კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ვარსკვლავები შეკრიბა თავის ახალ ფილმში სილვესტერ სტალონემ და ვინ დაუბრუნდა კინოკარიერას დიდი ხნის შესვენების შემდეგ


როდესაც ინტერნეტით გაჟონა ინფორმაციამ იმის თაობაზე, რომ სილვესტერ სტალონე ახალი ფილმის გადაღებას იწყებდა, სადაც თავს მოიყრიდნენ მძაფრსიუჟეტიანი ფილმების „ექშენვარსკვლავები“, დაიწყო ბჭობა, თუ ვის მიიწვევდა თვითონ სლაი. სტივენ სიგალმა, ჟან-კლოდ ვან დამმა, უესლი სნაიფსმა, ჩაკ ნორისმა და კურტ რასელმა სხვადასხვა მიზეზთა გამო უარი განაცხადეს ფილმში თამაშზე, თუმცა ფილმში ისეთმა თანავარსკვლავედმა მოიყარა თავი, რომ სამართლიანად ეწოდა „შეუტოკებელნი“.

სილვესტერ სტალონე

სილვესტერ სტალონე მუდამ იყო და რჩება ნამდვილ მსახიობად, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ თავისი კარიერა ნახევრად პორნოგრაფიული ფილმით დაიწყო, ჰოლივუდის „ოლიმპოს“ უმაღლეს მწვერვალებს მიაღწია. სტალონეს თავის ხანგრძლივ კარიერაში, სულ სამი დიდი როლი ჰქონდა – იტალიელი „ულაყის“ პორნოგრაფიულ ფილმში, ჯონ რემბოსი და როკი ბალბოასი. ამბობენ, მისი ყველა კინოგმირი ერთმანეთს წააგავს და არც მისი ახალი კინოგმირი – ბარნი როსია გამონაკლისი, მას საერთო აქვს როგორც რემბოსთან, ასევე როკისთან. თუმცა, ყველა ერთხმად აღიარებს, რასაც სილვესტერ სტალონე ახერხებს 64 წლის ასაკში – აჩვენებს ბრწყინვალე ფიზიკურ მომზადებას, ნამდვილად გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ახლო მომავალში „როკის“, „რემბოს“ ან თუნდაც „შეუტოკებელნის“ ახალი სერია ვნახოთ.

ჯეისონ სტეტჰემი

ლონდონელმა, ყოფილმა მყვინთავმა, მოდელმა, სპორტსმენმა და აღმოსავლური ორთაბრძოლების ოსტატმა ჯეისონ სტეტჰემმა კინოკარიერა გაი რიჩის ფილმებით დაიწყო. შემდგომ ლუკ ბესონმა იგი „გადამტანად“ აქცია სამ ფილმში ზედიზედ, ხოლო გაგიჟებული ადამიანის როლმა ორსერიან „ადრენალინში“, სტეტჰემს არამყარი ფსიქიკის მქონე ადამიანის იმიჯი შეუქმნა ჰოლივუდში. მოკლედ რომ ითქვას, სტალონემ სტეტჰემს მისი ხასიათიდან გამომდინარე ზედგამოჭრილი როლი შესთავაზა და არ ინანა. ყოფილი სამხედრო, თავზეხელაღებული და საყვარელი ქალის გამო ყველაფერზე წამსვლელი სტეტჰემის ნახვა ნამდვილად ღირს.

ჯეტ ლი

ჯეტ ლი იგივე ლი ლიანცზე ამჟამად სინგაპურის მოქალაქეა, თუმცა დაიბადა კომუნისტურ ჩინეთში. პეკინის უშუს აკადემიის დამთავრების შემდეგ, ლიმ ჩინეთის კუნ-ფუს ყველა ასაკობრივ ჩემპიონატში გაიმარჯვა და 17 წლის ასაკში დიდი სპორტი კინოს გამო მიატოვა. მისი ფილმოგრაფია ლეგენდარული „შაოლინის ტაძრით“ დაიწყო და ბოლო პერიოდია, ჯეკი ჩანის დარად, იგი ყველაზე სასურველი მსახიობია კუნ-ფუზე დაფუძნებულ ფილმებში. მიუხედავად იმისა, რომ ჯეტ ლი უკვე 47 წლისაა, მისი სისწრაფე და კუნ-ფუსადმი მიდგომა მაინც აღტაცებას იწვევს, სწორედ ეს გაითვალისწინა სტალონემ და ჯეტ ლი „შეუტოკებელნის“ რაზმის წევრად აქცია.

