კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

ბედის ტორეადორი



გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹28-37(455)



იამ სიგარეტის კოლოფს დახედა, თითქმის ნახევარი მოეწია. თითებშორის გაჩრილი სიგარეტი ტუჩებთან მიიტანა და ისე ხარბად მოქაჩა, თითქოს რამდენიმედღიანი თავშეკავების შემდეგ, პირველად მოეწიოს.

– დამშვიდდი. ძალიან ნერვიულობ, – შენიშნა ლევანმა.

– ფსიქოლოგიაშიც გარკვეულხარ... – ჩაიცინა ქალმა, – კიდევ რა გასწავლა მინისტრობამ.

– ის, რომ ნებისმიერ სიტუაციაში, მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა მქონდეს, – ლევანმა საათს დახედა, – როგორ დამაგვიანდა?! ძალიან ბევრი დრო დავკარგე. იმედი მაქვს, ყველაფერი სწორად გაიგე.

ქალმა თავი გადააქნია.

– სიმართლე რომ გითხრა, ვერაფერიც ვერ გავიგე.

ლევანმა წარბი შეიკრა.

– რას ნიშნავს, ვერ გაიგე, პატარა ხომ არ ხარ?!

– ჰო. ვერ გავიგე. შენ რა შუაში ხარ ამ ყველაფერთან, – იამ თვალები მოწკურა და ლევანს უნდოდ შეხედა, – იცი, არ მჯერა, რომ ასე ნიკუშას კეთილდღეობისთვის იღვწი. მართლა არ მჯერა.

– რატომ? შენ ფიქრობ, რომ ჩემთვის ნიკუშა არაფერს ნიშნავს?

– ეგ არ მითქვამს.

– მაგრამ იგულისხმე. ია, მე შეიძლება, ბევრი შემეშალა და ალბათ, კიდევ შემეშლება, მაგრამ კაცობაში არ ჩავიჭრები.

– მაგიტომ თქვი ჩემს სიყვარულზე უარი?

ლევანი გაფითრდა. ქალი მიხვდა, რომ მტკივნეულ ადგილას ჩაავლო.

– რა იყო? ოღონდ არ მითხრა, რომ არ გყვარებივარ...

– მაგაზე სალაპარაკოდ რომ არ მოვსულვარ შენთან?! ჯერ ნიკუშას ბედი წყდება. მეგობრები იმიტომ ვართ, რომ დავეხმაროთ. წარმოიდგინე, რა მოხდება, თუკი თავისებურად გაჯიუტდება და ამ შანსს ხელიდან გაუშვებს. მხოლოდ შენ შეგიძლია მისი ჭკუაზე მოყვანა.

– ბიჭებმა იციან?

ლევანი შეყოყმანდა.

– არ იციან, – დაასკვნა იამ, – ასეც ვიცოდი. შენ პირდაპირ ჩემთან მოხვედი.

– ჰო. პირდაპირ შენთან მოვედი. იმიტომ რომ, ვიცი შენი შესაძლებლობები. რა აზრი აქვს დათოს, ან თუნდაც ვახოს სიტყვებს ნიკუშასთვის. დროის ტყუილუბრალოდ დაკარგვა იქნება და სხვა არაფერი. დრო კი ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასია. ია, შენ ჭკვიანი გოგო ხარ. დაფიქრდი და მიხვდები, რომ ნიკასთან სხვა შანსი აღარ გექნება. ნიკას შანსი შენი შანსიც არის. ხომ გინდა, მასთან ყოფნა. ხომ გინდა, რომ შენი დიდი ხნის ნატვრა ასრულდეს...

– შენი საქმე არ არის, მე რა მინდა, – გაცხარდა ია და ტუჩები აუკანკალდა, – ყოველთვის უსინდისო იყავი და საერთოდ არ შეცვლილხარ. მოხვედი ჩემთან და ჩემს გრძნობებზე თამაშობ. ღირსეული მამაკაცები ასე არ იქცევიან. თუმცა, შენ რა იცი, ღირსება რა არის...

– ოჰ, ოჰ, ეს უკვე მეტისმეტია. შეურაცხყოფა არ დამიმსახურებია. სულელი არ ხარ, ვერ ხვდებოდე, რა უშლის ხელს შენი და ნიკუშას ერთად ყოფნას.

– ყოველ შემთხვევაში, ის არა, რაც შენ გგონია.

ლევანს გაეღიმა.

– რა გაცინებს? – შეუტია ქალმა.

– შენი ბავშვური გულუბრყვილობა. ტყუილად ფიქრობ, რომ მაგ უნიჭო თამაშით შეძლებ ჩემს მოტყუებას. რა უცნაურები ხართ. რატომ ფიქრობთ, რომ ჩემზე მარტო იმით ხართ უკეთესები, რომ ყალბ პატიოსნებაზე დებთ თავს და ამით რაღაც უპირატესობის განცდა გიჩნდებათ?

– მრავლობით რიცხვში რატომ ლაპარაკობ, ვის გულისხმობ უნიჭო მოთამაშეებში.

