კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის მუშაობდა ლელა ელოშვილი მაკა ასათიანთან და ვისი დახმარებით მოხვდა ის სენ-მარტინში


მოდის კვირეულებმა ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი გამოიყვანა პოდიუმზე, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. მათ აჩვენეს, რომ ცნობილი დიზაინერების გარდა, ჩვენს დედაქალაქში იქმნება განსხვავებული სამოსი სავსე ახალი იდეებით, საინტერესო მოტივებითა და კონსტრუქციებით. „ატელიე ინფორმალიც” ერთ-ერთი მათგანია. ლელა ელოშვილი და თეონა გარდაფხაძე ულამაზეს, ყოველდღიურ სამოსს ქმნიან და უკვე ოქტომბრის „ფეშენ-ვიქისთვის„ ემზადებიან.


ლელა ელოშვილი: მე და თეონა ორივე სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდით და იქიდან ვმეგობრობდით, პრინციპში, როგორც შეგვეძლო, რადგან იმ პერიოდში გათხოვილი და სხვა საქმეებით დაკავებული ვიყავი.

თეონა გარდაფხაძე: მე გასათხოვარი, და დღემდე ასეა, აუცილებლად უნდა აღვნიშნო დასაწყისშივე (იცინიან).

ლელა: თან სხვადასხვა ფაკულტეტზე – თეო არქიტექტურულზე, მე კი მოდელირებაზე ვსწავლობდით. მოგვიანებით, გადაწყვიტა თეომ, რომ ძალები ტანსაცმლის დიზაინში ეცადა. აკადემია თეოზე ადრე დავამთავრე, შემდეგ მაკა ასათიანთან ვიყავი სტაჟირებაზე, კონკურსებში ვიღებდი მონაწილეობას.

თეონა: ამასობაში, მე ინტერიერის დიზაინზე ვმუშაობდი. ანუ, ცალ-ცალკე მივყვებოდით ჩვენ გზებს. ამის შემდეგ, დავიწყე სხვადასხვა ატელიეებში მუშაობა, მოგვიანებით კი, უკვე საკუთარი სახელოსნო გავხსენი.

ლელა: სხვათა შორის, მაკამ, მასთან მუშაობის პერიოდში, სტაჟიორებს ძალით მიგვაღებინა მონაწილეობა კონკურს „რუსულ სილუეტში”. კონკურსები ყოველთვის საინტერესოდ მთავრდებოდა ჩემ ცხოვრებაში. სოფო ჭყონიამ გააკეთა კიდევ ერთი კონკურსი ახალგაზრდა დიზაინერებისთვის, სადაც გრანპრი ავიღე. გრანპრი კი იყო ლონდონში, სენ-მარტინში სტაჟირება. ეს იყო მთელი ჩემი ცხოვრების საოცნებო ადგილი, სადაც მოხვედრა, ალბათ, ყველაზე თამამ სიზმრებშიც ვერ წარმომედგინა. უბედნიერესი ვიყავი.

თეონა: ერთხელ ლელას ვეკითხები, ყველაზე მეტად რა გაგიხარდება რომ მოიგო-მეთქი, თან არც ვიცოდით იქ რა პრიზები იყო. ყველაზე მეტად სენ-მარტინში წასვლა მინდაო და წავიდა. ჩემთვის კი ეს დღემდე ოცნებაა. ზოგადად ლონდონში ძალიან მინდა. მგონია, ლონდონი და ნიუ-იორკი მსოფლიო მოდის ცენტრებია, რომლებიც ჩვენთან, ჩვენ სტილთან ყველაზე ახლოსაა.

ლელა: შოკში ვიყავი, მართლა. ენის პრობლემამ თავიდან ცოტა შემზღუდა, მაგრამ რომ ჩავედი, ისეთი ფანტასტიკური ადამიანები დამხვდნენ, რომ ყველა ბარიერი მოიხსნა. იქ დამხვდა გუგა ნემსაძე. ჩვენ ერთად ვსწავლობდით აკადემიაში და შემდეგ მან სწავლა სენ-მარტინში გააგრძელა. გუგამ გამაცნო მისი ჯგუფელი დევიდ კომა და მათთან ერთად ვიყავი სულ. ორივე უნიჭიერესი და საოცრად შრომისმოყვარეა. ისინიც ერთი წლის მერე ამთავრებდნენ. ყველანი ძიების პროცესში ვიყავით, სტაჟირებებზე ვფიქრობდით. გუგას მეგობრები არიან თათა და ნაკა სურგულაძეები და ჩვენ, სამი ქართველი – მე, გუგა და კომა წავედით მათთან სტაჟირებაზე.

– პატარა ქართული კუნძული მოაწყვეთ?

