კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

30 თებერვალი


„... შვილები რომ დაჩეხა, ქალი იასონისკენ შეტრიალდა და ჯერ გიჟივით გადაიხარხარა, შემდეგ კი დანა მოიმარჯვა და მისკენ გაქანდა. იასონმა საკუთარი დანა დააგდო და გაიქცა. ქალი კი გამოეკიდა, კედელთან მიიმწყვდია და ორჯერ მძლავრად ჩასცხო დანა ზურგში. იასონი მიტრიალდა, ქალს დანა გამოსტაცა და მძიმედ დაჭრილმა, ოთხი ჭრილობა მიაყენა. ამ დროს პოლიციაც მოვიდა და მჩეხავების ბინაში შეცვივდნენ. თუმცა, ყველაფერი უკვე დასრულებული იყო, ოთხივე სისხლისგან იცლებოდა და ყველანი საავადმყოფოში გადაიყვანეს“.

კითხვა რომ დავასრულე, სიგარეტი გავაბოლე, ოთახში გავიარ-გამოვიარე და ლონდას ვუთხარი:

– თუ შეიძლება, დამტოვეთ ქალბატონო ლონდა, ძალიან დავიღალე და აუცილებლად უნდა დავისვენო.

– კარგი, ჭირიმე, დაისვენე, – მითხრა ლონდამ, გაზეთს ხელი დაავლო და სანამ წავიდოდა, პატივი დამდო, – გედეონ, ხომ იცი, როგორ პატივს გცემ, თუ რამე დაგჭირდეს, არ მოგერიდოს. ჩვენ მაინც გვიან ვიძინებთ და ან დაგვირეკე, ან მოგვიკაკუნე.

ლონდა რომ წავიდა, საწოლზე წამოვწექი და წაკითხული საგაზეთო სტატიის გაანალიზებას შევუდექი. მივხვდი, რომ ჩემი ცოლის დახმარებით იასონმა თავისი სურვილი აისრულა და წინასწარ, საგანგებოდ დამზადებული ბეჭდით შემიცვალა აღმაშენებლისეული ბეჭედი. თუმცა, ამან არც მას და არც მე სიკეთე არ მოგვიტანა და ბაბუაჩემის სიტყვები გამახსენდა: „უღირსის ხელში თუ ჩავარდა ეს ბეჭედი, მასაც უბედურებას მოუტანს და შენცო“.

ფიქრებში ჩამეძინა და საოცარი სიზმარი ვნახე. საწოლში ვიწექი და მეძინა. ჩემი ქალ-ვაჟი ყელგამოღადრულები ეყარნენ იქვე, კუთხეში. იასონი და მედიკო კი შიშვლები და ხელიხელჩაკიდებულები ჭინკებივით დახტოდნენ ჩემს ირგვლივ, ხითხითებდნენ და ჩემი თითიდან მოხსნილ ბეჭედს ხან ერთი იკეთებდა ხელზე, ხან – მეორე. უცებ, ოთახში დავით აღმაშენებელი, ბეჭდის პირველი მფლობელი – გედეონ ჯაყელი, ბაბუაჩემი – გედეონ ჯაყელი და მამაჩემი – სპირიდონ ჯაყელი შემოვიდნენ. იასონმა და მედიკომ ეს ოთხეული რომ დაინახეს, ბეჭდიანად გაუჩინარდნენ. დავითი და სამი ჯაყელი კი ჩემ წინ გამწკრივდნენ, გამაღვიძეს და დავითმა მითხრა:

– ეს რა ჩაიდინე, უგუნურო, დოვლათი გადამთიელს გაატანე და ქვეყანა დაუცველი დატოვე, – შემდეგ დავითი ჯაყელებს მიუბრუნდა და უთხრა, – თქვენმა შთამომავალმა სამშობლოს უღალატა და ჯაყელებს გრაალის რაინდობა ჩამოგერთმევათო.

ორივე გედეონმა თავი ჩაღუნა დავითის წინაშე. მამაჩემმა კი ჩვეულად გააქნია თავი და მისაყვედურა.

– გეუბნებოდი და არ დამიჯერე. ეგ ბეჭედი რომ მუზეუმში შეგვენახა, იაზონი და მედეა მას საბერძნეთში ვერ გაიტაცებდნენ და არც დედა გახდებოდა შვილების მკვლელი.

