კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის ზოგიერთი ქალისთვის განქორწინება კატასტროფა და რისი შიში აქვს ამ დროს მას


ურთიერთობა ორ ადამიანს შორის, მით უმეტეს, როცა საუბარია ქალსა და მამაკაცზე, რთულია და ინდივიდუალური. ხშირად რჩევის მიცემაც კი ჭირს, იმდენად პირადულია და ინტიმური ცოლ-ქმრის ურთიერთდამოკიდებულება. მხოლოდ მათი გადასაწყვეტია, დარჩნენ ერთად თუ დაშორდნენ, შექმნან ოჯახი თუ დროებით გამოსცადონ საკუთარი გრძნობა. როცა საქმე ოჯახს ეხება, სადაც მეტ-ნაკლებად ყველაფერი გარკვეულია, მესამე პირი შეიძლება, აბსოლუტურად სხვანაირად ხედავდეს იმას, რაც თავად წყვილს სულაც არ ეჩვენებოდეს ტრაგედიად. არცთუ იშვიათად, ცოლები ვერ ხედავენ ან არ ხედავენ იმას, რასაც მათი საყვარელი მეუღლე სახლის კედლებს მიღმა სჩადის. მის ყველა საქციელს უძებნიან ახსნას და ამით ურთიერთობაც ჩიხში შეჰყავთ და საკუთარი თავიც. არის შემთხვევები, როცა უნდა ენდო და დაუჯერო ადამიანს, რომელსაც გულწრფელად სურს შენი ბედნიერება. მით უფრო, თუკი ის შეუიარაღებელი თვალითაც ხედავს იმას, რაც შენთვის შეუმჩნეველია.



მარინა (29 წლის): ეს საუბარი ჩემთვის საკმაოდ მძიმეა და გამოუვალი სიტუაცია რომ არ იყოს, ალბათ, ვერც გავრისკავდი. მით უმეტეს, რომ საქმე სხვა ადამიანის ბედს ეხება, თუ, საერთოდ, შეიძლება საკუთარი და „სხვად“ მოიხსენიო. მე ვერ შევძელი მისთვის თვალის ახელა და ამას რომ წაიკითხავს, იქნებ გამოფხიზლდეს. რაღაცას მიხვდეს, ბოლოს და ბოლოს, საკუთარი ცხოვრება დაინახოს ისე, როგორიც სინამდვილეშია. თან, იმასაც ვფიქრობ, შეცდომას ხომ არ ვუშვებ. მაგრამ რა ვქნა? საშინლად განვიცდი მის ამბავს. თორმეტი წელია, უძლებს იმ კოშმარს, რომელიც საკუთარ თავს თავადვე შეუქმნა.

ამ ხნის განმავლობაში ძალიან შეიცვალა. თვითონ, მგონი, ვერ ხვდება, მაგრამ მე ხომ ვხედავ და სხვებიც ამჩნევენ. ეს ჩემი და აღარ არის. მასში ნელ-ნელა კვდება სიცოცხლე. ნელ-ნელა იფერფლება მასში ქალი. როგორ ვუყურო ამას მშვიდად, რა გული გამიძლებს. სანამ ჯერ კიდევ დროა, რეალობა უნდა დავანახვო და ვაიძულო, ცხოვრება თავიდან დაიწყოს.

– ყველა ადამიანი თავად უნდა წყვეტდეს, როგორ იცხოვროს.

– გეთანხმებით. არჩევნის უფლება ყველას აქვს და თითოეული ჩვენგანი თავად არის თავისი ბედის მჭედელი. მაგრამ, არის მომენტები, როცა შენ, მესამე პირს, უბრალოდ, უფლება არ გაქვს, არ ჩაერიო, მით უმეტეს, როცა პრობლემა შენს ყველაზე ახლობელ და საყვარელ ადამიანს აქვს. სწორედ მაგ არჩევნის უფლების გამო არ ჩავერიე თავიდან, როცა ჩემი და ბედს იმ არამზადას უკავშირებდა. გათხოვილი ვარ მეც და არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ ჩემი ქმარი იდეალურია, სხვისი კი უვარგისი. ვისაც ვინ მოსწონს და უყვარს, იმასთან უნდა იცხოვროს, მაგრამ არის რაღაც, რაც კაცს, უბრალოდ, არ ეპატიება.

