კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

 

ცოლი თავს მაყვედრის

სულ რაღაც ორი წელია, რაც ოჯახი შევქმენი, მაგრამ უკვე ყველაფერი ყელში მაქვს ამოსული, სიცოცხლეც კი.

სავალდებულო სამხედრო სამსახურში ვმსახურობდი, როცა სულ შემთხვევით ჩემს ტელეფონზე მესიჯი მოვიდა და იქიდან გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე, რომელიც ეროვნებით ქურთია.

ჯარში სამსახური რომ დავასრულე, ერთ თვეში ჩემთან ოჯახში მოვიპატიჟე. გაცილების დროს მითხრა, წასვლა და შენი დატოვება არ მინდაო. მეც, არ ვიცი, რა დამემართა, მოვკიდე ხელი და კახეთში წავიყვანე ჩემს სიძესთან. მალე პატარა ანგელოზი გვეყოლა. ერთ დღეს რაღაცაზე წავკამათდით და მაშინ მითხრა, რომ ჩემს გაცნობამდე ვიღაც კაცს უყვარდა, მერე კი წამომაძახა, მე შენ არ მიყვარდი და მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გამოგყევი ცოლად, რომ იმ კაცს არ მოვეტაცებინეო. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ახლა ჩემით არის უკმაყოფილო და ამბობს, იმ კაცს უნდა გავყოლოდიო. სულ მაყვედრის, მე რომ გამომყვა. ისე იქცევა, თითქოს თვითონ არ უნდოდა და მე დავაძალე. არადა, თვითონ მითხრა, შენთან დარჩენა მინდაო. საშინლად მექცევა. ელემენტარულად, სიტყვასაც არ მითმობს. რაც არ უნდა ვთხოვო, თუნდაც ყავის მოდუღება, იბღვირება და ბუზღუნით მიდუღებს. ერთი პერიოდი უმუშევარი ვიყავი. მაშინ დეიდაჩემი თურქეთში დადიოდა და მითხრა, ფული იშოვე და ჩემთან ერთად წამოდი, არ ინანებო. მეც დავთანხმდი და სიდედრმა მასესხა 300 დოლარი. მას შემდეგ, თუ რამეზე წავკამათდით, ჩემი ცოლი სულ იმას მაძახებს, ფული დედაჩემმა გასესხაო. ისე იქცევა, ქალის დანახვა აღარ მინდა, სიყვარულზე რომ აღარაფერი ვთქვა. აღარ ვიცი, რა ვქნა, რა ხერხს მივმართო. როგორ არ მივუდექი, მაგრამ ვერაფერი შევაგნებინე. თუ კიდევ ასე განაგრძო, ვეღარ გავუძლებ და ნამდვილად გავშორდები. შვილი რომ არ გვყავდეს, ამდენს ნამდვილად არ მოვითმენდი, მაგრამ ბავშვის მიტოვება არ შემიძლია. ზუსტად ვიცი, ჩემი ინიციატივით რომ გავეყარო, შვილს აღარ მაჩვენებს.

ძალიან გთხოვთ, დაბეჭდოთ ჩემი ტანჯული ცხოვრების ამსახველი ეს პატარა წერილი.

ჯემალი, 22 წლის.


არ მინდა, ბედნიერება დავკარგო

მე და ჩემს დაქალს ერთი ბიჭი გვიყვარს. დათოს აშკარად მე უფრო მოვწონვარ, ვიდრე მაია, მაგრამ ჩემი დაქალი ამას ან მართლა ვერ გრძნობს, ან, არ უნდა, რომ დაიჯეროს და ისე იქცევა, ვითომ არაფერი ხდება. როგორ მოვიქცე, არ ვიცი. ყველანაირად ვცდილობ, რომ ერთმანეთს არ შეხვდნენ და არ დაეკონტაქტონ, მაგრამ ამას როდემდე შევძლებ? თან, არ მინდა, დათომ ეს  იგრძნოს. ხომ შეიძლება, ასე უფრო მეტი ინტერესი გაუჩნდეს მაიას მიმართ და მე განზე დავრჩე?