მამაჩემის სიტყვებმა შემძრა და შევყვირე:

– მედიკომ შვილები მომიკლა? მაგრამ გაზეთში ხომ თეთრზე შავად ეწერა, ქალ-ვაჟი კრიტიკულ მდგომარეობაშია და გადარჩენის 3 პროცენტი აქვთო. კრიტიკული უიმედოს არ ნიშნავს და იქნებ ის 3 პროცენტი გამართლდა?

– მე არ ვიცი, რა წერია გაზეთში, – მომიგო მამაჩემმა, – მაგრამ იაზონმა და მედეამ რომ ოქროს საწმისი გაიტაცეს, ამ ამბავს შემდეგ მედეას შვილების დახოცვა მოჰყვა. შენი ამბავი ოქროს საწმისის თანამედროვე ინტერპრეტაციაა და არ მგონია, მასში მნიშვნელოვანი ცვლილებები იყოს. ეჰ, შვილო, გეუბნებოდი, მუზეუმში დავდოთ-მეთქი და შენ კი ჯორზე შეჯექი, – შემდეგ, მამაჩემი ბაბუაჩემს მიუბრუნდა და უსაყვედურა:

– ესეც შენი რჩეული. ნახე, რაღა გრაალის რაინდი, რომელიც ცოლმა და მისმა საყვარელმა გააცურეს. მე კი დამცინოდი და ნაცარქექიას მიწოდებდი. მაგრამ, უნდა გითხრა, რომ ნაცარქექია სულაც არაა დასაცინი და ნაცარქექიობა კი – სამარცხვინო. სწორედ ნაცარქექიაა ჭეშმარიტი გმირი, რადგან მან დევი დაამარცხა და მადლობელი ვარ, მამაჩემო, ასეთი ეპითეტისთვის, დიდი მადლობელი. თუმცა, ეპითეტები რა დიდი ბედენაა, როდესაც დავლათი დავკარგეთ და ქვეყნის დარუბანდიდან ნიკოფსიამდე გაშლა მხოლოდ და მხოლოდ ოცნებადღა დაგვრჩა.

– ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გაშლილი საქართველო საოცნებოდ აქვთ თურმე, – თქვა დავითმა, მრისხანე მზერა ესროლა ჯაყელებს და სანამ წავიდოდა, ზუსტად ისე აღმართა ხელი, როგორც ცხენზე ამხედრებულ ძეგლზეა გამოსახული და დასჭექა – წყეულიმც იყოს ყველა მოღალატე, შეგნებული და უნებლიე და სანამ ჯაყელები დავლათს არ დაიბრუნებთ, გრაალის რაინდის წოდება ჩამოგერთვათ!

დავით აღმაშენებელი წავიდა. ჩემმა წინაპარმა ჯაყელებმა კი შუაში მომაქციეს და ერთხმად მითხრეს:

– შენი გაფუჭებული საქმე შენვე უნდა გამოასწორო, ან იაზონს და მედეას ბეჭედს წაართმევ, საქართველოს დავლათს დაუბრუნებ და ჩვენც კვლავ გრაალის რაინდები გავხდებით, ან არა და ეშმაკებამდე გზა გქონია და კისერი გიტეხიაო...

ჩემი წინაპარი ჯაყელები გაქრნენ. მე კი ოფლში გაწუწულს გამომეღვიძა. ამ დროს კედლის საათმა ოთხჯერ ჩამოჰკრა...

თენდებოდა, მაგრამ ჯერ კიდევ ბნელოდა. მთელი სხეულით ვცახცახებდი და ბნელ ოთახში ხან ჩემი დაჩეხილი ქალ-ვაჟი მელანდებოდა, ხან ბეჭდით მოცეკვავე იასონი და მედიკო, ხან კი დავით აღმაშენებელი და ჩემი წინაპარი ჯაყელები. უცებ, ყველანი ერთად მომეჩვენენ, ბნელ ოთახში დატრიალდნენ და ჩამძახოდნენ: „მედეამ და იაზონმა გაიტაცეს ბეჭედი... შენ სამშობლოს დოვლათი წაართმევინე მტრებს... ხომ გეუბნებოდი, რომ ბეჭედი მუზეუმში დავდოთო... მამი, მამი, გვიშველე, დედიკო ყელს გვჭრის...“