– ვიღაც-ვიღაცეებს, – პირდაპირ პასუხს თავი აარიდა ლევანმა და ისევ საათს დახედა.

– იქნებ დამიკონკრეტო, თორემ რაღაც ვერ დამრჩა შენზე ჯანსაღი შთაბეჭდილება.

– საყვარლობა რომ შემომეთავაზებინა, მაშინ ხომ დაგრჩებოდა ჯანსაღი შთაბეჭდილება, – მოურიდებლად მიახალა კაცმა და ქალის რეაქციას დაელოდა. იას ფერი ეცვალა. ლოყები გაუხურდა და მზერაში ბოროტი ნაპერწკალი აუკიაფდა, – გამოტყდი, რომ სწორედ ამას ელოდებოდი ჩემგან, – ბოლომდე „მიაწვა“ ლევანი.

– იდიოტი ხარ! ახლავე ადექი და წადი აქედან!

– გეწყინა, საყვარელო? ასეა, სიმართლე მწარეა. მწარე და უსიამოვნო. ერთი-ორჯერ ყვავილები გამოგიგზავნე და შენც იფიქრე, რომ გაბამდი. რა მიამიტები ხართ ქალები. რა ადვილია თქვენი მოტყუება.

– ეგ შენ ფიქრობ ასე. იმიტომ, რომ შენი პრიმიტიული გონება მეტს ვერ სწვდება.

– რას მეუბნები?! თქვენ ხომ გაქვთ ნათელი „გონებანი“. პირდაპირ მაოცებს თქვენი წესიერება. სინამდვილეში ზუსტად ისეთივე მერკანტილური აზრები და მიდრეკილებები გაქვთ, როგორიც ყველა ადამიანს.

– შენთან კამათს არ ვაპირებ, მით უმეტეს, მორალის საკითხებზე. შენი დანახვაც კი აღარ მინდა, – იამ გულზე ხელები დაიკრიფა და კაცს ზურგი შეაქცია.

– ვატყობ, გერჩივნა, საყვარლობა შემომეთავაზებინა, – ჩაიცინა ლევანმა და მოხვდა კიდეც თავში სიგარეტის კოლოფი.

– გაეთრიე! – იკივლა იამ...

ლევანმა მანქანა გზიდან გადაიყვანა და გააჩერა. სიგარეტს დაუწყო ძებნა. ვერ იპოვა და შეიგინა.

– კრეტინი ვარ. უნდა მცემოს კაცმა, მაგრამ ვინ მყავს პატრონი. დღეს მე იას სრული იდიოტიზმის თვალსაჩინო მაგალითი ვუჩვენე. რატომ? – იმიტომ, რომ შტერი ვარ. ეს ქალი მიყვარს. როგორც იქნა, გავბედე მასთან მისვლა და რაზე ველაპარაკე! მისი და ნიკუშას ურთიერთობაზე. თითქოს წინასწარ არ ვიცოდი, რა პასუხს მივიღებდი. ოხ, ზურაბ... შენი... – ლევანმა სიმამრის მისამართით უწმაწური სიტყვების კორიანტელი „გაუშვა“ და შუბლით საჭეს დაეყრდნო. მობილურმა ტელეფონმა თავი მოიკლა რეკვით. ზარი ეცნო, თუმცა ერთბაშად მაინც ვერ გააცნობიერა, ვინ ურეკავდა და როცა მიხვდა, გადარეულივით ეცა გასაღებს. მოტორი აამუშავა და მანქანა ბღუილით მოსწყდა ადგილს...

ნიკუშამ ჩაით სავსე ჭიქა წინ დაუდგა გოგიჩას და საშაქრეც მიუჩოჩა.

– აი, შენ, რამდენი კოვზიც გინდა, იმდენი ჩაყარე.

გოგიჩამ თავი გააქნია.

– საერთოდ არ მინდა შაქარი. ესე იგი, აღარ მიბრაზდები?

– რა აზრი აქვს, – ამოიოხრა ნიკუშამ, – გოგიჩა გულახდილად მითხარი, მართლა ნახე თუ ვიღაცის მოყოლილს მიმეორებ უნიჭო თუთიყუშივით.

– თუთიყუში? როგორ, ტო... მე და ჭორები, ხომ იცი, შორს ვართ. ერთად ვერ ვძოვთ, რა... ჭორიკანა ტიპებიც მაგრა არ მევასება.

– გოგიჩ, ეგ რაში მაინტერესებს. შენ ის მითხარი, საღ გონებაზე იყავი? იქნებ, ჰალუცინაცია იყო.

– ჰალუცინაცია და „ბელაია გარიაჩკა“ არ ვიცი მე! – ეწყინა გოგიჩას – შენ რა, სულელი გგონივარ? ლოთი კი არ ვარ.

– ოჰ, ოჰ, ისე შეიცხადე, ლოთი ხომ არ ვარო, რომ... – ნიკუშას გაეღიმა.

– რო, რა... ნუ იჭყანები, თუ ძმა ხარ. სარკეში ჩაიხედე, რას ჰგავხარ. შენზე ვზრუნავ, თორემ, მე რა მომეხახვება აქედან.

