კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ “მოარბენინებდა„ შუა ზღვაში გემს გია ღარიშვილი და სად გადარია ის გრძელფეხება “ნაშობამ„


იყო დრო, როცა „ოთხი გიას” სიმღერები ყველგან ისმოდა. ისინი პოპულარულებიც იყვნენ, ახალგაზრდებიც და არც თაყვანისმცემელი ქალების ყურადღების დეფიციტს უჩიოდნენ. როგორც ამ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, გია ღარიშვილი ამბობს, უამრავ კურიოზულ სიტუაციაშიც ხვდებოდნენ, გასტროლებზეც ბევრს ხალისობდნენ და ქართული სიმღერებით რუსი „ნატაშების” გულის მონადირებაც არ უჭირდათ.

გია ღარიშვილი: ვხუმრობ ხოლმე, რაც მე კურიოზულ და სასაცილო სიტუაციებში აღმოვჩენილვარ, ალბათ რომ დავჯდე და დავწერო, ასტომეულს მაინც გამოვუშვებ-მეთქი (იცინის). ახლა, ძალიან მიყვარს განვლილი სიტუაციების მოგონება და იმ ამბებს ყოველთვის სიამოვნებით და სიცილით ვიხსენებ. მანქანა არ მყავს და ტაქსით მიხდება ხოლმე მგზავრობა. ისეთ საინტერესო და სასაცილო ამბებს ვიგებ ტაქსის მძღოლებისგან, მერე მთელი დღე გაღიმებული დავდივარ. ამას წინათ, გავაჩერე ტაქსი, ჩავჯექი. ჩავუარეთ ახალ ხიდს ძველ თბილისში. გავიხედე, მძღოლი თავს აქნევს. ვკითხე, რა გჭირთ-მეთქი. მიპასუხა: ამ ხიდს რომ ვუყურებ, სულ ერთი ანეკდოტი მახსენდებაო. ჩავეძიე, რა ანეკდოტი, რა შუაშია ხიდი ანეკდოტთან-მეთქი. ახლავე გეტყვი და აბა, თუ მიხვდები რა კავშირშია, ესა და ქალი ერთმანეთთანო. ვიფიქრე, რაებს ამბობს ეს კაცი-მეთქი, მაგრამ, რომ მითხრა, იმდენი ვიცინე, კინაღამ გავიგუდე.

– რა გითხრათ ასეთი?

– მაგარი სასაცილო ანეკდოტი მომიყვა. ცოტა უხერხული კია, მაგრამ მაინც გეტყვით და მიხვდებით, რა კავშირშიც იყო ახალი ხიდი ქალთან. კახელი კითხულობს გაზეთში განცხადებას, სადაც წერია: „ოლვეის ულტრა” ადგილზე მიტანით და დამონტაჟებითო. მიხო წამოხტა ფეხზე, ხელები გაშალა და შვილს დაუძახა: არიქა, შაქრო, მამა გენაცვალოს, ე მანდ სამსახური გიშოვე, მაგრამ ხელების დაკაპიწება არ დაგავიწყდესო (იცინის). აი, ეს მომიყვა და ხიდს რომ გავხედე, მერე მივხვდი, რაც იგულისხმა ტაქსის მძღოლმა. გადავვარდი სიცილით და მთელი დღე, მართლა გაღიმებული დავდიოდი. არადა, ჯერ არ იყო ის ხიდი დამონტაჟებული და ვხუმრობდი, ჯერ არ დაუმონტაჟებიათ თავის ადგილზე და უკვე ქალს ჩააზომეს-მეთქი (იცინის).

– ბატონო გია, ვიცი, კარგი თამადა ხართ. თუ გახსოვთ, პირველად როგორ მიიღო ალკოჰოლი თქვენმა ორგანიზმმა და როგორ გადაიტანეთ პირველი ბახუსი?

– როგორ არ მახსოვს, მაგას რა დამავიწყებს! პირველად რომ დავლიე და მიწა ცხვირთან მოვიდა, მივხვდი, რაღაც რიგზე ვერ იყო.

– მიწა ცხვირთან მოვიდა? ეს როგორ გავიგოთ?