უცებ ეს ყველაფერი საშინელი სიჩქარით დატრიალდა ჩემ ირგვლივ და მეც დავტრიალდი, მაგრამ მკვეთრად გავჩერდი და საშინელი ხმით ვიღრიალე: „გაჩერდით, გაქრით, მომშორდით...“ მართლაც, ყველაფერი გაქრა და ოთახში კვლავ განთიადის სიჩუმემ დაისადგურა. თუმცა, ეს სიჩუმე ჩემმა არაადამიანურმა ხარხარმა დაარღვია. შემდეგ, მე სამოსი გავიძრე და დედიშობილამ დავიწყე აქეთ-იქით სიარული და საკოლექციო ნივთების მორგება, რომლებსაც მთელი ცხოვრება ვაგროვებდი, უზარმაზარ ოთახში მქონდა გამოფენილი და სახლის მუზეუმს ვუწოდებდი.

მე ჯერ რკინის აბჯარი ჩავიცვი და მუზარადი მოვირგე თავზე. შემდეგ, უნიკალური დავითფერული შემოვირტყი წელზე, მხარზე ტყვიებით გაძეძგილი „აკაეს-უ“ გადავიკიდე, ბენზინით სავსე ბალონს და სანთებელას დავავლე ხელი და სახლიდან გავედი... ასეთი უნიკალური სამხედრო აღჭურვილობით გადავჭერი ეზო და იასონის კორპუსისკენ ავიღე გეზი. შუა ეზოში ჩვენი მეეზოვე ნაზო შემომხვდა, რომელიც თვალებგადმოკარკლული მომჩერებოდა და ვერ გაეგო, თუ რა ხდებოდა.

– დილა მშვიდობისა, ქალბატონო ნაზო, – მივესალმე გაშეშებულ მეეზოვეს და აბჯრის წკრიალით გვერდით ჩავუარე, თუმცა, სამიოდე ნაბიჯში შევჩერდი, ნაზოს მივუბრუნდი და ვკითხე, – რატომ არ მესალმები, ნაზო, ჩემზე ნაწყენი ხომ არ ხარ?

– გამარჯობა, ბატონო გედეონ, როგორ ბრძანდებით, – ძლივს ამოთქვა შეშინებულმა ნაზომ.

– ჯერჯერობით ცუდად და მანამდე ვიქნები ასე, სანამ ოქროს საწმისს არ გამოვიხსნი, – მივუგე ნაზოს, – გზა განვაგრძე. ნაზომ თვალი გამომაყოლა. მე კი იასონის კორპუსში შევედი, დავითფერული ვიშიშვლე და მეხუთე სართულისკენ, სადაც ბერძნის ბინა მდებარეობდა, ხმლის ქნევით გავემართე.

კიბეებზე ყიჟინით ავრბოდი, თან ვიმეორებდი: „გამოდი და შემებრძოლე, იასონ, თუ ვაჟკაცი ხარ-მეთქი“, მესამე სართულს რომ გავუსწორდი, სომეხი მეწაღე ვართანა შემეფეთა, რომელიც „ახ სირუმ-სირუმს“ ღიღინებდა და ეზოში ჩადიოდა, სადაც პატარა ჯიხური ჰქონდა. ასეთ ყოფაში რომ დამინახა, წვრილი თვალები ათჯერ გაუდიდდა და ჩაილაპარაკა: „ეს ინჩა?“ შემდეგ ორივე ხელი ასწია, დაიჩოქა და აყვირდა:

– „სდაიუს“, „სდაიუს“!

– გზიდან ჩამომეცალე, ლაჩარო! – ვუღრიალე უკიდურესად შეშინებულ ვართანას, მუხლი მხარში გავკარი და ყიჟინით განვაგრძე გზა.

მეხუთე სართულს რომ მივაღწიე, იასონის კარს მივვარდი და ხმლის ტარით ავუტეხე ბრახუნი, თან მთელი ხმით ვღრიალებდი: გამოდი, გარეთ გამოდი, შე ლაჩარო, და შემებრძოლე, ან ოქროს საწმისი დამიბრუნე, თორემ გაგანადგურებ-მეთქი.

