კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აპირებს ვაჟა მანია ლონდონელად გახდომას და რა არის დამოკიდებული მის ურთიერთობაზე საპირისპირო სქესთან


ნიჭიერი, ყველასგან გამორჩეული და საოცრად კარგი ადამიანი, ვაჟა მანია, რომლისგანაც ყოველთვის ბევრი დადებითი ემოცია მოდის, სასწავლებლად ლონდონში გაემგზავრა. ის ინგლისში დაახლოებით ექვს თვეს დარჩება, თუმცა, სიტუაციის განვითარების მიხედვით, შეიძლება, უფრო მეტხანსაც მოუწიოს დარჩენა. ამ საყვარელ და თბილ ადამიანს პირადად მე დიდ წარმატებას ვუსურვებ.


ვაჟა მანია: ვერ ვიტყვი, რომ მიმართლებდა, მაგრამ, ჩემს წასვლას ყოველთვის პრობლემები ახლდა. ადრე ამერიკაშიც მინდოდა სასწავლებლად წასვლა, მაგრამ არ გამოვიდა – ორჯერ ვერ ავიღე ვიზა. ლონდონში აქამდეც უნდა წავსულიყავი და ისევ არ გამოვიდა. ვერ ვიტყვი, არ მჯეროდა, რომ ეს ყველაფერი გამოვა-მეთქი, მაგრამ, ყველაფერი მაინც რთულად აეწყო. რთულად რომ გამოგდის, ალბათ, ეს უფრო კარგის მომასწავებელია და სასიამოვნოც არის. ყოველთვის, როცა რაღაცას რთულად აკეთებ, ბოლოს კენწეროში გატკბილდება. ძალიან მიხარია, რომ მივდივარ (ინტერვიუ ჩაწერილია ვაჟას ლონდონში გამგზავრებამდე – ავტორი). თითქოს საქართველოში ჩემი ცხოვრების ერთი ეტაპი დავამთავრე და ახლა სულ სხვა ეტაპი იწყება, თანაც, ვიწყებ მარტო, ყველაფერი უნდა გავაკეთო მარტომ: საკუთარ თავს უნდა მიხედო, არავინ გიდგას გვერდით, არაფერში არავინ გეხმარება, ყველაფერში შენ უნდა გაერკვე და ეს ძალიან საინტერესოა. თან, რაღაც „მუღამიც“ აქვს – სულ მინდოდა, რომ მარტო წავსულიყავი და, როგორც იქნა, მოვიდა, დადგა ეს დრო და მეც მეშველა.

– როგორია გამგზავრების წინა პერიოდი?

– ცოტა შიშის მომგვრელია, მაინც, მარტო მივდივარ უცხო ხალხში, ქვეყანაში და ვფიქრობ იმაზე, ყველაფერს გავიგებ თუ არა, როგორ მივეჩვევი. თანაც, რთულია ისეთ ქალაქში წასვლა, როგორიც ლონდონია – იქ ცხოვრების ძალიან სწრაფი რიტმია და მას უნდა აჰყვე, არ უნდა ჩამორჩე; თუ ჩამორჩი, საქმე დამთავრებულია. მაგრამ, ერთი რამ ვიცი: რომ ჩავალ იქ, ვიტყვი: „ეს არის ჩემი“. და როდესაც ამას ვამბობ, შანსი არ არის, მართლა ჩემი არ გახდეს, იმიტომ რომ, სადაც ვარ, იმ სიტუაციის გავლენის ქვეშ ვექცევი, იქაურ ქუდს ვიხურავ. ლონდონში რომ ჩავალ, ასე მგონია, ლონდონელი გავხდები, იქაური ცხოვრებით, ტემპით ვიცხოვრებ. ცუდს არა, მაგრამ კარგ რაღაცეებს გავაკეთებ.

– ლონდონი წვიმიანი, რუხი ქალაქია, შენ გაქვს მორუხო ხასიათი?

