კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისი პოვნა გაუჭირდა ქეთათოს და სად დარჩა მას ყველაზე ბევრი იარა


ზაფხული ქეთათოს საყვარელი სეზონი არ არის, თუმცა საზღვაო სეზონის ხიბლზე უარს არასდროს ამბობს. დიდი ხანია, რაც იდეალური დასვენების საშუალება არ მიეცა, თუმცა ზღვა და მზე მის ფანტაზიებს ყოველთვის ამძაფრებს. თავად ძალიან ორგანიზებული და წინდახედული დამსვენებელია, ყველგან ისეთი დიდი ჩანთებით მიდის, თითქოს სამუდამოდ გადადის საცხოვრებლად. დასვენების დროს ცხოვრების ჩვეულ რიტმს არღვევს და ხანდახან არც ექსტრემზე ამბობს უარს, მით უმეტეს, თუ მას თავად ბუნება სთავაზობს.



ქეთათო: ამ ზაფხულს კვარიათში დავისვენე, ქალიშვილი ჩამომივიდა ლონდონიდან და დასასვენებლად მასთან ერთად წავედი. თავიდან უფრო შორს, უცხოეთში ვგეგმავდით დასვენებას, მაგრამ ბოლოს ჩვენი ზღვისპირეთი ვარჩიეთ. აქ, ნაცნობ გარემოში, ბავშვთან ერთად უფრო ნაკლები სანერვიულო მექნებოდა. თუმცა, მთლად ასეც არ იყო – ზღვაზე ვიყავით, როცა ამოვარდა ქარბორბალა. ჩემს თვალწინ ზღვიდან ამოვიდა ორი სვეტი, რომელიც გაერთიანდა და დაიძრა გონიოსკენ, სადაც როგორც ვიცი, საკმაოდ ცუდი შედეგები მოიტანა. ამ ქარბორბალამ ირგვლივ ყველა ძალიან შეგვაშინა, ბევრი პანიკაშიც კი ჩავარდა.

– ექსტრემალური ზაფხული გქონიათ.

– ჰიჩკოკის სცენარში მოვხვდით (იცინის). ასეთი რამ მხოლოდ ფილმებში მინახავს, ახლა კი ამ შთამბეჭდავი სანახაობის თვითმხილველი და მომსწრე გავხდი. ზღვისპირას ბუნგალოში ვიყავი და ყველაფერი კარგად დავინახე. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ეს ყველაფერი ტელევიზიით ისე ეფექტური არაა, როგორც ცხადში. თუმცა, ამის გამო სულაც არ მინანია, რომ შორეულ მოგზაურობაზე უარი ვთქვი. ხომ არის ნათქვამი „ასჯერ გაგონილს, თვალით ნანახი სჯობიაო“, მართლაც ასეა, თუნდაც ეს სანახაობა ცოტა საფრთხის შემცველიც იყოს. ამის მიუხედავად, მაინც კარგად დავისვენე, თუმცა ზაფხული, როცა ძალიან ცხელა, ნამდვილად არაა ჩემი საყვარელი პერიოდი.

– როგორ ებრძოდით ზაფხულის საშინელ სიცხეს?

– სიცხე ძალიან რთულად გადამაქვს, თუმცა, ამისთვის მაქვს ჩემი მეთოდი. სამწუხაროდ, არ მიყვარს კონდიციონერთან ახლოს ჯდომა, მეშინია ნერვი არ გამიცივდეს. კონდიციონერზე ალერგია მაქვს. ამავდროულად, სიცხის გამო, როგორც დაბალწნევიანს, ბევრი პრობლემა მექმნება. ზაფხულობით შრომისუუნარო და არაორგანიზებული ვხდები. ადამიანებთან ურთიერთობის თვალსაზრისითაც პასიური ვარ. გაგიკვირდებათ, მაგრამ ზაფხულის სიცხეს ცხელი მწვანე ჩაით ვებრძვი. ამ ზაფხულს განსაკუთრებული, რეკორდული რაოდენობის ჩაი დავლიე. არც კი მრცხვენია, ჩანთით ყველგან თან დამაქვს საკუთარი ჩაი და ყავა. რაც არ უნდა კარგი ჩაი შემომთავაზონ, ჩემი მირჩევნია (იცინის). მე ძალიან მშველის პიტნის ნაყენი და მწვანე ჩაი. როგორც იცით, შუა აზიაშიც სიცხეს ამ მეთოდით ებრძვიან. მაგრამ, ისინი ბეწვებში გახვეულებიც დადიან. მე ასე ღრმად არ შემიტოპავს, მაგრამ ჩაი ძალიან მიყვარს და წყურვილის შეგრძნებასაც მიკლავს. გამაგრილებელ და გაზიან სასმელს არ ვეკარები, ჩაი ჩემი სიცოცხლის ელექსირია.