– კი, შევიკრიბეთ ქართველები, ათას რაღაცას ვაკეთებდით, ვქარგავდით, ვკერავდით. უამრავი ინფორმაცია მივიღე, არ ეზარებოდათ თათას და ნაკას მოყოლა იმის შესახებ, თუ როგორ იქმნება მაღალი მოდა. იქ ყველაფერი სხვანაირად ხდება. სენ-მარტინში წასვლა რა ემოციაა, ხომ ხვდები. შედიხარ და იცი, რომ ეს კოლეჯი დამთავრებული აქვს ვესტვუდს, გალიანოს, ჩალაიანს, მაკქუინს. შენც იგივე უსაყვარლესი მასწავლებლები გასწავლიან. ერთი ქალია, სხვათა შორის, რომელსაც, საბედნიეროდ, არ შევხვდი, თუმცა, გენიოსია და მისი გამოზრდილია ყველა, მაგრამ საოცრად მკაცრია. როგორც ჩვენთან კათედრის გამგეა, ისეა იქ – მოდის ექსპერტი და ის წყვეტს, ვინ დაამთავრებს კოლეჯს, ვინ გავა, ვინ – ვერა. ეს არ მომწონს, ეს უნდა გაქრეს, ეს მოაშორეთ, ეს კარგია, – ასე ლაპარაკობს. იყო ძალიან საინტერესო საგანი უცნაური სახელით – „ფეშენ-ქირურგია”, სადაც პორტფოლიოების გაკეთებას და მსგავს რაღაცეებს გვასწავლიდნენ. როგორი სავსე ჩამოვიდოდი იქიდან, ხომ წარმოგიდგენიათ. სოფო ჭყონიამ სამთვიანი ბედნიერება მაჩუქა.

– რა კოლექცია იყო?

– პუშკინის „ბარიშნია კრისტიანკა” მქონდა გაკეთებული. საინტერესო და ფერადი გამოვიდა.

– ერთად როდიდან ხართ?

თეონა: ლელას ქსოვილების მაღაზია ჰქონდა და ჩემი სალონისთვის სულ მასთან დავდიოდი. ლელასაც სულ უნდოდა, რაღაცის გაკეთება. ვინც მასთან მივიდოდა ქსოვილის საყიდლად, თან ეკითხებოდა რა შევიკეროო. ესეც იჯდა და ხატავდა. ბოლოს გადავწყვიტეთ, ერთად გაგვეკეთებინა რაღაც. ავიყვანეთ მკერავი და იმ ერთი მკერავით დაიწყო ყველაფერი. ეს იყო 2006 წელი. თვალებმა გადაწყვიტა ყველაფერი. შევხედეთ ერთმანეთს და მივხვდით, ერთად ყველაფერი გამოგვივიდოდა (იცინიან). არა, რეალურად, ყველაფერი უცებ, თავისთავად მოხდა.

ლელა: მართალია, ვიცოდით ერთმანეთის გემოვნება, ვენდობოდით ერთმანეთს, მოგვწონდა ერთმანეთის რაღაცეები, მაგრამ, საერთო საქმის დაწყება, ალბათ, მაინც რისკი იყო, რომელმაც გაამართლა.

თეონა: ერთმანეთს სულ ვაბალანსებთ და არასდროს ვცდილობთ, თუ ერთმა „გააფრინა“, მეორემ მიწაზე ჩამოსვას – „გაფრენის“ საშუალებას სულ ვაძლევთ ერთმანეთს. კარგი „მიქსი“ გამოვიდა. ერთმანეთისგან ბევრი რაღაც ავიღეთ და უკვე ერთნაირი ხედვა ჩამოგვიყალიბდა.

– „ფეშენ-ვიქის” დამსახურებაა რომ საბოლოოდ კოლექცია შექმენით ხომ?

ლელა: კი. აქამდე ვერ გავრისკეთ, ძალიან ბევრ პრობლემასთან იყო დაკავშირებული. ახლა უკვე გადასარევად ვხვდები, რა არის საჭირო დეფილესთვის. მხოლოდ კოლექცია არ არის ყველაფერი. ცოტა ეშმაკური მიდგომები გჭირდება რაღაცეებთან, კარგი ორგანიზატორი უნდა იყო.

– რატომ „ინფორმალი”?

თეონა: არაფორმალურები ვართ (იცინიან). უფრო სწორედ ვიყავით და მერე ეს სახელი დაგვრჩა. ახლა კანონის ფარგლებში უკვე ჩავჯექით, მაგრამ სახელი მოგვწონს.

– თქვენი სამოსი თუ არის არაფორმალური?

ლელა: მგონი, პირიქით, დალაგებული, მშვიდი და წყნარი სამოსი გვაქვს და ალბათ, ეს კონტრასტიც საინტერესოა.