– ჰო, კარგი. ვაღიარებ, რომ არ უნდა დამეცინა. ხომ შეიძლება, მართლა მოხდეს სასწაული და შენგანაც გამოდნეს რამე. მოდი, მოყევი, ოღონდ არ მიედ-მოედო, დალაგებულად, მოკლედ და კონკრეტულად იმეტყველე...

თინიკო მაშინვე მიხვდა, ქმარი გუნებაზე რომ არ ბრძანდებოდა და მომზადებული საყვედური სხვა, უფრო ხელსაყრელი დროისთვის გადადო. გამოცდილებით იცოდა, რომ გაბრაზებულ ლევანთან საერთოდ არ ღირდა ლაპარაკი. ამიტომ მხოლოდ გაუღიმა და ყავას ხომ არ დალევო, ჰკითხა.

– ძალიან დაღლილი ვარ, მირჩევნია, ცოტა დავიძინო. ხვალ პარიზში მივფრინავ. ჩემი პერანგები წესრიგშია?

პარიზის ხსენებაზე თიკას სახე გაუნათდა.

– მართლა? რა კარგია? რამდენი დღით?

– ტყუილად გიხარია. მარტო მე მივდივარ, – ცივი წყალი გადაასხა მის აღფრთოვანებას ლევანმა, – პერანგებზე გეკითხებოდი.

ნირწამხდარმა თიკამ მხრები აიჩეჩა.

– ალბათ, წესრიგშია. ხომ იცი, რომ პერანგებს მაკა აწესრიგებს. როდის არ დაუუთოებია. ხვალ დილით ვკითხავ.

– ცხვირი ნუ ჩამოუშვი. გასართობად არ მივდივარ. სამთავრობო დელეგაცია მიდის. სულ შეხვედრები და მოლაპარაკებები გვაქვს. ძალიან დავიღლები.

– თავს რატომ იმართლებ. ხომ ხედავ, არაფერს გეკითხები. არც გსაყვედურობ.

– თავის მართლება რა შუაშია, უბრალოდ, სიტუაციას გიხსნი.

– გმადლობ. მამაჩემმა დარეკა. საქმე მაქვს. ვურეკავ და ტელეფონი გამორთული აქვსო.

– თათბირზე ვიყავი.

– რა თქმა უნდა, სულ დამავიწყდა, რომ თათბირები გაქვს. მაგრამ, ეტყობა, შენს მდივანსაც დაავიწყდა და მითხრა, გავიდაო.

ლევანმა გამომცდელი მზერა მიაპყრო ცოლს.

– მაგით რისი თქმა გინდა?

თიკამ სიგარეტი გააბოლა. დამცინავად გამობუშტა ტუჩები და ცხვირი აიბზიკა. ისედაც ნერვებმოშლილი ლევანი გააღიზიანა ცოლის უადგილო ირონიამ.

– გესმის? რისი თქმა გინდა-მეთქი.

– იმის, რომ დროა, მდივანი გამოცვალო, თორემ რეპუტაციას გილახავს.

– დაიწყო! – ამოიოხრა ლევანმა, – ერთი საღამო იყოს ისეთი, რომ არ იჩხუბო, მერე კიდევ გიკვირს, სახლში მოსვლა რამ შეაძულაო.

– მე არ გეჩხუბები. ნუ ცდილობ, ჩემს პროვოცირებას, მაინც არაფერი გამოგივა. არ გეჩხუბები. რა აზრი აქვს. უკვე მივხვდი, რომ ამით მხოლოდ საკუთარ თავს ვაზარალებ. ნერვიულობა კი უარყოფითად აისახება ჩემს სახის კანზე. რატომ მიყურებ. გგონია, ვხუმრობ? სულაც არა. რომელ საათზე მიდიხარ?

– ხვალ, გვიან ღამით. უფრო სწორად, ზეგ გამთენიისას. გინდა, გამაცილო?

თიკამ გაოცებით ასწია წარბები.

– შენ გინდა?!

– რა ვიცი. უმჯობესი იქნება, თუ დამხვდები, წაყვანით სერგო წამიყვანს და გამაცილებს კიდეც. მაინც საქმიანი ვიზიტია და უხერხულია, ცოლი მაცილებდეს.

– მეც ამას ვფიქრობდი. რამდენი დღით მიდიხარ?

– ჯერ არ ვიცი. ალბათ, დიდი ხნით არა. მაქსიმუმ – ერთი კვირით. შენ რას გააკეთებ?

– რას ნიშნავს, რას გავაკეთებ. რასაც ყოველდღე ვაკეთებ. შეიძლება, სამსახურშიც მივიდე. შევივლი. დიდი ხანია, არ ვყოფილვარ.

– ჰმ, ვერაფერს იტყვი, მაგარი სამსახური გაქვს. თვეში ერთხელ თუ შეივლი, ხელფასს კი გიხდიან. თანაც, არც ისე ცოტას.