– როგორ და რომ ვეღარ იკავებ თავს გადამთვრალი და მიწაზე ეცემი, აი ეგ არის. პირველი დალევის დროს, მეც ეგრე მეგონა, ვა, მიწა როგორ მიახლოვდება-მეთქი (იცინის). არადა, მიწა კი არ მიახლოვდებოდა, მე ვეცემოდი. ისეთი საშინელი სიტუაციაა, მტრისას. მოკლედ, პირველად, ღვინო დავლიე და ისე დამეჯახა დედამიწა, გადამაბრუნა და ვეღარც წამოვდექი. კარგა ხანი ასე ვბრუნავდი დედამიწასთან ერთად. სახლში რომ მივედი, დედაჩემს ისე შევეცოდე, ხმა არ გაუცია. კიდევ კარგი, მეორე დილით მივხვდი, რომ „პახმელია” არ ვიცი და დღესაც ისე დავლევ და შევირგებ, მეორე დღეს ჩიტივით ვდგები. ვნატრობ ხოლმე, ნეტავ „პახმელია” მჭირდეს, ხომ აღარ ვიქეიფებ ყოველდღე-მეთქი და ამაზე ჩემი მეგობრები ბრაზობენ (იცინის). მათ ისეთი „პახმელია” იციან, მტრისას. ეტყობა, მთლად, ასეც ვერ მიმეტებენ ძმაკაცს. თან, სადაც მივალ, ყველგან თამადობას მთხოვენ და უარს ვერ ვამბობ. კიდევ კარგი ქალად არ დავიბადე, თორემ ვინ ვიქნებოდი, ამ ჩემი თავმდაბლობის გამო, კაცმა არ იცის (იცინის).

– ახალგაზრდობაში, ბევრი თაყვანისმცემელი ქალი გყავდათ. როგორ ახერხებდით მათ „მოგერიებას”?

– მართლა განებივრებული ვიყავი თაყვანისმცემელი ქალების ყურადღებით. რუსთავში ვცხოვრობ. ამას წინათ, ერთმა ქალმა გამაჩერა ქუჩაში და მკითხა: თქვენ ერთ-ერთი გია არ ბრძანდებით, რუსთაველიო. გამეცინა, ქალბატონო, რუსთაველამდე ჯერ ბევრი მიკლია, მართლა „ოთხი გიას” გია ვარ, ოღონდ, ღარიშვილი-მეთქი. აი, ბათუმთან, სამეგობროსთან და ქალებთან კი ძალიან ბევრი სასაცილო ისტორია მაქვს გასახსენებელი. ერთხელ, ბათუმში ვისვენებთ. ჩემს მეგობარს, კოსტას, ჩამოყვანილი ჰყავს რუსი მეგობარი გოგონა და ამ გოგონას კიდევ ერთი დაქალი. გავედით ზღვის სანაპიროზე და გოგონებმა რომ გაიხადეს და წყალში შეცურეს, ბიჭებმა ყბები ჩამოვყარეთ.

– ყბები რატომ ჩამოყარეთ, კარგად ცურავდნენ?

– კარგად ცურავდნენ კი არა, რომ გაიხადეს, ფეხები კბილებიდან ეწყებოდათ, ისეთი ჩამოქნილი ტანი ჰქონდა ორივეს. გადავწყვიტეთ, მათთან ერთად ზღვაში პატარა გემით გასეირნება. ამ გოგონებმა ისეთები ჩაატარეს... საცურაო კოსტიუმებით დაიწყეს პოზიორობა, სურათების გადაღება... კოსტა გადაირია შუა ზღვაში, გინდა თუ არა ნაპირზე გამიყვანეთ, რა გინდათ, რას ერჩით ამ ჩემს კაცობას, დავიტანჯე კაციო (იცინის). უნდა გენახათ, როგორები „მოვარბენინებდით” საწყალ გემს ნაპირისკენ. ამ გოგონების ჯინაზე, მეორე ძმაკაცმა გადარეკა ლენინგრადში და ისეთი „ნაშობა” ჩამოიყვანა, სულ გადავირიეთ. საღამოს, რესტორანში რომ წავედით, მაგიდასთან არ ვჩანდით, იმსიმაღლეები იყვნენ. გიჟებივით, ყოველ სადღეგრძელოზე ფეხზე ვდგებოდით ბიჭები, რომ მათზე მაღლები გამოვჩენილიყავით (იცინის). ისეთი ლამაზები იყვნენ, მთელი რესტორანი მათ უყურებდა. ჩვენდა ჭირად, ისეთი სადღეგრძელო ვთქვით, ისინიც ადგნენ ფეხზე და აი, მაშინ უნდა გენახათ, ჩვენი „სიფათები”... ჭიპამდე ძლივს ვწვდებოდით (იცინის). ისეთი სიცილი ატყდა დარბაზში, ხალხი სკამებიდან გადაცვივდა.

– ესე იგი, ქალებში ბედიც გწყალობდათ და ქართული ტემპერამენტიც ჭრიდა, არა?