თეონა: ერთ დღესაც შეიძლება, გავგიჟდეთ და არაფორმალური სამოსი შევკეროთ. მაგრამ იცი, რა ხდება?! თუ გვინდა, რომ რამე არაორდინარული გავაკეთოთ, ისე ვსვამთ მაინც მას ორდინარულობის ჩარჩოში, რომ საინტერესო გამოდის. ისე ვშლით ესკიზზე, თან საინტერესოც გამოვიდეს, პრაქტიკულიც და განსაკუთრებულიც.

– რას მოაქვს ინსპირაცია, როგორ ირჩევთ თემას?

ლელა: ეს პროცესი ყველაზე საინტერესოა, შეიძლება სათვალის, ქუჩაში რაღაც სცენის, თუნდაც ჩიტის დანახვით მოგივიდეს იდეა, რომელზეც მერე მთელ კოლექციას ააგებ. აი, ვთქვათ, ჭიქა ნახე ლამაზი, რომელიც შეიძლება, მთელი კოლექციის თემად აიღო – ლიპის, ან საყელოს, პრინტის სახით გამოიყენო. უტრირებულად ვამბობ, მაგრამ დაახლოებით ასეა.

– თბილისი გყოფნით ინსპირაციისთვის?

– არანაირად! რაღაც ისე მოხდა, ეს ბოლო პერიოდი, ვერსად გავედი – შევიზღუდე, შთაგონებისთვის აუცილებელია რაღაცის ნახვა. ეს მხოლოდ თბილისის პრობლემა კი არ არის, სადაც არ უნდა ცხოვრობდე, სხვა კულტურის, ხალხის, თანამედროვე ხელოვნების ნახვა სულ გჭირდება. მოგზაურობა აუცილებელია. ახლა ისეთ განწყობაზე ვარ, რომ ეგზოტიკა მჭირდება. ბოლოს ლონდონში ვიყავი, თეო – იტალიაში და სხვადასხვა კულტურებით დატვირთულები ჩამოვედით.

თეონა: პრაღაშიც ვიყავი და ეს კიდევ სხვა რაღაც იყო – უფრო გოთიკური, ცოტა მძიმე კულტურა, ძალიან კლასიკური. მეგონა, რომ სახლებში ბაყაყებს ხარშავდნენ, ჯადოებს აკეთებდნენ (იცინიან). მეგონა, ბავშვობაში დავბრუნდი და რაღაც ზღაპარს მიყვებოდნენ. რეალურ ქალაქს არ ჰგავს – ბურთებს რომ ამოაბრუნებ და თოვს, ისეთი სიტუაციაა.

ლელა: უნდა ჩაიცვა „პაჩკა”, თავზე გვირგვინი და ირბინო პრაღის ქუჩებში.

თეონა: მე პირიქით, მაღალი, წვეტიანი ქუდი მინდოდა, მქონოდა, თვალები ჩამეშავებინა და ცოცხით მეფრინა.

ლელა: ეტყობა, ეს მაინც განწყობის ბრალია, ცუდ განწყობაზე იყავი.

– მოდისგან დამოუკიდებლად როგორ მიმდინარეობდა თქვენი ცხოვრება?

თეონა: გუშინ, საკუთარ დაბადების დღეზე, საშინლად მოწყენილი ვიყავი, თან ისეთი საღამო იყო სადღაც ღია ცის ქვეშ, ცოცხალი მუსიკისთვის რომ უნდა მოგესმინა, წითელი ღვინით ხელში, მაგრამ არ შედგა ეს რომანტიკა (იცინიან). ეს, რაც შეეხება გუშინდელ პირადულ ცხოვრებას. ისე კი მნიშვნელოვანი არაფერი ხდება.

ლელა: მყავს თერთმეტი წლის შვილი, რომელიც ჩემთვის ყველაფერია.

– შენ და შენი ყოფილი მეუღლე ვაკის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წყვილი იყავით.

– ეს არ ვიცი, თუმცა, ვიგებდი რომ მსგავს რაღაცეებს ამბობდნენ. ის ბიჭი ჩემ გვერდით აღარ არის დიდი ხანია და ძალიან მიხარია, არანაირად არ ჯდება ჩემი ცხოვრების წესში. ახლა ვარ ადამიანთან, რომელიც პირიქით, ყველანაირად ჩემიანია, გვერდით მიდგას და მართლა ბედნიერი ვარ. ყველაფერი თავისით, ბუნებრივად დაიწყო. საერთოდ, ყველაფრის დაგეგმვა მიყვარს, მაგრამ ეს ის არის, რაც ჩემგან დამოუკიდებლად მოვიდა. ქალებს რა გვინდა? რომ გაგვიგონ, გვერდში დაგვიდგნენ და ვუყვარდეთ, თავი ქალად რომ ვიგრძნოთ. ბანალურია, მაგრამ ყველა ქალს მართლა ეს უნდა, რაც არ უნდა ძლიერი იყოს ან ასეთად აჩვენებდეს თავს.


скачать dle 11.3