– ვერ გამიგია, შენ რატომ სწუხარ ამაზე. სამსახური შენ არ გიშოვია ჩემთვის. ვერც იმას იტყვი, რომ მამაჩემს მიუძღვის ამაში წვლილი. საბედნიეროდ, უნიჭოც არ ვარ. ჩემს საქმეს თვეში ერთხელ მისვლითაც ძალიან კარგად ვაკეთებ. ასე რომ, დამშვიდდი. ჩემ გამო, საყვედურს არავინ გეტყვის.

– იმედი მაქვს. მამაშენი რატომ მირეკავდა, რა უნდოდა?

– არ ვიცი. რაღაც საქმე მაქვს და ლევანმა იცის. რატომ მემალებაო.

– მე ვემალები? მამაშენს?.. მიხედეთ მაგ კაცს. ვერ ატყობთ, პრობლემები რომ აქვს? აუცილებლად სულით ავადმყოფებისთვის განკუთვნილ კლინიკაში უნდა დაამთავროს სიცოცხლე?

– შენც ეგ არ გინდა?! ოცნებობ ამაზე. ხომ მართალია? – ვეღარ მოითმინა თიკამ. მისი ნერვები კიდევ არ იყო სათანადოდ გამოწრთობილი.

– რომ მინდოდეს, არ გეტყოდი, მიხედეთ-მეთქი. მარტივი ლოგიკაა.

– შეგეძლო, უბრალოდ, აგეღო ტელეფონის ყურმილი და დაგერეკა მისთვის.

– სიამოვნებით გავაკეთებდი ამას, საყვარელო, მაგრამ შეხედე, რომელი საათია? მამაშენი ახლა მეორე პირ სიზმარს მაინც ხედავს და დარწმუნებული ვარ, რომ გააღვიძო, ძალიან არ მოეწონება.

– ყოველთვის, ყველაფერზე გაქვს არგუმენტი. ვერც კი შეგედავება ადამიანი.

– ჰო. მინისტრადაც სწორედ ამ იშვიათი ნიჭის წყალობით დამნიშნეს. არ იცოდი?

– დაღლილი იყავი. დასვენება გინდოდა, – შეახსენა ცოლმა.

– ჰო. ვიყავი, მაგრამ შენ დაასვენებ კაცს? როგორც უნდა ვეცადო, ნერვები არ ავიშალო, მაინც მოახერხებ ხოლმე და მიაღწევ შენსას.

– უკვე გითხარი, ჩემი მიზანი ეგ არ ყოფილა-მეთქი. მართლა ძალიან დავიღალე და დასვენება მჭირდება. მგონი, უკეთესიც არის, მარტო რომ მიდიხარ. წეღან მკითხე, რას გააკეთებ ამ დღეების განმავლობაშიო. ახლა უკვე ვიცი, რასაც გავაკეთებ.

ლევანმა თავი დაუქნია.

– კარგია. მოკიდე შენს შვილს ხელი და სადმე გაემგზავრე. მაგალითად, პრაღაში ან რომში. დრეზდენშიც შეიძლება. გამოფენას დაათვალიერებს ბიჭი.

– შენი საქმე არ არის, სად გავემგზავრები. ისე, რატომ მაინცდამაინც პრაღაში.

– იმიტომ, რომ ამერიკა შორს არის.

– ნეტავი ეგ ირონია არ გქონდეს. იქნებ, ურთიერთობა უკეთესად გამოგვსვლოდა, – სინანულით ჩაილაპარაკა თიკამ, – მე ყავა უნდა დავლიო. შენთვისაც მოვადუღო?

– ჰო. დავლევ. თიკა, მამაშენს არ უთხრა, რომ პარიზში ვიქნები.

ქალმა გაოცებით შეხედა და მოულოდნელად გადაიკისკისა.

– რა გაცინებს. ასეთი რა გითხარი?

– ზოგჯერ ისეთ რამეს იტყვი ხოლმე... მამაჩემი სულელი კი არ არის. თუ მართლა სამთავრობო დელეგაციას მიჰყვები, ჩართავს ტელევიზორს და დაგინახავს. მერე კიდევ იტყვი, არ ვემალებიო... იცი, მე რაღაცას ვხვდები, ოღონდ ბოლომდე ვერა. ძალიან უცნაურად იქცევით შენც და მამაჩემიც.

– უცნაურად, არა?! საიდან ანალიზის ასეთი ღრმა უნარი. პირდაპირ მაოცებს შენი დედუქციური მონაცემები. უბრალოდ, მამაშენს ამბიცია კლავს, რომ ყველაფრის ავანჩავანი ისევ თვითონ არ არის. გიჟდება, ჩრდილში რომ მოუწია გადასვლა. ცდილობს, იქ ჩაყოს ცხვირი, სადაც არაფერი ესაქმება. მომკლა მაგისმა ჭკუის სწავლებამ. თავი ისევ მმართველი გუნდის წევრი ჰგონია.

– რა ქნას, შეჩვეული არ არის უსაქმოდ ყოფნას.

– მერე, ვინ უშლის საქმის კეთებას? – ჩაიბურტყუნა ლევანმა, – იმხელა მიწები რომ მიიზომა წყნეთში, მოკიდოს ბარს და თოხს ხელი.

– ნუ დასცინი მამაჩემს, – შეიჭმუხნა თიკა, – არ არის ზრდილობა, მოხუცებული კაცის დაცინვა.

