კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა „ბარტერი” შედგა ნანკა კალატოზიშვილსა და ნოე სულაბერიძეს შორის და დაიხურა თუ არა „სიმართლის დრო“


მთელი სეზონის განმავლობაში აკეთებდე გადაცემა „სიმართლის დროს”, ითანხმებდე ცნობილ ადამიანებს მასში მონაწილეობის მიღებაზე, რომლებიც საკუთარ იმიჯს უფრთხილდებიან და, თან, მაღალი რეიტინგი გქონდეს, დამეთანხმებით, საკმაოდ რთული და სტრესული სამუშაოა. ამ სამუშაოს ყველაზე დიდი ნაწილის შესრულება კი ყოველთვის გენერალურ პროდიუსერს უწევს. ნოე სულაბერიძე უკვე დახურულ „სიმართლის დროზე” მხოლოდ მართალს ყვება და არც იმას გამორიცხავს, რომ შოუ ცოტა ხანში ისევ დაუბრუნდება „იმედის” ეთერს.


ნოე სულაბერიძე: პროექტის საკითხი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, პაუზა ავიღეთ, რომლის ხანგრძლივობა გარკვეული არ არის, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად გაგრძელდება.

– პაუზა რამ გამოიწვია?

– ალბათ, ეთერში დაძაბულობის დიდი დოზა იყო. „სიმართლის დრო” სრულიად ახალი სიტყვა იყო ქართულ სატელევიზიო სივრცეში, რომელიც არაერთგვაროვნად იქნა გაგებული და მიღებული, ამიტომ, შეჩვევასაც დრო სჭირდება. იყო ისეთი შეფასებებიც რომ, თითქოს, პაუზა იმიტომ ავიღეთ, რომ ამდენი ნეგატივის ჩვენება არ შეიძლებოდა. ჩვენ კი პირიქით ვფიქრობთ, ანუ, ეს სულაც არ იყო ნეგატივი, ეს იყო სრულიად ახალი სიტყვა, რომლის მიღება თავიდან გაუჭირდა მაყურებელს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც მიიღო. ცოტა პაუზა საჭიროა – რაღაცას შევცვლით, რაღაც სიახლეებსაც შევიტანთ, რომ მაყურებლისთვის უფრო საინტერესო იყოს. იმედი გვაქვს, გამოგვივა.

– კითხვები მაყურებელს თითქოს ეუხერხულებოდა, მაგრამ, სინამდვილეში, სწორედ ამ კითხვების გამო უყურებდნენ გადაცემას.

– აბსოლუტურად გეთანხმები. ბევრი იყო საუბარი იმის შესახებ, რომ კითხვები ეპატაჟური იყო, მაგრამ, თუ, ვთქვათ, სტუმარს არ ჰქონდა ისეთი ისტორია, რომ საკმარისად ინტიმური და მძაფრი კითხვები დაგვესვა, ამბობდნენ, რომ მათ რბილად ვეპყრობოდით. ხომ წარმოგიდგენიათ, რა რეიტინგი ექნებოდა გადაცემას, სტუმრისთვის რომ დაგვესვა კითხვა იმის შესახებ, გადაუკვეთავს თუ არა მას ქუჩა წითელ შუქნიშანზე, როგორც ეს ამერიკულ ვერსიაში ხდება. იმის თქმა მინდა, რომ კითხვების სიმძაფრე მაყურებელმაც მოითხოვა. თუმცა, ასე ცალსახად თქმაც ძნელია, რადგან იყო მაყურებლის კატეგორია, რომელსაც ეს სიმძაფრეც აწუხებდა. ვცდილობდით, ოქროს შუალედი დაგვეცვა, რომ გადაცემაში ახალი სიტყვაც ყოფილიყო, საინტერესოც და არავის აგრესია არ გამოგვეწვია. აჟიოტაჟი, რომელიც ამ პროექტმა გამოიწვია, მხოლოდ მის სახალხოობაზე მეტყველებს. თუ იყვნენ ამ გადაცემაში მონაწილეები, რომელთა გამოჩენაზეც საზოგადოებას პროტესტი გაუჩნდა, მინდა ვთქვა, რომ ყოველი მათგანი ამ საზოგადოების ნაწილია. ეს ის ადამიანები არიან, ვინც ჩვენ გვერდით ცხოვრობენ, ზოგიერთი ისტორიასაც ქმნიდა და ჩვენს საზოგადოებასაც აყალიბებდა. ვფიქრობ, დროა, ადამიანებმა ღიად ილაპარაკონ როგორც ეთერში, ისე მის მიღმა.

