კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაზე არ ლაპარაკობს ნაზი არონია და რატომ აფრთხილებდა მას მეუღლე

 

მომხიბვლელი და წარმატებული ქალბატონი, ყოფილი პარლამენტარი და რუმინეთის დესპანი ნაზი არონია თავის მოღვაწეობას კონტროლის პალატაში განაგრძობს და იქ აპარატის უფროსია. რა არის ქალბატონ ნაზის სილამაზის რეცეპტი და რაში მდგომარეობს მისი წარმატების ფორმულა, ამას თავად მისგან შევიტყობთ.

– ქალბატონო ნაზი, ხშირად აღნიშნავენ, რომ ლამაზ ქალს კარიერაში წარმატების მიღწევა გარანტირებული აქვსო. თქვენ შემთხვევაშიც ასე იყო?

– ნამდვილად არა. არაფრით არ ხდება ეს მხოლოდ ჩემი გარეგნული ფაქტორების გამო. პირიქით, როცა ქალი ვიზუალურად კარგი მონაცემების პატრონია, მის მიმართ უფრო კრიტიკულები არიან. მიაჩნიათ, მან წარმატებას იმიტომ მიაღწია, რომ ქალია. შენ კი უნდა ეცადო, რომ საპირისპირო დაამტკიცო. მე ორმაგად მიწევდა იმის დამტკიცება, რომ წარმატებას ჩემი ჭკუით მივაღწიე და არა იმიტომ, რომ ქალი ვარ. ხაზს ვუსვამ გამოცდილებას, რადგან მის გარეშე ადამიანები, თუნდაც კარგი განათლებით, თანამდებობაზე არ უნდა ხვდებოდნენ. პროფესიონალიზმი, ესაა ცოდნას პლუს გამოცდილება. ეს გახლავთ ჩემი ფორმულა. წლების შემდეგ ხდება ადამიანი პროფესიონალი. მე ჩემს ადრინდელ განაჩენებს ხუთი-ათი წლის მერე რომ ვკითხულობდი, თვითონ არ მომწონდა. ასე რომ, პროფესიონალად ქალი ვერ ჩამოყალიბდება, თუ ის მარტო გარეგნობის იმედად დარჩა. სტაბილური არც ერთი მეცნიერება არაა, იურისპრუდენციაც მუდმივად ცვალებადია. როცა ცხოვრება მოითხოვს, კანონი იცვლება. ამიტომაც უნდა ეცნობოდე ამ ცვლილებებს. თუ ცხოვრებას ფეხი არ აუწყვე, შენ მუშაობ მოძველებული იარაღით და თუ ასე გააგრძელებ, ფიასკო გარანტირებული გექნება.

– ყველაფრის მიუხედავად, გავრცელებულია მოსაზრება იმის შესახებ, რომ ლამაზი ქალი სულელიაო. რატომ აყენებენ მამაკაცები ეჭვქვეშ ქალის შესაძლებლობებს?

– ეს აქსიომაა, კაცი არის ქალზე ძლიერი და თუ კაცსა და ქალს შორის თანაფარდობა დარღვეულია, იქ ურთიერთობა ჰარმონიული არაა. ოჯახში უფროსი როცა მამაკაცია, მას თავისზე ჭკვიანი ქალი არ უნდა, ამიტომ მამაკაცებს პარტნიორად ადვილად სამართავი ქალი უფრო აწყობთ. ჭკვიანი ქალი სხვის მოსაზრებას უკრიტიკოდ ვერ გაიზიარებს, ბრმად არასოდეს დაემორჩილება მამაკაცის მოსაზრებას და კონფლიქტებიც აქედან იწყება.

– თქვენი მეუღლეც თანამდებობის პირია და ის როგორ უყურებს თქვენს კარიერულ წინსვლას?

