კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არავის უშვებს ოთახში კოლექციაზე მუშაობისას ინგა ლაზარაშვილი


ხატვას ნიჭი რომ უნდა ეს უდავოა, მაგრამ უფრო დიდი ნიჭია, როცა არ იცი და მაინც ხატავ. დღეს კი არაორდინარულ მხატვრობასთან და მხატვართან გვაქვს საქმე, რომელსაც საკუთარი ნამუშევრების არა მარტო გაჩუქება, არამედ გაყიდვაც ენანება. მისი კოორდინატების გაგებისთანავე მობილურ ტელეფონში მისი ნომერი მოვინიშნე, როგორც ქვიშის გოგო – ინგა ლაზარაშვილი. თუ რატომ, ქვიშის გოგო, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მას მხატვრობასთან ერთად, კულინარიის დიდი ნიჭიც აქვს. გადაღებაზე მისულებს საკუთარი ხელით გამომცხვარი ხაჭაპური, ნამცხვარი და გემრიელი სუფრა დაგვახვედრა. ისე მომეწონა, ლამის დამავიწყდა კიდეც რისთვის მივედი.

ლაზარაშვილების ოჯახს, თამამად შეიძლება, ნიჭიერ ხელოვანთა დინასტია ვუწოდოთ, რადგან სამი და მეუღლეებთან ერთად ხელოვნების სხვადასხვა დარგში მოღვაწეობენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათთან სტუმრად ვერასოდეს მოიწყენ.

– როგორ მოგივიდა აზრად, რომ ქვიშით დაგეხატა?

– თავიდან ნახატებთან და ზოგადად, ხატვასთან არანაირი შეხება არ მქონია. უბრალოდ, ფერად ქვიშას სასანთლეების და აბაჟურების გასაფორმებლად ვიყენებდი. მოგვიანებით, ეგვიპტური იეროგლიფებით დავწერე ქართული სახელები და ძალიან ლამაზი გამოვიდა. მერე უკვე ნახატების გაკეთებაც დავიწყე და არცთუ ისე უშედეგოდ.

– რამდენი დრო იხარჯება ერთი ნახატის შექმნაში?

– ნახატის სირთულიდან გამომდინარე, შეიძლება, ერთი თვეც მოვუნდე, მაგრამ საშუალოდ 1-2 კვირა მჭირდება.

– რატომ აირჩიე დასახატად ფიროსმანი, ვანგოგი, გოგენი და ასე შემდეგ?

– უპირველესად, ჩემი საყვარელი მხატვრები არიან და ალბათ, აქედან გამომდინარე. შემდეგ არის ის, რომ ამ მხატვრებზე დიდი მოთხოვნაა და ბევრს უყვარს.

– მნახველებს რა რეაქცია აქვთ?

– შორიდან ვერ აღიქვამენ, რომ ეს ქვიშაა, დახატული ჰგონიათ, მაგრამ ახლოს რომ მოდიან და ეხებიან, გაოცებას ვერ მალავენ.

– არის თუ არა შენი შემოქმედების მიმდევარი საზოგადოება, ანუ პოპულარულია თუ არა ეს საქმე?

– მე მოვიძიე, კიდევ ვინმე თუ იყო ამ საქმით დაკავებული, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არავისზე ინფორმაცია არსად არ არის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ერთადერთი შემოქმედი ვარ, რომელსაც კონკურენტი არამცთუ საქართველოში, მთელ მსოფლიოში არ ჰყავს. შეიძლება, ეს ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ამ ეტაპზე ასეა და ამის საავტორო უფლებაც მაქვს.

– რა წერია საავტორო უფლებაში?

– რომ ამ ტექნოლოგიით, ანუ ქვიშით ხატვა, მსოფლიოში არ არსებობს და პირველი მე ვარ.

– პროფესიით მსახიობი ხარ და სამხატვრო განათლებაც გაქვს?

– არა. არანაირი სამხატვრო განათლება არ მაქვს. ხატვაზე არასოდეს მივლია და ტერმინებიც კი არ ვიცი. პროფესიონალმა მხატვარმა რომ შეხედოს ჩემს ნამუშევრებს, აუცილებლად მიხვდება, რომ კონტურები, ჩრდილები, შტრიხები და ასეთი რაღაცეები არაპროფესიონალურად არის შესრულებული, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემია.

