კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ იყო დაბადებული ქრისტეს მოციქული თომა და ცნობილია თუ არა სხვა მოციქულების ზოდიაქოს ნიშნები


დღეს ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რა კავშირი არსებობდა ძველად ასტროლოგიასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ქართველი მეფეები – დავით აღმაშენებელი, ვახტანგ მეექვსე კარგად იყვნენ განსწავლული ამ სფეროში. ასევე, დღემდე არსებობს მოსაზრება, რომ სვეტიცხოვლის ცნობილ ფრესკაზე, 12 ზოდიაქოს ნიშანთან ერთად, გამოსახულია 12 მოციქული. სინამდვილეში რა არის აქ გამოსახული, ამის შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბრება ასტრონომი გიორგი რამიშვილი.

გიორგი რამიშვილი: ასტროლოგიის მიმართ დამოკიდებულება ყველა ქრისტიანულ რელიგიას თითქმის ერთნაირი ჰქონდა მეჩვიდმეტე საუკუნის ჩათვლით. იმიტომ, რომ მანამდე ასტროლოგია არ ითვლებოდა ცალკე საგნად – ასტროლოგია, ასტრონომია მეცნიერულ დარგებად არ იყო ჩამოყალიბებული. ამიტომ, ნებისმიერმა განათლებულმა ადამიანმა ასტროლოგია კარგად იცოდა. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ საქართველოს ისტორიაშიც ასეთი ადამიანები ადვილად მოიძებნებიან, განსაკუთრებით მეფეებს შორის. ძალიან კარგად არის ცნობილი დავით აღმაშენებლის განსწავლულობა. მან ასტროლოგიაც იცოდა, მაგიაც და ზოგადად, ძალიან ბევრი რამ. თქვენ თუ საკითხს დასვამთ ისე, რომ დავით აღმაშენებელი ასტროლოგიას მისდევდა, მერე შეიძლება, ოპონენტებმა გიპასუხონ, სამაგიეროდ, დაწერა „გალობანი სინანულისანი“ და ყველაფერი მოინანიაო. ამიტომ, საბოლოო დასკვნის გაკეთება ძნელია. ბევრი ასტრონომიული და ასტროლოგიური მნიშვნელობის ხელნაწერი რამდენადაც ვიცი, ხელნაწერთა ინსტიტუტში ერთ უბანშია თავმოყრილი. ერთად დაჯგუფებული ხელნაწერების უმრავლესობა, ცხადია, არის ასტროლოგიური მნიშვნელობის. რაც მთავარია, მაშინდელი ასტროლოგიური ტრაქტატების ნაწილი გადაწერილია ბერების მიერ. მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნეების ქართულად დაწერილი ასტროლოგიური ტექსტებიც ბერების მიერ არის შესრულებული, ანუ, მათ ავალებდნენ გადაწერას, თუმცა ეს არ ნიშნავს ეკლესიის დადებით ან უარყოფით დამოკიდებულებას მისადმი. მაგრამ ის, რომ ეკლესიას მიაჩნდა აუცილებლად, ნებისმიერი ნაშრომი, მათ შორის ასტროლოგიური, უნდა გადაეწერათ და შთამომავლობისთვის დაეტოვებინათ, ეს ცხადია. ანუ, ასტროლოგიური ცოდნა ჩვენს მეფეებს, სასულიერო პირებს ყოველთვის ჰქონდათ და დარწმუნებული ვარ, ახლანდელი, მაღალი ეშელონის სასულიერო პირებიც კარგად იქნებიან გარკვეული ამ საკითხში. უბრალოდ, არ სურთ და არც აქვთ არავითარი წინაპირობა, გამოვიდნენ და ამის შესახებ ისაუბრონ. ძალიან საინტერესოა, კომუნისტების დროს ცენზურას გაპარებული წიგნი, – „მეთორმეტე საუკუნის ტრაქტატი“, რომელიც გამოიცა აკაკი შანიძის რედაქციით. მასში აღწერილია ძალიან ბევრი ინფორმაცია და ერთი ნაწილი მთლიანად ასტროლოგიაა, რომელზეც შინაარსობრივად აღმოსავლური გავლენა იგრძნობა. მასში ასევე, მოცემულია წმინდა ქართული ტექსტები, რომლებზეც წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, ან მიუღებელი იყო აღმოსავლეთისთვის. მაგალითად, მასში საუბარია, ვინ გამოდის კარგი მეღვინე, მუსლიმანი კი მეღვინის შესახებ არ დაწერდა თავის ასტროლოგიურ ტექსტში. რამდენადაც მახსოვს, იქ მითითებული იყო, რომ „სასწორის“ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულები კარგი მეღვინეები არიან. ძალიან საინტერესო წიგნია. ქვებია კარგად დალაგებული, ანუ რომელი ზოდიაქოს ნიშნისთვის რომელი ქვა არის სასარგებლო ჯანმრთელობისა და განწყობის თვალსაზრისით.