– მე სულ აღვნიშნავ, რომ არა ჩემი მეუღლე, მისი ყველანაირი მხარდაჭერა, ჩემს საქმეში წარმატებას ვერ მივაღწევდი. როცა მოხდა ვარდების რევოლუცია, რამდენჯერ შუაღამისას გავსულვარ სახლიდან. არ დაგაგვიანდესო – თან მაფრთხილებდა. მან იცოდა, რომ იქ უნდა ვყოფილიყავი. თორემ, რომ დაეშალა, მე ვერ გავუწევდი წინააღმდეგობას. მას მოსწონს ჩემი წარმატებები და ეს ნამდვილად არ შურს. დემურ საჯაია ადრეც იყო და არის საგზაო სამმართველოს დირექტორი. ჩვენ ორივემ საკუთარი შესაძლებლობებით მივაღწიეთ წარმატებას.

– ხშირად აღმოჩენილხართ თქვენ და თქვენი ქმარი კრიტიკის ქარცეცხლში. მძიმედ განიცდიდით ამგვარ ზეწოლას?

– ჩემი ქმარი ჩვეულებრივი ქართველი მამაკაცია და როცა თავის ცოლზე პრესაში სალანძღავი სტატიები იწერებოდა, ცხადია, არ სიამოვნებდა. ამას ორივე ერთად განვიცდიდით. თუმცა, ამისგან ტრაგედიას არ ვქმნიდით. თანამდებობის პირი კი არა, ოდნავ წარმატებულიც თუ ხარ, შეიძლება, ისეთ ახლობელ ადამიანს შეამჩნიო შური, გული გეტკინოს. ზოგადად კი, შინაგანად ქალი მტკიცე უნდა იყოს. თუ ოჯახში ჰარმონია აქვს, ის გარეთაც იბრძოლებს. რომ არა ჩემი ოჯახური ჰარმონია, მხარდაჭერა ქმრისა და შვილების მხრიდან, ალბათ, ვერანაირ კარიერას ვერ მოვიწყობდი. ჩემმა განვლილმა გზამ და გამოცდილებამ მომცა იმის თქმის უფლება, რომ იურისტი ვარ.

– როგორ გაიხსენებდით თქვენი სიყვარულის ისტორიას?

– ერთ კაცს ჰკითხეს, დღიურებს თუ წერთო. დღიურის დაწერას თუ დავაპირებ, სამნაირის დაწერა მომიწევსო, უპასუხა. ერთი უნდა დავწერო ვიღაცისთვის, რომ წაიკითხონ, მეორე – ცოლისთვის და მესამე კი იმისთვის, რომ არავინ წაიკითხოსო. მე ბოლო ვარიანტი მომეწონა. როცა ადამიანები პრესის ფურცლებზე ყვებიან პირადი განცდების შესახებ, სასიყვარულო ისტორიებს, არ მსიამოვნებს. ამიტომაც, მე ეს არასოდეს გამიკეთებია. ამას ჰქვია ინტიმი – ეს ორს შორის ურთიერთობაა და არა საქვეყნოდ გამოსაცხადებელი. ვარ იმის მომხრე, რომ ქალმა იმდენი მოახერხოს, კაცისთვის ბოლომდე გამოუცნობ და საინტერესო პიროვნებად დარჩეს. მე და ჩემი მეუღლე ხშირად ვმოგზაურობდით. გზაში, როცა მანქანით მივდიოდით, ლექსებს მიკითხავდა. საკმაოდ განათლებული ადამიანია და თავადაც ზრუნავდა ჩემი ინტელექტის ამაღლებაზე. რაც შეეხება რომანტიზმსა და ურთიერთობას, თავად უნდა შეძლოს წყვილმა, შეინარჩუნოს ამ ურთიერთობის სილამაზე. არ უნდა დაკარგონ ერთმანეთის მიმართ პატივისცემა და არც ენა შეაჩვიონ ერთმანეთს.

– ლამაზი ქალის ქმარი ყოველთვის ყურადღებით უნდა იყოს. ამ მხრივ თუ ფრთხილობდა თქვენი მეუღლე?

