კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა თანხაა საჭირო რუსულ შოუ-ბიზნესში მომღერლის გაფიარებისთვის და ვისი ტექსტები ფასობს მოსკოვში 2 000 ევროდ


ქართულ შოუ-ბიზნესში ცნობილმა პროდიუსერმა და სხვადასხვა კონცერტის ორგანიზატორმა, ნინო წიკლაურმა, უკვე რამდენიმე თვეა, დროებით მოსკოვში გადაინაცვლა და საქმიანობა რუსულ შოუ-ბიზნესში განაგრძო. მართალია, მოსკოვის უცნაური სიცხე მისთვის საკმაოდ მავნებელი აღმოჩნდა, რის გამოც მის ჯანმრთელობას პრობლემები შეექმნა, მაგრამ ამჟამად იგი თავს კარგად გრძნობს და თავისი მოსკოვური მოღვაწეობის შესახებ გვესაუბრება.


– ნინო, უკვე რამდენიმე თვეა, მოსკოვში ხარ, რას საქმიანობ ამ ეტაპზე?

– მოსკოვში ჩამოვედი თუ არა, მოკლე დროში ორი პატარა ოპერაცია გავიკეთე, ოღონდ არა პლასტიკური. მინდოდა, ზაფხული თბილისში გამეტარებინა, მაგრამ ოპერაციის შემდეგ გარკვეული დრო ექიმები ფრენის უფლებას არ მაძლევდნენ და აქ დავრჩი. მოსკოვის ცხელმა ზაფხულმა, უჰაერობამ და ბოლმა ჩემზე ძალიან ცუდად იმოქმედა, რადგან გულის და სასუნთქი ორგანოების პრობლემა მაქვს. ძალიან მენატრება თბილისი და ერთი სული მაქვს, როდის ჩამოვალ. ბევრმა ისიც კი თქვა, ნინო წიკლაური რუსულ შოუ-ბიზნესში გადავიდაო, მაგრამ მათ გასაგონად ვიტყვი: მე ქუდი არ დამიხურავს და არ წამოვსულვარ საქართველოდან. აქ უამრავი ქართველი მეგობარი მყავს, რომლებიც რუსულ შოუ-ბიზნესში მოღვაწეობენ. ერთ-ერთ კონცერტს დავესწარი, სადაც ჩემი ბიძაშვილის ბავშვი, მარიამ წიკლაურიც მღეროდა. კონცერტი „ფაბრიკის“ მონაწილეებს მიჰყავდათ, რომლებიც ასევე ჩემი ნაცნობები არიან, მაგრამ ძალიან დიდი ხანია არ მინახავს. ერთ-ერთი მათგანი ცნობილი ფოლკლორისტის, ვლადიმერ ძივიატის ქალიშვილი, ირინა ძივიატაიაა. რომ გაიგო, მოსკოვში ვიყავი, თავის გვერდით ყოფნა შემომთავაზა. გავიცანი ინა კამენსკაია, რომელიც არაერთი სიმღერის ტექსტის ავტორია და „ოქროს მიკროფონი“ აქვს მიღებული. მისი ტექსტები 2 000 ევრო ღირს. გაჰიტებული სიმღერების ტექსტების 60 პროცენტი მისი დაწერილია.

– როგორც ვიცი ტექსტებს შენც წერ.

– ქეთი გომართელსა და გიორგი დათიაშვილს დავუწერე სიმღერისთვის რუსული ტექსტი, მაგრამ ეს ძალიან ადრე იყო. რუსული განათლება მაქვს მიღებული და ამიტომ ტექსტების წერა ნამდვილად არ მიჭირს. ინასთან შემთხვევით წამომცდა, ტექსტებს მეც ვწერ-მეთქი. რომ წავაკითხე, დაინტერესდა და ძალიან მოეწონა.

– ვინმეს თუ დაუწერე მანდ ტექსტი?