– ჩაის გარდა სხვა საზაფხულო ატრიბუტიკას არ აღიარებთ?

– ვაღიარებ მარაოს. ნეტავ იცოდეთ, როგორ შემიყვარდა მარაო ამ ზაფხულს. ბევრი მარაო მაქვს, მაგრამ ხშირად ვკარგავ მათ, სულ სადღაც მრჩება. საბოლოოდ, მერე დედაჩემს ვართმევ ხოლმე. ამ ბოლო დროს ჩემმა მულმა ჩამომიტანა იაპონიიდან ქაღალდის მარაო, რომელიც ძალიან გამომადგა, მშვენივრად აგრილებს. იმის მიუხედავად, რომ ამ სიცხეს ვერ ვუძლებ, ზაფხულს ბევრი პლუსიც აქვს. მაგალითად, ის რომ დასვენებისთვის კარგი პერიოდია, მივდივართ ზღვაზე, გვაცვია შილიფად, თუ გვაქვს გამოსაჩენი რამე... გარუჯული სხეულიც თავისთავად ლამაზია, მაგრამ მე არ მიყვარს გადაჭარბებული რუჯი. იმდენად თეთრი ვარ, მინდა თუ არა, უნდა გავირუჯო, სხვა შემთხვევაში ფეხების დამალვა შარვალში მომიწევს. ამიტომაც, ხშირად რუჯს მხოლოდ იძულების წესით ვიღებ. ვერ ვიტან, როდესაც გოგონები რუჯს ყოველდღიურად იმატებენ, გოჭებივით დაწითლებულები დადიან და არ აცდიან კანს, რომ გაშავდეს. ერთხელ მეც დავიწვი ზღვაზე, მაგრამ ეს იყო ბავშვობაში. ღრუბლიან ამინდში პლაჟზე ჩამეძინა და ისე დავიწვი, ერთი კვირა ვერ დავდიოდი. ზოგადად, წყალი არაა ჩემი სტიქია. როცა თბილისში ვარ, აუზზე სიარულითაც არ ვიკლავ თავს. ცურვა არ ვიცი და „ლაგუშატნიკში“ ხომ არ ჩავალ? ზღვაზე კიდევ შეიძლება შევიდე წყალში, სულაც არაა საჭირო ზღვის გადაცურვა. ზღვაზე დილით ადრე ტალღების ყურებაც ძალიან მსიამოვნებს, ეს განმუხტვის საუკეთესო საშუალებაა ჩემთვის. სანამ მზე ამოაჭყიტებს წიგნიც შემიძლია, ვიკითხო. ზღვას ბევრი „პრელესტი“ აქვს. მზე სხვანაირ აღგზნებას იწვევს, ფიზიკური ლტოლვაც უფრო მძაფრდება. ალბათ, ამიტომაც არის რომ აფრიკის კონტინენტზე სქესობრივად ძალიან ადრე მწიფდებიან.

– როგორია თქვენთვის იდეალური დასვენება? მთა და სიმშვიდე გირჩევნიათ სრული იდილიისთვის თუ ზღვა და ხმაური?