– არ დავცინი, ბატონო, არა! – ლევანმა ხელები გაშალა, – შენ მაინც ნუ ეტყვი, სად ვარ.

თიკამ მხრები აიჩეჩა.

– კარგი, ბატონო, არ ვეტყვი...

***

ნატუკამ ჩანთა გაქექილ დივანზე მიაგდო. ამ სახლის ავეჯი და მთელი ინტერიერი, ძველისძველ, შავ-თეთრ ფოტოსურათს აგონებდა. ალაგ-ალაგ გაცრეცილსა და გახუნებულს. თუმცა, ძალიან ნაცნობს და მშობლიურს... გოგიჩამ აღფრთოვანებული მზერა ვერ მოაცილა ნატოს აშოლტილ ტანს და მოღეღილ მკერდს.

– აქ, ახლოს ვიყავი და შემოვიარე, – ნატუკამ ლოყაზე აკოცა ნიკას. გოგიჩა საერთოდ არ ჩაუთვლია ყურადღების ღირსად.

– კარგია. მეც მინდოდა შენი ნახვა, – ნიკუშას სიხარული არ გამოუხატავს. მის სახეს არანაირი ემოცია არ ეტყობოდა. გოგიჩამ ვეღარ მოითმინა. ხელი ამოჩაჩული პერანგის კალთაზე გაიწმინდა და გოგოს მოწიწებით გაუწოდა.

– გოგიჩა... თქვენი სილამაზით მოხიბლული და კუბოს ფიცრამდე თქვენი ერთგული.

ნატუკას გაეცინა.

– ეს კლიენტი ვინ არის? ერთობი, ნიკი? ძალიან მხიარული ვინმე ჩანს.

– ჩემი მეზობელია. გოგიჩ, არ გინდა, გაისეირნო? – ნიკუშამ კარისკენ მიანიშნა გაშტერებულ გოგიჩას. იმან პროტესტის ნიშნად ხელები აიქნია და ორივე ხელით ყელი გამოიგლიჯა, აქაოდა, მაყურებინე კიდევ ცოტა ხანს ამ სილამაზისთვის.

– გოგიჩ, მე და ნატოს საქმე გვაქვს.

– საქმე? ჰო, აბა, რა, საქმე გაქვთ, როგორ არა... – ახითხითდა გოგიჩა, – ვგიჟდები თქვენნაირ საქმიან ხალხზე.

ნატო ისევ აკისკისდა.

– ხომ ვთქვი, კლოუნია-მეთქი. იყოს რა, ნიკი... ცოტას გაგვართობს.

– ხედავ?! მოვეწონე! – გაიბადრა გოგიჩა, – აბა, რა... ვიცი, ქალის გული როგორ უნდა მოვიგო, თანაც ასეთი ქალის. შენთვის ვინმეს უთქვამს, რომ ძალიან ლამაზი ხარ?! ისეთი ლამაზი, რომ მზად ვარ, ჩემს ცხოვრებისეულ პრინციპებზეც კი უარი ვთქვა, თუ მეცოდინება, რომ ეს ფერია ჩემთვის იღიმება.

– გოგიჩ, ერთი წუთით აქეთ გამოდი... – ნიკუშა მოიღუშა. მეზობელს პერანგის სახელოში ჩაავლო ხელი და თითქმის ძალით გაათრია ჰოლში. გოგიჩა გაუძალიანდა.

– რა გინდა, ტო... ხომ ხედავ, მოვეწონე... სად მიმათრევ? ვიქნები, რა, ცოტა ხანს. მარტო ვუყურებ, თითს არ დავაკარებ.

– ვინ დაგაკარებინებს, თორემ არ იტყოდი უარს... – ჩაიცინა ნიკუშამ, – მიდი, მიდი... შენ რომ გგონია, ისე არ არის საქმე.

– კიდევ მე მგონია რამე?! ვაა, გამაგიჟებ მე შენ, ტო... ცოტა გაკლია, ხო იცი?! – ხელები გაშალა გოგიჩამ, – აზრზე არა ხარ, როგორ გიმართლებს და მაინც ბედის უკმაყოფილო ხარ. არა! ცოტა კი არა, ბევრი გაკლია... სერიოზულად ბევრი...

– გოგიჩ, ოღონდ ახლა აქედან წადი და გეფიცები ყველაზე მაგარ ნაშას გაგაცნობ.

– მატყუებ. თავიდან გინდა, მომიშორო.

– როგორ მიხვდი?! არც ისეთი სულელი ყოფილხარ, როგორიც მეგონე, მაგრამ არ გატყუებ, მოგიძებნი ვინმეს.

– ეგ როდის, მემკვიდრეობას რომ მიიღებ? – აქირქილდა გოგიჩა და ნიკუშას თვალი ჩაუკრა.

– თუ ღმერთი გწამს, გაჩუმდი. ნუღარ ვილაპარაკებთ მაგაზე. მით უმეტეს, რომ ჯერ ყველაფერი ვარაუდის დონეზეა.

