კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ იყო თბილისელი სომეხი, რომელსაც ქალაქი ჩერკასკი ხელში ეჭირა


– ვკვდები, მიკოლა და შემპირდი, რომ შურს იძიებ, ოჯახის ღირსებას აღადგენ და ჩემს მტრებს არ გაახარებ... – მისუსტებული ხმით ეუბნებოდა საწოლზე მიჯაჭვული პეტრო ონიშჩენკო თავის უმცროს ძმას.

– რა დროს სიკვდილია, ძამიკო, გამოჯანმრთელდები, ფეხზე დადგები და ძველებურად, კაჟივით იქნები, – ნაძალადევი მხიარულებით უთხრა მიკოლამ პეტროს და ოფლიანი შუბლი მოიწმინდა.

– დრო არ ითმენს, მიკოლა, შემპირდი, ვკვდები, მიკოლა, შემპირდი...

– გპირდები, პეტრო! გპირდები, პეტრო! პეტრო! – მიკოლა გარდაცვლილ ძმას ჩაეხუტა და ცხარე ცრემლით ატირდა.

პეტრო ონიშჩენკო ქალაქ ჩერკასკის საქალაქო სასაფლაოზე დიდი პატივით დაკრძალეს და ამ ცერემონიას უამრავი ადამიანი დაესწრო. ის ორი კვირის წინათ, მეზობელმა იპოვა საკუთარ ეზოში უგონოდ, მძიმედ დაჭრილი. სახლში კი პეტროს ცოლისა და დის გაუპატიურებული და ყურმოჭრილი ცხედრები აღმოაჩინეს. პეტრო ქალაქ ჩერკასკის სისხლის სამართლის სამძებროს თანამშრომელი, ჩინით კაპიტანი იყო. პატიოსნებისა და თავდადების გამო, უმრავლესობას უყვარდა. მისი ახლობლების მკვლელობისა და მასზე თავდასხმის საქმე სამი მუხლით აღიძრა, მაგრამ ბოროტმოქმედების კვალს მილიციამ ვერ მიაგნო.

პეტროს უმცროსი ძმა, მიკოლა, 20 წლის იყო და ჯარში მსახურობდა. ხელმძღვანელობამ მას თვენახევრიანი შვებულება მისცა და როდესაც თავისი ახლობლები მიწას მიაბარა, ორმოციც გადაუხადა, ისევ უკან დაბრუნდა, რათა დარჩენილი ოთხი თვე ემსახურა.

ოთხი თვის შემდეგ მიკოლა ჩერკასკში დაბრუნდა და მუშაობა მილიციაში დაიწყო რიგით ოპერად, სისხლის სამართლის სამძებროს განყოფილებაში.



ანონიმური წერილი

პეტროს მსგავსად, მიკოლამაც მალე მოიპოვა ავტორიტეტი ჩერკასკის მილიციაში. ერთი წლის შემდეგ, მას უფროსი სერჟანტის წოდება მიანიჭეს და უფროს ინსპექტორად დააწინაურეს, პარალელურად, კიევის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დაუსწრებელ განყოფილებაზე სწავლობდა.

ერთ საღამოს მიკოლა ონიშჩენკოს ბინაში ტელეფონმა დარეკა. მორიგეობიდან ახალდაბრუნებული მიკოლა ყურმილს დასწვდა.

– გისმენთ.

– შევჩენკოს ძეგლთან რომ გაზონებია, იქ, მარცხენა მხარეს, ბუჩქებში „ყაზბეგის“ კოლოფი დევს. შიგ წერილია და წაიკითხე! – მოესმა მიკოლას მამაკაცის ხმა და ტელეფონიც გაითიშა.