– პატიება-არპატიებაც, ალბათ, ფარდობითია.

– ვხვდები, რასაც გულისხმობთ, ანუ თქვენ შეიძლება, ისეთი რამე აპატიოთ ადამიანს, მამაკაცს, რასაც მე არაფრის გამო არ ვაპატიებდი და პირიქით, მაგრამ ზოგადი სტერეოტიპიც ხომ არსებობს.

– მაგალითად?

– მაგალითად, ღალატი. შეიძლება ღალატის პატიება?

– სწორედ ეგ არის ფარდობითი. ძალიან ბევრი ქალი და ასევე, მამაკაციც, თავის პარტნიორს ღალატს უფრო პატიობს, ვიდრე სხვა, თუნდაც საყოფაცხოვრებო წვრილმანს.

– აი, მე ეგ არ მესმის. არანაირად. როგორ, ქმარს ღალატს პატიობ და იმას ვერა, სკამი მაგიდასთან კარგად რომ ვერ მისწია? ჩემი აზრით, ეს ნორმალური არ არის. რას ნიშნავს საყოფაცხოვრებო წვრილმანის ვერპატიება. მე თუ მარცხენა ხელში მიჭირავს კოვზი და ქმარს კი – მარჯვენაში, ამის გამო უნდა ვიჩხუბოთ? რა ჰქვია ამას? სამაგიეროდ, საყვარელთან ძრომიალს ვაპატიებთ. შეიძლება, გაგიჟდე. წარმოუდგენელ რაღაცას მეუბნებით.

– ამას მე კი არა, ფსიქოლოგები ამბობენ.

– და, ძალიანაც ცდებიან. გულახდილად მითხარით, მოღალატე ქმარი უკეთესი ასატანია, თუ ვიდრე ის, რომელიც წვნიანს ხვრეპს ან ჩაის ხმაურით სვამს? გასაგებია, რომ ცოლ-ქმარი ერთმანეთს უნდა შეეწყოს თვისებებითა და ჩვევებით. მაგრამ იმის გამო, რომ ამ წვრილმანებში ეწყობი, „მსხვილმანზე“ თვალი უნდა დახუჭო?! მე არასოდეს ჩავძიებივარ, როგორ ჰქონდათ საქმე „წვრილმანებში“ ჩემს დას და სიძეს. ეს ორი ადამიანის ცხოვრებაა და ყოველთვის მათ შორის დარჩება. ასეც უნდა იყოს. არასოდეს ჩამიყვია ცხვირი სხვის ინტიმურ გარემოში და არც არასოდეს ჩავყოფ, მაგრამ ვერ დავუშვებ იმას, რომ ჩემი და უბედური იყოს და მისი უბედურება დიდხანს გაგრძელდეს. დიდხანს ვინ ჩივის, დაუსრულებლად.

– თქვენს დას ქმარი ღალატობს?

– „ღალატობს“ კიდევ რბილად ნათქვამია. ამას უკვე სხვა რაღაც ჰქვია. რამდენი წელია, ისე ექცევა, როგორც არარაობას. ჩემი და კი მაინც არ შორდება. რამდენჯერ იყო მისული მათი ურთიერთობა ბოლო ზღვარზე, მაგრამ ჩემი სიძე ისეთი ნაძირალაა, ყოველთვის ახერხებდა ჩემი დის გასულელებას. ჩემი და ჩემზე ხუთი წლით არის უფროსი, მაგრამ რაც თავი მახსოვს, სულ ჩემი დასაცავია.

– პიროვნულად არის სუსტი?

– არც ვიცი, ამას რა დავარქვა. ალბათ, მართლაც პიროვნული სისუსტეა. მოთხოვნილება აქვს, აუცილებლად იყოს ვიღაცაზე „ჩამოკიდებული“. ამ დროს მშვენიერი განათლებაც აქვს მიღებული და სამსახურშიც პატივს სცემენ. თავისუფლად შეუძლია, დამოუკიდებლად იცხოვროს. სულაც არ სჭირდება ქმარი. მით უმეტეს ასეთი, როგორიც ახლა მისი ბორკილი უფროა. ყველანაირად უშლის ხელს ნორმალურ ცხოვრებაში. ჩემი დისთვის ქმართან განშორება სასურველი კი არა, სასიცოცხლოდ აუცილებელია, მაგრამ, ვერ ვაგებინებ ამას. არ ესმის. უფრო სწორად, არ უნდა და არ იგებს. სხვა რა ვთქვა, არ ვიცი. თავიდანვე, როცა ცოლად მიჰყვებოდა გავაფრთხილე: იცოდე, ინანებ-მეთქი.