მეჩვიდმეტე საუკუნიდან მთელ მსოფლიოში იწყება ასტროლოგიის დისკრედიტაცია, მიზეზი კი აღორძინების ეპოქა იყო. ამ ეპოქაში ბევრი ცოდნა დაგროვდა, კათოლიკური ეკლესიის მარწუხებიც მოეშვა, გამოვიდა ცოდნა გარეთ, განვითარდა მეცნიერების სხვადასხვა დარგი და მოხდა მეცნიერებების დაყოფა. ასტრონომია და ასტროლოგიაც გაიყო და ცალ-ცალკე მიმართულებით წავიდა. ასტრონომიამ დააკმაყოფილა მეცნიერების ახალი განმარტება, რომ რეალურ საგნებზე დაყრდნობით სამყაროს რეალურ შესწავლას ახორციელებდა. ასტროლოგიამ ეს ვერ დააკმაყოფილა და დარჩა არა მეცნიერებად, არამედ ოკულტურ დისციპლინად. ნებისმიერი ცოდნა ემყარება გარკვეული ტიპის აქსიომას, ასტროლოგია ეყრდნობა ორ ძირითად ცოდნას, სტატისტიკას, რომელიც თავის თავად მეცნიერებაა და მისტიკას, რომელიც არ არის მეცნიერება. რადგან ასტროლოგიას საფუძვლად მისტიკა აქვს, ამიტომ ის თანამედროვე გაგებით, მეცნიერება ვერასდროს იქნება. შესაბამისად, მას ყოველთვის შეექმნება პრობლემა როგორც სამეცნიერო, ასევე სასულიერო კუთხითაც. პირდაპირი გაგებით ასტროლოგიის აკრძალვა უაზრობაა. ეს, არ არის მეცნიერება, მაგრამ არის მწყობრი, საინტერესო ცოდნის სისტემა, რომელსაც გაუგებარია საიდან, მაგრამ საინტერესო შედეგების მოცემა შეუძლია. რადგან ლოგიკურად არ ჩანს ეს შედეგები, ამიტომ ლოგიკურად მოაზროვნეებისა და მეცნიერებისთვის ის მიუღებელია; რადგან ასტროლოგიას აქვს პრეტენზია იმაზე, ფორმალური გაგებით, ახსნას რაღაცეები, თუნდაც მომავალში, უკვე პრობლემა ექმნება ეკლესიასთან. მაგრამ, საქმე ისაა, რომ რეალურად ასტროლოგია არ წინასწარმეტყველებს, აქედან გამომდინარე, ეკლესია ასტროლოგიას ამაში არც ებრძვის. ამ მხრივ, ზავი დიდი ხანია, არსებობს. ერთადერთი, რაშიც ვერ რიგდება ჩვენი ეკლესია და ასტროლოგია, სულ სხვა საკითხია. ჩვენი ეკლესია აღიარებს სულის ერთხელ მოსვლას და გარდაცვალების შემდეგ მის დავანებას იქ, სადაც დაიმსახურებს. ასტროლოგია კი ერთმნიშვნელოვნად დაფუძნებულია, რეინკარნაციაზე, სულის არაერთხელ მოსვლაზე. ეს წინააღმდეგობა იმდენად მნიშვნელოვანია, შერიგება იმაზე, რომ ჩვენ ყველაფერში მაინც ერთმანეთის გვესმის, გამორიცხულია. ანუ არასდროს იფიქროთ, რომ ეკლესიასა და ასტროლოგიას შორის წინააღმდეგობა არის წინასწარმეტყველებაში, ასტროლოგია არ წინასწარმეტყველებს, ის ჩვეულებრივ პროგნოზებს აკეთებს. ასევე, ხშირად სვამენ კითხვას, როგორ შეიძლება პლანეტები ადამიანებზე ზემოქმედებდნენ? პლანეტები კი არ ზემოქმედებენ ადამიანებზე, არამედ ერთი და იგივე ძალა მართავს პლანეტების მოძრაობასაც, ცხოვრებასაც და ყველა სულიერისა თუ უსულო საგნის განვითარებას სამყაროში. თუ თვალს ვადევნებთ პლანეტების გადაადგილებას, ვიცით, სტატისტიკურად ამ გადაადგილების დროს რა ხდებოდა, შეგვიძლია იმის თქმა, რა არის მოსალოდნელი ამ და ამ დროს. ეს უბრალოდ არის ენა, რომლის წაკითხვა ადვილია, წაიკითხავ და შეგიძლია, ანალოგები იპოვო დედამიწაზე.