მიკოლა თხუთმეტი წუთის შემდეგ უკვე მინიშნებულ ადგილზე იყო. „ყაზბეგის“ კოლოფი ადვილად იპოვა, ჯიბეში ჩაიდო და შინ დაბრუნდა. მხოლოდ ამის შემდეგ გახსნა ფრთხილად და იქიდან შუაში მოკეცილი თაბახის ფურცელი ამოიღო, მასზე ეწერა: „მიკოლა, მე პეტრეზე თავდასხმას შევესწარი და დავინახე, როგორ მიიმალნენ ნიღბიანი ბოროტმოქმედები. ისინი ორნი იყვნენ და ერთ-ერთი ვიცანი. ის ოლეგ ვაშჩუკია სოფელ კრასნაია ზარიაში ცხოვრობს. სავარაუდოდ, მისი და მისი მეწყვილის დახოცილები იქნებიან შენი და და რძალი. უკვე წელიწადზე მეტი გავიდა ამ საზარელი ტრაგედიიდან და დღე არ გაივლის, სინდისმა არ შემაწუხოს. მაპატიე, რომ ჩემს ვინაობას არ გიმხელ. მეშინია და იმიტომ. შენ ახლა საკმაო ძალა გაქვს საიმისოდ, რომ ეგ საქმე გახსნა და ღმერთმა ხელი მოგიმართოს“.

წერილის ტექსტი ფურცელზე გაზეთიდან ამოჭრილი ასოებით იყო დაწებებული. მიკოლამ დაადგინა, რომ ამოჭრილი ასოები გაზეთ „უკრაინსკაია პრავდიდან“ იყო. „ყაზბეგი“ კი – ბაქოს მეორე თამბაქოს ფაბრიკის ნაწარმი, რომელიც უკრაინაში არ შემოდიოდა. მიკოლას მილიციაში მუშაობის ერთი წლის განმავლობაში საკმაო გამოცდილება დაუგროვდა და დაადგინა, რომ წერილის ავტორი ჩერკასკელი მოქალაქე, 39 წლის მიკოლა სავჩუკი გახლდათ. მიკოლა ონიშჩენკომ დრო შეარჩია, როდესაც სავჩუკი მარტო იყო და პირდაპირ სახლში ეწვია მას. მილიციელის დანახვაზე სავჩუკი შეცბა, მაგრამ არ შეიმჩნია და სტუმარი შინ შეიპატიჟა:

– მობრძანდი, სეხნიავ, კეთილი იყოს შენი ფეხი ჩემს ოჯახში. რით შემიძლია გემსახურო?

– მიკოლა, – მიმართა სავჩუკს მიკოლა ონიშჩენკომ, – მართალ კაცად გიცნობ და თუ ვცდები, ბოდიშს მოგიხდი და წავალ. ისე კი, მგონია, ანონიმური წერილი შენ მომწერე და ამის გამო მოვედი შენთან.

სავჩუკმა თავი ჩაღუნა და ამოილუღლუღა:

– კი, მე მოგწერე. იმ დაწყევლილ დღეს პეტროსთან რჩევისთვის მივდიოდი. იცი, ცოლთან უსიამოვნება მქონდა და მასთან ჭკუის საკითხავად მივედი. არ მინდოდა, ვინმეს დავენახე და ამიტომ გვერდიდან მივადექი თქვენს სახლს. სწორედ იმ დროს გაიქცნენ ის ნიღბიანი ავაზაკები და გვერდით ჩამირბინეს. მე კი ოლეგ ვაშჩუკი ვიცანი. მან ნიღაბი მოიხსნა და სახეზე შევხედე. მე და ვაშჩუკი ერთად ვსწავლობდით ქალაქ კორსუნის „პეტეუში“ და იქიდან ვიცნობ. თავდაპირველად, მილიციისთვის მინდოდა, შემეტყობინებინა, მაგრამ გადავიფიქრე. ეზოში მე აღმოვაჩინე შენი ძმა და პულსი რომ გავუსინჯე, მკვდარი მეგონა. თუმცა, მაინც გამოვუძახე ქუჩის ტელეფონიდან სასწრაფოს. მაპატიე, მიკოლა, რომ ამდენ ხანს ჩუმად ვიყავი, მაგრამ ოჯახი მაქვს და შემეშინდა. ახლა კი მზად ვარ, რომ ყველაფერში გვერდით დაგიდგე. პეტროსგან მე მრავალი სიკეთე მახსოვს და უკან არაფერზე დავიხევ.