– მაქვს მორუხო ხასიათი, მოწყენილი ვარ ხოლმე, მაგრამ, რატომ ვარ მოწყენილი, არ ვიცი, ეტყობა, ეს დრამატულობა მიყვარს. ზოგჯერ ძალით ვიქმნი ასეთ გარემოს, თან, ბევრს აღუნიშნავს ეს. 22 წლის ბიჭს რა უნდა მაგდებდეს დრამატიზმში? ალბათ, იმიტომ მომწონს, რომ ამ დროს ბევრს ვფიქრობ, თან, ყურადღებაც მიყვარს, ოღონდ, განსაკუთრებული ადამიანებისგან. ესე იგი, იმიტომ მომწონს ეს დრამატიზმი, რომ ვინმემ, განსაკუთრებულმა მომაქციოს ყურადღება, თორემ, მარტო საკუთარ თავთან დარჩენა და დრამატიზება ნამდვილად არ მიყვარს.

– ეს განსაკუთრებული ადამიანები ვინ არიან, ხშირად იცვლებიან?

– ერთი და იგივე არ ყოფილა, მაგრამ, არც ძალიან ბევრნი არ ყოფილან.

– მომიყევი, რა გეგმები გაქვს ინგლისში, სად ისწავლი?

– ჯერ ბორმუნდში მივდივარ, ენის შემსწავლელ კურსებზე. ოქტომბერში ვაპირებდი წასვლას, მაგრამ, ვეღარ მოვისვენე, დამატებით ავიღე ენის შემსწავლელი კურსები, რომ უკეთესად ვისწავლო ინგლისური. იქ ინგლისელების ოჯახში ვიცხოვრებ, მერე გადავალ ლონდონში და სამუსიკო სასწავლებელში გავაგრძელებ სწავლას.

– როდესაც რაღაცას აკეთებ, ბევრი სირთულე გხვდება?

– ადვილად არაფერი გამომდის, მაგრამ, ყოველთვის მიმართლებს და, შეიძლება მერე თქვან ადვილად გამოუვიდაო. სანამ გამიმართლებს, ბევრი რაღაცის გაკეთება მჭირდება, ბევრი შრომა. ლონდონში რომ ჩავალ, მინდა, იქაც გამიმართლოს, რადგან, მიზნის მისაღწევად მარტო ნიჭი არ არის საკმარისი.

– როგორ რეაგირებ წინააღმდეგობებზე, როდისმე თუ ყრი ფარ-ხმალს?

– შეიძლება, ერთი დღე დავყარო ფარ-ხმალი, სახე ჩამოვუშვა, ვიფიქრო, მეორე-მესამე დღეს კი ისევ ვისხამ აბჯარს და ყველაფერს ვთელავ. ხშირად მქონია ბევრი დაბრკოლება: რომ ვსწავლობდი, ხან ოთახი არ მქონდა, ხან არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა; მერე, ერთი პერიოდი, არ მიმართლებდა და სულ ასე მიწევდა ბრძოლა, და ეს მაძლევდა იმის მუხტს, რომ ჩემი საქმე გამეგრძელებინა.

– შრომისმოყვარე ხარ?

– შრომისმოყვარე ვარ, მაგრამ ჩემი შრომისმოყვარეობა გარედან არ ჩანს. არაფერს აკეთებს, მაგრამ, ნიჭიერი ბიჭია და უმართლებსო, – ეს უფრო ჰგონიათ. სინამდვილეში კი ყოველთვის დიდ დროსა და ენერგიას ვხარჯავ.

– 22 წლის განმავლობაში თუ გქონია ისეთი პერიოდი, როდესაც შენი უიღბლობა დიდხანს გაგრძელებულა?

– მქონია ისეთი მომენტები, როდესაც არსად ვმღეროდი, არაფერს ვაკეთებდი და ამის გამო დეპრესიაში ვვარდებოდი. როდესაც არსად ვმღერი, ეს ყოველთვის მძაბავს, ამ დროს მოწყენილი და „დაგრუზული“ ვარ, საერთოდ არ მიყვარს ლაპარაკი. სახლშიც რომ მივდივარ, ჩუმად ვარ, არავის ველაპარაკები და მაშინვე ხვდებიან, რომ ცუდ ხასიათზე ვარ, მაგრამ, მიზეზს, შანსი არ არის, ვერ მათქმევინებენ. ძირითადად, ორი დღე ვიკეტები საკუთარ თავში, მერე, გადამივლის ხოლმე.

– განსაკუთრებული ადამიანები ახსენე. რამდენ ხანს რჩებიან ისინი შენ გვერდით?