მე და დათოს უკვე ორი წელია, ძალიან თბილი და კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ აქამდე გარეგნულად ეს ყველაფერი მეგობრობის ფარგლებს არ სცილდებოდა. ახლახან კი დათომ მიმანიშნა, რომ ხელის თხოვნას აპირებს. არ მინდა, ეს ამბავი მაიამ გაიგოს, მაგრამ ამას დათოს ვერ ვეუბნები, – ის არ უნდა, მიხვდეს, რომ მეშინია. დიახ, მეშინია, იმიტომ რომ დათო მიყვარს, იმიტომ რომ ვიცი, ცოლობაზე უარს ვერ ვეტყვი და, რაც მთავარია, იმიტომ, რომ არც ჩემს დაქალში ვარ დარწმუნებული და არც დათოს გრძნობის სიმტკიცესა და ერთგულებაში. ის კი არა, იმისიც მეშინია, თუ მაია ჩვენს დაქორწინებამდე ვერ მოახერხებს ჩვენი ურთიერთობის ჩაშლას, ამაზე „ჩალიჩს“ არც ჩვენი ქორწილის მერე შეწყვეტს. ერთი პირობა ისიც კი ვიფიქრე, ხომ არ დავუსვა საკითხი ჩემს დაქალს, რომ თავი დაგვანებოს და საერთოდ, ჩვენს მეგობრობას წერტილი დავუსვა-მეთქი, მაგრამ, ეჭვი მაქვს, რომ ეს უარეს შედეგს გამოიღებს. ამიტომ, გადავწყვიტე, დავიცადო და მოვლენების განვითარებას დაველოდო. ვნახოთ, რა მოხდება. ბედნიერების დაკარგვა კი ნამდვილად არ მინდა.

ეკა, 21 წლის.


ქმარმა ჩემი ერთგულება

და სიყვარული არ დააფასა

ძალიან ლამაზი ბავშვი ვიყავი, თან, კარგადაც ვსწავლობდი და უამრავი გეგმა და ოცნება მქონდა. მაგრამ, მეათე კლასში ერთი ბიჭი გადამეკიდა, მთელი წელი კუდში დამდევდა და ბოლოს იმდენი მოახერხა, რომ თავი შემაყვარა – ძალიან გულუბრყვილო და გამოუცდელი ვიყავი და ეს დიდად არც გასჭირვებია. მე რომ მეთერთმეტე კლასში გადავედი (მაშინ 11-წლიანი იყო სკოლა), იკა უნივერსიტეტს ამთავრებდა. მე ძალიან მინდოდა, ჯერ უმაღლესში ჩამებარებინა და მერე გავთხოვილიყავი, მაგრამ იკამ ალბათ იფიქრა, ინსტიტუტში ვინმე არ გაიცნოს და არ შეუყვარდესო და, როგორც ჩანს, ჩემი დაკარგვის შიშით, სკოლის დამთავრებაც კი არ მაცადა: პირველი სემესტრი რომ დამთავრდა, ახალ წლამდე, ანუ დეკემბრის ბოლოს, გავიპარეთ.

სიმართლე გითხრათ, პირველივე დღიდან ძალიან ბედნიერი ვიყავი. იკაც არაჩვეულებრივად მექცეოდა, მანებივრებდა და თვალებში მიყურებდა. მისი მშობლებიც თან მყვებოდნენ.

სკოლა, ცხადია, დავამთავრე და უმაღლესშიც ჩავაბარე. მალე შვილიც მეყოლა. ერთი სიტყვით, აბსოლუტურ იდილიაში ვცხოვრობდი. ინსტიტუტი რომ დავამთავრე, ბანკეტზე გავიცანი ახალგაზრდა კაცი. გაირკვა, რომ ამერიკელი ქართველი იყო, იქ დაბადებულ-გაზრდილი. ორი თვით ყოფილა საქართველოში ჩამოსული და ისე მოსწონებია ქართველი ქალები, გადაუწყვეტია, აქ დაქორწინებულიყო, თუ ქართველი გოგო შეუყვარდებოდა და მერე თან წაეყვანა.