– მე შენ ვერაფერს დაგაძალებ, მიკოლა და შეგიძლია, თევზივით პირში წყალი ჩაიგუბო. იქამდე, სანამ საქმე საქმეზე მიდგება, მინდა გთხოვო, მართლაც, თევზივით დადუმდე. სანამ იმ საქმეს სასამართლომდე მივიყვან, ჯერ მე თვითონ უნდა გავერკვე ყველაფერში, – უთხრა სავჩუკს ონიშჩენკომ.



არაოფიციალური დაკითხვა

მიკოლა ონიშჩენკომ ვაშჩუკზე შეკრებილი ინფორმაციებიდან შეიტყო, რომ ის 32 წლის იყო და კრასნაია ზარიას კოლმეურნეობის ტრაქტორისტად მუშაობდა. ვაშჩუკი ერთხელ იყო ნასამართლევი ხულიგნობისთვის და ორი წელიწადი მოხდილი ჰქონდა. ციხის შემდეგ ის დაოჯახდა, მეუღლე და 8 წლის ქალიშვილი ჰყავდა. მიკოლა ონიშჩენკომ ისიც დაადგინა, რომ მის ძმას, პეტროს, ვაშჩუკთან არანაირი შეხება არ ჰქონია და შურისძიება, ფაქტობრივად, გამოირიცხა. მიკოლა ვაშჩუკს კუდზე დააჯდა. ერთ ბნელ ღამეს ქუჩიდან მოიტაცა და ქალაქ ჩერკასკში, თავისი ერთ-ერთი მეგობრის სახლის ღრმა სარდაფში მიიყვანა.

– რას მერჩით, რა დავაშავე? – იკითხა დატყვევებულმა ოლეგ ვაშჩუკმა, როდესაც მიკოლამ მას პირიდან ჩვარი ამოუღო და ლაპარაკის საშუალება მისცა.

– მე მიკოლა ონიშჩენკო ვარ, პეტროს ძმა, მიპასუხე, რატომ მოკალი ჩემი და, რძალი და ძმა?

თავიდან ოლეგ ვაშჩუკი არ ტყდებოდა, მაგრამ, როდესაც მიკოლამ მას ადუღებული წყალი ჩაასხა ჩაიდნიდან კისერში, მაშინ ალაპარაკდა:

– მე მხოლოდ შენი და გავაუპატიურე, მკვლელობები კი ნიკიტა რომანჩუკმა ჩაიდინა.

– რომანჩუკი ვინაა?

– ჩემი თანასოფლელი და თანაკლასელი.

– რატომ ჩაიდინა ეს, რას ერჩოდა ჩემიანებს?

– არ ვიცი, ღმერთმანი, არ ვიცი. მე ნიკიტამ წამიყვანა ამ საქმეზე და მითხრა, რომ საყაჩაღოდ მივდიოდით. ჩვენ რამდენიმე საქმე ერთად გვაქვს გაკეთებული. როდესაც სახლში შევედი, მან ქალები დააბა და ჩვენ ისინი გავაუპატიურეთ. შემდეგ ნიკიტამ მათ ყელი გამოსჭრა. მე რომ ეს დავინახე, გაქცევა ვცადე, მაგრამ ნიკიტა იარაღით დამემუქრა და ჩვენ პეტროს ჩავუსაფრდით. შენი ძმა სახლში რომ შემოვიდა, თავს დავესხით, ნიკიტამ მას რამდენიმე ჭრილობა მიაყენა დანით და პისტოლეტით. თუმცა, პეტრომ ეზოში გასვლა მაინც მოახერხა და ნიკიტამ კიდევ ოთხი ტყვია დაახალა. ჩვენ ვიფიქრეთ, პეტრო მკვდარი იყო და გავიქეცით. ღმერთმანი, არ ვიცი, რას ერჩოდა ნიკიტა შენიანებს. მას შემდეგ პეტრო და მოკლული ქალები ყოველდღე მელანდებიან.

– ნიკიტა სადაა?