– როგორც ცნობილია, ვახტანგ მეექვსეც ძალიან კარგად იყო განსწავლული ასტროლოგიაში.

– ვახტანგ მეექვსემ გადაწყვიტა ყველაფრის აღორძინება. განსხვავებით მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნეებისა, მან ასტრონომიული იარაღები შეუკვეთა და შემოიტანა ირანიდან. ისინი დღემდე ინახება მუზეუმში. მას, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ცოდნა ჰქონდა და მათ შორის, კარგად ფლობდა ასტროლოგიას. საქართველო ავბედობის გამო ჩამორჩა აღორძინების ხანას, ამ დროს ასტროლოგია სხვა მეცნიერებისგან არ გამოიყოფოდა და მთლიანი ცოდნის ნაწილი იყო, რასაც კარგად ფლობდა ვახტანგ მეექვსე. კონკრეტულად იმის თქმა, რომ ჩვენი მეფეები ასტროლოგები იყვნენ, არასწორია. უბრალოდ, მათ ჰქონდათ კარგი ასტროლოგიური ცოდნა.

– სვეტიცხოველში გამოსახული ფრესკის შესახებ, სადაც 12 ზოდიაქოს ნიშანია, სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ზოგს მიაჩნია, რომ იქ ასევე გამოსახულია 12 მოციქული, ზოგი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ?

