კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ანდობენ საკუთარ სტილს მერლინ მენსონი და დიტა ფონ ტიზი თბილისში გაზრდილ ბიჭებს და როგორ შეიქმნა კომპანია FRESH ART


რუსულმა შოუ-ბიზნესმა მათ უდიდესი წარმატება მოუტანა. საოცარი ნიჭის წყალობით თბილისში დაბადებულმა და გაზრდილმა ორმა ბიჭმა – ალექსანდრ სირადეკიანმა და დავიდ გევორქოვმა მოსკოვი, მსოფლიო მეგაპოლისი და სხვა ევროპული მწვერვალები დაიპყრეს. მათ საკუთარ სტილს ანდობენ ისეთი განსხვავებული გემოვნების ვარსკვლავები, როგორებიც მერლინ მენსონი და მონსერატ კაბალიე არიან. დავიდს და ალექსანდრს ასლან ახმადოვთან ერთად აქვთ კომპანია FRESH ART, თუმცა მოდის გარდა, სამივე მათგანი სხვა შოუბიზნესური საქმეებითაც არის დაკავებული.


ალექსანდრ სირადეკიანი: დაბადებიდანვე გამიმართლა, რადგან ულამაზეს და მზიან ქალაქში, საქართველოს ლაჟვარდოვანი ცის ქვეშ, აყვავებული გაზაფხულის მრავალფეროვანი არომატების სურნელში გავჩნდი. 1978 წლის 14 მაისს თბილისში დავიბადე.

დავიდ გევორქოვი: 1978 წლის 8 ოქტომბერს მეც თბილისში დავიბადე. დედა მხოლოდ ჩემი და ჩემი დის აღზრდით იყო დაკავებული, ყველანაირად უწყობდა ხელს ჩვენს განვითარებასა და პიროვნულად ჩამოყალიბებას. მადლობელი ვარ დედაჩემის, რადგან სწორედ მისმა მოთმინებამ, საქმისადმი ერთგულებამ, მომცა კარგი მუშაობის საოცარი მაგალითი. ექვსი წლის ვიყავი, ოჯახი შეხმატკბილებულად მამზადებდა პირველ კლასში წასაყვანად, შემთხვევით ვუყურე, პირდაპირ ტრანსლაციას სამეჯლისო ცეკვების კონკურსიდან. სანახაობამ თავბრუ დამახვია და იმწუთასვე ვთქვი – დედა, მეც მინდა, ესე შემეძლოს. დედამ სერიოზულად მიიღო ჩემი ნათქვამი და ქალაქში საუკეთესო სამეჯლისო ცეკვების სკოლაში მიმიყვანა. ჩემმა გატაცებამ ბოლომდე ჩამითრია, ხშირად მაღალი ტემპერატურითაც კი დავდიოდი გაკვეთილებზე. ცეკვის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომედგინა. მამა, რომელსაც შვილის კარიერას ისე ხედავდა, როგორც ფინანსისტისას, რა თქმა უნდა, ასეთი დასაწყისით კმაყოფილი ნამდვილად არ ყოფილა. მას ჰქონდა მცდელობა, გამოვეყვანე ცეკვის სკოლიდან, თუმცა გავჯიუტდი და თავით გადავეშვი სწავლაში. მხოლოდ მას შემდეგ, რაც პროფესიულ სიმაღლეებს მივაღწიე და მან იმ დროისთვის საკმაოდ კარგი შემოსავალიც მომიტანა, მამა შეეგუა ჩემი ცხოვრების წესს, რომელიც ასე განსხვავდებოდა მისი პროფესიული ინტერესებისგან.

როდესაც თვრამეტი წელი შემისრულდა, მშობლიურ ქალაქში თითქოს უკვე შეზღუდულად ვგრძნობდი თავს. პროფესიული დონის ასამაღლებლად ნიუ-იორკში გადავწყვიტე წასვლა, მაგრამ გეგმები ძველმა მეგობარმა ასლანმა შემაცვლევინა, მოსკოვში ერთად წასვლა შემომთავაზა. ჩასვლიდან მეორე დღეს ჩვენ უკვე მონაწილეობა მივიღეთ ფესტივალში „პესნია გოდას“ ბექრაუნდში.