– უამისოდაც არაფერი ხდება, მით უმეტეს, როცა საზოგადოებაში ტრიალებ და ხარ ყურადღების ცენტრში. მაგრამ, თუ შენ იმსახურებ ნდობას და მეუღლემაც იცის, რომ შენი შინაგანი ბუნება მყარია, მაშინ, აბსოლუტურად არაა არც დრო და არც ადგილი ეჭვიანობის სცენების მოსაწყობად. ჩვენ რომ შევუღლდით, ორ წელიწადში მოსამართლე გავხდი. საკმაოდ დატვირთული რეჟიმი გვქონდა მაშინაც. ვიხილავდი საქმეს, სადაც ორი ძმა იყო მკვლელობაში ბრალდებული, ერთს ბრალად ედებოდა მკვლელობა და მეორეს იარაღის დაუდევრად შენახვა. არადა, გარდაცვლილს ტყვია ორივემ ესროლა. სხეულიდან ორი ტყვია იყო ამოღებული – ერთი იყო „გეკოს“ 7-კალიბრიანი და მეორე სანადირო, 12-იანი. მაშინ, მახსოვს, ღამე ჩემი ქმარი გავაღვიძე და ვეკითხები, 12-კალიბრიანი სანადირო თოფი „გეკოს“ ტყვიას გაისვრის-მეთქი? (იცინის).

– რა გაქვთ ისეთი თვისება, რომლითაც სხვებისგან გამოირჩევით?

– მე ისეთი პიროვნება ვარ, არ მახასიათებს სამაგიეროს გადახდა. განურჩევლად იმისა, კაცს ცუდი გაუკეთებია თუ კარგი, მე არავისთვის ცუდით არ მიპასუხია. პირიქით, შემძლებია ის, რომ ვინც შეცდომა დაუშვა ჩემ წინაშე, ის მოყვრად გამიხდია. იმდენად ვიცი სხვისი პრობლემების გათავისება, რომ თხოვნა არ მჭირდება – თუ დასახმარებელია, ამას უანგაროდ ვაკეთებ. როცა მუდამ სიკეთის მსახური ხარ, ეს ყველაფერი შენვე კარგად გიბრუნდება. თუმცა, კარგი საჭმელი რომ გავაკეთო, მარტო არ მინდა მისი დაგემოვნება. ვეპატიჟები ახლობლებს, მოდით, მიირთვით, იქნებ გესიამოვნოთ-მეთქი.

– გამოდის, რომ კარგი დიასახლისი ხართ, რადგან ხალხს ეპატიჟებით თქვენი ნახელავის დასაგემოვნებლად.

– არ მივცემ თავს იმის უფლებას ჩემი დიასახლისობით ვიტრაბახო, მაგრამ, ერთი მიღწევა ისაა, რომ ამ ზაფხულს თავისუფალი დრო მქონდა და ხაჭაპურის კეთებაში დავხელოვნდი. დანარჩენი კერძების მომზადებასაც ეტაპობრივად შევისწავლი. ამას გარდა, მიყვარს კითხვა, თუ ამისთვის დრო მაქვს. მეგობრებთან ერთად სუფრაზე მოლხენაზეც არ ვამბობ უარს.

– თავის მოვლას რა დროს ანდომებთ?

– რომ გითხრათ, სალონებში ვზივარ და სულ თავის მოვლაზე ვარ ორიენტირებული-მეთქი, მოგატყუებთ. ეს ვარცხნილობაც ჩემი თვითშემოქმედებაა. იმდენ დროს ვუთმობ თავის მოვლას, რამდენიც საჭიროა. მეგობარმა მირჩია ერთხელ, ფრჩხილებზე არ უნდა გეტყობოდეს, ოჯახში რას აკეთებო. ასე რომ, ბუნებრივია, ამ რჩევას ვითვალისწინებ.

– დაუნანებლად რაში ხარჯავთ ფულს?