– ასე გამოდის (იცინის). ერთხელ, ბათუმში, ცნობილი „რვაფეხა” რომ დგას, იქ დავპატიჟეთ რუსი ქალები, ღამის ხუთ საათზე, საზამთროზე. მივედით ბიჭები, დავდეთ ეს ჩვენი უზარმაზარი საზამთრო და დაველოდეთ ჩვენს რუს „ნატაშებს”. გავიხედეთ, მოდიან მაგრამ, რა მოდიან... მოაქვთ მთელი სამყარო. ისეთები იყვნენ, თვალები დამიელამდა – სასწაული ჩამოქნილები, თვალი რომ ავაყოლე ფეხიდან, ხომ ვეღარ ავედი სახემდე. ბიჭებს მივუტრიალდი: თქვე შეჩვენებულებო, სად ნახეთ ეს ჟირაფივით ქალები, დავიღალე ამათი ქვევიდან ყურებით, კისერი გამიშეშდა-მეთქი (იცინის). დანა არ გვქონდა, ვიფიქრე, ახლა ვივაჟკაცებ, თავს გამოვიდებ, დავკრავ მუშტს ამ საზამთროს და ასე გავხლეჩ-მეთქი. დავიკაპიწე მკლავები, ავათამაშე კუნთები და ისე, დაველამდი მათი სილამაზის შემყურე, არ ავაცილე მოქნეული მუშტი? საზამთროს ასცდა, მაგრამ მაგიდაზე დავკარი და ისეთი ხმა ჰქონდა, ის რუსის „ნატაშკები” შიშისგან, ცალ ფეხზე შეხტნენ (იცინის).

– თქვენზე ამბობენ, ქუჩაში სიარულის ნებართვის დიდი დიპლომი აქვსო. ეს რაღას ნიშნავს და, რომელი „აკადემიის” დამთავრება მოგიწიათ ამისთვის?

– ეს, ეგრეთ წოდებული, „ნებართვა”, ერთმა თბილისელმა ყაჩაღმა მომანიჭა, მაგრამ დიპლომი დღესაც ასაღები მაქვს (იცინის). ცუდი პერიოდი რომ იყო, სიბნელე და განუკითხაობა თბილისში, შეღამებულზე ქუჩაში მომიწია გასვლა. ქუჩაზე, სადაც მივდიოდი, მხოლოდ ერთი ლამპიონი ანათებდა. უცბად, ვიღაცის ხმა შემომესმა: აქეთ მოდი და ხმა არ ამოიღოო. ვიფიქრე, მორჩა, დავიღუპე, გასაქურდად მე არ ვვარგივარ და რომ ვერაფერს წამართმევს, გამწარებულმა სიცოცხლეს არ გამომასალმოს, არ მომკლას-მეთქი. მოკლედ, საყაჩაღოდ იყო „ტიპი” ქუჩაში გამოსული. მივუახლოვდი. ხელი უკანა ჯიბისკენ წაიღო, ალბათ, იარაღის ამოსაღებად. კარგად რომ მივუახლოვდი და დამაკვირდა, მიცნო, შეცბა და მითხრა: ბატონო გია, ძალიან მიყვარს თქვენი სიმღერები, ამ შუაღამით რატომ დადიხართ თბილისის ქუჩებში, ხომ ხედავთ, საშიშია, მე მიგაცილებთ სახლამდეო. გამეცინა და ვუთხარი: მე კი გადამრიე შიშით და ახლა რაღად მინდა შენი მიცილება, ამ ქალაქში ყველას ვიცნობ და ყველა მიცნობს, როგორც შენ მიცანი და გამომელაპარაკე, ასე მოიქცევა სხვაც-მეთქი. ქალაქში სიარულის არ მეშინია, თან გასაქურდიც არაფერი მაქვს და მაინტერესებს, ნეტავ, რას წამართმევდი-მეთქი. ხელი ჩამომართვა და მითხრა: იარეთ მაშინ თამამად, თქვენ ეს დაიმსახურეთო. კი ვიფიქრე, ამის მოცემული ნებართვა რად მინდა, მე ჩემს ქალაქში როცა მინდა, მაშინ გავივლი-მეთქი, მაგრამ ამას ხმამაღლა როგორ ვეტყოდი? თავისი გაჭირვება ჰქონდა, ნადავლი ვერ იშოვა და ხომ არ შევუნთებდი? ვუთხარი: დიდი მადლობა, ნებართვა რომ მომეცით, დიპლომისთვის მერე მოგაკითხავთ-მეთქი და, ვინ იცის, ახლაც მელოდება (იცინის).


скачать dle 11.3