კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რით შეაყვარა ესპანელებს თავი ქეთი ქემოკლიძემ და რატომ ეგუება მისი მეუღლე ცოლის ყოველდღიურ გადარბენებს ვენაში


ქეთი ქემოკლიძე უკვე წლებია, უცხოეთში, კერძოდ, ვენაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მან საოპერო სცენაზე, უკვე მიაღწია წარმატებებს და მსოფლიო საოპერო ვარსკვლავების სიმპათიაც დაიმსახურა. როგორც მისგან შევიტყვეთ, ქეთი ოპერის გარდა, ბოლო დროს ფეხბურთითაც დაინტერესდა და ეს მისი მეუღლის დამსახურებაა. ის ბევრს მოგზაურობს, ბედნიერების „პიკზეა” და მის გვერდით, ცხოვრების ყველაზე დიდი საჩუქარი – საყვარელი ადამიანი დგას, რომელიც სტიმულსაც აძლევს და სიურპრიზებითაც ხშირად ანებივრებს.



ქეთი ქემოკლიძე: მართალი რომ გითხრათ, ზაფხულის მოსვლა და წასვლა, ვერც კი გავიგე, რადგან ძალიან დატვირთული ვიყავი. მიუხედავად ამისა, აქტიურად ვადევნებდი თვალს ჩემპიონატს ჩემი მეუღლის ხათრით, რადგან მე ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი არ ვარ. დავდიოდით დუნაის ნაპირზე საზაფხულოდ გახსნილ ბარებში მეგობრებთან ერთად საღამოობით, დღის განმავლობაში კი, ვამზადებდი ზიბელის პარტიას გუნოს ოპერიდან „ფაუსტი“, რომლის დებიუტი მქონდა აგვისტოში იტალიაში. ივნისის მეორე ნახევარში კი გავემგზავრე იტალიაში რეპეტიციებზე ქალაქ მაჩერატაში. აქ ტარდება ცნობილი ფესტივალი ღია ცის ქვეშ ულამაზეს და უდიდეს არენაზე. მანამდე მქონია ამგვარი საკონცერტო გამოცდილება და უნდა აღვნიშნო, რომ საოცარი შეგრძნებაა ღია ცის ქვეშ სპექტაკლში სიმღერა, საოცარი იდუმალებითა და ხიბლით არის სავსე. ამ ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია უდიდესი იტალიელი რეჟისორი, პიერ-ლუიჯი პიცი, რომელიც ასევე ჩემი სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი იყო.

– ესე იგი, ეს ზაფხული აქტიურ მუშაობაში გაატარე და დასვენება ვერ მოასწარი?

– რეპეტიციებს შორის მქონდა ერთი კვირა თავისუფალი, რომელიც ჩემს დაბადების დღეს დაემთხვა და დავბრუნდი სახლში, ვენაში. პროფესიიდან გამომდინარე, ოთხი წლის განმავლობაში, ჩემი დაბადების დღე პირველად გავატარე მეუღლესთან ერთად. ამის მერე, ისევ დავბრუნდი რეპეტიციებზე. ზღვაზე სიარულსაც ვასწრებდი, რადგან მატარებლით 20 წუთის სავალზე იყო და თან ვმუშაობდი, თან ვისვენებდი. მალე კი დამეწყო სპექტაკლები, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, პრემიერა არ ჩატარდა. წამოვიდა წვიმა და სცენაზე გასასვლელად გამოპრანჭულ მომღერლებს, მთელი მსოფლიოდან ჩამოსულ ელეგანტურად ჩაცმულ მრავალრიცხოვან პუბლიკას, მათ შორის 100-მდე მუსიკალურ ჟურნალისტს, გამოგვიცხადეს, რომ უამინდობის გამო, სპექტაკლი გაუქმდაო. გადავირიეთ. არადა, ჩვენი სპექტაკლით იხსნებოდა ფესტივალი. მეორე სპექტაკლი დაიწყო თითქმის ორი საათის დაგვიანებით და ჩატარდა ბოლომდე. მას უდიდესი წარმატება მოჰყვა. იმის და მიუხედავად, რომ რთულია 2 საათი ლოდინი როგორც მომღერლისთვის, ასევე მსმენელისთვის, სპექტაკლს დიდი გამარჯვება მოჰყვა. ხალხი ვერ მალავდა აღფრთოვანებას, რამაც უდიდესი სიხარული და სტიმული მოგვცა შემდეგი სპექტაკლებისთვის. ახლა დასვენებას მეუღლესთან ერთად თბილისში ვგეგმავ, შემდეგ კი, ალბათ, ევროპაში წავალთ, რომელიმე საზღვაო კურორტზე. ძალიან აქტიური ადამიანი ვარ და ორი დღის დასვენების შემდეგ უკვე მენატრება ჩემი საქმე. არ შემიძლია, უსაქმურად ყოფნა, ძალიან მღლის. ბავშვობიდან სულ დაკავებული ვყავდი ოჯახს, რადგან, როგორც ამბობენ, იმდენი ენერგია მქონდა, მაქსიმალურად ცდილობდნენ ეს ენერგია სასიკეთოდ გამომეყენებინა. დღემდე ასეა, რაც უფრო დაკავებული ვარ, მით მეტ რამეს ვასწრებ. წინა დღეს ვწერ შემდეგი დღის გეგმას.