– ეს ფსევდოასტროლოგიური შინაარსის ფრესკა გამოსახულია სვეტიცხოვლის სამხრეთის კედელზე და იქ აშკარად ხატია ზოდიაქოს ნიშნები. თუმცა, ფრესკა მხოლოდ წრიული ნაწილი კი არ არის, მთელი კედელია და ასახავს იოანეს გამოცხადებას, აპოკალიფსს. თქვენ თუ ნახავთ მამა ბიძინა გუნიას ნაშრომებს ამ მიმართულებით, ის ამ ყველაფერს საინტერესოდ ხსნის, რასაც მე ვეთანხმები. ჩვენ, ორივე ამ ახსნამდე დამოუკიდებლად მივედით. მამა ბიძინა მიუთითებს, რომ იქ მართლაც ხატია ზოდიაქოს ნიშნები, მაგრამ არ შეიძლება, მას მიეწეროს ასტროლოგიური შინაარსი, უბრალოდ, ეს არის სამყაროს შესახებ ცოდნის ნაწილი. ზოდიაქოს ნიშნები კი სამყაროში ყოველთვის მოიაზრებოდა, როგორც ცოდნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. რა თქმა უნდა, იქ ნამდვილად ხატია 12 ზოდიაქოს ნიშანი, იმ ტრადიციით, რომელიც მოდის შუამდინარეთიდან, გაიარა საბერძნეთი და საბოლოო ჯამში, მოაღწია ჩვენამდე. ამაზე არავინ დავობს, უბრალოდ, პოლემიკა იყო სულ სხვა საკითხზე. სვეტიცხოვლის ტაძარი არის 12 მოციქულის სახელობის და არსებობდა მოსაზრება, რომელსაც, გარკვეულ დრომდე მხარს ვუჭერდი, – 12 მოციქულის სახელობის ტაძარში დახატულია 12 ზოდიაქოს ნიშანი, მის შიგნით წრეში – 12 მოციქული და შეგიძლიათ მიხვდეთ, რომელ მოციქულს რომელი ზოდიაქოს ნიშანი შეესაბამება. ასეთი ნახატი მართლაც უნიკალური იქნებოდა მთელ მსოფლიოში. რაც შეეხება იმას, თუ საიდან დავინახე ეს ნახატი უკვე სხვა მხრივ, ეს სიურპრიზი დამახვედრეს ჩემმა დამ, რომელიც ძალიან კარგი ასტროლოგია და ჩემმა ვაჟმა. რამდენიმე წლის წინ, ძალიან კარგი კალენდარი გამოსცა ბატონმა ზაურ ქოქრაშვილმა და მასზე სვეტიცხოვლის ფრესკის სწორედ რკალური ნაწილი დაიტანა. მათ მაჩვენეს კალენდარი, რომელზეც კარგად ჩანს ნახატი. დავხედე და სახტად დავრჩი. პირდაპირ ვაღიარე, რომ ისინი მართლები იყვნენ. ანუ, მივხვდი, რომ არ იყო შესატყვისობა 12 ზოდიაქოს ნიშანსა და 12 მოციქულს შორის. თუ დაკვირვებიხართ ფრესკას, ის გადაშლილია, მიუხედავად იმისა, რომ მოხატულების ეს ნაწილი მეჩვიდმეტე საუკუნისაა. ის შესრულებულია მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის პირდაპირი ზედამხედველობით და მოხატულია ზემო მაჩხაანელი ბოსტოღანაშვილის მიერ. რაც კათოლიკოსს მიაჩნდა საჭიროდ, ის დაახატვინა, ანუ 12 ზოდიაქოს ნიშანი, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მასში მაინცდამაინც ასტროლოგიური შინაარსი დევს. მეორე მომენტი, რომელიც ეხება 12 ზოდიაქოს ნიშნისა და 12 მოციქულის შესაბამისობას – ეს ნამდვილად არ არის სწორი და ამას თქვენც შეიძლება დააკვირდეთ. თუ ფოტოს „ფოტოშოპში“ ოდნავ დაამუშავებთ, მისცემთ სიმკვეთრეს, აღმოაჩენთ, რომ ზედა რკალზე დახატულია 14 ნახატი, მათ შორის მარცხენა მხარეს – 6 ზოდიაქოს ნიშანი, 6 კი მარჯვენა მხარეს, ზემოდან და ქვემოდან – მზე და მთვარე. მაგრამ მის შიდა წრეზე არის არა 12 ნახატი, შესაბამისად თითოეული ზოდიაქოსი, არამედ – 13. აქედან, 10 ჰგავს ერთმანეთს, კანონიკურად ერთნაირად არის შესრულებული, თუმცა სხვადასხვა სახეებია. გამოსახულია ადამიანის სახეები, შარავანდედით, ფრთებით და ან შუბი უჭირავთ ხელში, ან – კვერთხი. ანუ, დახატულია 10 მთავარანგელოზი, თანაბრად – ზემოდან ქვემოთ. ქვედა ნაწილში რჩება სამი ნახატი. შუაში არის ორი ცეცხლოვანი რგოლი, მის აქეთ-იქით ზუსტად სიმეტრიულად არის დახატული ორი სახიანი არსება, რომლებსაც აქვთ ექვს-ექვსი ფრთა – სერაფიმი და ქერუბიმი. ამიტომაც მამა ბიძინას და კიდევ სხვა საეკლესიო პირების აზრით, იქ ხატია სამყაროს ერთიანობა, შიგნით მამა ღმერთია, მის გარშემო – მთავარანგელოზები, სერაფიმები, ქერუბიმები და მათ გარშემო ზოდიაქოს ნიშნები, ანუ იერარქიულად არის დალაგებული, ცენტრიდან – გარეთ. შესაბამისად, იმ ნახატზე არ არის დახატული 12 მოციქული, თუმცა ზუსტად რა ჩანაფიქრი ჰქონდათ, ეს მაშინდელმა კათოლიკოსმა იცის მხოლოდ. ისტორიკოსებმა მითხრეს, რომ როდესაც რაღაც მასალებს ეძებდნენ, ახსოვთ, ნახეს რამდენიმე მკვლევრის მითითება – ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში ეხატა 12 მოციქული და ზოდიაქოს ნიშანი, მაგრამ არსებობს, ასევე, სხვა ჰიპოთეზაც. ეს ნახატი უნდა ყოფილიყო ქაშუეთის ეკლესიის გუმბათზე. ანუ, იქ იყო გამოსახული 12 ზოდიაქოს ნიშანი და 12 მოციქული, მაგრამ ქაშუეთის ტაძრის გუმბათი თავის დროზე რუსებმა მთლიანად გადაფხიკეს და გადაათეთრეს. თუმცა, ასეთი ნახატის წერილობითი აღწერაც კი არ არსებობს, ამიტომ ძნელი დასაჯერებელია.