– მაყურებელს ისიც აწუხებდა, რომ ზოგიერთ სტუმარს არ უსვამდით შეკითხვებს იმ ისტორიებიდან, რომლებიც მასზე იყო ცნობილი.

– მოდი, პირდაპირ გიპასუხებ: სულ რაღაც ორი კვირის წინ ეს გადაცემა რუსეთის პირველ არხზე გამოჩნდა. ვუყურეთ და სიამაყის გრძნობა დაგვეუფლა, რომ ჩვენ ერთი ნაბიჯით წინ ვიყავით, რადგან ქართულ სატელევიზიო სივრცეში ეს გადაცემა უფრო ადრე გავიდა. საქართველო ერთადერთია იმ უამრავი ქვეყნიდან, სადაც ეს გადაცემა გადის და სადაც სტუმრები ცნობილი სახეები იყვნენ. თვითონ პროექტის ავტორებსაც კი ამერიკაში, არ სჯეროდათ, რომ ჩვენ შევძლებდით მთელი ერთი სეზონის განმავლობაში ეთერში გაგვეტანა საზოგადოებისთვის აქტუალური თემები და გამოგვეყვანა ცნობილი სახეები. არანაკლებად მნიშვნელოვანი იყო აქტუალური თემა. სულ მახსენდება ცოტნე გამსახურდიას ცოლის, სოფო ჩიკვილაძის გამოსვლა, რომელიც თვითონ დაგვიკავშირდა. ძალიან ბევრი მსჯელობა იყო ამის გარშემო, მაგრამ ყველაფერი მარტივად მოხდა – ჩვენ მას მივეცით შანსი, რომ ჩვენი ეთერიდან ეთქვა თავისი სიმართლე. მაგრამ, ძალიან დიდხნიანი მოლაპარაკება დასჭირდა ბერ-მონაზონ თეოდორეს მეუღლის დათანხმებას გადაცემაში მონაწილეობის მიღებაზე. ეს იყო ალბათ ყველაზე შთამბეჭდავი გადაცემა „სიმართლის დროის” ისტორიაში. თუმცა, ეს მოლაპარაკება არ გულისხმობდა იმას, რომ ჩვენ რაიმე კომპრომისზე წავიდოდით და მისი ცხოვრების რომელიმე დეტალს შეგნებულად ავუვლიდით გვერდს. მოლაპარაკება მიმდინაორებდა სულ სხვა მიმართულებით. ბევრი ეპატაჟური გადაცემა იყო მანამდე, ეს თემა კი საოცრად სენსიტიურია ყველასთვის. ამიტომ, ქალბატონი გულიკოსთვის ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ გადაცემა სულ სხვა ფორმატის იქნებოდა, ანუ ისეთი, როგორიც ის საბოლოო ჯამში იყო.

– ბევრს საუბრობდნენ დეტექტორის საიმედოობა-არასაიმედოობასა და კიდევ, იმაზე, ხდებოდა თუ არა სტუმართან კითხვების შეთანხმება.