მე რომ გამიცნო, მთელი საღამო გვერდიდან არ მომშორებია. დამშვიდობებისას კი შეხვედრა მთხოვა და არც თავისი მიზანი დაუმალავს. მე ვუთხარი, რომ მყავს ქმარი, რომელიც ძალიან მიყვარს და შვილი, რომელსაც ვერავის გამო ვერ მივატოვებ. მან კი მიპასუხა, მთავარია, შემიყვარო, შვილს კი, რა თქმა უნდა, თან წავიყვანთო. მე კატეგორიული უარი ვუთხარი – ოჯახს არავითარ შემთხვევაში და არავის გამო არ დავანგრევ. ჩემი ქმარი მაღმერთებს და ვერ ვუღალატებ-მეთქი. მთელი ორი თვის განმავლობაში, სანამ საქართველოში იყო, ლამის ყოველ მეორე დღეს მიგზავნიდა (ცხადია, ისე, რომ ქმარს არ გაეგო) შუამავლებს და ჩემს დათანხმებას ცდილობდა, მაგრამ, ბოლოს ძალიან გავბრაზდი და ისეთი დღე ვაყარე, როგორც იქნა, მიხვდა, რომ თავი უნდა დაენებებინა.

გამოგიტყდებით, გულის სიღრმეში მსიამოვნებდა კიდეც ასეთი კაცის ყურადღება და სიყვარული (წარმოსადეგიც იყო, კარგი გვარიშვილიც და მდიდარიც), მაგრამ ცდუნების მომენტიც კი არ მქონია, ერთი წამითაც არ დამიშვია, რომ შესაძლებელი იყო, ქმარი მიმეტოვებინა ან ჩუმად მეღალატა.

ბოლოს და ბოლოს, ის კაცი დაბრუნდა ამერიკაში და მეც შვებით ამოვისუნთქე. საბედნიეროდ, ყველაფერი ისე დამთავრდა, რომ იკას არაფერი გაუგია. მეც დავმშვიდდი, რადგან ჩემს ოჯახს საფრთხე აღარ ემუქრებოდა.

რაღაც პერიოდის გავლის შემდეგ იკას ყველაფერი ვუამბე, ოღონდ, გაცილებით უფრო მსუბუქ ფორმებში. მართალია, ეს ისტორია უკვე წარსულს ეკუთვნოდა, მაგრამ, მაინც. იკამ აშკარად განიცადა ეს ამბავი, თუმცა არ შეიმჩნია. მერე კი გულში ჩამიკრა და მითხრა, იმიტომაც ვგიჟდები შენზეო. ამის შემდეგ უფრო მეტად განაგრძო ჩემი განებივრება. მეც ჭკუაზე აღარ ვიყავი ბედნიერებისგან, ცაში დავფრინავდი.

მაგრამ, ჩემი ბედნიერება დიდხანს აღარ გაგრძელებულა. სულ რამდენიმე თვეში გავიგე, რომ იკა ვიღაც ქალს ხვდებოდა, თავისზე ბევრად უფროსს, შვილებიანს და შვილიშვილებიანს. ერთ დღეს კი ბარგი ჩაალაგა და მასთან გადავიდა. როცა ვკითხე, ასე დააფასე ჩემი ერთგულება-მეთქი? მიპასუხა, გულს ვერ უბრძანებ, ის თავისით წყვეტს, ვინ შეიყვაროს და ვინ – არა. შენ კი ძალიანაც ნუ დამაყვედრი შენს ერთგულებას, რადგან, მხოლოდ იმიტომ არ მიღალატე, რომ ის ტიპი არ შეგიყვარდაო. ასეთი უმადური კაცისთვის რაღა უნდა მეთქვა?

მთელი ღამე ტირილში გავატარე და თითქმის დღემდე ასე ვარ. მართალია, ჯერჯერობით ოფიციალურად არ გავყრივარ და, არც ისაა გამორიცხული, მალე უკან დაბრუნდეს, მაგრამ, ვგრძნობ, რომ ჩემი სიყვარული აშკარად განელდა და, აღარ ვიცი, ასე რომც მოხდეს, როგორ უნდა ვიცხოვრო მასთან.

ნელი, 24 წლის.


სიყვარული ტვირთად მექცა

დიდი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, თქვენთვის მომეწერა. ვიცი, ეს ვერ მიშველის ჩემი პრობლემის მოგვარებაში, მაგრამ, სხვა თუ არაფერი, გულს მაინც მოვიოხებ.