არსებობს ძალიან საინტერესო ჰიპოთეზა, რომ ქრისტეს 12 მოციქული იყო 12 განსხვავებული ზოდიაქოს ნიშნის, თუმცა ეს არ არის დამტკიცებული. ასტროლოგებს უყვართ ამაზე საუბარი. მე არაერთი სტატია მაქვს ამის შესახებ წაკითხული, მაგრამ სულ განსხვავებულ პასუხებს წერენ. ისინი ვერ თანხმდებიან იმაში, თუ რომელი მოციქული რომელი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი იყო. სამაგიეროდ, არსებობს ერთი საინტერესო დეტალი. იოანეს სახარებაში წერია: „თომა ერთი ათთორმეტთაგანი, რომელ არს „მარჩვიბ“ – ანუ პირდაპირ წერია, რომ თომა, 12 მოციქულთაგან ერთ-ერთი – არის „მარჩვიბი“ – ანუ „ტყუპები“. მე მაშინვე დავსვი კითხვა, იქნებ მას ტყუპისცალი ჰყავდა, მაგრამ ტყუპისცალი არ ჰყოლია. ასევე საინტერესოა ერთი საკითხი, როდესაც ქრისტე აღდგომის შემდეგ მოევლინა თავის მოწაფეებს, ყველამ დაიჯერა მისი აღდგომა, თომას გარდა. ასტროლოგიაში ყველაზე ურწმუნო არის „ტყუპების“ ნიშანი, ანუ სახარებაში პირდაპირ მიგვითითებენ, რომ თომა არის „ტყუპები“ და შემდეგ ეს მტკიცდება საქმით. „ტყუპების“ მთავარი სიტყვა არის – „არ მჯერა“, ანუ მას მანამდე არ სჯერა, სანამ თავის ზეგავლენის ქვეშ მყოფი ხელის მტევნით არ შეეხება რამეს. ანუ, თომა ჯერ ეხება მაცხოვარს და მხოლოდ ამის მერე სჯერა მისი აღდგომის, ასტროლოგიურად, სიტყვით და შემდეგ საქმითაც მითითებულია, რომ თომა იყო „ტყუპების“ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული. სხვა მოციქულების შესახებ, სხვადასხვას წერენ, მაგრამ ყველა იძულებულია, აღიაროს, რომ თომა „ტყუპებია“.

– როგორც ვიცი, გიორგი მთაწმინდელი წერს, ადამიანი ვერ გახდება მთავარეპისკოპოსი, თუ მას არ ექნება შედგენილი ასტროლოგიური რუკაო.

– რამდენადაც მახსოვს, არსებობს ასეთი მითითება, სასურველია, სასულიერო პირი იყოს „ვერძის“ ნიშნის ქვეშ დაბადებული. რა თქმა უნდა, ყველა ზოდიაქოს ნიშნის ადამიანი შეიძლება გახდეს მთავარეპისკოპოსი, მაგრამ უფრო ადვილად და მიზანსწრაფულად ამას აღწევდნენ „ვერძის“ ნიშნის ქვეშ დაბადებულები, განსაკუთრებით იმ პერიოდში – ათი საუკუნის წინ. ახლა არ ვიცი, ამ მხრივ თუ შეიცვალა რამე. შეიძლება, თანაბრად იყვნენ სასულიერო პირებში სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის ადამიანები. მაშინ ეს მოსაზრება არსებობდა. „ვერძი“ ლიდერია, მიზანსწრაფულია, ოპტიმისტია. მათ ხალხი ადვილად ენდობა და შეუძლიათ კიდეც, ისინი გარკვეული მიმართულებით წაიყვანონ. თუმცა, ამის გაკეთება სხვებსაც შეუძლიათ, მაგრამ „ვერძებს“ ეს მაჟორში, სწრაფად და კარგად გამოსდით. თუ ასეთ დახასიათებას აქვს მნიშვნელობა, მითითებაში, შეიძლება, ეს იგულისხმებოდა, ან შეიძლება, წლების განმავლობაში რაიმე სტატისტიკა ჰქონდათ.

