კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისი არ ეშინია მარინა სალუქვაძეს და რატომ არ უფიქრია არასოდეს, როგორი მამაკაცი იქნებოდა ის

დარწმუნებულია, გაუმართლა, ქალად რომ დაიბადა. ძალიან ჩაფიქრდა, როგორი მამაკაცი იქნებოდი-მეთქი, რომ ვკითხე და, იმ დასკვნამდე მივიდა, ნამდვილი რაინდი ვიქნებოდიო. ანუ, თუ ახლა მამაკაცებს ხიბლავს, კაცად რომ გაჩენილიყო ქალების გულებს მოინადირებდა უპრობლემოდ – მარინა სალუქვაძეს ეს ნამდვილად არ გაუჭირდებოდა. საერთოდ კი, მისთვის ქალიც და კაციც თანასწორია სიყვარულის, მეგობრობისა და, რა თქმა უნდა, უფლის წინაშე. 


მარინა სალუქვაძე: კაცი რომ ვყოფილიყავი,  ვითომ, უფრო წარმატებული ვიქნებოდი?! არ მიფიქრია ამაზე (იცინის). ძალიან მომწონს, ქალი რომ ვარ და, ვფიქრობ, გამიმართლა, სწორედ ქალად რომ დავიბადე და არა – კაცად. თუ თქვენ მეუბნებით, რომ წარმატებული ქალი ვარ – მით უმეტეს. 

– არ ფიქრობთ, რომ მამაკაცს მეტი პიროვნული თავისუფლება აქვს, ვიდრე ქალს?

– არა, არ ვფიქრობ ასე. ჯერ ერთი, მეტისმეტი თავისუფლება არც ქალისთვის არის სიკეთის მომტანი და არც მამაკაცისთვის და, მეორეც, ქალებისთვისაც არავის დაუშლია, რაც გვინდა, ის გავაკეთოთ. ეს უფრო თითიდან გამოწოვილი პრობლემა მგონია. პირადად მე, არასოდეს არავის არაფერში შევუზღუდივარ იმის გამო, რომ ქალი ვარ და არჩევნის უფლებაც არავის წაურთმევია ქალებისთვის.

– და მაინც, როცა ქალს საქმე, ბიზნესი კარგად გამოსდის, ამბობენ, რომ მას კაცის ჭკუა აქვს.  

– კი, ამბობენ ამას, მაგრამ, რატომ არ უნდა ვცეთ პატივი ან კაცის ჭკუას და ან ძლიერ მამაკაცს?! რა ჯობია იმას, როცა მამაკაცი ძლიერიც არის და ჭკვიანიც?!  ასე რომ, პრობლემას ვერც ამაში ვხედავ. რატომ უნდა გავეჯიბრო კაცს? იყოს ჩემზე ჭკვიანიც და ძლიერიც. არ არის სათაკილო, თუ რაღაც მომენტში  დათმობ და უკან დაიხევ.  რატომაც არა, თუკი ეს ჯეროვნად იქნება აღქმული და დაფასებული! თუკი ამ უკანდახევით მეტს მოიგებ და ერთი ნაბიჯით უკან დახევა მერე წინ ორ ნაბიჯს გადაგადგმევინებს, რატომ არ უნდა დაიხიო უკან? 

– ევროპელი ქალები ასე არ ფიქრობენ. იქ შეურაცხყოფად მიიჩნევენ, თუ კაცი ტრანსპორტში გზას დაუთმობს ან მძიმე ხელჩანთას გამოართმევს.

– არ შეიძლება, ყველაფერი ევროპული მოგწონდეს (იცინის). ყველას თავისი ადგილი აქვს და ამით არის ცხოვრება საინტერესო. ვერ ვიტყვი, რომლისთვის არის ცხოვრება უფრო ადვილი – ქალისთვის თუ კაცისთვის. შეიძლება, ქალი უფრო ვერ ეგუება ცხოვრებისეულ პრობლემებს, კაცი კი მეტად შემგუებელია, ამ ყველაფრის მიმართ. 