– დეტექტორის საიმედოობაზე კი არა, იმაზეც კი იყო მსჯელობა, საერთოდ არსებობს თუ არა ის. გარწმუნებთ, რომ ეს არ არის რაღაც მისტიკური ხელსაწყო, ის მართლა არსებობს და მისი გამოცდა მოხდა ყველა იმ სტუმრის მიერ, რომლებიც გადაცემაში მოვიდნენ. სხვათა შორის, მთელი სეზონის განმავლობაში იმ სტუმრებიდან, რომლებმაც გადაცემის წინააღმდეგ პრესკონფერენციები გამართეს და გამოსვლები მოაწყვეს, არავინ მოსულა და დეტექტორის სიზუსტეში ეჭვი არ შეუტანია. არც კი მოუკითხავთ ის მასალა, რომელიც ვიდეოფირით იყო დაფიქსირებული.

– არ ყოფილა ისეთი მასალა, რომელიც ეთერში არ გაგიშვიათ?

– არა, ასეთი შემთხვევა არ ყოფილა. ის კი არა, „ვაიმე, ეს როგორ ვთქვი, იქნებ ამოჭრათო“ – ეს ფრაზაც კი არ მომისმენია სტუმრებისგან. გადაცემის ჩანაწერი ქრონომეტრაჟის გამო იჭრებოდა, საიდანაც რჩებოდა ის, რაც, მთელი გუნდის გადაწყვეტილებით, ყველაზე საინტერესო იყო.

– ის აჟიოტაჟი, რომელიც რამდენიმე გადაცემას მოჰყვა, ჩაწერისთანავე ჩხუბით დაიწყო?

– აჟიოტაჟი იწყებოდა ჩაწერის დასრულებისთანავე და მთავრდებოდა გადაცემის ეთერში გასვლის დროს. გადიოდა თუ არა გადაცემა, სიტუაცია ეგრევე წყნარდებოდა, მეორე დღეს ის აღარავის ახსოვდა. მართალია, მსგავსი ტიპის სკანდალები გადაცემის მაყურებლის რაოდენობას ზრდის, მაგრამ ჩვენი თვითმიზანი ვინმეს გაბრაზება ნამდვილად არ ყოფილა. გადაცემას ისედაც საკმაოდ მაღალი რეიტინგი ჰქონდა, ამიტომ ასეთ შემთხვევებს ადამიანურად ძალიან განვიცდიდით. ყველა ოთხშაბათი, ანუ სამშაბათის გადაცემის მეორე დღე, საზოგადოების განსჯის თემა იყო.

– ალბათ, მაყურებელს ძალიან აინტერესებს, რა სირთულის უნდა ყოფილიყო ის ოცდამეერთე კითხვა, რომელიც სტუმარს ასი ათას ლარს მოაგებინებდა.

– მგონი, ამ კითხვას პასუხი რომ გავცე, მაყურებელს ინტერესი დაეკარგება. არ ვიცი როდის, მაგრამ „სიმართლის დრო” აუცილებლად დაუბრუნდება ეთერს და მაყურებლისთვისაც ნათელი გახდება, თუ რა შეიძლება აღმოჩნდეს ოცდამეერთე კითხვა. ჩვენი სტუმრების ნაწილი, გარკვეული თანხის მოსაგებად მოდიოდა და მაღალ ეტაპებზე არ გადადიოდნენ, იყვნენ ისეთებიც, ვისაც ნაკლებად აღელვებდათ დაკარგავდა თუ არა უკვე მოგებულს. მაგალითად, გულიკო ერისთავს სულ სხვა მიზანი ჰქონდა – მან თავისი სათქმელი თქვა და თამაში შეწყვიტა. თუმცა, დიდი ნაწილი ფულის გამო თამაშობდა, რაც ბუნებრივია და ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ, „სიმართლის დრო“ აზარტული „გეიმ-შოუა“, რომლის დიდი ნაწილი სწორედ აზარტზეა დაფუძნებული. როგორც ჩანს, გარკვეული ეჭვი ჰქონდათ და ამიტომ აღარ აგრძელებდნენ თამაშს.