– არის პოპულარული ჯგუფი „ჩელსი,“ ახლა გიგა კვენეტაძის სიმღერას ყიდულობს, რომელიც ჩემს ტექსტზეა დაწერილი. მეგონა, შეცვლიდნენ, მაგრამ, მოეწონათ და დატოვეს. „დომ დვას“ დავით კალანდაძე, რომელიც მოსკოვში საკმაოდ პოპულარულია, ამჟამად წერს სიმღერას „ტი გძეტა“ და მალე კლიპსაც გადაიღებს. ამ სიმღერის ტექსტი ჩემია. არის კიდევ ერთი ქართველი გოგონა, დუდუნია, სმოლენსკიდან, რომელიც, რამდენადაც ვიცი, „იურმალა 2011 წლისთვის“ ემზადება და მასაც დავუწერე რამდენიმე ტექსტი.

– ვისი სახელით იმღერებს ის იურმალაზე?

– სამწუხაროდ, რუსეთის სახელით, რადგან აქ დაბადებული და გაზრდილია და საქართველოში არც კი არის ნამყოფი. არის, ასევე, ერთი მომღერალი – ანა ჩაკი, რომელიც საკმაოდ პოპულარულია და მისი ორი კლიპი ყველაზე ცნობილმა რეჟისორმა – კონსტანტინ ჩერეპკოვმა გადაიღო. თქვენ წარმოიდგინეთ, მან თითო კლიპში 80 000 დოლარი გადაიხადა. სხვათა შორის, ანამ თვითონ შემომთავაზა, რომ საქართველოში მისი ფიარი და პროდიუსინგი მე ავიღო ჩემს თავზე. ასე რომ, ცოტა ხანში მის კლიპს ქართველებიც იხილავენ. მას თბილისში კონცერტის ჩატარება უნდა, შესაბამისად, სანამ ეს მოხდება, ქართველმა მსმენელმა უნდა გაიცნოს მისი შემოქმედება. არ ვიცი, ამ გოგომ ჩემში რა დაინახა, მაგრამ, მისგან შემოთავაზება მივიღე და სულ ცოტა ხანში, მას შემდეგ, რაც ევროპიდან ჩამოვა, კონტრაქტზეც მოვაწერთ ხელს. ტექსტი დავუწერე ასევე ჩეჩენ გოგონას, ამინას. ის მოსკოვში, ძირითადად, ალა პუგაჩოვას სიმღერებს მღერის, რაც ალას ნებართვით ხდება. სიმღერების ახალ არანჟირებას გიგა აკეთებს. მან გიგას სიმღერაც იყიდა. ძალიან პრეტენზიული გოგოა – ცოტა ამბიციური გახდა რაც ბორისოვნამ ორი სიმღერა აარჩევინა თავისი რეპერტუარიდან. ამინა 17 წლისაა და ამასთან დაკავშირებით ერთ კარგ ისტორიას მოგიყვებით: როცა ამინასთვის ტექსტი უნდა დამეწერა, მამამისმა „ჩარჩოებში“ ჩამსვა და რამდენიმე პირობა წამომიყენა: ტექსტის შინაარსი არ უნდა ყოფილიყო არც დამწვარ და არც მიტოვებულ სიყვარულზე. სიმართლე გითხრა, ამით ძალიან შევიზღუდე და ცოტა შემეშინდა კიდეც ტექსტის დაწერა, რადგან ჩემამდე რამდენიმე უკვე დაწუნებული ჰქონდა. გიგამ გამამხნევა და მითხრა, სცადე და დაწერეო. თან, ეს სიმღერა ამინას ალა პუგაჩოვას საღამოზე უნდა ემღერა რამდენიმე დღეში. საბედნიეროდ, მამამისს ჩემი ტექსტი ძალიან მოეწონა და დაიტოვეს.

– ტექსტების წერა როდის დაიწყე?

– ბავშვობაში ვწერდი ლექსებს და, ალბათ, ახლა გაიღვიძა ამ ყველაფერმა ჩემში.

– საქართველოში ბევრი კონცერტის ორგანიზატორი იყავი, მანდ თუ ახერხებ?