– არ მახსოვს, რამეში დაუნანებლად დამეხარჯა ფული, რადგან მფლანგველი არ ვარ და არც საფლანგავი ფული მაქვს. თუნდაც, უცხოეთში რომ ვყოფილვარ, იმდენი ფული არ მქონია, რაც თვალს მჭრიდა, ყველაფერი მეყიდა. ფუფუნება და კარგი ცხოვრება საამურია, ადამიანი ადვილად ეჩვევა ფუფუნებას. თუ სწორად დაგეგმავ ცხოვრებას, საწადელს აუცილებლად მიაღწევ. ამის მაგალითად ერთ ამბავს გეტყვით. ორი კაცი ტყეში მიდიოდა. ჰკითხეს, რა უნდა წამოიღოთ ტყიდანო. ერთმა უთხრა, მე შეშის მოსატანად მივდივარო; მეორე კი ფიჩხისთვის მიდიოდა. მართლაც ასე მომხდარა, ვინც შეშისთვის მიდიოდა, იმან მართლა შეშა წამოიღო, მეორეს კი მხოლოდ ფიჩხი ხვდა წილად. ეს ცხოვრება უღრანი ტყესავითაა. თუ მიზნად დაისახავ, რომ შეშა წამოიღო, მართლა ასეც მოხდება.

– ძალიან ბევრ ქალს აშინებს ნაოჭის გაჩენა, რომელიც სიბერესთან ასოცირდება. თქვენ თუ გაშინებთ სიბერე, მით უმეტეს, უკვე ორი შვილიშვილის ბებია ხართ.

– სიბერე მენტალურია. შეიძლება, ჩემზე ბევრად ახალგაზრდა ცხოვრობდეს ბებრულად, უინტერესოდ და უღიმღამოდ. მე საკმაოდ თავისუფლად და ხალისიანად ვცხოვრობ, თავად მიკვირს, რომ 55 წლის გავხდი. ვფიქრობდი, ნუთუ ამდენის ვარ-მეთქი. ბუნებრივია, ისიც არ მსიამოვნებს, ჩემს გარეგნობაში წლებს კორექტივები რომ შეაქვს. თუ საჭირო გახდა, რამდენიმე წელიწადში მედიცინის მიღწევების გამოყენებაზეც არ ვიტყვი უარს, რომ გავახალგაზრდავდე. ერთხელ ნანი ბრეგვაძე მღეროდა. აღტაცებით უყურებდნენ ჩემი შვილები. მას, ხომ ახლაც არაჩვეულებრივი აღნაგობა აქვს და მარიამმა მითხრა, დედა, იცოდე, 70 წლის რომ გახდები, შენც ასე კარგად უნდა გამოიყურებოდეო. ამიტომ, არ მინდა, მათ იმედი გავუცრუო. არაფერი ტრაგიკული არაა თუნდაც იმაში, რომ ნაოჭი გაგიჩნდეს. ქალი თუ თავს უვლის, ყველა ასაკში მოახერხებს სილამაზის შენარჩუნებას. რაც შეეხება ჩემს ბებიობას, უკვე ორი შვილიშვილი მყავს. არ მინდოდა, მათ ჩემთვის ბებია დაეძახათ და მისი შემცვლელი სიტყვა მოვნახე – დადის მეძახიან. ასე, „ლაითად“ გადავიტანე ბებიობა.

– მიგაჩნიათ თუ არა თავი იღბლიან ადამიანად?

– კი. ნამდვილად ასეა. რომ დავიჩემო, მე ვარ ნიჭიერი, შრომისმოყვარე და გამორჩეული ყველასგან-მეთქი, არ ვიქნები მართალი. რადგან, სხვა თუ არაფერი, ქართველებში ნიჭიერი ადამიანი მრავლადაა. ალბათ, გამიმართლა და ღმერთმაც გადმომხედა, რომ წარმატებას მივაღწიე. თუმცა, ამას არ ვჯერდები, რადგან მაქსიმალისტი ვარ. პარლამენტარობის მერე დესპანად გახლდით რუმინეთში. ახლა იქიდან წამოვედი და კონტროლის პალატის აპარატის უფროსი ვარ – ძველ სატახტო ქალაქ ქუთაისში ვმოღვაწეობ, რადგან კონტროლის პალატა იქ ფუნქციონირებს და იქაურობა ძალიან მომწონს. შევეცდები, ჩემი გამოცდილება და ახალი იდეები სხვებსაც გავუზიარო.


скачать dle 11.3