წინა ჩამოსვლაზე ჩემი ნამუშევრები. თანამშრომლობაც შემომთავაზა, მაგრამ დროის თვალსაზრისით არ მაწყობდა. მე სასიმღერო კარიერაც მაქვს და დილიდან საღამომდე მის ოფისში ვერ ვიმუშავებდი. ვნახოთ, დროც მიჩვენებს და იქნებ თანამშრომლობაზეც დავფიქრდე. მაგრამ, მე მაინც მირჩევნია ჩემი სალონი მქონდეს. ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება. თუ საკუთარი ბუტიკის გახსნას გადავწყვეტ და საკუთარ სამოდელო ბიზნესს წამოვიწყებ მოსკოვში, ვფიქრობ, ეს უკეთესი იქნება. ეს ჩემი სურვილია და ვნახოთ, იქნებ ავიხდინო კიდეც. ამაში რეზიკოც დამეხმარება. რუსეთი დიდი ქვეყანაა და ადამიანს დიდი შანსი გაქვს გეგმა დასახო, იშრომო, თავი არ დაზოგო და წარმატებას მიაღწიო. თუ ნიჭიერი ხარ, ყველგან და ყველა სფეროში იტყვი შენს სათქმელს ადამიანი. ამაში, რასაკვირველია, იღბალიც უნდა გიწყობდეს ხელს. თუ შრომობ, არ არსებობს ეს შრომა არ დაგიფასდეს. ეს აქსიომაა. რასაკვირველია, ცხოვრების რაღაც ეტაპზე ჩავარდნის პერიოდებიც გაქვს ადამიანს, მაგრამ წარმატებაც ხომ მოსდევს ამას? მე ამის მჯერა.

– თამუნა, გავიგე ყოველდღიურად დიდი სტუმრიანობა გაქვს. მიუხედავად დატვირთული სამუშაო გრაფიკისა, სტუმრების გამასპინძლებასაც ახერხებ?

– მართალია, თითქმის ყოველდღიურად გვაქვს სტუმრიანობა. მე და რეზიკოს ძალიან გვიყვარს, როცა სახლში მოდიან ჩვენი ახლობელი ადამიანები. მოკლედ, ყოველ საღამოს ჩვენი ბინიდან დაკვრის და სიმღერის ხმა ისმის. „თბილისო“ რომ არ ვიმღეროთ, ისე როგორ დავიშლებით? (იცინის). თან საკმაოდ კარგი მზარეული ვარ. ძალიან უყვართ ჩემი მომზადებული. წინასწარ მირეკავენ და მიკვეთავენ, თამუნა, ეს და ეს გაგვიკეთე და დაგვახვედრეო. მეც მეტი რა მინდა? დიდი სიამოვნებით ვიღებ მათ შეკვეთებს და „გემრიელობებითაც“ ვუმასპინძლდები. მეგობრები „მეკაიფებიან”: იქნებ საკუთარი ქართული რესტორანი გაგეხსნა მოსკოვში და ამ კუთხითაც გამოგეჩინა შენი შესაძლებლობები დიდ რუსეთშიო. (იცინის). მეც ვპასუხობ, დავფიქრდები-მეთქი. ერთი სიტყვით, როგორც თბილისში, არც აქ იკეტება ჩემი სახლის კარი და ის ყოველთვის ღიაა სამეგობროსთვის. ნამდვილად ვერ ვგრძნობ, თუ საქართველოდან შორს ვარ და ეს ჩემი მეგობრების, ქართული გარემოს დამსახურებაა, რაც ჩემს სახლში ნამდვილად იგრძნობა.

– ძირითადად ვისთან მეგობრობ?

– ყველასთან ვმეგობრობ, ვინც აქ არის, მაგალითად, ქეთა თოფურიასთან, აჩი ფურცელაძესთან, თემურ თათარაშვილთან და ასე შემდეგ არ მინდა ვინმე გამომრჩეს. გიჟდებიან ჩემს „ბლინჩიკებზე“. ვინ მურაბიანს მიკვეთავს, ვინ არაჟნიანს, ვინ ხაჭოიანს. დამირეკავენ და მეუბნებიან, არ გვინდა შენი საჭმელი, „ბლინჩიკები“ დაგვიცხვეო.

– თამრიკო გვერდწითელთან და სოსო პავლიაშვილთან არ მეგობრობ? ისინიც თუ გეწვევიან ხოლმე შენს საფირმო „ბლინჩიკებზე“?

– თამრიკო გვერდწითელთან ნამდვილად არ ვმეგობრობ, თუმცა კარგი დამოკიდებულება მაქვს. როცა ვხვდებით, თბილად მოვიკითხავთ ხოლმე ერთმანეთს. მაგრამ, რომ დავსხდეთ და ვისაუბროთ საათობით მეგობრულად, ამას ვერ მოგატყუებთ. საერთოდ, შემოქმედ ადამიანებს მთელი წლის გეგმა გაწერილი აქვთ და ისეთი დატვირთულები არიან, მგონი ოჯახის წევრებს ვერ ხედავენ სასაუბროდ. სოსოსაც ისეთი დატვირთული რეჟიმი აქვს, ტელეფონით თუ მოვიკითხავთ ერთმანეთს და ამბებს გავიგებთ. დამიჯერეთ, შეიძლება თვე გავიდეს და მეგობარი ვერ ნახო, არ უნდა დაგწყდეს გული. რას იზამ, თუ გინდა საქმე აკეთო და თავი დაიმკვიდრო, შესაბამისად, შექმნილი იმიჯი დაიცვა, უნდა იშრომო და არც უდროობაზე იწუწუნო.

– მითხარი, ბევრი თაყვანისმცემელი მყავსო. რეზიკო არ ეჭვიანობს ამაზე?

– არანაირად არ ეჭვიანობს. ამ მხრივ დალაგებული გვაქვს ცხოვრება. ყველგან ერთად დავდივართ და გამორიცხულია ერთმანეთის გარეშე სადმე წავიდეთ. ამის გამო, მეგობრები „ტვიქსს” გვეძახიან. (იცინის). ამ სამწელიწადნახევრის თანაცხოვრების განმავლობაში მსგავსი რამ არ ყოფილა. ისე ჩამოვყალიბდით და შევეწყვეთ ერთმანეთს, საეჭვიანო ნამდვილად არაფერი გვაქვს. როცა რაღაც პერიოდი ვერ ვნახავთ ერთმანეთს, მერე ვუტყდებით ხოლმე, ვგრძნობდი რაღაც მაკლდაო. ეჭვიანობაზე ფიქრიც კი არ მინდა. ჩვენ ერთად ვადგავართ ცხოვრების მშვიდ გზას და ასე გვირჩევნია.

ნონა დათეშიძე


скачать dle 11.3