– როგორ გაიცანით და რა დაინახეთ ერთმანეთში ისეთი, რომ მიხვდით – თანამშრომლობა პროდუქტიული და წარმატებული იქნებოდა?

ალექსანდრე: 12 წლის ასაკში უნიჭიერესი რამაზ შამანაურის ცეკვის ანსამბლში ვიყავი და ვმეგობრობდი კაშკაშა ქართველ ვარსკვლავთან მაია დარსმელიძესთან. სწორედ მაიას კოლექტივში გავიცანი დავიდი. ეს იყო საოცარი, ლაღი და უღრუბლო პერიოდი, უძილო ღამეები, გიჟური კრეატივი, ურთულესი ქორეოგრაფია, თანამედროვე და რთული კონსტრუქციის სასცენო კოსტიუმები, რომელიც ქართულმა პუბლიკამ კარგად შეაფასა.

დავიდი: ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი, უნიჭიერეს მომღერალს, მაიას, იმის გამო, რომ ჩემ ცხოვრებაში გამოჩნდა. მას უნდა ვუმადლოდე ალექსანდრეს გაცნობას, რომელთანაც დღემდე ვმეგობრობ და ერთადაც ვქმნით. ჩვენ ერთნაირი შინაგანი სამყარო აღმოგვაჩნდა. როდესაც ადამიანები ერთ ენაზე საუბრობენ, ერთი მიმართულებით ფიქრობენ, ეს ნამდვილად ეფექტურია. იქმნება პროდუქტი, რომელიც აუცილებლად დგას იმაზე მაღლა, რასაც ჩვენ დამოუკიდებლად მუშაობის შემთხვევაში შევქმნიდით.

– ვიცი, რომ თბილისში საინტერესო ცხოვრება გქონდათ, რამ გაიძულათ მოსკოვში გადასვლა?

– ხელოვნებისკენ სწრაფვამ. თბილისში თითქოს სივრცე აღარ გვყოფნიდა, სივრცე არ ჰყოფნიდა ჩვენს გონებას. ხელოვნება კი, მით უმეტეს ახალი და თანამედროვე, გზას ყოველთვის მსოფლიო მეგაპოლისებში იკვლევს. იქ, სადაც მეტი ხალხია, სხვადასხვა ეროვნების ადამიანები ირევიან, იმის ალბათობა, რომ საკუთარ ნიშას დაიკავებ, გაცილებით მაღალია. ჩავარდნის პირას მუშაობა, არადა სწორედ ასე დავიწყეთ, კონსერვატიულ თბილისში თითქმის შეუძლებელი იქნებოდა. უბრალოდ, ფიზიკურად არ გვექნებოდა ჩვენი მარკის შექმნის ფული. მოსკოვში კი სრულიად დამოუკიდებლად მოვიპოვეთ ყველაფერი ის, რაც ახლა გვაქვს. მეორე მიზეზი კი ის იყო, რომ ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში პიროვნების განვითარების პერსპექტივები თითქმის არ არსებობდა. ეს მთელი თაობის ტრაგედიაა.

– როგორი დაიწყო თქვენი რუსულ შოუ-ბიზნესში მიღება, ალბათ, ეს არ იქნებოდა იოლი. ვიცით, რომ თავიდან მუსიკითა და ცეკვით იყავით დაკავებული. როდის შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში მოდა?