ძალიან საინტერესოა, ასევე, ასტროლოგიური და ასტრონომიული მოვლენის თანხვედრა საქართველოს ისტორიიდან. მაგალითად, აბო თბილელი დასაჯეს 783 წელს. 780 წლიდან 790 წლამდე ქართლის კათოლიკოს-პატრიარქი იყო სამოელი და მისი დავალებით დაიწერა „აბო თბილელის წამება“. ტექსტში აღწერილია, რომ აბოს წამების შემდეგ, ღამე გამოჩნდა დიდი ვარსკვლავი, რამაც შეაშფოთა თბილისის ამირა და დაუძახა ასტრონომებს – მაშინ ასტრონომები და ასტროლოგები ერთი და იგივე ადამიანები იყვნენ. ჰკითხა მათ, თუ რა ვარსკვლავი იყო. ამან დიდი გავლენა მოახდინა საზოგადოებაზე და რწმენაში განმტკიცებაც გამოიწვია. ჩინური წყაროების მიხედვით, ცნობილია, რომ ეს იყო ზეახალი ვარსკვლავის ანთება. ის აფეთქდა, აენთო, რამდენიმე ხნის განმავლობაში ენთო და მერე ჩაქრა. არ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეს მხოლოდ ანთება იყო და მეტი არაფერი. ღმერთმა უკეთ იცის, სწორედ მაშინ აწამეს აბო და სწორედ მაშინ მოხდა ეს აფეთქებაც. ასეთი დამთხვევები ბევრია. თუნდაც ის, რომ მზის დაბნელებას მოჰყვა აღმოსავლეთ საქართველოში მართლმადიდებლობის გავრცელება. თუმცა მიმაჩნია, რომ სასწაული ისაა, რომ ღმერთმა მირიან მეფე აიყვანა სწორედ იმ ადგილას, საიდანაც ყველაზე კარგად ჩანდა მზის დაბნელება.

– მაცხოვრის დაბადებისასაც ხომ გამოჩნდა ცაზე სამი ვარსკვლავი.