– თუ, კაცი უფრო ეგოისტია?

– მე მგონი, კაცები მყავს დასაცავი (იცინის). მოდი, ნუ ვიტყვით ასე. არანაირი სურვილი არ მაქვს, მამაკაცი დავაკნინო. ძალიან ვგულშემატკივრობ მათ იმაში, რომ ბოლო დროს ძალიან გაუჭირდათ საკუთარი ადგილის დამკვიდრება. ნამდვილად არ არის ადვილი მათთვის სამსახურის შოვნა. არადა, ოჯახები ჰყავთ სარჩენი. ძალიან ცოდვაა მამაკაცი, რომელიც საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას ვერ ახერხებს. 

– ამბობენ, კავკასიელი მამაკაცები განსაკუთრებით განებივრებულები არიან თავიანთი ქალებისგანო.

– (იცინის) მართლა? იქნებ, დაიმსახურეს?არც ჩვენს ქალებს აკლიათ ყურადღება კაცებისგან. ქართველი ქალებიც ყოველთვის განებივრებულნი იყვნენ მამაკაცებისგან. ახლა უფრო დაიტვირთა ქალი, თორემ, ჩემს ოჯახში ძირითადი შემომტანი და მარჩენალი ყოველთვის მამაკაცი იყო. ადრე ქალები საკუთარი სიამოვნებისთვის მუშაობდნენ,  ხომ ასეა? ბაზარშიც ძირითადად კაცები დადიოდნენ. არც ბებიაჩემმა იცოდა ბაზრის გზა, ბევრი ჩვენი ბებიის მსგავსად. 

– ანუ, არც ისეთი სახარბიელო ყოფილა ქალის კაცთან თანასწორობისკენ ლტოლვა.

– იცით, მე არ მესმის ეს გენდერული თანასწორობა. ჩემ გარშემო მე ვერ ვხედავ დაჩაგრულ ქალს. თუ სადმე ეს პრობლემა არის, მაშინ, ალბათ, საჭიროა თანასწორობაზე ფიქრი, მაგრამ, არ მგონია, ჩვენი ტრადიციებიდან გამომდინარე, საქართველოში კაცისა და ქალის თანასწორობა სერიოზულად გახდეს განსახილველი. ქალი და მამაკაცი, თავიანთი ფუნქციებით, მოვალეობებით ავსებენ ერთმანეთს. ასე ინება ბუნებამ და ასეც უნდა იყოს. არც ქალი იქნება კაცის გარეშე კარგად და არც მამაკაცი – ქალის გარეშე, როგორ წარმატებასაც არ უნდა მიაღწიონ ცხოვრებაში. 

– გეთანხმებით. თუ წარმატებულ მამაკაცს გვერდით არ ჰყავს ჭკვიანი და ღირსეული ქალი, მისი წარმატებულობა ვერ იქნება სრულფასოვანი.

– რასაკვირველია. ქალი, გარკვეულწილად, ძალიან დიდ გავლენას ახდენს მამაკაცზე, მის  საქმიანობაზე, მომავალზე. ისევე, როგორც მამაკაცი – ქალზე. მაგრამ ქალს კიდევ უფრო მეტი შეუძლია – ქალს აქვს უნარი, ძალიან ბევრი რამ იგრძნოს. ჭკუა აუცილებლად სჭირდება ქალს და ვერავის დავეთანხმები იმაში, რომ მამაკაცები გაურბიან ჭკვიან ქალებს. მთავარი ის არის, როგორ წარმოაჩენ ამ შენს ჭკუას და, ჭკვიანმა ქალმა ეს იცის. 

– ამბობენ, როცა ადამმა ევას დაუჯერა და ვაშლი შეჭამა, მას შემდეგ ყველა მამაკაცი ქალის ჭკუაზე დადისო.