ალექსანდრე: დედაქალაქი საკმაოდ თბილად შემხვდა. მოსკოვში 1993 წლის 4 მარტს ჩავედი და ოთხი დღის შემდეგ, უკვე ჯგუფ „ნა-ნასთან“ ერთად ალმა-ათაში ჩემს პირველ კონცერტზე გავემგზავრე. ორწლიანი, ყოველდღიური საკონცერტო საქმიანობის შედეგად, ბიჭებმა მთელი მსოფლიო მაჩვენეს და რაც მთავარია, გავხდი პროფესიონალი. მადლობას ვუხდი ბარი ალიბასოვს იმ ცხოვრების სკოლისთვის, რომელიც მასთან ერთად გავიარე. რამდენიმე ხანში ბედმა ახალი საჩუქარი მომივლინა – გავიცანი უდიდესი ქალბატონი აზიზა მუჰამედოვა. სწორედ აზიზას კოლექტივში მუშაობის დროს ჩემი ცხოვრების კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა შედგა. გავიცანი ასლან აჰმადოვი. ამ აღმოსავლელი ლამაზმანის ფრთებქვეშ, თავს ყველანი ერთი ოჯახის წევრებად ვგრძნობდით. რატომ ჩვენ? არ ვიცი! როგორღაც მოვახერხე, რომ იმ მომენტისთვის უკვე შევძელი დავიდის დაყოლიება და ჩემთან გაერთიანება უდიდესი დედაქალაქის დასაპყრობად! სწორედ მაშინ დაიწყო ახლა, უკვე ყოფილი, FRESH ART-ის ისტორია.

დავიდი: 2000-იანი წლების დასაწყისში, როდესაც მთელი ფესტივალი „პესნია გოდა” ჩვენ სამოსში იყო გამოწყობილი, მივხვდით, რომ ამ საქმით სერიოზულად უნდა დავკავებულიყავით და ასლანთან ერთად ჩამოვაყალიბეთ კომპანია FRESH ART. აქამდე რა იყო? აქამდე იყვნენ მოსკოვში ჩამოსული ახალგაზრდები, საოცარი, ვიტყოდი, უტიფარი თვითრწმენით. ჩვენ შევიჭერით შოუ-ბიზნესის სამყაროში ჩვენი იდეებით, რომელთა რეალიზებაც იმ დღესვე დავიწყეთ. ახლა ამას ინოვაციას დაარქმევდნენ. ახალი ქორეოგრაფია, ახალი ვოკალური დამუშავება, ახალი ვარცხნილობები, გრიმი, ტანსაცმლის ელემენტები, და, რა თქმა უნდა, ძილისა და დასვენების მუდმივი უკმარისობა. ყველა დამწყები, პირველ ეტაპზე მაინც, დღე-ღამეში მინიმუმ ოცი საათი მუშაობს.

ალექსანდრე: FRESH ART-მა რუსეთში ყველა შესაძლო „ფეშენ-ჯილდო“ მოიგო, „ფეშენ-ტივიმ“ რუსეთის ვერსიით ყველა საუკეთესო დიზაინერისა და ფოტოგრაფის აღიარება მოიპოვა. ჩვენს მიერ არის რეალიზებული: საერთაშორისო „ბესტ მოდელ ოფ ზი ვორლდ”, რუსული თეთრი მეჯლისი. ჩვენ ვქმნიდით სტილს „ბესტ მოდელისთვის” თურქეთსა და აზერბაიჯანში, „ახალი ტალღის”, პრემია „მუზ-ტივისა” და ტელეკომპანია „რასიას” პროექტებისთვის, ევროვიზია – 2005, 2006, 2009-თვის. ჩვენი გაფორმებულია მთელი რიგი მოსკოვის პრესტიჟული რესტორნებისა. შევქმენით „მოტოროლას” მობილური ტელეფონების ლიმიტირებული რაოდენობის უნიკალური დიზაინი, მეგაფონის „ბრელოკების”, „კოკა-კოლას” ორი ქილის დიზაინი. კომპანია „ეკონიკასთან” ერთად შევქმენით ფეხსაცმლის ხაზი „ეკონიკა ბაი ფრეშ არტ”. ამ წლების განმავლობაში დაგვიგროვდა ჩვენ მიერ შექმნილი – ათობით ვიდეოკლიპი, ასობით ნახატი, ათასობით ქორეოგრაფია, უამრავი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის კოლექცია როგორც ოტ-კუტიურიეს, ისე პრეტ-ა-პორტეს სტილში. ჩვენი სამსახიობო შესაძლებლობები დაფიქსირებულია ფილმებში: „გლიანეც”, „ჟარა”, სერიალში „9 თვე”, „პიოსტრიე სუმერკი” ლუდმილა გურჩენკოსთან ერთად. ასევე ჩვენი სიმღერები ტრიალებს სხვადასხვა რადიოტალღაზე.