დოლფ ლუნდგრენი

დოლფ ლუნდგრენი სპორტული ფორმის პიკში 111 კილოგრამს იწონიდა, მაშინ როდესაც მისი სიმაღლე 196 სანტიმეტრია. იგი შავი ქამრის მფლობელია კარატეში და ერთ დროს ძალოსნობითაც იყო დაკავებული, თუმცა სპორტი კინოს გამო მიატოვა. 1980-1990 წლებში მის გარეშე წარმოუდგენელი იყო ჰოლივუდური „ექშენი“. უარყოფითი როლებით განთქმულმა ბრუტალურმა დოლფმა საკმაოდ საინტერესო კარიერა გაიკეთა ჰოლივუდში და მრავალ ლეგენდარულ ფილმში მიიღო მონაწილეობა, გასახსენებლად „როკი 4“ და „უნივერსალური ჯარისკაციც“ სავსებით საკმარისი იქნება. „შეუტოკებელნში“ ლუნდგრენი ღირსეულ ოპონირებას უწევს სტალონეს და მის რაზმს.

მიკი რურკი

რურკი – ადამიანი-ლეგენდა, მოკრივე და მსახიობი. კარიერა მცირე როლებით დაიწყო და მეოცე საუკუნის 80-იანი წლების შუა პერიოდში პლანეტის ერთ-ერთ უმთავრეს სექსსიმბოლად იქცა. თუმცა, ყველასთვის მოულოდნელად კარიერის პიკზე მყოფმა დიდ სპორტში წასვლა გადაწყვიტა და პროფესიონალურ რინგზე რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ კვირაში არც ერთი ბრძოლა არ წაუგია, მისმა სახემ, მრავალი ტრავმისგან დეფორმაცია განიცადა და „9 1/2 კვირაში“ დაბადებული სექსსიმბოლო რურკი, ადამიანს მიმსგავსებულ არსებად გადაიქცა. ყველასგან მივიწყებულმა რურკმა რამდენიმე წელი სიღარიბეში გაატარა და როდესაც დარენ არანოფსკიმ მას ფილმ „რესთლერში“ თამაში შესთავაზა, ყველა დაინტერესდა იმით, თუ შეძლებდა მიკი ძველი დიდების დაბრუნებას. „რესთლერმა“ მიკი რურკი ჰოლივუდის ოლიმპში დააბრუნა, „ოსკარის“ ნომინაცია არგუნა და გზა გაუხსნა ბლოკბასტერებისკენ. „რკინის კაცი 2-ის“ შემდეგ, „შეუტოკებელნი“ რურკის მეორე, მსოფლიოს კინოგაქირავების პირველადგილოსანი ფილმია 2010 წელს.

ბრიუს უილისი

„კერკეტმა კაკალმა“ ბრიუსმა ფილმში თავისი განუმეორებელი ქარიზმა შეიტანა. საინტერესოა, თავის დროზე, არნოლდ შვარცენეგერს და სილვესტერ სტალონეს უარი რომ არ ეთქვათ „კერკეტ კაკალში“ თამაშზე, როგორ განვითარდებოდა ბრიუსის კარიერა. თუმცა, ეს უკვე ძველი ისტორიაა, ხოლო ერთ კადრში რესტორნის ქსელ „პლანეტა ჰოლივუდის“ ექს-მფლობელების ხილვა, მართლაც, რომ ერთ რამედ ღირს.

არნოლდ შვარცენეგერი

ალბათ, ძნელი იქნება ისეთი ადამიანის პოვნა პლანეტაზე, ვისაც არ ენატრება „რკინის არნის“ ნახვა დიდ ეკრანზე. არნოლდ შვარცენეგერი – ადამიანი-ლეგენდა, ავსტრიელი ბოდიბილდერი, რომელმაც თავისი სხეულით გაიკვალა გზა ჰოლივუდში და „ავატარის“ რეჟისორის, ჯეიმს ქამერონის ფავორიტ მსახიობად იქცა. „შეუტოკებელნში“ არნის მცირეხნიანი გამოჩენა მის თაყვანისმცემლებს იმედს უტოვებს, რომ ერთ დღეს იგი მიატოვებს კალიფორნიის გუბერნატორის სავარძელს და დაუბრუნდება იმ საქმეს, რაც ძალიან კარგად გამოსდის, ანუ ბოროტმოქმედების განეიტრალება დიდ ეკრანზე.

P.S. „შეუტოკებელნში“ სხვა არაერთი ცნობილი, მძაფრსიუჟეტიან ფილმებში მონაწილეობით განთქმული მსახიობიცაა დაკავებული: გერი დენიელსი, რენდი კუტიური, სტივ ოსტინი, ერიკ რობერტსი, ტერი კრიუსი, თუმცა, როდესაც კადრში ერთად ჩნდებიან, სილვესტერ სტალონე, არნოლდ შვარცენეგერი და ბრიუს უილისი, მათი არსებობის შესახებ ძალაუნებურად გავიწყდება.


скачать dle 11.3