– რატომ? ატყობდით სასიძოს, რომ თქვენს დას ბედნიერს ვერ გახდიდა?

– რა თქმა უნდა. ვერ დავიკვეხნი, რომ კაცების ფსიქოტიპის ზუსტი ამოცნობა შემიძლია, მაგრამ ჩემი სიძის „გაშიფვრას“ ფსიქოლოგობა არ სჭირდება. შუბლზე აწერია, რაც არის. თავქარიანი, უპასუხისმგებლო კაცი, რომელსაც საკუთარი თავის გარდა, არავინ უყვარს. მაშინვე ვუთხარი ეს ჩემს დას და არც იმას მოვრიდებივარ, ერთი კარგად შემემკო „მისი ძვირფასი შეყვარებული“. მაგრამ გაიგონა? – აიხირა, მიყვარს, მიყვარსო. ასეთი არაჩვეულებრივი ადამიანი მეორე არ მინახავსო. ვუყვარვარ და ყოველთვის იზრუნებს ჩემზეო. ერთი სიტყვით, ვერაფერი შევასმინე. საერთოდ არაფრის გაგონება არ უნდოდა. ვერც მე აღვუდექი წინ და ვერც ვერავინ. მაინც თავისი გაიტანა. თავიდან ითმენდა. შეუძლებელია, პრობლემები თავიდანვე არ ჰქონოდათ. ადამიანები ხომ არ იცვლებიან, იმიტომაც ვთქვი, ითმენდა-მეთქი. პირში წყალი ჰქონდა ჩაგუბებული და ბედნიერი ცოლის როლს თამაშობდა.

– იქნებ, იყო კიდეც ბედნიერი?

– ბედნიერი თავის ეგოისტ, შეუგნებელ ქმართან? – გამორიცხულია. დარწმუნებული ვარ, ქორწინების პირველივე დღეებიდანვე ღალატობდა. ტიპაჟია ასეთი. გესმით ჩემი? თანაც არ უყვარს ჩემი და.

– თუ არ უყვარდა, რატომ შეირთო ცოლად?

– იმიტომ რომ, აწყობდა. ძალიან ბევრ კაცს სწორედ ასე ჰყავს შერთული ცოლი. ის კი იციან, როგორი ქალი სჭირდებათ გვერდით, რომ თავი არხეინად იგრძნონ. იმას რა ჯობია, თავზე რომ გევლებიან და განებივრებენ. ამაზე კარგი რა შეიძლება, იყოს. ეგოისტმა მამაკაცმა ზუსტად იცის, ვინ შეუქმნის კომფორტს, ვინ მოუვლის ერთგულად, ვინ აიტანს მის „ხუშტურებს“ წარბშეუხრელად, ვინ გაუზრდის შვილებს და ვინ ამოუდგება მხარში ჭირშიც და ლხინშიც – რა თქმა უნდა, ქალი, რომელსაც უყვარს. უყვარს ანგარიშმიუცემლად, მხოლოდ გულით და არა გონებით. ასეთი ქალი ღალატსაც გაპატიებს. ამიტომაც, უმჯობესია, ცოლად ამისთანა გყავდეს, შენ კი თავისუფლად „იგრიალო“. თუ დასჭირდება, კაცის საკეთებელსაც უსიტყვოდ გააკეთებს. ჩემმა სიძემ ძალიან კარგად გათვალა. ჩემი დის სახით მან ერთგული ძაღლი, მონა შეიძინა.

– თქვენს დას, ალბათ, არ მოეწონება, ამას რომ ამბობთ?