– არ აპირებ, რომ უფრო საფუძვლიანად და პროფესიულ დონეზე შეისწავლო ხატვა?

– ალბათ, ვისწავლი, მაგრამ თანდათან იხვეწება ჩემი ნამუშევრები. ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება პირველი და ბოლო ნამუშევარი და მიხარია, რომ ამას ჩემს გარდა სხვებიც ამჩნევენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მე გავიზარდე და დავიხვეწე.

– თავიდან ნახატის კონტურებს აკეთებ და მერე იწყებ ქვიშით გაფორმებას?

– არა. პირდაპირ წებოთი და ქვიშით ვიწყებ. უბრალოდ, ხატვას ვიწყებ ემოციებითა და წარმოსახვით, მაგრამ ზოგჯერ ისე ხდება, რამდენიმე ხანში ვხვდები, რომ ამის ბოლომდე დახატვას აზრი არ აქვს, ვჩერდები და ახალ ნამუშევარს ვიწყებ. რაც შეეხება ცნობილი მხატვრების ნახატებს, მაგალითად, ფიროსმანს ზოგიერთი ნახატი დიდი აქვს და რა თქმა უნდა, იმ მასშტაბში არ ვაკეთებ. თუმცა, პროპორციულად, ნახატის ზუსტი ასლები გადამაქვს.

– შენ ხომ ბაირამიქსსაც იყენებ?

– კი. ერთ-ერთი ფერის ქვიშა ვერ ვიშოვე და სრულიად შემთხვევით, „ელიავაზე“ მივაგენი იმ ფერის ბაირამიქსს, გავრეცხე, გავასუფთავე და გამოვიყენე, რომელიც, აგრეთვე, ძალიან მოუხდა.

– ნამუშევრის ჩუქებას ხშირად გთხოვენ მეგობრები?

– კი. საკმაოდ ხშირად, მაგრამ არ მიყვარს გაჩუქება. შეიძლება ვიღაცას დავუხატო, მაგრამ არა ისე, რომ უკვე დახატული ვაჩუქო. როცა ვიცი, კონკრეტული ადამიანისთვის ვხატავ, მაშინ არ მენანება. მაგრამ ისე, არ არსებობს რომ გავაჩუქო. იმიტომ კი არა, რომ ის ადამიანი ჩემთვის არაფერს ნიშნავს, უბრალოდ, მე მთელ ჩემს ენერგიას, გულს და ემოციებს ვაქსოვ ნახატში და იმას ნამდვილად ვერ შეველევი.

– ესე იგი, მათი გაყიდვაც დაგენანება?

– კი. ხშირად გაყიდვის შემდეგ რაღაც სიცარიელეს ვგრძნობ და ამიტომ, ვცდილობ, შეკვეთებზე ვიმუშაო. ან არადა ვხატავ სპეციალურად გასაყიდად. რა თქმა უნდა, მათაც იგივე ენერგიას ვახმარ და გულით ვაკეთებ, მაგრამ ვიცი, რომ ის უნდა გაიყიდოს და თავიდანვე ვეგუები.

– გყავს 3 კვირის შვილი. ფეხმძიმობის პერიოდში თუ ხატავდი და ახლაც თუ მუშაობ?

– მთელი 9 თვე არ გავჩერებულვარ. გაბერილი მუცლით ძლივს ვიჯექი, მაგრამ მაინც ვხატავდი. არც ახლა ვჩერდები. ბავშვის მოვლაში მეუღლე, დედა და დები მეხმარებიან. იყო პერიოდი, როცა რეპეტიციებისა და სპექტაკლების გამო, ქვიშასთან ურთიერთობას ვეღარ ვახერხებდი, რამაც ძალიან იმოქმედა ჩემზე. სულ ცუდად ვიყავი, სულ გადაღლილი სახე მქონდა და მერე მივხვდი, რისგან გამომდინარეობდა. სამუშაო პროცესი არასოდეს მღლის, პირიქით, ისე დამღამებია მუშაობაში, თვალების დაბინდვით მივმხვდარვარ, რომ საჭმელიც არ მიჭამია. რაც მთავარია, მუშაობის პროცესში არავინ არ უნდა იყოს ოთახში, თორემ გონება მეფანტება და ვწყვეტ ხატვას.