– (იცინის) ეს, ალბათ, ხუმრობით. ამ შემთხვევაში, დანაშაული თანაბრად უნდა გადანაწილდეს ორივეზე – ინტრიგას აჰყვნენ და ვერ გაუძლეს ცდუნებას. თუმცა, თავისი ბუნებით, ქალი უფრო ინტრიგულია. ისიც ფაქტია, რომ ის ოჯახი, სადაც ქალის აზრს ითვალისწინებენ, უფრო შემდგარია, უფრო მყარად დგას ფეხზე. ქალმაც უნდა მოუსმინოს კაცს და კაცმაც – ქალს. მაგრამ, „თავი“ მაინც მამაკაცია. 

– კისერი, კი ქალი.

– კი ბატონო, მაგრამ, ეს უკვე დიდად არ მოსწონთ მამაკაცებს (იცინის). ამიტომ, არ არის საჭირო, ხშირად შევახსენოთ. 

– ისე, როგორი მამაკაცი იქნებოდით?

– ოო, ქალების პატივისმცემელი და ძალიან ხელგაშლილი, ნამდვილი რაინდი! 

– ხელგაშლილი რაინდები ქალებს ძალიან უყვართ.

– ჰოდა, მეც იმიტომ ვიქნებოდი ასეთი. საშინელებაა ძუნწი მამაკაცი. არ ვიქნებოდი მოჩხუბარი, სულ შარს რომ ეძებენ და თავადაც არ იციან, რა უნდათ. მე არ მიყვარს კონფლიქტი და დაძაბული სიტუაციები. მაგარი მაშინ ხარ, როცა მუშტების გარეშე გაანეიტრალებ სიტუაციას (იცინის). აბა, მუშტების ქნევას რომ დაიწყებ და შენ უფრო მეტი მოგხვდება, ეგ რა ვაჟკაცობაა!

– მე მაინც ქალი უფრო ძლიერი არსება მგონია, თუნდაც იმიტომ, რომ ის აჩენს შვილს.

– ეს ღმერთმა გადაწყვიტა ასე, მაგრამ, მამაკაცის გარეშე ქალი ვერ გააჩენს  შვილს. ამიტომ, არ შეიძლება, მამაკაცის მნიშვნელობა დავაკნინოთ. ეჭვი მეპარება და არ მგონია, მეცნიერება ისე განვითარდეს, ბავშვის გასაჩენად კაცი საჭირო აღარ იყოს. ღმერთმა დაგვიფაროს ამისგან. ასეც არ გაიწირებიან (იცინის). 

– მით უმეტეს, რომ მეცნიერების უმრავლესობა მამაკაცია.

– ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, მე ბევრი მეცნიერი ქალიც ვიცი. იმის თქმა, რომ კაცი ძალიან ჭკვიანია და ამიტომ ის აუცილებლად კარგი მათემატიკოსი იქნება არ არის მართებული. გააჩნია კაცს და გააჩნია ქალს.  მამაკაცებიც არიან ძალიან რომანტიკულად განწყობილნი და ქალებიც აზროვნებენ პრაგმატულად. თუმცა, ქალში თვითგადარჩენის ინსტინქტი უფრო ძლიერია და სტრესების მიმართაც უფრო მდგრადია.

– როგორი ქალი არ მოეწონებოდა „მამაკაც“ მარინა სალუქვაძეს?

– არავითარ შემთხვევაში არ მომეწონებოდა „ბლატნოი“ ქალი. საშინელებაა, როცა ქალი ცდილობს, დაემსგავსოს კაცს და – პირიქით. მაგრამ, რა არის, იცით? საშინლად არ მინდა, ვიყო კაცი და ვიფიქრო კაცივით, თუნდაც ცოტა ხნით (იცინის). არც შემდგომ ცხოვრებაში ვისურვებდი კაცობას, ისევ ქალად თუ დავიბადებოდი, კარგი იქნებოდა.  მამაკაცებს კი ვეტყვი, რომ იყვნენ ნამდვილი რაინდები, ძლიერები და შეძლონ, მათ გვერდით მყოფმა ქალებმა იგრძნონ, რომ ისინი ქალები არიან.

 

скачать dle 11.3