– გარემოს ისეთი მნიშვნელობა არ აქვს, როგორც პარტნიორს, რომელთან ერთადაც ისვენებ. იდეალური დასვენებაა, როცა სადმე მიდიხარ მეუღლესთან, შეყვარებულთან ერთად. თუ გვერდით ასეთი ადამიანი გყავს, არ აქვს მნიშვნელობა სად ხარ – ვერც ხმაურს გაიგებ და ვერც ვერავის დაინახავ. მასთან ერთად სხვანაირად აღიქვამ ყველაფერს და ყველაფერი სხვანაირად გერგება. ეს არის დასვენება, დანარჩენი ყველაფერი კი დამერწმუნეთ, წვალებაა (იცინის). რაღა დაგიმალოთ და ეს იდეალური დასვენება დიდი ხანია, არ მქონია. ბავშვთან ერთად წასვლა კარგია, მაგრამ მაინც ის არაა, რაც შეიძლება, ქალმა ინატროს. მედიტაცია ზღვაზეც შეიძლება და მთაშიც. საყვარელ ადამიანთან სიახლოვე, ყველგან კარგია. სწორედ ესაა ცხოვრების რეალური აზრი. სხვა შემთხვევაში, ცხოვრება ილუზია და იმიტაციაა. ახლა შეიძლება ბევრგან წავიდე, მაგრამ ის მთავარი, რაც მჭირდება, არ მქონდეს.

– უცხოეთის ცნობილ კურორტებზე გაგიტარებიათ არდადეგები?

– ვერ გეტყვით, რომ ძალიან ფეშენებელურ კურორტზე დამისვენია, თუმცა ალპებში მომიწია ყოფნა, მაგრამ მაშინ არც სეზონი იყო და ჩვენც კონცერტი გვქონდა. დასვენება ვერ მოვახერხეთ. სეზონი რომც ყოფილიყო, მე მაინც ვერ დავდგებოდი თხილამურებზე. ვერ ვსრიალებ. ექსტრემალი არ ვარ, თუმცა ძალიან მინდა, რომ სკეიტბორდით დავკავდე. ჩემი მუხლები ბავშვობიდან „დაშრამულია“ და აღარ მინდა, ზედმეტი იარების დამატება. თუმცა, ძალიან მინდა, სვანეთში წასვლა. ბევრი რამ არ მინახავს საქართველოში. ირაკლი „პახოდების“ დიდი მოყვარული იყო, მეგობართან და მეგობრის მამასთან ერთად შემოვლილი ჰქონდა საქართველოს მთიანი რეგიონები. მე არასდროს მივლია „პახოდებში“. კარავში რამე რომ შემომიძვრეს, ძალიან ვინერვიულებდი. კარავს პლედი და სავარძელი მირჩევნია. თუმცა, ის ადამიანი ვარ, ვინც პოზიტივსა და სასიამოვნოს ყველგან და ყველაფერში ეძებს და პოულობს. ირაკლიმ ყველაფერში ამიყოლია, „პახოდების” გარდა (იცინის). მერე ჩვენ აღარ გვქონდა ისეთი ცხოვრება, რომ მთაში გვევლო. მშვიდად, წყნარად ვისხედით ჩვენს ბინაში და მწვანე ჩაის მივირთმევდით.

– როგორი მოგზაური ხართ? დიდი ჩანთებით დადიხართ დასასვენებლად?

– ამ მხრივ ორგანიზებული ვარ, ადვილად ვიღებ სიახლეებს, მთავარია დავიძრა. რაც შეეხება ჩანთებს, ვერ გადავეჩვიე და ყველგან დამაქვს ბევრი ბარგი. ჩანთებში უმეტესობა ისეთი სამოსი მაქვს, საერთოდ რომ არ მჭირდება. ჩანთები რომ ნახოთ, იფიქრებთ, სამუდამოდ გადადის საცხოვრებლადო. სულ მშურს იმ ხალხის, ვისაც შეუძლია, მოიქცეს პრაქტიკულად და დასასვენებლად ორი წყვილი ტანსაცმლით წავიდეს. მე ეს არ გამომდის. სამაგიეროდ, ზოგიერთივით, თან არ დამაქვს უთო. იმდენად ვერ ვმეგობრობთ მე და ეს ნივთი, რომ ჩემს გარდერობში თითქმის არაფერია ისეთი, რასაც უთო სჭირდება. ადამიანი უნდა შეეცადო, რაც შეიძლება, გაიმარტივო ცხოვრება.

– ტრანსპორტის რომელ სახეობას ირჩევთ?