– გამოფენის გაკეთებას არ აპირებ?

– როგორ არა. ერთი გამოფენა უკვე მქონდა, სადაც ეგვიპტური იეროგლიფებით გაკეთებული ნამუშევრები გამოვფინე. ახლა, უფრო დიდი და მასშტაბური მინდა, რომ გავაკეთო დიდ დარბაზში. დიდ დარბაზს კი ბევრი ნახატი სჭირდება და ამიტომ, როგორც კი გავაკეთებ შესაბამისი რაოდენობის ნახატს, მაშინვე გამოვფენ.

– ბავშვობაში როგორი დამოკიდებულება გქონდა ქვიშასთან?

– ბავშვობაში პასქებს და ნამცხვრებს ვაცხობდი ქვიშისგან, როგორც ყველა ბავშვი, მაგრამ რომ ვთქვა, რაღაც მსგავსს ვაკეთებდი-მეთქი, არა. ბავშვობიდან ჩხირკედელა ვიყავი, ერთი პერიოდი თოჯინებს ვკერავდი და ვქსოვდი. ყოველთვის მიყვარდა ხელით შესასრულებელი სამუშაო. ბოლოს და ბოლოს, მივაგენი ჩემს საქმეს, რომელსაც მთელი ცხოვრება გავაგრძელებ. იმ დროიდან მიყვარდა უსარგებლო ნივთების შეგროვება, რომელსაც ჩემი ფანტაზიებისთვის ვიყენებდი და დღემდე ასე ვარ.

– ესე იგი, ყველაფერთან ერთად გამოყოფილი გაქვს „ბარახლოების“ ოთახი?

– ასეც შეიძლება, ითქვას. ყველამ იცის, თუ რამის გადაგდებას დააპირებს, ჯერ მე უნდა მაჩვენოს (იცინის).

– შენი ქვიშასთან დამოკიდებულება, განსხვავდება სხვებისგან. ახლა რომ ავდგე და ეს ქვიშა ძირს დავყარო, რას იზამ?

– წეღან რომ ვალაგებდი, ცოტა დამებნა მაგიდაზე და არ შევიმჩნიე, მაგრამ ძალიან ავღელდი. სამუშაო მაგიდაზე თეთრ მუყაოს ქაღალდს, გარდა იმისა, რომ არ დაისვაროს, სხვა დატვირთვაც აქვს, ქვიშა რომ ზედ დაიყაროს და მერე ადვილად მოვაგროვო. მგონია, ქვიშა ცოცხალი არსებაა და ის ჩემი, მე კი მისი დახმარებით, ავლაპარაკდებით. ხშირად ჩემი ნახატებიც მელაპარაკებიან: შენ თუ ქვიშას დააბნევ, დარწმუნებული იყავი, კარგს არაფერს დაგმართებ (იცინის).

– ვხედავ, ულამაზესი ეგრეთ წოდებული „გორკა“ ნახევრად დაშლილ მდგომარეობაშია. რას უპირებ?

– უკვე გაკეთებული მაქვს სხვადასხვა ტიპის ავეჯის ქვიშით მოპირკეთება. ახლაც სწორედ ამ პროცესში ვარ. მოვხსენი მინები, რომელსაც ქვიშით უნდა გავუკეთო დიზაინი და აგრეთვე ჩუქურთმებსაც ამით გავაფორმებ.

– როცა ადამიანზე ამბობენ, გემრიელი ხელი აქვსო, გულისხმობენ, კარგ კულინარს. შენ წეღან ახსენე, რომ ხშირად შენი ნახატები გელაპარაკებიან. მე კი მინდა, გითხარა, რომ შენი გამომცხვარი გემრიელი ხაჭაპური მელაპარაკებოდა და მეუბნებოდა, შემჭამე, შემჭამეო. შენს ხელში აღმოჩენილი ნებისმიერი ნივთი გემრიელ სტატუსს იძენს.

– ჰო. რაღაც ისე გამოვიდა, რომ ღმერთმა თავში რაც ტვინი ჩამიდო, ერთი იმდენი ხელებში მომცა. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ ყველას აქვს რაღაცის ნიჭი. მთავარია, ამ ნიჭს მივაგნოთ და განვავითაროთ.


скачать dle 11.3