– იმ დაწყევლილი დილის შემდეგ, მხოლოდ ერთხელ მოვკარი თვალი და ისიც შორიდან.

მიკოლამ ოლეგ ვაშჩუკი სარდაფში დატოვა მილზე მიბმული და ნიკიტა რომანჩუკის ძებნას შეუდგა. ნაცნობების მეშვეობით, მიკოლამ ნიკიტა რომანჩუკს სამ დღეში მიაგნო ჩერკასკში, ერთ-ერთ იატაკქვეშა ბორდელში. ოლეგის მსგავსად, ისიც მოიტაცა და თავის მეგობარს მიუბა გვერდით.

– აბა, ნაძირალავ, დაწვრილებით მომიყევი ყველაფერი და მითხარი, რას ერჩოდი ჩემს ახლობლებს! – მიკოლამ ნიკიტასაც ადუღებული წყალი ჩაასხა კისერში.

ნიკიტა უფრო კერკეტი აღმოჩნდა და მიუხედვად იმისა, რომ ორჯერ წაუვიდა გული, ხმა არ ამოუღია. მაშინ მიკოლამ ის ბოლომდე გააშიშვლა. შემდეგ ცელოფნის სქელი ნაჭერი დაახვია, ცეცხლი წაუკიდა და სასქესო ორგანოზე დააწვეთა.

– გეყოფა, გეყოფა, ყველაფერს გეტყვი! – ღრიალებდა ნიკიტა რომანჩუკი.

– არ იტყვი და ცოცხლად დაგწვავ, – მშვიდად თქვა მიკოლამ.

– შენიანების მკვლელობა კავკასიელმა შემიკვეთა, – თქვა ნიკიტამ და მიკოლას მისი ახლობლების მკვლელობების შემკვეთი დაუსახელა. ის ვინმე სარქის თუმანიანი აღმოჩნდა. თუმანიანი ქალაქ ჩერკასკში ორი წლის ჩასული იყო და როგორც მიკოლამ შეიტყო, ეგრეთ წოდებულ, იატაკქვეშა საამქროებს ფლობდა. პირველი ჯგუფის ინვალიდ თუმანიანს ეტლის გარეშე გადაადგილება არ შეეძლო. წარმოშობით ის თბილისელი იყო და ჩერკასკში ორმოცდაათამდე თანაქალაქელისგან ორგანიზებული დაჯგუფება ჰყავდა, რომლებიც მის ნებისმიერ ბრძანებას უსიტყვოდ ასრულებდნენ.



შურისძიება

მიკოლა ონიშჩენკოს დიდი ძალისხმევის მიუხედავად, სარქის თუმანიანის მოხელთება ურთულესი საქმე აღმოჩნდა. ამ 33 წლის ინვალიდს, რომელიც თითქმის არავის ენახა, კონკურენტებისგან ძლიერი დაცვა იფარავდა, კანონისგან კი – ფული. მიკოლამ შეიტყო, რომ სარქისს ხელმძღვანელობა და პროკურატურა მოქრთამული ჰყავდა. მის დაკრულზე ცეკვავდა მილიციის ზოგიერთი მაღალჩინოსანიც. ონიშჩენკო დარწმუნდა, რომ კანონიერი გზით მას ვერ მოიხელთებდა. ამიტომ, ვაბანკზე წასვლა და თუმანიანის ციტადელის აღება ძალისმიერი გზით გადაწყვიტა. მიკოლა ჯარში მედესანტე იყო და ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლად ითვლებოდა. რომ არა მის თავზე დატრიალებული ტრაგედია, მიკოლა მედესანტის კარიერის გაგრძელებას აპირებდა. მან ნაცნობის მეშვეობით, კიევში ავტომატი „აკაეს-უ“, მაყუჩიანი პისტოლეტი, არბალეტი და მედესანტის დანების კომპლექტი შეიძინა. შემდეგ სარქის თუმანიანის უზარმაზარი კარ-მიდამო დეტალურად შეისწავლა და მაისის ერთ თბილ საღამოს, მის სანახავად გაემართა.