– ვხვდები. ჩემი არ გჯერა. ფიქრობ, რომ რაღაც მეშლება, ნიკუშ, მე შეიძლება ვკაიფობ და ცოტა აზროვნებაშიც მეჭედება, მაგრამ მეხსიერებას არ ვუჩივი და არც ადამიანების ცნობა მეშლება.

ნიკუშა მოიღუშა. გოგიჩას სიტყვებში ეჭვის შეტანა შეუძლებელი იყო. მეხსიერებას მართლა არ უჩიოდა. ისეთი წვრილმანები შეუხსენებია მისთვის, თანაც ისეთ დროს, რომ გაუოცებია.

– კარგი, გოგიჩ, მადლობის მეტი რა მეთქმის. ოღონდ, ახლა მართლა უნდა წახვიდე. მერე დაგირეკავ.

გოგიჩამ მხრები აიჩეჩა და უხალისოდ გადააბიჯა ზღურბლს... ოთახში შესულ ნიკუშას ნატუკა დივანზე წამოწოლილი დახვდა. შარვალი გაეხადა და გრძელი, ლამაზი ფეხები დივანის საზურგეზე ჰქონდა შემოწყობილი. ქვის უნდა ყოფილიყო კაცი, რომ ამ ცდუნებისთვის გაეძლო. ნიკუშა კი ქვის არ იყო... ნატუკა გულაღმა ამობრუნდა და კაცს მკერდზე დაადო თავი. ნიკუშამ კიდევ ერთხელ ჩაახშო გაღვიძებული სინდისის ხმა და გოგოს შიშველი სხეულის სურნელი ხარბად შეისუნთქა.

– იცი, ძალიან მიკვირს, შენთან მოსვლის სურვილი რომ მიჩნდება. მგონი, შეგეჩვიე.

– არ მითხრა, შემიყვარდიო, პატარავ. მე არ მჯერა სიყვარულის.

– მართლა? არადა, რომანტიკოსი მეგონე.

– რატომ?

ნატუკამ ლამაზი, მრგვალი მხრები აიჩეჩა.

– რა ვიცი, აბა?! ჰგავხარ რომანტიკოსს. თანაც სენტიმენტალურ რომანტიკოსს.

– რითი – გამოხედვა მაქვს რომანტიკული თუ გულაჩუყებული ვსლუკუნებ სექსის მერე?!

ნატუკა აკისკისდა.

– აუ, ეგ რა მაგარი თქვი!.. მართლა ტირის ზოგიერთი კაცი სექსის შემდეგ?

– აბა, რა გითხრა. ეგ შენ უკეთესად უნდა იცოდე.

ნატუკას სახიდან ღიმილი გაქრა და მისი გადატკეცილი შუბლი ორი გრძელი ნაოჭით დაიღარა. ნიკუშა მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა. ამიტომ თვითონვე სცადა დაშვებული შეცდომის გამოსწორება. გოგოს ყელზე აკოცა და დამნაშავესავით გაუღიმა.

– ვირი ვარ. ვაღიარებ. უნდა მაპატიო. ზოგჯერ ვჭედავ ხოლმე.

– კარგი. დავივიწყებ, თუ სანაცვლოდ რაღაცას დამპირდები.

– საერთოდ, პირობის მიცემა, დაპირება, დაფიცება და მსგავსი მაზოხისტური რაღაცეები ძალიან არ მიყვარს, მაგრამ ერთხელ გამონაკლისს დავუშვებ. რა უნდა გავაკეთო?

– განსაკუთრებული არაფერი. საღამოს ბარში უნდა წამომყვე საცეკვაოდ.

– არავითარ შემთხვევაში. ოღონდ, ეგ არა. ხომ არ გაგიჟდი. ბოლოს როდის ვიცეკვე, აღარ მახსოვს.

– მით უმეტეს, მით უმეტეს უნდა წამოხვიდე. აუ, რა მაგარი იქნება, რამდენს ვიხალისებ...

– ჰო. სწორედაც რომ იხალისებ. მე კი რა გამოვალ – ის კლოუნი, წეღან გოგიჩას რომ უწოდე. არ გამოვა ეგ ამბავი, სხვა რამე მთხოვე.

– მაშინ... – ნატუკამ თვალები მოჭუტა... – მაშინ რამე მაჩუქე, რაღაც ისეთი, რაც შენს თავს ყოველთვის კარგად გამახსენებს.

– ეგ თხოვნაა თუ მოთხოვნა?

– როგორც გინდა, ისე გაიგე. არა, მე არაფერს გაძალებ, მაგრამ გამიხარდება, თუ ჩვენი ურთიერთობის მოსაგონრად რამე დამრჩებოდა.

ნიკუშა ჩაფიქრდა.

– სასტუმრო ოთახში ვიტრინიანი კარადა დგას. მიდი, გამოაღე და რაც მოგეწონება აიღე. ყველა ნივთი ღირებულია. ერთი კოლექციონერი საკმაოდ დიდ თანხას მაძლევდა მაგ ფიგურებში.

გოგომ თავი გააქნია.