– ამ საკითხთან დაკავშირებით ინტერპრეტაციები განსხვავებულია. ხშირად კამათობენ იმაზე, რომ მოგვები ასტროლოგები არ იყვნენ. ბევრი ამბობს, რომ ისინი წინასწარმეტყველები იყვნენ და მათ იწინასწარმეტყველეს მაცხოვრის დაბადება. მეორე პრობლემა ის არის, რომ ბეთლემის ვარსკვლავი ხომ უნდა იპოვო ბოლოს და ბოლოს და თუ ისინი წინასწარმეტყველები იყვნენ, გამოდის, მხოლოდ მათ დაინახეს ვარსკვლავი და სხვები ვერ დაინახავდნენ. ამიტომ, საუბარი იყო იმაზე, თუ ბეთლემის ვარსკვლავს ვიპოვით, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. დაიწყეს მოძებნა, ეძებდნენ ყველა ასტრონომიულ ფენომენს, ზეახალი ვარსკვლავის ანთებას, კომეტის გამოჩენას, რომლის კუდიც შეიძლება სამ ვარსკვლავს მგვანებოდა. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ძველი წელთაღრიცხვის 12 წლიდან ახალი წელთაღრიცხვის 30 წლამდე არც ერთი კომეტა არ ჩანდა ცაზე, ისეთი, რომ დაენახათ. ამიტომ, ეს გამოირიცხა. ზეახალი ვარსკვლავის ანთების შესახებ კი, დუმს ყველა ჩინური წყარო, ანუ არ აფეთქებულა იმ დროს. რჩებოდა ერთი საინტერესო მოსაზრება, რომელსაც მიაგნო გენიალურმა ასტრონომმა იოჰან კეპლერმა მეჩვიდმეტე საუკუნეში. ის მაცხოვარზე ამბობდა, რომ ასტროლოგიურად ასეთი პიროვნების – დიდი ადამიანის გამოჩენა უნდა ვეძებოთ იუპიტერის, სატურნისა და სასურველია, მათთან მარსის შეერთების დროს. ასეთი ძებნის დროს აღმოჩნდა, რომ ძველი წელთაღრიცხვის მეექვსე წლის 20 დეკემბრიდან ახალი წელთაღრიცხვის მეხუთე წლის 20-25 თებერვლამდე პერიოდში, ეს სამი პლანეტა ერთად არის ცაზე. მათი მოძრაობა ერთმანეთის მიმართ, რა თქმა უნდა, იცვლება, სხვადასხვა სიჩქარე აქვთ, მაგრამ ეს სამკუთხედი მკაფიოდ ჩანს. ამიტომ შეიძლება, ამ ვარსკვლავზე იყოს საუბარი, ანუ სამ პლანეტაზე. სამი მოგვის არსებობასაც ეჭვის თვალით უყურებდნენ, მაგრამ ყველაფერი, რაც გარშემოა აღწერილი, სწორია. ისტორიული პიროვნებებიც ემთხვევა. ასე რომ, ეჭვის შეტანა ძნელია. ისტორიკოსები როგორც კი კითხულობენ ახალ აღთქმას, სადაც საუბარია ისტორიულ პიროვნებებზე, რომის მმართველებზე, რომის დაარსების მიხედვით გამოთვლის შემდეგ, აღიარებენ, რომ ქრისტეს დაბადება უნდა მომხდარიყო ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე წლამდე – მეხუთე, მეექვსე წელს. შესაბამისად, არავის გაჰკვირვებია, რომ კეპლერის ეს იდეა გამართლდა და მანამდე, წელიწად-ნახევრის წინ პლანეტების ასეთი კონფიგურაცია არსებობდა. ანუ, ასეთი მოსაზრებები არსებობს. დანამდვილებით ვერავინ ვერაფერს იტყვის, რადგან ქრისტეს ფენომენი ძალიან დიდია და მასში მეცნიერულად ჩაწვდომა ძალიან ძნელია. მით უმეტეს, მე მინახავს, შემიმოწმებია ჯვარცმის მომენტი, თარიღი გამოვთვალე, მაგრამ არ დასტურდება. სახარებაში ყველაფერს ცალსახად კითხულობ, ყველაფერია, მაგრამ დათარიღებას ვერ ახერხებ, ხელმიუწვდომელია, ეტყობა, არ ვართ ამისთვის მზად.

– გამოთვალეთ ჯვარცმის თარიღი?

– მზის დაბნელების მიხედვით გამოვთვალე ქრისტეს ჯვარცმის თარიღი, მივიღე ახალი წელთაღრიცხვის 29 წლის 24 ნოემბერი. იმავდროულად, კითხვები გავაგზავნე ამერიკასა და ისრაელში, ებრაელებთან. როგორც ვიცოდი, მათი კალენდარი ბოლო ოცი საუკუნეა, არ შეცვლილა. მათ მითხრეს, რომ კიდევ უფრო დიდი ხანია, არ შეცვლილაო. ებრაული პასექი ყოველთვის არის გაზაფხულზე, აღდგომაც მალევე ხდება, 24 ნოემბერი კი შემოდგომაა. ანუ, ყველაფერი კარგად ჯდება, ასტრონომიულადაც კარგად მაქვს შემოწმებული, მაგრამ თარიღი ვერ დგინდება. შემოდგომაზე ვერ მოხდებოდა ქრისტეს აღდგომა. იმ პერიოდში, კი, გაზაფხულზე მზის დაბნელება არ ყოფილა ისეთი, რომ იერუსალიმიდან კარგად გამოჩენილიყო. ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ამ საკითხზე ნამუშევარი და ისინიც ბოლომდე ვერ ადგენენ, ალბათ, ეს ჯერ ჩვენთვის ხელმიუწვდომი უნდა იყოს.


скачать dle 11.3