– ყველაზე რთულად დასათანხმებელი სტუმარი ვინ იყო ქალბატონი გულიკოს გარდა?

– ასე კონკრეტულად არ მახსენდება. ალბათ, ნანკა, რომელმაც ბოლო გადაცემაში ითამაშა. ბოლოს ჩვენ შორის ბარტერი შედგა. ნანკამ მითხრა, მხოლოდ იმ შემთხვევაში დავჯდები წითელ სკამზე, თუ შენ იქნები წამყვანიო. ასე აღმოვჩნდი წამყვანის ამპლუაში. გადაცემა საკმაოდ მძაფრი იყო, უბრალოდ, დეტექტორმა „გაჭედა” და უცნაურად დასრულდა.

– ალბათ, ბევრი იყო ისეთი, ვინც ვერ დაითანხმეთ.

– „სიმართლის დროის” კეთების პერიოდში უამრავ ადამიანს შევხვდი, ვესაუბრე და უამრავი მიზეზი მოვისმინე, რის გამოც ითამაშებდნენ ან არავითარ შემთხვევაში არ ითამაშებდნენ ჩემთან. ზოგიერთი პირდაპირ ამბობდა, ისეთი მატყუარა ვარ, რად მინდა დეტექტორიო; ზოგმა – ცოლი გამშორდება, რომ გაიგებს, რამდენჯერ ვუღალატეო; ზოგმა – ქმარი ან შვილი არ მაძლევს უფლებასო და სხვა. თუმცა, იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებთანაც მოლაპარაკება შედგა, მაგრამ გადაცემა არ ჩაიწერა. ძალიან საინტერესო იყო ბატონ შოთა გორგოძესთან შეხვედრა, რომლის წარსულიც, ალბათ, ძალიან ბევრს აინტერესებს. ბატონმა შოთამ მიგვიღო, საკმაოდ დადებითად მოეკიდა გადაცემას, მაგრამ ოჯახური ტრაგედიის, ძალიან მძიმე ვითარების გამო მის ოჯახში, მისი თამაში ვერ შედგებოდა. დიდი მადლობელი ვარ, რომ ასე თბილად მიგვიღო და ასე გაგებით მოეკიდა ჩვენს პროექტს. თამაშზე თანახმა იყო ბატონი პეტრე მამრაძეც, რომელიც, ვფიქრობ, არანაკლებ საინტერესო იქნებოდა, მაგრამ ეს გადაცემა ტექნიკური მიზეზების გამო არ შედგა. ბოლო მომენტამდე თანახმა იყო გია თორთლაძე, მაგრამ, სულ ბოლო მომენტში თავი შეიკავა. პოლიტიკოსები ხშირად გვეუბნებოდნენ, არჩევნების შემდეგ მოვალთ გადაცემაშიო. თემიკო ჭიჭინაძე მახსენდება, რომელმაც, ასევე, თანხმობა გვითხრა, მაგრამ ბოლო მომენტში თქვა უარი. ყველას თავისი მიდგომა და მიზეზები აქვს. კიდევ ბევრი საინტერესო სტუმარი და თემაა, რომელსაც მომავალი სეზონისთვის ვინახავთ.

– თუ გადაცემა განახლდა, ისევ ცნობილი სახეები ითამაშებენ?

– მაყურებელს შევთავაზებთ როგორც საინტერესო სახეებს, ისე საინტერესო თემებს, პიროვნებებს საინტერესო ისტორიებით.

– რადგან ნანკა „ინტუიციაში” გადავიდა, ვინ წაიყვანს „სიმართლის დროს”?

– სულ ვამბობ რომ ნანკას ამოუწურავი რესურსი აქვს და თავისუფლად შეუძლია, ერთ არხზე სხვადასხვა ტიპის გადაცემა მიჰყავდეს პარალელურ რეჟიმში.


скачать dle 11.3