– იქნებ გაიხსენოთ, პირველი წარმატებული ნაბიჯი. თქვენი შოუები ყოველთვის სავსეა სექსუალური, ეროტიკული, ექსპერიმენტული ელემენტებით.

– ვფიქრობ, ყველაზე ხმაურიანი მაინც ჩვენი ფეხსაცმლის პირველი გამოფენა იყო, სადაც ხელით შესრულებული, უნიკალურად დამუშავებული ასი წყვილი ფეხსაცმელი გამოვფინეთ.

დავიდი: თუ ყველაზე წარმატებულ ნაბიჯებზე ვისაუბრებთ, მაშინ ყველა ჩვენი ნაბიჯი წარმატებულია – მადლობა ღმერთს. თუ სამუშაო სიყვარულით, ხარისხიანად კეთდება, აღიარება აუცილებლად მოვა. პირველი ნაბიჯი, ალბათ, ჩანასახშივე იბადება შენთან ერთად და ამაში ღმერთის ხელი ურევია. მეორე ნაბიჯი, უკვე თავად უნდა გადადგა, ისე რომ „მაზოლებს” ყურადღება არ მიაქციო. ჩვენ შემთხვევაში ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. უპირველესად ჩვენი ნაცნობობა, მეორე კომპანია FRESH ART-ის შექმნა, მესამე... მოდი, მესამე ჩვენ ბიბლიოგრაფებს დავუტოვოთ, ჯერ ხომ ყველაფერი წინ არის! რაც შეეხება სექსს, ის პროცესის ყველა მონაწილეზე ნაყოფიერ გავლენას ახდენს – ჩვენზე, როგორც ავტორებზე და თქვენზე როგორც მაყურებელზე. სექსი – ეს ადამიანის უმთავრესი ინსტინქტია და სისულელეა ამის არაღიარება. ეს უკვე პურიტანიზმი კი არა, ჰარმონიული შეცნობის არქონაა.

– იქნებ დამისახელოთ, ის ცნობილი ადამიანები, ვინც თქვენთან იცვამენ და როგორ ფიქრობთ, რატომ აკეთებენ არჩევანს თქვენზე?

– ჩვენთან იცვამს ესტრადისა და ბიზნესის ძალიან ბევრი ვარსკვლავი: ფილიპ კირკოროვი, ლაიმა ვაიკულე, საშა, ჟაკლინ მიგალი, ალსუ, ანჟელიკა აგურბაში, ნიკოლაი ბასკოვი, ნატალია პადოლსკაია, მაშა მალინოვსკაია, ჟანა ფრისკე, ქსენია სობჩაკი, ოლგა არლოვა, ნიკიტა, სერგეი ზვერევი, ლუდმილა გურჩენკო, იგორ კრუტოი და ძალიან ბევრი სხვა. უცხოეთში კი ჩვენი მომსახურებით სარგებლობენ – დიტა ფონ ტიზი, მერლინ მენსონი, მონსერატ კაბალიე, პატრისია კასი, ლარა ფაბიანი და სხვები.

ალექსანდრე: ყველა კლიენტის ჩამოთვლას, ჟურნალი არ ეყოფა, და მინდა აქვე აღვნიშნო რომ ჩვენთვის თითოეული მათგანი ძალიან ძვირფასია. ჩვენ გვირჩევენ შემოქმედებითი გულწრფელობის, კონიუნქტურის არქონის, ყოველთვის ახლებური გადაწყვეტილებებისა და კლიენტებთან დამოკიდებულების გამო, რომელთაც ძალიან ვაფასებთ.

– რა არის ის განსაკუთრებული, რის გამოც თქვენთან იცვამენ ისეთი განსხვავებული გემოვნების ადამიანები, როგორებიც, მაგალითად, მერლინ მენსონი და მონსერატ კაბალიე არიან?