– პატარა კონცერტი გავაკეთე, რომელშიც აქ მცხოვრები პატარა ქართველები იღებდნენ მონაწილეობას. აქ ჩვენ-ჩვენი პატარა საქართველო გვაქვს (იცინის). რაც ჩამოგითვალეთ, მგონი, ამ მოკლე დროში ცოტა არ არის. მართალია, მოსკოვში სულ სხვა რაღაცისთვის ჩამოვედი, მაგრამ, თუ მე არ მივდივარ შოუ-ბიზნესთან, შოუ-ბიზნესი თავისით მოდის ჩემთან.

– აღნიშნე, რომ სიმღერის კარგი ტექსტები საკმაოდ ძვირად ფასობს რუსულ შოუ-ბიზნესში. შენი ტექსტები რა ღირს?

– ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ცნობილი მომღერალი იღებს შენს ტექსტს. ამ ეტაპზე ჩემთვის მთავარია, ჩემგან ტექსტები  პოპულარულმა სახეებმა წაიღონ, თუნდაც – საჩუქრად. ასე რომ, გულახდილად გეტყვით, მე ჯერ ტექსტში ფული არ ამიღია. სასიამოვნოა, როცა კომპლიმენტს იღებ ყველაზე ძვირად ღირებული ტექსტების ავტორისგან, როგორიც არის ინა კამენსკაია. ერთხელ, როცა გიგა კვენეტაძის მელოდიაზე ჩემი ტექსტი მოისმინა, ისიც მითხრა, იმდენად მიზანში მოარტყი, შეიძლება, ამ მელოდიაზე ასეთი ტექსტი მეც კი ვერ დამეწერაო.

– რა თანხაა საჭირო იმისთვის, რომ დამწყები მომღერალი პოპულარული გახდეს რუსეთში?

– მაგალითად, იმისთვის, რომ მომღერალი სამ თვეში გაიცნოს ხალხმა, საჭიროა მინიმუმ ორი კლიპი და ოთხი წამყვანი მუსიკალური ტელევიზია. ეს კი რუსეთში მინიმუმ 600-700 ათასი დოლარი ჯდება. დამწყები მომღერლის პირველი წარმატებული ნაბიჯისთვის, რითიც მას ხალხი გაიცნობს, ალბათ, მილიონი დოლარია საჭირო.

– ქართველ მომღერლებთან უფრო ადვილია მუშაობა თუ რუსებთან?

– როგორც ასეთი, რუსებთან მე არ მიმუშავია, ჩემ ირგვლივ რუსულ შოუ-ბიზნესში მოღვაწე სხვადასხვა ეროვნების ადამიანები არიან. მინდა, ისიც აღვნიშნო, რომ, თუკი ვინმე რუსულ შოუ-ბიზნესში მღერის და რამეს წარმოადგენს, ძირითადად ან ქართველია, ან ჩეჩენი, ებრაელი, უკრაინელი, ან სხვა ეროვნების წარმომადგენელი. ადამიანი თუ მოსკოვში ცხოვრობს, იმას სულაც არ ნიშნავს რომ ის რუსია. 

 ერთი სიახლე კიდევ მაქვს, მაგრამ, ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის: თუ სამუშაო ვიზა გავაგრძელე, შემოთავაზება მაქვს რადიოში, რომელიც ახლო მომავალში უნდა გაიხსნას და მუსიკალურ დირექტორად უნდა დავიწყო მუშაობა. ვნახოთ, ყველაფერს დრო გვიჩვენებს, ოქტომბერ-ნოემბერში გაირკვევა.

– როდის გეგმავ თბილისში ჩამოსვლას?

– ალბათ, უფრო საახალწლოდ ჩამოვალ. როგორც ვიცი, ახლა საქართველოში მოსკოვთან შედარებით ცხელა, ჩემი ჯანმრთელობისთვის კი მაღალი ტემპერატურა მომაკვდინებელია. ასე რომ, პროგნოზებს ვითვალისწინებ (იცინის).

 

скачать dle 11.3