– მე ვიცი, რასაც ვამბობ. არაფერს ვაჭარბებ. ერთ სიტყვასაც არ ვამბობ გადამეტებულს, ან შეურაცხმყოფელს. ჩემმა დამ თავად ჩაიგდო საკუთარი თავი ამ დღეში. თავის დროზე არ დაანახვა, რომ პიროვნებაა და არავის მისცემს უფლებას, დაჩაგროს, ატკინოს, შეურაცხყოფა მიაყენოს. სულ ვუმეორებდი, ნუ უკეთებ შენს ქმარს იმას, რასაც არ იმსახურებს-მეთქი. ოჯახში ერთპიროვნულ დიქტატორად აქცია. ერთგული ძაღლივით უქიცინებდა კუდს ყველაფერზე და ბავშვებსაც ამას აიძულებდა. ის ვაჟბატონი შვილების მიმართაც ასეთივე უყურადღებოა. პირველ ადგილზე ყოველთვის ყველგან და ყველაფერში, საკუთარ „მეს“ აყენებს.

– შვილებიც არ უყვარს? ამისი თქმა გინდათ?

– იცით, რაშია საქმე? ასეთმა ხალხმა საერთოდ არ იცის, რა არის სიყვარული. უნარი არ აქვთ, ვინმე შეიყვარონ. მთავარია, რომ საკუთარი თავი უყვარს. ეს სრულიად აკმაყოფილებს. ამაშია საქმე.

– თქვენი და რაღატომ არის მასთან?

– აი, ახლა მივადექით მთავარს. მართალი ბრძანდებით. პრობლემა ჩემს დაშია და არა ჩემს სიძეში. გაიძახის, მიყვარს, მის გარეშე ვერ ვიცოცხლებო და მიშლის ნერვებს. ძალიან კარგად იცხოვრებს. იმაზე გაცილებით კარგად, ვიდრე ახლა. იმიტომ, რომ ახლა მის ცხოვრებას ცხოვრება არ ჰქვია. სანამ ჭორის დონეზე მესმოდა ჩემი სიძის საყვარლების ამბავი, კიდევ ჩუმად ვიყავი, მაგრამ მე თვითონ რომ დავიჭირე ფაქტზე? საყვარელთან ერთად მაღაზიაში შემოვიდა. ისეთი სიცილ-კისკისი და „ჭუკჭუკი“ გაუდიოდათ, გავცოფდი. მინდოდა, იქვე მიმეხრჩო ორივე, მაგრამ მოვერიე თავს. შევძელი, საკუთარი ნერვები მომეთოკა. სხვათა შორის, მაშინვე ჩემს დასთანაც არ გავქცეულვარ. საკმაოდ დამშვიდებულმა, საღ გონებაზე მივიღე გადაწყვეტილება, ჩემი დისთვის ყველაფერი მეთქვა. როდემდე უნდა ყოფილიყო სულელურ როლში, თანაც თვითონაც მიბიძგა ამისკენ და ისეთი რაღაც გააკეთა, ჩემს ყოყმანს ბოლო მოეღო.

– რა გააკეთა?