საქმე ისაა, რომ შემიყვარდა ჩემი მეზობელი, ჩემზე რვა წლით უფროსი და, რაც მთავარია, გათხოვილი ქალი, რომელსაც ქმარიც ჰყავს და შვილიც და ჩემი არსებობის შესახებ მხოლოდ ის შეიძლება იცოდეს, რომ ვიღაც ბიჭი („ვიღაც“ – იმიტომ, რომ ჩემი სახელიც კი არ იცის), რომელიც მის მეზობლად ცხოვრობს, დილას და საღამოს ხვდება და ესალმება ხოლმე. ცხადია, იმასაც ვერ ამჩნევს, როგორ ვწითლდები და რა დღეში ვვარდები ამ რამდენიმეწამიანი შემთხვევითი შეხვედრების დროს. თუმცა, შემთხვევითიც აღარ ჰქვია, რადგან ჩემი ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად დავადგინე მისი დილით სახლიდან გამოსვლისა და საღამოთი შინ დაბრუნების ზუსტი დრო და ასე ვახერხებ ხოლმე მის ნახვას დღეში ორჯერ. იმდენად მიუწვდომლად მიმაჩნია, რომ მის გაცნობასაც კი ვერ ვბედავ. მის ქმარსაც მხოლოდ სალმით ვიცნობ. ჩვენს კორპუსში ახალი გადმოსულები არიან და მეზობლებთან დიდი ურთიერთობა, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, არ აქვთ. როცა ის კაცი მხვდება, ღიმილითა და ხელის აწევით მესალმება. რა იცის, რა მიდუღს გულში, თორემ, ღიმილი კი არა, იქნებ, ტყვიაც კი არ დაიშუროს ჩემთვის.

რა თქმა უნდა, ჩემი გრძნობების შესახებ არავინ იცის – არც მშობლებმა და არც უახლოესმა ძმაკაცებმა, რადგან, მშობლები, ალბათ, გაგიჟდებიან, ძმაკაცები კი დამცინებენ. სწორედ ამიტომ, არავის ვუმხელ ჩემს გასაჭირს და ყველაფერს გულში ვიკლავ. მიუხედავად ყველაფრისა, მზად ვარ, ცოლად შევირთო.

მე ჯერ 20 წლის ვარ, ის ქალი – 28-ის, მაგრამ, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ერთად ძალიან ბედნიერები ვიქნებით, თუმცა, ისიც ვიცი, რომ ეს შეუძლებელია, აუხდენელი ოცნებაა, რადგან, გარდა ზემოთ ჩამოთავლილი და კიდევ სხვა (ანუ ჩამოუთვლელი) მიზეზებისა, ჩემს მიუწვდომელ სატრფოსა და მის ქმარს აშკარად კარგი ურთიერთობა აქვთ, რაც მე ხან ძალიან მაღიზიანებს და მაცოფებს, რომ იმ კაცის ადგილას მე არ ვარ, ხან კი მიხარია, რომ ჩემი ოცნების ქალი ბედნიერია და ღირსეული ქმარი ჰყავს.

გამოგიტყდებით, ჩემი დიდი სიყვარული უკვე ტვირთად მექცა და წარმოდგენა არ მაქვს, როდემდე შევძლებ ამ ტვირთით ცხოვრებას.

გიორგი, 20 წლის.


ორმაგი თამაშით დავიღალე

ჩემს ისტორიას რომ გაიგებთ, ნამდვილად არანორმალური გეგონებით. მეც ასე ვიფიქრებდი სხვაზე, მაგრამ, სინამდვილეში, ჩვეულებრივი გოგო ვარ, უბრალოდ, თავიდან ვერ გავერკვიე ჩემს გრძნობებში, მერე კი ამის გამხელა შემეშინდა და იმიტომ ამერ-დამერია ყველაფერი.

ვარ 21 წლის. ერთი წელია, ახალი შეყვარებული მყავს. ძველს ბიძინას გაცნობამდე რამდენიმე წლით ადრე დავშორდი. 17 წლის იყო შოთიკო, რომ დაიჭირეს და მას მერე არ შემხმიანებია. მეც ძალიან ახალგაზრდა ვიყავი (16 წლის),  ვიფიქრე, აღარ ვახსოვარ, აღარ ვუყვარვარ-მეთქი და ნელ-ნელა დავივიწყე. მერე კი ბიძინა გავიცანი და შემიყვარდა. ყოველ შემთხვევაში, ასე მეგონა. 2009 წლის სექტემბერში კი შოთიკომ ციხიდან დამირეკა. ძალიან გამიკვირდა, მაგრამ, თან, საოცრად გამიხარდა. იმის მერე ხშირად მირეკავდა და მივხვდი, რომ ის უფრო მიყვარს, ვიდრე ბიძინა, მაგრამ ბიძინამ საერთოდ არაფერი იცოდა შოთიკოს არსებობის შესახებ, ამიტომ ვერაფერს ვეუბნებოდი და მასაც ვხვდებოდი.