– ამბობენ, ქეთიმ თავისი თბილი ხასიათის წყალობით, უცხოელი ვარსკვლავების გული ადვილად მოიგოო.

– (იცინის). ვერ გეტყვით, დავიპყარი თუ არა ვარსკვლავების გული, მაგრამ ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, მეც მიხარია, მწყინს, მიყვარს და არ მძულს არავინ. შეიძლება, გაბრაზებული ვიყო, მაგრამ სიძულვილამდე არასდროს მიმყავს ჩემი თავი. ამბობენ, რომ მოდიხარ, მხიარულება შემოგაქვსო და ეს თუ მართლა ასეა, ძალიან მიხარია. მეცხრე ცაზე ვარ, როცა სპექტაკლი მთავრდება და ჩემი კოლეგები, თეატრის თანამშრომლები, თბილად მემშვიდობებიან, სიყვარულსა და პატივისცემას გამოხატავენ ჩემდამი არა მარტო როგორც პროფესიონალისადმი, არამედ როგორც ადამიანისადმი.

– როგორც ვიცი, მადრიდში აპირებდი წასვლას და „ტეატრო რეალში” უძნელესი პარტიის შესრულებას.

– მართალია, მონტე-კარლოდან ჩავედი მადრიდში „ტეატრო რეალში”, სადაც ურთულესი პარტია შევასრულე სოლერის „დიანას ხეში”. რომ ვამბობდი, „რეალში“ ვმღერი-მეთქი, ხალხს ეგონა საფეხბურთო გუნდს ვგულისხმობდი (იცინის). მადრიდის მაყურებელმა ძალიან თბილად მიმიღო. ჩემი გმირი ყოველ სპექტაკლზე უდიდეს აპლოდისმენტებს იმსახურებდა, რამაც ძალიან დიდი სტიმული მომცა. სხვათა შორის, მადრიდულმა პუბლიკამ ასევე უდიდესი სიყვარულით მიიღო ივლისში ქერუბინო, რომლითაც შედგა ჩემი დებიუტი ამ ქალაქში. საერთოდ, ესპანელი მსმენელი ძალიან გულთბილია. მელოდებოდნენ თეატრში შესასვლელთან, სურათებს იღებდნენ ჩემთან და ავტოგრაფებს მთხოვდნენ. შემდეგ, მადრიდს მოჰყვა ბილბაოში სკარლატის „ღვთისმშობლის დატირება”, შემდეგ კონცერტი – ვენაში, ვერონაში და ვენეტოს ფესტივალის ინაუგურაცია, რომელიც გადაიცა ტელევიზიით. მიუხედავად ყველაფრისა, ძალიან მენატრება საქართველო და ჩემი ოჯახი, მეგობრები და ქართული სამზარეულო. ამ ნოსტალგიამ დამაწყებინა ქართული კერძების კეთება. თბილისიდან ჩემი დედამთილი ყოველთვის გვატანს ქართულ სუნელებს, სულგუნს, მურაბებს, მჭადის ფქვილს, ტყემალს და სხვადასხვა ქართულ ინგრედიენტს. უნდა ნახოთ, მერე ერთი თვე ჩემს ტანსაცმელს ხან ყვითელი ყვავილის და ხან ცერეცოს სუნი ასდის ხოლმე. (იცინის). მაგრამ როდესაც ქართულ სადილს ვაწყობ, ძალიან ამაყი ვარ, რადგან ჩვენი უცხოელი მეგობრები საოცრად იხიბლებიან ჩვენი სამზარეულოთი.

