რამდენ ხანს მართავდა ბაღდადს ქართველი სულეიმან ფაშა და რატომ შეცვალა ის კვლავ ქართველმა » თბილისელები
კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2018 (109)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)

რამდენ ხანს მართავდა ბაღდადს ქართველი სულეიმან ფაშა და რატომ შეცვალა ის კვლავ ქართველმა


სულეიმან ფაშა დიდი, გახლდათ ქართველ მამლუქ მმართველთა დინასტიის ჩამომყალიბებელი ერაყში. თუ როგორ მოხვდა იგი ერაყში, როგორ მოვიდა ხელისუფლებაში და რა ენაზე მეტყველებდა – თანამებრძოლებთან, ამას ინტერვიუში ჩვენი რესპონდენტი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ირაკლი თოფურიძე გვიამბობს.



ირაკლი თოფურიძე: საქართველოს ისტორიის მეთხუთმეტე-მეთვრამეტე საუკუნეები სავსეა ისეთი მოვლენებით, რომელსაც „ტყვის სყიდვა” ეწოდება. ტყვის სყიდვას მიმართავდნენ, როგორც უცხო ტომის მარბიელები, ასევე გაკოტრების პირას მდგარი ქართველი თავად-აზნაურები, რომლებიც თავიანთი ყმების მცირეწლოვან შვილებს, პირდაპირი მნიშვნელობით, ყიდდნენ ახლო აღმოსავლეთის მონათა ბაზრებზე. მიუხედავად იმისა, რომ ტყვის სყიდვა ქართულ სამეფო-სამთავროებში დასჯად ქმედებად ითვლებოდა, არ მოგვეპოვება ცნობები იმის შესახებ, რომ რომელიმე ქართველი თავადი ან აზნაური რაიმე სახის პასუხისმგებლობის წინაშე დამდგარიყო ამის გამო. შედეგად, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მომრავლა ქართული ელემენტი, რომელმაც შემდგომში საკმაოდ დიდი როლი ითამაშა ამ რეგიონის პოლიტიკურ და სოციალურ განვითარებაში. ერთ-ერთი ამ ტყვეთაგანი იყო სულეიმან ფაშა.

– რა ვიცით მისი ქართული წარმოშობის შესახებ?

– არაბული ისტორიული წყაროები და არაბული კვლევითი ლიტერატურა პირდაპირ მიუთითებს, რომ სულეიმანი ქართველი იყო. მისი შემდგომი მოღვაწეობა ლოგიკურად გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ეს მოსაზრება გავიზიაროთ. ერაყის მმართველი დიდი რაოდენობით ყიდულობდა მონათა ბაზარზე მოხვედრილ ქართველ ბავშვებს, რისთვისაც საფაშოს ბიუჯეტში სპეციალური სახსრები იყო გამოყოფილი.

სულეიმანი სულ 5-6 წლის იქნებოდა, როდესაც კახეთში შემოსულმა ლეკთა მარბიელმა რაზმმა მოიტაცა, რის შემდეგაც პატარა ბიჭი სტამბულის მონათა ბაზარზე ხვდება. იქ მას ერთ-ერთი ბაღდადელი ვაჭარი ყიდულობს და ბაღდადში ჩაჰყავს. ამ პერიოდში ბაღდადის მმართველია მამლუქი – სულეიმან ფაშა აბუ-ლაილა, რომელსაც ბაღდადელმა ვაჭარმა ამ პატარა ქართველის სახით ძღვენი მიართვა. სულეიმან ფაშა აბუ-ლაილა, როგორც ყოფილი მამლუქი, პატარა ქართველს მამლუქთა სკოლაში მიაბარებს, სადაც სამხედრო დისციპლინების გარდა, ისწავლებოდა არაბული, ოსმალური და სპარსული ენები, ყურანი, შარიათი, მათემატიკა და ასტრონომია. ამგვარად, პატარა ქართველი სულეიმან ფაშა აბუ-ლაიას მონა, ანუ მამლუქი ხდება. მამლუქი ხომ არაბულად „თეთრ მონას“ ნიშნავს.

– ამის შემდეგ, როგორ წარიმართა მისი ცხოვრება?

– რა თქმა უნდა, სულეიმანმა ისლამი მიიღო და გამოიჩინა დიდი ნიჭი ყველა იმ დისციპლინაში, რომელსაც ასწავლიდნენ. ამის გამო პატრონმა იგი მონობიდან, ანუ მამლუქობიდან გაათავისუფლა და ერთ-ერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშნა თავის კანცელარიაში. შემდეგ სულეიმანი სამხრეთ ერაყის დედაქალაქ ბასრაში მიემგზავრება, სადაც ჯერ ბასრას გამგებლის მოადგილედ, ხოლო შემდეგ გამგებლად იწყებს მსახურებას, სადაც მას სულეიმან აღად მოიხსენიებენ.

