კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
თებერვალი 2020 (105)
იანვარი 2020 (195)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)

რომელ მექსიკურ ბარს არ მოხვედრია მზის სხივი და რომელი ხის გულშია მოწყობილი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ბარი


საღამოს, სამსახურის შემდეგ, როდესაც განტვირთვა აუცილებელია, როგორც წესი, პლანეტის მოსახლეობის უმრავლესობა მეგობრებთან ერთად ბარებს, კაფეებსა და ღამის კლუბებს აკითხავს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, უპირატესობა იმ დაწესებულებას ენიჭება, სადაც კარგი მუსიკა, სასიამოვნო გარემო და გემრიელი კერძებია. თუმცა, ინტერიერსაც და პერსონალის მომსახურებასაც არანაკლები მნიშვნელობა აქვს და სწორედ ამის გათვალისწინებით, რუბრიკაში გთავაზობთ პლანეტის ყველაზე უცნაური და არაჩვეულებრივი ბარების ჩამონათვალს.

„სკელეტონ ბარი“ – შვეიცარია

ეს უცნაური ბარ-მუზეუმი შვეიცარიელი დიზაინერის, ფანტასტიკური ბლოკბასტერის, ოსკაროსანი „უცხოს“ მონსტრის შემქმნელის, ჰანს რუდი გიგერის პროექტით აშენდა. ქალაქ გიუერში მდებარე ეს ბარი თქვენ „უცხოს“ სიუჟეტს მოგაგონებთ. ჩონჩხებისა და ძვლების დეკორში შესრულებული ბარის კედლები, სკამები და ჭურჭელი ისეთ ატმოსფეროს ქმნის, თითქოს, თქვენც მონსტრების გარემოცვაში იმყოფებით და უცებ, რომელიმე კუთხიდან თვით „უცხოც“ გამოგეცხადებათ.

„ბაობაბ თრი ბარი“ –

სამხრეთ აფრიკა

ეს ბარი მსოფლიოში ყველაზე გიგანტური, და ასაკოვანი, 47-მეტრიანი დიამეტრის, ექვსი ათასი წლის ბაობაბშია გახსნილი. ხის შიგნით მოწყობილია 60 სტუმარზე გათვლილი ფართი, ღვინის მარანი, ბარის „სტოიკა“ და დართსის სასროლი მიზანი. ეს ბარი სამხრეთ აფრიკაში, ლიმპოპოს პროვინციაში მდებარეობს და თავისი ეგზოტიკური ინტერიერით, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან იზიდავს ტურისტებს.

„დეფეშ მოუდ ბარი“ – ესტონეთი

თუკი ჯგუფ „დეფეშ მოუდის“ თაყვანისმცემელი ხართ, აუცილებლად უნდა ეწვიოთ ესტონეთის დედაქალაქს. ტალინში გახსნილია ბარი, რომელიც ბრიტანული ჯგუფის შემოქმედების საუკეთესო „მუზეუმია“. ბარის კედლები ჯგუფის წევრების პოსტერებით, ნივთებითა და სხვადასხვა ატრიბუტიკით არის მორთული და, რა თქმა უნდა, ბარში მხოლოდ დეივ გეჰენის და მისი ჯგუფის მუსიკა ჟღერს.

„ქეივ ბარი“ – იორდანია

იორდანიაში, ტურისტებისთვის საინტერესო ადგილას, პეტრაში ერთი გამოქვაბული კომერციული მიზნებისთვის, ბარად არის გადაკეთებეული. ბარის კედლები უძველეს აკლდამას ესაზღვრება, და შიგნით ნაკლებად შეხვდებით ტურისტებს. ატმოსფერო საკმაოდ შემაძრწუნებელია. ტურისტები ბარის გარეთ გახსნილ ღია კაფეს ანიჭებენ უპირატესობას, თუმცა არიან ისეთებიც, რომელთაც ინდივიდუალურ საფლავებში გახსნილ კუპეში უყვართ განმარტოება. ადგილობრივი ბედუინების მიერ შესრულებული ცოცხალი მუსიკა და ნაბატეის სამზარეულო, არანაკლები პოპულარობით სარგებლობს ბარის სტუმრებს შორის.