– ბევრს მოგზაურობ. რომელი ქვეყნის ნახვით მიიღე სრული „შოკი”?

– ჩემი საყვარელი ქვეყანაა ესპანეთი, კერძოდ ბარსელონა. თან, ამ ქალაქში შეგვიყვარდა მე და ჩემს მეუღლეს ერთმანეთი და ძალიან ლამაზი დღეები გავატარეთ იქ. შარშან პირველად ვიყავი ამერიკაში, კერძოდ, ვაშინგტონში და მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მომეწონა იქაურობა. ამერიკელები განსაკუთრებული ხალხია, საოცრად თბილი და მეგობრული. ასეთი უშუალო დამოკიდებულება, მე ჯერ არსად შემიმჩნევია. ყველაზე დიდი შთაბეჭდილება კი მოახდინა რომმა. რომში ვიყავი 2 თვე ფილმის გადაღებებზე და ალბათ, 2 წელიც არაა საკმარისი, ეს ქალაქი რომ დაათვალიერო. ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე ვფიქრობდი, ნეტავ, ამ ადგილას ჩემამდე ვის დაუბიჯებია ფეხი-მეთქი. როდესაც დადიხარ ისტორიულ რომში, საოცარი შეგრძნება გეუფლება. რაც კი გისწავლია, გინახავს ან წარმოგიდგენია, ყველაფერი შენს თვალწინ იშლება.

– ქეთი, მომღერლის ცხოვრება ყოველდღიური ექსტრემით არის სავსე. მით უმეტეს, თუ ხშირად გიწევს გასტროლები. გავიგე, თითქოს, ჯინსებით მოგიწია სიმღერა ბერლინის საოპერო სცენაზე. ეს მართალია?

– ეს ნახევრად მართალია (იცინის). საერთოდ, სიგიჟის და ექსტრემის პერიოდები არ მახასიათებს. თუმცა, დაგეთანხმებით, მომღერლის ცხოვრება ექსტრემალური სიტუაციებით არის სავსე. მაგალითად, შეიძლება დაგირეკონ და გითხრან, რომ საღამოს გაქვს სპექტაკლი, სასწრაფოდ უნდა გავარდე აეროპორტში და პირველი თვითმფრინავით გადაფრინდე. იქიდან კი პირდაპირ სცენაზე გავარდე; ან ურთულესი და უდიდესი პარტია ისწავლო რამდენიმე დღეში. მახსოვს, თბილისიდან ბერლინში მივფრინავდი და საღამოს მქონდა სპექტაკლი. ამინდის გამო, თვითმფრინავმა ისე დაიგვიანა, რომ სცენაზე კინაღამ ჯინსებით შევვარდი. რა მექნა? გამოსაცვლელად დრო აღარ მრჩებოდა. როგორ გამოვეწყვე და რა მეცვა ვერ გეტყვით, მაგრამ ჯინსით რომ არ ვიდექი სცენაზე, ეს კი მახსოვს (იცინის). საერთოდ, ცხოვრებაში ვცდილობ, რომ ექსტრემი ნაკლები მქონდეს.

– შენი მეუღლე როგორ ეგუება შენს ასეთ გადარბენებს?