– წლებთან ერთად, ისეთი შემოქმედებითი კაპიტალი გროვდება, რომელსაც შეუძლია, ნიუანსებშიც კი დააკმაყოფილოს ყველაზე გამორჩეული კლიენტის გემოვნება. ყველა ჩვენი მომდევნო კოლექცია ტექნოლოგიურად რთულდება. გამოიყენება ქსოვილის დამუშავებისა და გარდერობის არქიტექტურის ახალი მეთოდები. თავიდან სტილის ფუნდამენტი ჩავასხით, რომელზეც ახლა კედლებს ვაშენებთ და სხვადასხვა ოთახებში კომფორტულად ვათავსებთ იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ სტილს გვანდობენ.

– რამდენიმე სიტყვით, იქნებ, პირად ცხოვრებასაც შევეხოთ. მომიყევით ალექსანდრესა და ლიზა შარიკოვას სიყვარულის შესახებ. ლიზა თქვენი შემოქმედების მუზად არის მიჩნეული.

დავიდი: ეს იმდენად ჯადოსნური და რომანტიკული ამბავია, რომ შეიძლება, საათობით, დღეებით მოჰყვე და მსმენელის აღტაცება დაიმსახურო. ლიზა ჩვენი მეგობრის მეგობარი იყო. მან შემოგვთავაზა, გვეთანამშრომლა ახალგაზრდა, კაშკაშა, თვითმყოფად მომღერალთან – შეგვემუშავებინა სტილი და მოგვემზადებინა საკონცერტო პროგრამა. ერთ დღესაც შევხვდით და მას შემდეგ აღარ დავშორებივართ.

ალექსანდრე: იმ დღემდე ერთი ნახვით შეყვარების არ მჯეროდა. ჩვენ, როგორც ყოველთვის, საქმიან შეხვედრაზე მივდიოდით. მოულოდნელად, კი დავინახე სასწაული. ამუშავდა ქიმია და როგორც კინოში, ისე გამოირთო ხმა, მთელი სამყარო და დაიწყო შენელებული, ზღაპრული გადაღება. აქამდე მსგავსი არაფერი მომსვლია. ეს იყო ჯადოსნური გრძნობა, რომელიც დედამიწაზე მცხოვრებმა ყველა ადამიანმა უნდა განიცადოს.

დავიდი: გაცნობიდან ერთი კვირის შემდეგ, ჩვენთან სახლში ყველანი ვსხედვართ, ვსვამთ ჩაის. უცებ ლიზა გადის, სახლში დიდი ძალაყინით ბრუნდება და იწყებს პარკეტის აყრას. თან ამბობს: „ისე არ მომწონს ეს პარკეტი, ისეთი ულამაზოა, ისე ბრწყინავს, რომ მტვრის უმცირესი ნაწილაკიც კი ეტყობა”. და მე გავიფიქრე: „ამ ადამიანთან საერთო ენას აუცილებლად გამოვნახავთ!”

ალექსანდრე: ჩვენი შეხვედრიდან უკვე რვა წელი გავიდა. ერთმანეთს ორ-სამ დღეზე დიდი ხნით არ დავშორებივართ. 2006 წლის აგვისტოში, ნიუ-იორკში ხელი მოვაწერეთ. მისი გაცნობის შემდეგ ჩვენი ცხოვრება უფრო სრულყოფილი, სრულფასოვანი გახდა. ჩვენი ღია, ერთგული ურთიერთობების საჩუქრად კი ქვეყანას მოევლინა ჩვენი შვილი, უძვირფასესი ემანუელი, რომელიც ღმერთმა 2007 წლის 12 სექტემბერს გვაჩუქა. ჩემი და ლიზას როგორც გარეგნული, ისე შინაგანი ურთიერთობები ასოციაციურია. ზოგჯერ ერთი ჟესტი ღირს მთელ ცხოვრებად. მასთან და ემანუელთან გატარებული ყველა დღე ჩემთვის უდიდესი სიხარულია. ლიზა ღრმა და ბრძენი ადამიანია – კეთილი გულით, არაჩვეულებრივი დედა, ერთგული მეგობარი, მოსიყვარული და საყვარელი ცოლი, ულამაზესი ქალი! ის მუზაა! I love you!