– მიყვარს თვითმფრინავი. არ მეშინია ფრენის და თან სწრაფია. ევროპაში მატარებელიც მომწონს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში მატარებლით ვმგზავრობ. არ მიყვარს მანქანა, დიდხანს მანქანაში ჯდომა ძალიან ცუდად მხდის. მით უმეტეს, არაა საჩემო ტრანსპორტი გემი – რყევებს ვერ ვუძლებ. ყველაზე კომფორტულ მანქანაშიც კი ცუდად ვგრძნობ თავს, თუ დიდხანს ვერ გავსწორდი. არ მიყვარს, როცა ხერხემალს აწვება მთელი სხეული, საკუთარ ჯანმრთელობას დიდ ყურადღებას ვაქცევ. მუდმივად ვცდილობ, ვივარჯიშო. სწორად ვიკვებები, ალკოჰოლთანაც ზომიერად ვმეგობრობ. ცოტა აუცილებელია, ორი ჭიქა უკვე ზედმეტია. დიდი ხანია, უარი ვთქვი, ცხარე და მწარე საჭმელზე. საკუთარ თავთან სიგარეტზე მიწევს ბრძოლა, ხან წარმატებულია ეს ბრძოლა, ხან – ვმარცხდები (იცინის).

– ცხოვრების ამ წესს დასვენების დროსაც იცავთ? მეგობრებთან ერთად ერთ ჭიქა ალკოჰოლს მეორე არ მოსდევს?

– დასვენების დროს ერთ ჭიქა ალკოჰოლს მეორეც შეიძლება მოჰყვეს, მაგრამ სიტუაცია უნდა გიღირდეს ამად. ფორთოხლის წვენმაც შეიძლება, დაგაყენოს კარგ ხასიათზე, თუ გვერდით საყვარელი ადამიანი გყავს.

– როგორც ამბობენ, მარტო აღარ ხართ და ასე რომ, იდეალური დასვენების პერსპექტივაც არსებობს.

– ოღონდ მითხარით, ვინ არის ეს ადამიანი და მართლა ძალიან დამავალებთ. „ნაკოლი“ მომეცით და მადლობას გეტყვით. ძალიან კი მინდა, რომ შეყვარებული ვიყო, მაგრამ ამ მდგომარეობაში, ნამდვილად არ ვარ. საინტერესო ობიექტები არ არიან ირგვლივ. მე მგონი, არ ვარ მოკლებული სიყვარულის ნიჭს, მაგრამ ობიექტი ხომ უნდა იყოს? ჩემს ირგვლივ არაა იმდენი მამაკაცი, რომ ჩავეძიო მათ და გამოვიკვლიო. თუმცა ზოგადად, მამაკაცები და არა მარტო საქართველოში, ქალებზე სუსტები არიან. ასეთ მამაკაცს კი ჩემი გულის მოგება ძალიან გაუჭირდება. მე ბოლო წლებში ძალიან გამაძლიერა მარტოობამ. როცა საკუთარი თავის ბატონ-პატრონი ხარ, ზუსტად იცი, რა გინდა და როგორი როლი უნდა მოირგო, თუნდაც პარტნიორად, ვერ მიიჩნევ ისეთ ადამიანს, რომელიც არაა ღირსი. დღეს ქალისთვის ძალიან რთულია ამ სივრცეში ღირსეული ადამიანის პოვნა, მე არ მესმის, როგორ უნდა იცხოვრო ადამიანთან, როცა ის არ გიყვარს. ეს ჩემთვის ბოზობაზე მეტია. მარტო ლტოლვა არაფერია. ლტოლვა დღეს არის, ხვალ არ იქნება. ქალს და მამაკაცს ყველაზე მეტად სიყვარული სჭირდებათ, მაგრამ მამაკაცებისგან განსხვავებით, ქალები ამას ვაღიარებთ... მე არ მესმის, რა ამოძრავებთ მამაკაცებს, მათი ენა არ მესმის. ისიც არის, რომ ბევრს დღემდე ეშინია ირაკლის ჩრდილის და კონკურენციის. ეს ეხება როგორც პროფესიულ საქმიანობას, ასევე პირად ურთიერთობას, რაც მე ძალიან მწყინს. თუმცა, ეს მართლაც ასეა – ბევრ ცოცხალს გარდაცვლილი ირაკლი ჯობია.


скачать dle 11.3