სულეიმან აღას სახელთანაა დაკავშირებული ქალაქ ბასრას დაცვა ირანის შემოტევისგან, როდესაც ქალაქი 13 თვის განმავლობაში ალყაში იმყოფებოდა. საბოლოოდ, სულეიმანი დანებდა მტერს, ქალაქი ჩააბარა და თავადაც ირანელების ტყვეობაში აღმოჩნდა. თუმცა, ირანში დატრიალებულმა შიდა არეულობამ აიძულა ისინი გაეთავისუფლებინათ – სულეიმანი და ბასრა დაეტოვებინათ. სულეიმან აღა ბრუნდება ბასრაში თავის თანამდებობაზე და 2 თვის თავზე კი, 1780 წელს პრეტენზიას აცხადებს მთელი ერაყის გამგებლობაზე. მიუხედავად იმისა, რომ სტამბულში სულეიმან აღას პრეტენზიები არასერიოზულად ჩათვალეს, მან ხსენებული წლის მარტში დატოვა ბასრა და 80-კაციანი სამხედრო შენაერთით ბაღდადში უბრძოლველად შევიდა. შიდა არეულობებით გაწამებულმა ბაღდადელებმა სიხარულით მიიღეს სულეიმანი და შვების მოლოდინში ერთგულება შეჰფიცეს მას. ოსმალეთის ქვეყნის ხელისუფლება იძულებული შეიქმნა, სულეიმანი ბაღდადის ფაშას თანამდებობაზე დაემტკიცებინა.

– ესე იგი, ვისაც თავდაპირველად აჩუქეს სულეიმანი, როგორც ქართველი ტყვე და ვინც მამლუქობიდან გაათავისუფლა, იმის თანამდებობდა დაიკავა სულეიმან აღამ?

– სულეიმან ფაშა აბუ-ლაილას გარდაცვალების შემდეგ, ბაღდადი სრულმა ქაოსმა მოიცვა. 3 წლის განმავლობაში ბაღდადის მმართველის თანამდებობაზე 3 კაცი შეიცვალა, რომლებიც სათანადოდ ვერ ახერხებდნენ ბაღდადის მართვას. საქმე იქამდე მივიდა, რომ სტამბულიდან პირდაპირ დაინიშნა ბაღდადის მმართველი, მაგრამ იქ ისეთი ქაოსი სუფევდა, ახალმა მმართველმა გზიდანვე განაცხადა უარი ბოძებულ თანამდებობაზე. პრაქტიკულად, სულეიმან აღა ცარიელ ადგილზე მივიდა.

– გაამართლა თუ არა ბაღდადელების იმედები სულეიმან აღამ?

– რა თქმა უნდა, გაამართლა. უპირველესად ქაოსით დატანჯულმა ბაღდადმა უსაფრთხოება იგრძნო, რადგანაც ახალი მმართველის ერთგულმა მამლუქებმა აღკვეთეს ბაღდადსა და თითქმის მთელ ერაყში ძარცვა-ყაჩაღობა. დაუნდობლად ებრძოდნენ ქურდობას. უკვე სულეიმან ფაშამ საფრანგეთიდან მოიწვია სპეციალისტები, რომელთა დახმარებითაც გაიყვანა ახალი სარწყავი არხები, რასაც მოჰყვა სოფლის მეურნეობის განვითარება. ფაშამ ასევე ჩაახშო ქურთული და არაბული ტომების აჯანყებები. თუმცა, უშედეგოდ ებრძოდა ვაჰაბიტთა შემოსევებს, რომლებმაც არაერთხელ ააოხრეს სამხრეთ ერაყი. ქართველმა ფაშამ ძალიან დიდი ძალისხმევა გამოიჩინა თავისი ერის წარმომადგენელთა ბაღდადში ჩაყვანასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც ქართველთა კოლონია ბაღდადში საგრძნობლად გაიზარდა.

– ესე იგი, მიუხედავად ყველაფრისა, სულეიმან ფაშამ ქართველობა მეტ-ნაკლებად მაინც შეინარჩუნა?