სანამ მის სახლში შეაღწევდა, მიკოლამ ოთხი უზარმაზარი, ადამიანზე დაგეშილი როტვეილერი მოკლა პისტოლეტით. შემდეგ სამი შეიარაღებული მცველიც ძაღლების კვალს გაუყენა. ფეშენებელურ სახლში მიკოლას კიდევ ოთხი შეიარაღებული მცველის მოკვლა დასჭირდა და მხოლოდ ამის მერე მიაღწია სასტუმრო ოთახამდე, სადაც ინვალიდის ეტლში მჯდომი სარქის თუმანიანი იმყოფებოდა.

ინვალიდი საზარელი შესახედავი იყო: განუვითარებელი სხეულისა და კიდურების გარდა, სახის სამი მეოთხედი თმით ჰქონდა დაფარული. მისი დანახვისთანავე, მიკოლა შეცბა და სახეზე უკიდურესი ზიზღი აღებეჭდა. თუმანიანს კი საზარლად ჩაეცინა და თქვა:

– მოხვედი, ძამიკო? კეთილი, მე შენს ვიზიტს დიდი ხანია, ველოდი. ეს დღეც დადგა და მობრძანდი.

მიკოლა სარქისს მიუახლოვდა და მშვიდად უთხრა:

– რას ერჩოდი ჩემს ძმას და ქალებს?

– მათ, პრინციპში, არაფერს, მაგრამ შური უნდა მეძია მამაჩემზე. რადგან ის ცოცხალი აღარ დამხვდა, შური მის შთამომავლობაზე ვიძიე. გაგიმართლა, რომ ჯარში იყავი, თორემ შენც საიქიოში იქნებოდი ახლა. გიკვირს, ალბათ, ჩემი სიტყვები, მაგრამ უნდა გითხრა, რომ მამაშენი ადრე თბილისში მსახურობდა ჯარში. იქ მან დედაჩემი გაიცნო, დააორსულა და თავად უკრაინაში დაბრუნდა. დედაჩემმა კი ჩემი გაჩენა არ ისურვა და რაღაც წამლები დალია. თუმცა, მე მაინც მოვევლინე ამ ქვეყანას, მაგრამ ასეთი სახით. დედაჩემის მიერ მიღებულმა წამლებმა მე გაჩენამდე გამომიტანა განაჩენი – ასე განუვითარებელი და მახინჯი უნდა ვიყო მთელი ცხოვრება. სიმახინჯის მიუხედავად, მე გონებას ვავარჯიშებდი ბავშვობიდან და ხომ ხედავ, რამხელა ძალაუფლებას მივაღწიე. შენ აქედან ცოცხალი ვერ გახვალ – ჩემი არწივები ნაკუწ-ნაკუც გაქცევენ.

მიკოლა ონიშჩენკომ ბოლომდე მოუსმინა თუმანიანს, შემდეგ მას ბენზინი გადაასხა და ჯერ ცეცხლი წაუკიდა, ბოლოს კი კიბეზე დააგორა და თან ავტომატის ჯერიც მიაყოლა.

ის მცველები, რომლის იმედიც სარქის თუმანიანს ჰქონდა, ცეცხლწაკიდებული კარმიდამოდან თავქუდმოგლეჯილები გაიქცნენ, ხოლო მიკოლა კი მილიციამ დააპატიმრა. დააპატიმრეს, აგრეთვე, სარდაფში გამომწყვდეული ოლეგ ვაშჩუკი და ნიკიტა რომანჩუკი.

სასამართლომ ვაშჩუკს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნიკიტა რომანჩუკს და მიკოლა ონიშჩენკოს კი – სიკვდილი. მოგვიანებით, ონიშჩენკოს დახვრეტა 15 წლის პატიმრობით შეუცვალეს, ხოლო რომანჩუკი კი დახვრიტეს.

მიკოლა ონიშჩენკო დღესაც ცოცხალია, უკრაინაში ცხოვრობს და ქუთაისელ ცოლთან, სამ შვილთან და 6 შვილიშვილთან ერთად, კერძო ბიზნესითაა დაკავებული.


скачать dle 11.3