– მეუღლე ყოველთვის ჩამოდის პრემიერებზე და ესწრება. მისი მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სპექტაკლის შემდეგ, ერთად ვესწრებით მიღებებს და ძალიან მიხარია, რომ ერთად ვიზიარებთ სიხარულსა და წარმატებას. ერთად ვხალისობთ კიდეც. ძალების აღდგენას ადვილად ვახერხებ ჩემს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობით. მე და ჩემი მეუღლე, ბევრს ვსეირნობთ და დავდივართ სხვადასხვა ქვეყნის რესტორნებში. სახლში კი სადილებს მე ვამზადებ. მიყვარს მის გვერდით ყოფნა და არასდროს ვიწყენ, იმდენად საინტერესო ადამიანია. კარგი მეგობრებიც ვართ და უდიდეს სტიმულსაც მაძლევს. იმისდა მიუხედავად, რომ ის საოპერო მუსიკის დიდი მცოდნე არ არის, ყოველთვის ვცდილობ, განსაკუთრებულად ვიმღერო, როცა ის დარბაზშია. სხვათა შორის, ისიც ბევრს მოგზაურობს და სულ ჩამოაქვს ჩემთვის საჩუქრები. ჯერჯერობით ვენაში ვერ შევიძინე ფორტეპიანო და ძალიან განვიცდიდი. ჩემმა მეუღლემ მიუნჰენიდან ჩამომიტანა პატარა ხელნაკეთი როიალი თავისი სკამით და დამიდო იმ ადგილას, სადაც ვამბობდი, რომ ჩემს პიანინოს დავდებ-მეთქი. ეს ისე ლამაზად და რომანტიკულად მოაწყო, რომ ნამდვილი სიურპრიზი იყო ჩემთვის. მართალია, დღეს ბედნიერი ვარ, მაგრამ სულ ველოდები ბედისგან უფრო დიდ საჩუქარს (იცინის), მაგრამ რას, არ მკითხოთ. ერთს კი მივხვდი, რომ ყოველი სიხარული, წარმატება, სასიამოვნოდ გატარებული წუთი, არის უკვე ბედის დიდი საჩუქარი. ვფიქრობ, ნამდვილად იღბლიანი ვარ, რადგან გვერდით საყვარელი ადამიანი მყავს, მაქვს თბილი ოჯახი, არ მაკლია ახლობლები და მეგობრები, რომლებიც ძალიან მიყვარს და მათგანაც იგივეს ვგრძნობ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ვაკეთებ იმ საქმეს, რაც ძალიან მიყვარს და ვარ წარმატებული. სიყვარული უდიდეს ენერგიას მაძლევს და ბედნიერებისგან მოუსვენარი ვხდები. ამ დროს ვიცვლები და ვხდები ნამდვილი ქეთი. ვფიქრობ, ადამიანები უსიყვარულოდ ვიცვლებით, ვდუნდებით, სიყვარული კიდევ უფრო გვაბუნებრივებს. არ დამავიწყდება, მე და ჩემი მეუღლე, შარშან ანდორაში ვიყავით სასრიალოდ. ეს არის ძალიან მდიდარი და ჯუჯა სახელმწიფო, საოცარი სათხილამურო ტრასებითა და ტურისტული ინფრასტრუქტურით. დამირეკეს და მითხრეს, სასწრაფოდ ისწავლე იულიუს კეისრის უდიდესი პარტია საბერძნეთში სპექტაკლისთვისო. რას ვიზამდი? მთელი ჩვენი სამეგობრო სრიალებდა, მე კი ვიჯექი მინი-პიანინოთი და ნოტებით საბაგიროზე და ვმეცადინეობდი (იცინის).

– უდავოდ, წარმატებული და იღბლიანი ადამიანი ხარ. დაგრჩა ბავშვობის ისეთი ოცნება, რომელიც ჯერ ვერ აისრულე?

– ბავშვობის ბევრი ოცნება ავისრულე, ვიყავი უამრავ ლამაზ ადგილას, რომელიც მხოლოდ სურათებში და რუკაზე მქონდა ნანახი, ასევე დავათვალიერე მსოფლიო შედევრები, რომელთაც ადრე წიგნებიდან ვჭრიდი და კედელზე ვაკრავდი ხოლმე. ასევე, ჩემი საოჯახო სცენიდან გადავინაცვლე მსოფლიოს მნიშვნელოვან სცენებზე და თუ ბავშვობაში ოჯახი და ახლობლები მიკრავდნენ ტაშს, ახლა აპლოდისმენტებს უდიდესი პუბლიკისგან ვიღებ. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, სიურპრიზები და ოცნებების ახდენა ჯერ კიდევ წინაა.


скачать dle 11.3