– რა თქმა უნდა. ეს იქიდანაც ჩანს, რომ წამყვან ადმინისტრაციულ და სამხედრო თანამდებობებზე ინიშნებოდნენ ქართველები. გარდა ამისა, სულეიმან ფაშა თავის ქალიშვილებს მხოლოდ და მხოლოდ ქართველ მამლუქებზე ათხოვებდა, რითაც იმოყვრებდა მათ და აძლევდა კარიერული წინსვლის საშუალებას. ცნობილია ისიც, რომ ქართველი ყმაწვილების გარდა, სულეიმან ფაშა ქართველ გოგონებსაც ყიდულობდა ოსმალეთის იმპერიის ტყვეთა ბაზრებზე, რომლებიც, როგორც წესი, ბაღდადის ელიტურ ჰარამხანებში იდებდნენ ბინას. ინგლისელი მოგზაური ბეკინგემი, რომელიც ამ პერიოდში ბაღდადს ესტუმრა აღნიშნავს: ბაღდადში ყველაზე ლამაზი ქალები ქართველები არიანო.

ქართველ მამლუქთა კორპუსმა სულეიმან ფაშას მმართველობის პერიოდში სამიდან ხუთ ათასამდე კაცს მიაღწია და საკმაოდ დიდი სამხედრო ძალა გახლდათ. არსებობს ვერსია, რომ ყველა ეს მამლუქი და, ასევე მამლუქთა წრიდან გამოსული, ბაღდადის საფაშოს სამსახურში ჩამდგარი ქართველები ერთმანეთს შორის ქართულ ენაზე საუბრობდნენ. ეს დასტურდება უფრო გვიანი პერიოდის დოკუმენტებით. როდესაც ერაყის ბოლო ქართველი მამლუქი მმართველი დაუდ ფაშა საქართველოში აგზავნიდა ქართულ ენაზე დაწერილ წერილებს.

– კი მაგრამ, არავის აღიზიანებდა ერაყის საფაშოში ქართველთა ამგვარი აღზევება?

– საქმე ისაა, რომ ქართველი მამლუქები მხოლოდ თავისთვის და ერთმანეთისთვის რჩებოდნენ ქართველებად. ისინი გარკვეულწილად ატარებდნენ ოსმალეთის იმპერიის პოლიტიკას. წარმატებულად მართავდნენ საფაშოს და პირნათლად ასრულებდნენ ცენტრალური ხელისუფლების წინაშე აღებულ ვალდებულებებს. იმავდროულად, ცდილობდნენ, ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით გაეძლიერებინათ საფაშო, რათა შიდა პოლიტიკაში მიეღწიათ მაქსიმალური დამოუკიდებლობისთვის. მიუხედავად მრავალი აჯანყებისა, საფაშო უფრო სტაბილურად გამოიყურებოდა, ვიდრე ოსმალეთის იმპერიის სხვა დანარჩენი პროვინციები. გამომდინარე აქედან, მამლუქთა მმართველობა პრაგმატული იყო როგორც ოსმალეთის იმპერიის ცენტრალური ხელისუფლებისთვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

– საბოლოოდ, როგორ დასრულდა ქართველი სულეიმან ფაშას სიცოცხლე და რას მიაღწია მან თავისი პოლიტიკით?

– 22-წლიანი მმართველობის შედეგად, სულეიმან ფაშას საფაშოში დამკვიდრდა სტაბილურობა, შეიქმნა სამდინარო სავაჭრო ფლოტი, რომლითაც ადგილობრივ ვაჭრებს უადვილდებოდათ პროდუქციის გატანა ისეთ შორეულ ქვეყანაში, როგორიც იყო ინდოეთი. მოხდა პოლიტიკური დამოყვრება ზოგ არაბულ ტომთან, რამაც მომავალში გამორიცხა აჯანყებების შესაძლებლობა ამ უკანასკნელთა მხრიდან. ერაყის ქურთისტანში სულეიმან ფაშას პატივსაცემად დაარსდა ქალაქი სულეიმანი, რამაც ასევე ერაყელი ქურთების კმაყოფილება გამოიწვია. ერთადერთი, რაშიც სულეიმან ფაშას წარუმატებლობა ჰქონდა, იყო ვაჰაბიტებთან ბრძოლა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, სულეიმან ფაშას ეწოდა მეტსახელი – „დიდი“.

პოლიომიელიტისგან დასუსტებულმა და ლოგინს მიჯაჭვულმა სულეიმანმა სიკვდილის წინ ყველა თავისი ქართველი სიძე შეკრიბა და ერთსულოვნება უანდერძა. მისივე გადაწყვეტილებით, საფაშოს გამგებლის ტახტი სულეიმანის უფროსი ქალიშვილის ქმარს – ალი აღას გადაეცა, რომლის შესახებაც მხოლოდ ის ვიცით, რომ დასავლეთ საქართველოდან იყო.

სულეიმან ფაშა დიდი დაკრძალულია ბაღდათში, მის მიერვე აშენებულ სულთან აღას სახელობის მეჩეთის ეზოში.


скачать dle 11.3