ერთ დღეს კი შოთიკომ დამირეკა და მითხრა, იქნებ, როგორმე მოახერხო და ციხეში მოხვიდე სანახავად, საოცრად მომენატრეო. ამ სიტყვებმა თავი დამაკარგვინა, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ პატიმრის ნახვის უფლება მხოლოდ ოჯახის წევრებს ჰქონიათ. ეს რომ გავიგე, ცოტა კი ვიყოყმანე, მაგრამ ბოლოს მტკიცედ გადავწყვიტე, მასთან ხელი მომეწერა და ასეც მოვიქეცი, ოღონდ, ეს ყველაფერი ყველასგან მალულად გავაკეთე.

ბიძინას ჯერჯერობით ისევ ვხვდები, მართალია, იშვიათად, მაგრამ, მაინც. საქმე ისაა, რომ არ ვიცი, რა მიზეზი ვუთხრა, რის გამო უნდა დავშორდეთ-მეთქი, რადგან, ისე მექცევა, ვერანაირად ვერ ვდებ შარს. არადა, ჩემი საქციელი აშკარად ამორალურია. მართალია, ბიძინასთან ინტიმური ურთიერთობა არ მაქვს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ორივეს ვატყუებ და ვღალატობ, რის გამოც საკუთარი თავი მძულს. გარდა ამისა, მეორე საშიშროება ისაა, შოთიკომ რომ გაიგოს, ნამდვილად მომკლავს. ალბათ, ისევ ის ჯობია, ბიძინას ვუთხრა, აღარ მიყვარხარ და უნდა დავშორდეთ-მეთქი. მთავარია, ეჭვი არ აიღოს და თავი მშვიდობიანად დამანებოს.

რომ იცოდეთ, როგორ დავიღალე ამ ორმაგი თამაშით!

ლია, 21 წლის.


ქმრის წყალობით ჩემი და უშვილო დარჩა

ჩემი დის ისტორია მინდა გიამბოთ.

თიკა გათხოვდა ბიჭზე, რომელიც თვითონ ძალიან უყვარდა, მე კი, რატომღაც, თავიდანვე არ მომეწონა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მის ასე ხაზგასმულ დახვეწილობასა და თიკას მიმართ მზრუნველობას ეჭვის თვალით ვუყურებდი, თუმცა არაფერი მითქვამს, რომ დისთვის არ მეწყენინებინა – მას ძალიან უყვარდა ქმარი და მე ხომ არ დავუნგრევდი ოჯახს!

გათხოვებიდან რამდენიმე თვის შემდეგ თიკას მუცელი მოეშალა და ძლივს გადაარჩინეს. ნახევარი წლის შემდეგ ისევ დაორსულდა, მაგრამ სადარბაზოს კიბეზე ფეხი დაუცდა, დაგორდა და ისევ მოსწყდა ნაყოფი. ისეთი დალურჯებულ-დალილავებული იყო, საავადმყოფოში თითქმის ერთი თვე იწვა. გამოწერის დღეს ჩემი სიძე რომ მივიდა ცოლის სახლში წასაყვანად, ისე უცნაურად შეხვდნენ ერთმანეთს, საშინელი ეჭვი გამიჩნდა, თიკას ამ „ფეხის დაცდენაში“ მისი ქმრის ხელი ხომ არ ერია. ეს ეჭვი მაშინ გამიღრმავდა, როცა გზაში, უკვე მანქანაში რომ ვისხედით, თიკამ ნუგზარს უთხრა, დედაჩემთან წამიყვანე, შენ საღამომდე სამსახურში ხარ და ასეთ მდგომარეობაში სახლში მთელი დღე მარტო ვერ ვიქნებიო. ნუგზარმა ძალიან უმწეოდ სცადა ცოლის დარწმუნება, სახლში წავიდეთო, მაგრამ თიკამ ისეთი ისტერიკა მოუწყო, გაოცებული დავრჩი.