– მე ფაიფურის ბალერინების მოყვარული არ ვარ. თანაც ეგ ჩემთვის განკუთვნილი ნივთები არ არის. შენიც კი არ არის.

– რას ნიშანვს, ჩემი არ არის. აბა, ვისია?!

– შენ ვერ გამიგე. მე მინდა, რასაც მაჩუქებ, თავიდანვე ჩემთვის იყოს არჩეული და ნაყიდი. ყველა ნივთს თავისი აურა აქვს და არ მინდა, მაგ ნივთების ჭეშმარიტი მფლობელის აურა ჩემზე გადმოვიდეს.

– რა სისულელეა. ასეთი რაღაცეების რატომ გჯერა. შენ ისეთი ახალგაზრდა ხარ და ბებიაჩემივით კი აზროვნებ.

– ბებიაშენს მოეშვი და მითხარი, რას იტყვი ჩემს თხოვნაზე?

– რა უნდა ვთქვა. რადგან საცეკვაოდ არ მოგყვები, საჩუქარი მაინც უნდა გიყიდო. მით უმეტეს, რომ მეკუთვნის კიდეც.

– როდის?

– რა როდის?

– როდის მიყიდი?

– როცა ფული მექნება.

ნატუკამ წაუსტვინა.

– რა იყო?

– ის, რომ არავინ იცის, შენ ფული როდის გექნება.

– არც ასეა საქმე. მუშაობა დავიწყე, ჩემს მეგობართან. ასე რომ, ხელფასს რომ მომცემენ, მთლიანად შენს საჩუქარში დავხარჯავ.

– მართლა დაიწყე მუშაობა თუ მეხუმრები?

– არა. არ გეხუმრები. მართლა დავიწყე. ვახოს რამდენიმე კაფე აქვს, სადაც საფირმო კერძს ამზადებენ. გამოძახებითაც მიაქვთ კლიენტებთან. ერთი სიტყვით, სამუშაო არის. მე კიდევ უქმად ყოფნა მომწყინდა.

– ლევანმა იცის? – წამოსცდა ნატუკას და მაშინვე ენაზე იკბინა.

– ლევანი რა შუაშია?! მე მას ანგარიშს არ ვაბარებ. მართლა, სულ მინდოდა მეკითხა, შენ ლევანის... ისა... მოკლედ, ლევანთანაც ხარ?

– მე ანგარიშს არავის ვაბარებ. ჩემი ცხოვრება ჩემი ცხოვრებაა.

– რა თქმა უნდა. უბრალოდ, ცოტა უხერხულობას ვგრძნობ. ლევანი ჩემი ძმაკაცია, რაც უნდა იყოს...

ნატუკამ საწოლის ქვეშ ხელი მოაფათურა და სიგარეტის კოლოფი მოძებნა. ერთი ღერი პირში ჩაიდო და ნიკუშას მხოლოდ ამის შემდეგ უპასუხა.

– მე თქვენ შორის ჩადგომას არ ვაპირებ. ისე, თუ გინდა აღარ მოვალ.

ნიკუშა ფიქრობდა. ნატამ ეს იგრძნო და ასადგომად წამოიწია.

– ახლავე წავალ.

კაცმა მაჯაში წაავლო ხელი.

– არსადაც არ წახვალ. ჩემთან იქნები. მომწონს შენ გვერდით ყოფნა. რაღაც-რაღაცეებზე აღარ ვფიქრობ. ვერ მოგატყუებ, რომ საერთოდ აღარ ვფიქრობ მაგ რაღაცეებზე, მაგრამ ის რამდენიმე წუთიც დიდი შვებაა.

– წარსულის დავიწყება გინდა, არა?! – ნატუკამ მოკიდებული სიგარეტი გაუწოდა კაცს და მზრუნველი ცოლივით საფერფლეც შეაშველა.

– მოდი, ამაზე ნუ ვილაპარაკებთ.

– ჰო. ვიცი. უჭკუო გგონივარ და ფიქრობ, ჩემთან მარტო ლოგინში კოტრიალი შეიძლება. ძალიან ცუდი. შემეძლო, შენთვის სასარგებლო რჩევაც მომეცა.

– შენი რჩევა ჩემს პრობლემებს ვერაფერს უშველის. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უჭკუო ხარ. საქმე შენს გონებრივ შესაძლებლობებში არ არის. ეს გრძელი და უსიამოვნებებით გაჯერებული ამბავია. თანაც მარტო მე მეხება. სხვას არავის.

– არ შეიძლება, ამბავი მარტო ერთ ადამიანს ეხებოდეს. მაგრამ რადგან არ გინდა, ნუ მომიყვები. შეგიძლია, ცივი წყალი მომიტანო?

ნიკუშა შარვალს მისწვდა.

– ონკანის წყალს უნდა დასჯერდე. ჩემი მაცივარი ცუდად ყინავს.

პასუხად ნატუკამ მხოლოდ გაუღიმა, მაგრამ ნიკუშამ კარი გაიხურა თუ არა მობილურს ეცა და სწრაფად აკრიფა ნომერი.