„აბსოლუთ აისბარი“

(ყინულის ბარი) – შვედეთი

ეს ბარი, რომელიც გახსნილია სოფელ იუკასიარვაში, შვედეთის ჩრდილოეთით, გასაგები მიზეზების გამო, სტუმრებს მხოლოდ სექტემბერ-აპრილში იღებს. მსოფლიოში მრავალი ყინულის ბარი არსებობს, თუმცა ეს ბარი იმით არის გამორჩეული, რომ პირველია, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ერთი და იგივე ადგილზე იხსნება. ცივი კედლების მიუხედავად, ბარის შიდა ტემპერატურა 18-23 გრადუსს შორის მერყეობს.

„ფლოიდს პელიკან ბარი“ – იამაიკა

„ფლოიდს პელიკან ბარი“ ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს პალმის ფოთლებისა და ტოტებისგან შეკრული, არამყარი ნაგებობაა. თუმცა, ეს მხოლოდ თავიდან ჩანს ასე. სინამდვილეში, იამაიკის სამხრეთ-აღმოსავლეთის სანაპიროზე მდებარე ეს ბარი, მრავალი წელია სტუმრებს მასპინძლობს. ბარამდე მისვლა მხოლოდ ნავით არის შესაძლებელი, ხოლო ბარის გარშემო ხშირად დაცურავენ დელფინები.

„ალუქს რესტორან-ბარი“ – მექსიკა

არაჩვეულებრივად ლამაზი, მექსიკური რესტორან-ბარი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მიწისქვეშა გამოქვაბულშია განთავსებული, სადაც არასდროს ჩაუღწევია მზის სხივს. ბარში ვიწროკიბიანი ჩასასვლელით ჩახვალთ, რომელიც სანთლებით არის განათებული. სტალაგმიტებითა და სტალაქტიტებით გალამაზებული „ალუქსის“ გამოქვაბული, უგემრიელეს მექსიკურ სამზარეულოს, მყუდრო გარემოსა და ცოცხალ მუსიკას სთავაზობს სტუმრებს. მიწის ზედაპირიდან ათი მეტრის სიღრმეში საფირმო კოქტეილ „ალუქსინანტეს“ დაგემოვნება ნამდვილად ღირს იმად, რომ ერთხელ მაინც ესტუმროთ ამ საოცარ ბარს.

„რედ სი სთარ“ – ისრაელი

ისრაელის ქალაქ ეილატში ფუნქციონირებს წყალქვეშა ბარი-რესტორანი „რედ სი სთარი“, რომელიც სრულად ამართლებს თავის სახელწოდებას. ზღვის ვარსკვლავის ფორმის ბარში მთლიანი ინტერიერი ზღვის თემატიკითაა მოწყობილი. სკამებს მედუზების ფორმა აქვს, ხოლო ფანჯრიდან სხვადასხვა ჯიშის თევზის ხილვა შეგიძლიათ. გარდა ამისა, ბარს გააჩნია წყალქვეშა კუპეები და საცეკვაო მოედანი, რომელიც ბარის ყველაზე ღრმა სართულზეა განთავსებული.

„ფარადეი ბარი“ – ანტარქტიდა

ბარს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა აქვს – ის დედამიწის ზღურბლზე, ანტარქტიდაში მდებარეობს. ბარი გახსნილია სამეცნეირო-კვლევით სადგურში, კუნძულ გალინდესზე და მეცხრამეტე საუკუნის ცნობილი ფიზიკოსის, ფარადეის სახელს ატარებს. ბარის მომსახურე პერსონალს ტრადიციად აქვს დანერგილი, რომ თუკი სტუმარს რაიმე ნივთი დარჩება ბარში, მას აუცილებლად დაკიდებენ კედელზე. მაგალითად, კედელზე ნახავთ, სანთებელებს, სხვადასხვა სამკერდე ნიშნებსა და ქალის ქვედა საცვალსაც კი.

„კლინიკ ბარი“ –

სინგაპური

უამრავ ადამიანს კარგი მოგონებები არ აკავშირებს საავადმყოფოებსა და კლინიკებთან. ამიტომ, ეს ბარი ბევრ სტუმარზე არ არის გათვლილი. წამლის აბის ფორმის ოთახები, სკამების ნაცვლად გორგოლაჭებიანი სავარძლები, ჭურჭელი ქირურგიული ატრიბუტიკის ელემენტს მოგაგონებთ, ხოლო კოქტეილების დაგემოვნება წვეთოვანიდან ან კოლბებიდან მოგიწევთ. ცალკე კუპეები კი საოპერაციო პალატების იმიტაციაა, სადაც ყველაფერი მზად არის მაგალითად თირკმლის ამოსაჭრელად.


скачать dle 11.3