ნუგზარი შეეცადა, ჩემთვის აეხსნა, რომ თიკას ასეთი აგზნება მისი მდგომარეობით და გადატანილი ტრავმით იყო გამოწვეული, მაგრამ ისეთი უმწეო თავის მართლება გამოუვიდა, თიკამ კი ისეთი სიძულვილით გახედა, უკვე დავრწმუნდი, რომ რაღაცაში იყო საქმე.

სახლში რომ მივედით, იმ დღეს არაფერი მითქვამს, ორიოდე დღის შემდეგ კი თიკას საწოლთან დავუჯექი და კატეგორიულად მოვთხოვე, სიმართლე ეთქვა. მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ ჩემმა დამ ტირილით მიამბო, რომ მისი „დახვეწილი“ ქმარი სინამდვილეში საშინელი სადისტია, რომ ხშირად სცემს და ორსულობის შეწყვეტა ორჯერვე მისი „დამსახურება“ ყოფილა, მაგრამ შიშით ვერ გაამხილა, რადგან იცოდა, რომ მამაჩვენი ამას არ აპატიებდა სიძეს და, შეიძლება, მის გამო ამ ხნის კაცი ციხეშიც მოხვედრილიყო.

მე და თიკამ მოვილაპარაკეთ და გადავწყვიტეთ, შეძლებისდაგვარად მშვიდობიანად მოგვეგვარებინა ეს პრობლემა. ამიტომ ჩემი სიძე ვნახე და ვუთხარი, თუ არ გინდა, პასუხისგებაში მიგცეთ, თიკას გაყრაზე დაეთანხმე-მეთქი. ცხადია, მაშინვე დასთანხმდა. მშობლებს კი თიკამ უთხრა, აღარ გვიყვარს ერთმანეთი და იმიტომ ვეყრებიო.

დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ჩემმა დამ გაიცნო ძალიან კარგი ახალგაზრდა, რომელმაც ცოლობა სთხოვა, მაგრამ თიკა თავს იკავებს გათხოვებისგან, რადგან ექიმმა უთხრა, შვილი აღარ გეყოლებაო. ეს ისეთი ელდა იყო ჩვენთვის, კინაღამ გულები დაგვისკდა. ვეღარ მოვითმინე, ჯერ სახლში მივუვარდი ჩემს ყოფილ სიძეს და მის მშობლებს გავაგებინე, რა ურჩხულიც გაზარდეს, მერე კი სამსახურში „ვეწვიე“ (ერთ-ერთი არცთუ პატარა ფირმის შეფია) და სწორედ თათბირზე შევუღე კარი. რომ დამინახა, ეტყობა, ისეთი გიჟის სახე მქონდა, რომ ფერი ეცვალა და ვეღარ მოიფიქრა, როგორ მოქცეულიყო. მეც, ვისარგებლე მისი დაბნეულობით და იმდენ ხალხში მივახალე: შე სადისტო, შენი წყალობით ჩემს დას შვილი აღარასოდეს ეყოლება და ახლა ვის შერთვას აპირებ, კიდევ ვინ უნდა გააუბედურო-მეთქი. ყურმოკვრით ვიცოდი, რომ თავის თანამშრომელს ირთავდა ცოლად და ეს ტექსტიც იმიტომ ვთქვი. თურმე, ის ქალიც იმ ოთახში იჯდა. გაფითრებულ საქმროს რომ შეხედა, მიხვდა, რომ სერიოზულად იყო საქმე, მომიბრუნდა და მშვიდად მკითხა, კონკრეტულად რაში სდებთ ბრალსო. მეც შევეცადე, თავი ხელში ამეყვანა და მოგონილი სიმშვიდით ვუთხარი: არაფერ განსაკუთრებულში, უბრალოდ, ხანდახან „სიცელქე“ მოუვლის და ქალებთან „კიბეზე დაგორებობანას“ თამაში აუტყდება-მეთქი. მერე მშვიდად გამოვიხურე კარი და წამოვედი. წარმომიდგენია, იქ რა მოხდებოდა.

თიკა კი იმ კაცმა მაინც შეირთო, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს დას მისთვის არაფერი დაუმალავს.

თეა, 30 წლის.


რედაქციაში შემოსული უამრავი

წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.

„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.

ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com 

ან მოიტანოთ რედაქციაში 

წერილის სახით.

скачать dle 11.3