დავიდი: ალექსანდრეს და ლიზას მაგალითზე მივხვდი – როგორ იბადება ნამდვილი სიყვარული, როგორი ძალდაუტანებელი, უშუალო და მართალია ყველაფერი. მივხვდი, რომ ადამიანურ ურთიერთობებში მთავარი მამოძრავებელი სიყვარულია. სამწუხაროდ, ასეთი რამ ჯერ არ განმიცდია, მაგრამ არც კომპრომისებზე ვარ თანახმა. ვიმედოვნებ, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ასეთი ზღაპრული ისტორია ჩემ ცხოვრებაშიც დაიწერება.

– თქვენ ახალ გადაცემა „მოდის პოლიციაზე” მინდა, გკითხოთ, რომელში მოხვედრისთვისაც ვარსკვლავები იბრძვიან.

– არა მხოლოდ იბრძვიან, ხშირად გვინაწყენდებიან კიდეც, მაშინ, როდესაც ჩვენ მათზე სიმართლეს ვამბობთ. მაგრამ, საბედნიეროდ, წყენას იოლად ივიწყებენ და წამსვე ცდილობენ, თავიანთი უგემოვნობა გამოასწორონ. ეს კი, რა თქმა უნდა, გვახარებს.

– ბოლოს, უახლოეს გეგმებზეც გვიამბეთ.

ალექსანდრე: ახალი ათასწლეულის მეორე ათწლეული ჩემი და დავიდის შემოქმედებაში რუსეთში უნიკალური მრავალფუნქციური კომპლექსის გახსნით აღინიშნება. ეს იქნება გრანდიოზული რესტორანი, მოდის სახლი თავისი სახელოსნოთი, მულტიბრენდული მაღაზიები და თან ყველაფერი ეს ერთი დიზაინერული ხელწერით შექმნილი. კომპლექსი გახდება 1997 წელს „მასკვა-რეკასთან“ აგებულ ხიდ „ბაგრატიონის” ნაწილი, რომელიც სტარტს მისცემს „მასკვა-სითის“, რომელიც უკვე გახდა რუსული ბიზნესის მექა. მინის კედლების ერთი მხრიდან „მაღლა აფრენილი” „მასკვა-სითის“, მეორე მხარეს კი ქათქათა მთავრობის სახლის ხედი იშლება.

დავიდი: კომპლექსის არქიტექტურა და სტილი სამყაროს ჩვენეული აღქმის მიხედვით შეიქმნა. დეკორის ელემენტებისა და ავეჯის დიდი ნაწილი, შეკვეთით საფრანგეთში დამზადდა.

ალექსანდრე: რესტორანში მსოფლიოს საუკეთესო სამზარეულოების შეფ-მზარეულები იმუშავებენ, იქნება როგორც რუსული, ისე იტალიური, ფრანგული, იაპონური სამზარეულო. რესტორნის მენიუს პლანეტის ყველა კონტინენტის საუკეთესო კერძები ამდიდრებს, ხოლო სარდაფი სავსეა საუკეთესო ალკოჰოლური სასმელებით.

დავიდი: კომპლექსის მუსიკალურ მხარეზე, მუსიკალური დირექტორი, ჩვენი დიდი ხნის მეგობარი თბილისიდან – არჩილ მეფარიძე იზრუნებს. ყოველდღიური ჯაზის საღამოების გარდა, კვირის ბოლოს თემატური „ვეჩერინკა” იქნება მოწვეულ ვარსკვლავთან ერთად.

ალექსანდრე: თქვენც გეპატიჟებით კომპლექსის გახსნაზე, რის შემდეგაც, ალბათ, შთაბეჭდილებებს აუცილებლად გაუზიარებთ ქართველ მკითხველს.


скачать dle 11.3