– მე ვარ. ჰო, ნატუკა ვარ. იმიტომ დაგირეკე, რომ საქმე მაქვს. ვიცი, შენი გაფრთხილებაც მახსოვს, მაგრამ სასწრაფოდ უნდა მეთქვა რაღაც. ფული არაფერ შუაშია. ახალი ამბავი გავიგე და ვიფიქრე, დაინტერესდებოდი. სწორედ იმას ეხება, ვისზეც ვმუშაობ. ახლა მასთან ვარ. იცი, რომ მუშაობა დაიწყო? ჰო. არ მეშლება. რაღაცას ამბობდა თქვენს ძმაკაცზე, კაფეებზე და საფირმო კერძზე... ვახო? შეიძლება. არა, სახელი არ უხსენებია... მორჩა, მოდის, უნდა გავთიშო. ვინ მოდის და შენი ძმაკაცი მოდის...

თიკამ ქმრის პერანგები საკიდიანად ჩაკეცა ჩემოდანში და ლევანს ეჭვით სავსე მზერა შეავლო.

– ჰალსტუხებიც ჩადე. დამჭირდება, – ლევანმა მობილური გათიშა და ჩუმად ამოიოხრა.

– ვინ იყო? – თინიკო შეეცადა, შეკითხვა ძალდაუტანებელი და „სხვათა შორისი“ ყოფილიყო, მაგრამ არ გამოუვიდა.

– ეკა, – მიუგო ლევანმა და მობილური საწოლზე მიაგდო.

– ეკა, შენი მდივანი?

– ჰო. ეკა, ჩემი მდივანი, – გაღიზიანდა კაცი, – რატომ მამეორებინებ ერთსა და იმავეს საბავშვო ბაღის აღსაზრდელივით.

– მდივანს ელაპარაკებოდი ფულზე და ვახოზე? საინტერესოა, რაზე გააფრთხილე.

– იმაზე, რომ ჩემთვის არ დაერეკა. ხომ იცი, როცა წასასვლელად ვემზადები, უაზრო კითხვები ძალიან მაღიზიანებს. ნერვებმოშლილი კი ცუდად ვიმგზავრებ.

თიკამ მხრები აიჩეჩა.

– მით უმეტეს, უნდა გააგდო და სხვა მდივანი მოძებნო. მგონი, ვახოც ახსენე. ოღონდ არ მითხრა, რომ ვახოს ეკა მოსწონს და შენ ხარ შუამავალი.

– თიკა, ნუ აფრენ, ძალიან გთხოვ. რატომ მაიძულებ, თავი გავიმართლო, ეს რა უბედურებაა?! პირი შეკარით თუ რაშია საქმე. გასაგები ენით გიხსნი და იმედი მაქვს, მეტი შეკითხვა აღარ გაგიჩნდება, – ერთ ადამიანს ნიკუშასთვის სამსახურის მოძებნა დავავალე და ეკას ვთხოვე, ამ საქმისთვის მიეხედა. ახლა ეკამ მითხრა, რომ ნიკუშას ვახოსთან დაუწყია მუშაობა და ჩვენი დახმარება მას აღარ სჭირდება. გასაგებად აგიხსენი ყველაფერი.

თიკამ თავი დაუქნია.

– ისევ ნიკუშა და ვახო... რაღაც მოჯადოებული წრესავით... მაგრამ არ გეკამათები, აი, შენი ჰალსტუხები. კიდევ რა გჭირდება?

– მიდიხარ?

– ცოტა ხნით სამზარეულოში ჩავალ. წყალს დავლევ. ყავა ზედმეტად ტკბილი გამომივიდა. პირი მიშრება.

თიკამ კარი გაიხურა, მაგრამ სამზარეულოში არ ჩასულა. ჰოლში, სადაფით მოპირკეთებული მაგიდიდან ტელეფონის აპარატი აიღო და სადღაც დარეკა.

– დედა... ჰო, მე ვარ. გაგაღვიძე? არა, დილამდე ვერ მოვიცდიდი. ნუ გეშინია, მშვიდობაა. ხვალ ზუკა არ გამოუშვა. იყოს შენთან რამდენიმე დღე. მე რაღაც მნიშვნელოვანი საქმე გამომიჩნდა და უნდა გავემგზავრო. არა, არა. ხომ გითხარი, მშვიდობაა-მეთქი. ლევანიც მიემგზავრება... ერთად, ცალ-ცალკე, ამას რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია, რომ აქ არ ვიქნები. კარგი? შენი იმედი მაქვს... მამაჩემს რა უნდა ვუთხრა, ბავშვი კი არ ვარ, ნებართვა ვითხოვო... კარგი. ზუკას აკოცე. უთხარი, რომ მიყვარს.

თიკას დედის ბუზღუნით ნათქვამი ბოლო სიტყვები აღარ გაუგონია. ყურმილი დაკიდა და ახლა სხვა ნომერი აკრიფა...

– გამარჯობა. ბილეთის დაჯავშნა მინდოდა პარიზისკენ მიმავალ რეისზე. დიახ, იყოს ვენის გავლით. ხვალ დილის შვიდ საათზე? შესანიშნავია. იყოს ეკონომკლასი... ჩაიწერეთ გვარი...

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3