– თუ ძალიან მოინდომებენ, ჩემ გვერდით დიდხანს იქნებიან და, თუ ცოტათი მოინდომებენ – საერთოდ არ იქნებიან.

– ყველაფერი მხოლოდ მათ მონდომებაზეა დამოკიდებული, შენსაზე არა?

– არა, მათ მონდომებაზე არის დამოკიდებული, ისინი წყვეტენ, ჩემ გვერდით უნდათ თუ არა ყოფნა. ჩემს მონდომებაზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული, მაგრამ ჩემი მონდომება უფრო ხანგრძლივი ჩანს ხოლმე.

– იმედგაცრუებები ხშირად გაქვს?

– კი. როგორ არა. იმედგაცრუება ის არის, რომ რაღაც ეტაპის შემდეგ ეს ყველაფერი მთავრდება, მეტი არაფერი.

– ძალიან კომუნიკაბელური ხარ და ადამიანებს ყოველთვის დადებით ენერგიას გადასცემ.

– როგორც კი ადამიანი, ჩემთან კონტაქტში შემოვა, მეც მაშინვე შევდივარ მასთან კონტაქტში, ოღონდ, უნდა მინდოდეს მასთან ურთიერთობა. ვისაც ვერ მივიღებ, იმასთან არც შევალ კონტაქტში.

– შენთან კონტაქტში შემოსვლის მსურველი გოგონების რიცხვი, ალბათ, ძალიან ბევრია.

– კი, ბევრნი არიან და ამისთვის რაღაცეებსაც აკეთებენ. ეს, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, მაგრამ, მათ ტყუილი იმედი არ უნდა მისცე, თორემ, გული ეტკინებათ. უბრალოდ, ამ ყველაფერმა იმის გამოცდილება მომცა, რომ მათგან თავი შორს არ დავიჭირო, მაგრამ დაბალანსებული ურთიერთობა მქონდეს, გული რომ არ ვატკინო ვინმეს.

– საკმაოდ მგრძნობიარე ხარ და გულთან ბევრი რამ მიგაქვს.

– საკმაოდ მგრძნობიარე, ემოციური ვარ და ყველაფერი გულთან მიმაქვს. ადამიანს ყოველთვის გავუშვებ, თუ მას ასე უნდა, მაგრამ რაღაც პერიოდის განმავლობაში ვერ ვუშვებ იოლად. თუ ადამიანს არ უნდა, წავიდეს, მართალია, ასეთ დროს გულში ტკენას დატოვებს, მაგრამ არ არის პრობლემა.

– შენ გიტკენია ვინმესთვის გული?

– მიტკენია, როგორ არა, მაგრამ, უფრო გამოუცდელობით. შეიძლება, ბავშვურად რაღაც ვუთხრა, ახლოს მოვუშვა და მერე ვუთხრა – შენ არა. ახლა უკვე ვისწავლე ჭკუა და იქამდე აღარ მივიყვან საქმეს, რომ ვინმეს გული ვატკინო. სანამ ცხვირს არ წაიტეხ, სანამ შენ არ გეტკინება, მანამდე ვერ მიხვდები, სხვას რომ არ უნდა ატკინო.

– როდესაც გიყვარს, უფრო მეტად შრომისუნარიანი ხდები თუ, პირიქით, ვერაფერს აკეთებ?

– ვყოფილვარ კი შეყვარებული? არ ვიცი, ვერ გავიგე, რა ჯანდაბაა სიყვარული. რაღაც ემოციები გაქვს, მგრძნობიარე ხარ, როდესაც ადამიანს ეუბნები, მე შენ მიყვარხარო, მაგრამ, უცებ აღმოჩნდება, რომ რაღაც მოხდა და აღარ გაქვს ის ემოცია. ჩემი აზრით, სიყვარული ის არის, როდესაც ერთი ადამიანი მთელი ცხოვრება შენია, იცი, რომ შენი სისხლია. ხუთი თვის მერე რომ გადაგივლის, ეს არ არის სიყვარული, უბრალოდ, ეს იყო რაღაც დიდი ემოცია, რომელსაც იმ დროს გრძნობდი მის მიმართ, მერე კი ქრება. ანუ, ჩემი ახლანდელი გრძნობები ძირითადად ემოციებთან არის დაკავშირებული.


скачать dle 11.3