– დამირეკა და მითხრა, გიოს (ასე ჰქვია ჩემს სიძეს. გიორგი ჰქვია, მაგრამ ცოლი „ეფერება“) სამსახურში აბრაზებენ, ძალიან გადაიღალა და რამდენიმე დღე სადმე უნდა გავუშვა, დაისვენოს, იქნებ, სანამ ლატარიას ავიღებ, ფული მასესხოო. მაშინვე მივხვდი, რა გადაღლაზე იყო საუბარი. ამას ფული უნდა ესესხა, მერე მის დაბრუნებაზე „ეპახავა“ და ის ვაჟბატონი თავის „ნაშასთან“ ერთად „საგრიალოდ“ წაბრძანდებოდა. თქვენ როგორ მოიქცეოდით ჩემს ადგილას. გაჩუმდებოდით? – რა თქმა უნდა, არა. ჰოდა, ვერც მე გავჩუმდი. გავჩუმდი კი არა, გადარეულივით მივქანდი ჩემს დასთან. ვუთხარი, რაც ვნახე. ისე გაფითრდა, შემეცოდა, მაგრამ ავადმყოფს თუ დროზე არ უთხარი, რაც სჭირს, შეიძლება დაიღუპოს. არ მახსოვს, რამდენ ხანს ვლაპარაკობდი. მთელი მისი ცხოვრება „დავუხატე“, გათხოვების დღიდან მოყოლებული. ვცდილობდი, გამეგებინებინა მისთვის, რომ ქმრისთვის არაფერს წარმოადგენდა. ნივთიც კი არ იყო, მხოლოდ მოსამსახურე. კარგი, გავეყრებიო. მეც ვამჩნევდი რაღაცას, მაგრამ დაჯერება არ მინდოდა. დღესვე გავაგდებ სახლიდან. წავიდეს, იმ თავის კახპასთან. სასამართლოშიც შევიტან გაყრაზე მოთხოვნასო. როგორც გინდათ, ისე გამიგეთ – გამიხარდა. ნებისმიერ შემთხვევაში უკეთესად იცხოვრებდა, თავისი იდიოტი ქმრის გარეშე. იქნებ, ვინმე ნორმალურ ადამიანსაც შეხვედროდა. შენ ხომ დამეხმარებიო, – მკითხა. აბა, რას ვიზამ. სულ გვერდით გეყოლები. ერთი წუთით არ შეგეპაროს ეჭვი, რომ ყველაფერს გავაკეთებ, შენი ბედნიერებისთვის-მეთქი. სახლში რომ დავბრუნდი, თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს მძიმე ლოდი მომეხსნას მხრებიდან. ჩემს ქმარს ვუთხარი, მორჩა, მგონი, ამჯერად საბოლოოდ ავუხილე თვალები და ახალ ცხოვრებას დაიწყებს-მეთქი. ეჭვით გადააქნია თავი. შენი და მაინც აპატიებსო. აღვშფოთდი. არა, გამორიცხულია-მეთქი. აი, ნახავო. მართლაც ასე მოხდა. ორი კვირა ჰყავდა გაგდებული სახლიდან და გაიძახოდა, მორჩა, მე მაგასთან შემრიგებელი არ ვარო. ადვოკატის მოძებნაც კი მთხოვა, მერე გავიგე, რომ შერიგდნენ. მეგობარმა დამირეკა, რომელმაც ეს ამბავი იცოდა და მითხრა, სუპერმარკეტში ვნახე შენი და და სიძე ერთად. იმათ ნაჩხუბრობის არაფერი ეტყობოდათ, ისე შესციცინებდა შენი და სახეშიო. მართლა იყრებიანო?! კინაღამ გავგიჟდი. მაშინვე ჩემს დასთან დავრეკე. ჩემმა სიძემ მიპასუხა. შენს დას აღარ დაელაპარაკები. ტვინს ურევ და ოჯახს უნგრევ. აღარც აქ მოხვიდე, შენს თავს და შენს ოჯახს მიხედეო. ნაძირალა! არ ვიცი, ასეთი რა უთხრა ჩემს დას. როგორ გამოაშტერა და გაასულელა ისევ. აქეთ ჩემი ქმარი მეჩხუბა, ხომ გითხარი, შენი და მაგის მიმტოვებელი არ არის, რატომ არ დაიჯერეო. ერთი სიტყვით, ახლა ვფიქრობ, რატომ არის ჩემი და ასეთი სულელი და საცოდავი. რატომ ეშინია, მოშორდეს თავის ურჩხულ ქმარს. რატომ ჰგონია, რომ დაიღუპება მის გარეშე. რა ჰქვია ამას, არასრულფასოვნების კომპლექსი თუ რამე ფობია. მაინც რისი ეშინია. უსახსრობის? ეს თითქმის გამორიცხულია. იმიტომ, რომ ოჯახს, ფაქტობრივად, თავად არჩენს. უკაცოდ დარჩენის? – ესეც სისულელეა. კაცის მეტი რა არის. თავის ქმარზე უარესს სადღა ნახავს? ერთი სიტყვით, გაოგნებული ვარ. ისეა ამ თავის არამზადა ქმარს ჩაბღუჯული, როგორც წყალწაღებული – ხავსს. არადა, საამისო არაფერი სჭირს. როგორ გადავარჩინო და გავაგებინო, რომ ოჯახის დანგრევა კატასტროფა არ არის.


скачать dle 11.3