ბრახუნმა არანაირი შედეგი არ გამოიღო. ამიტომ, დავითფერული დავკარი და დავკარი ფოლადის კარს, თუმცა ბევრი ვერაფერი დავაკელი და მხოლოდ რამდენიმე ღრმა ნაკვეთი დავამჩნიე. ამიტომ, „აკაეს-უ“ მოვიხსენი, გადავტენე და ორი მჭიდი დავაცალე საკეტს, რომელიც დაიფლითა და უზარმაზარი კარი მხოლოდ ამის შემდეგ, ნელ-ნელა გაიღო... ავტომატი დერეფანში დავაგდე, კვლავ დავითფერული ვიშიშვლე და საომარი ყიჟინით შევიჭერი იასონის ცარიელ სახლში. ყველა ოთახი მოვირბინე და რომ ვერავინ აღმოვაჩინე, ხმალი ჩავაგე. შემდეგ ბენზინით სავსე ბალონი მოვიმარჯვე, ოთახებში მოვასხი და ცეცხლი წავუკიდე, ცეცხლწაკიდებული ბინიდან დინჯად გამოვედი და ჩავილაპარაკე: ცეცხლითა და მახვილით, ცეცხლითა და მახვილით უნდა დავიბრუნოთ წართმეული-მეთქი.

ეზოში რომ ჩავედი, მილიცია, სახანძრო დახმარება და ფსიქიატრიული კლინიკის სასწრაფო-ოპერატიული ბრიგადა უკვე იქ იმყოფებოდნენ. მეზობლებს დროულად მიეღოთ ზომები და სამივე სამსახურში ერთდროულად დაერეკათ. ამიტომ, მეხანძრეებს არ გასჭირვებიათ ხანძრის ჩაქრობა და საცხოვრებელი კორპუსი დაწვას გადაარჩინეს. გამოძახებულ მილიციელებს მაშინდელი უფროსი, პოლკოვნიკი კუტალია მეთაურობდა, რომელიც კარგად მიცნობდა. ამიტომ, თავის ხელქვეითებს ანიშნა, ადგილიდან არ დაიძრათო. შემდეგ მომიახლოვდა, მხედრულად მომესალმა და მკითხა:

– დახმარება ხომ არ გჭირდებათ, ამხანაგო გენერალო?

– გმადლობთ, ჩემო კარგო, – მივუგე კუტალიას, – ეშმაკების ბუდე უკვე გადავბუგე, ახლა კი უნდა დავისვენო, ცოტა არ იყოს, დავიღალე და ძალების აღდგენა მჭირდება.

– მართალს ბრძანებთ, გენერალო, დასვენება გჭირდებათ, – მითხრა კუტალიამ და საკუთარი „ვოლგისკენ“ გაიშვირა ხელი, – ნება მიბოძეთ, პირადად მიგაცილოთ მოსასვენებლამდე.

კუტალიას მხარზე მოვუთათუნე ხელი და მივუგე:

– შორს არ მივდივარ, აი, იქ ვცხოვრობ და მე თვითონ მივალ სახლში, თქვენ კი ნუ შეწუხდებით და მომავალი დიდი ბრძოლებისთვის მოემზადეთ.

ეს რომ ვთქვი, პოლკოვნიკს გავუღიმე და ადგილიდან დავიძარი, მაგრამ თეთრხალათიანი სანიტრები მომცვივდნენ და მიუხედავად იმისა, რომ კუტალიამ მათ ანიშნა, არ მოხვიდეთო, ალყაში მომაქციეს.

– რაშია საქმე, მეგობრებო? – ვკითხე თეთრხალათიანებს და რვავეს თვალი მოვავლე, რომლებიც კოპებშეკრულები მიმზერდნენ და მზად იყვნენ, შევეპყარი და გავეკოჭე.

თეთრხალათიანებს ერთი ქალი გამოეყო – გენერალმა შიშნარევი მზერა მიაპყრო კარს. შემდეგ თანაპალატელებს მიუბრუნდა და ხმადაბლა განაგრძო, – ეს ქალი ჟუჟუნა სანიტარი იყო, რომელიც მომიახლოვდა და მითხრა:

– წამოდი ჩქარა და მანქანაში ჩაჯექი, საავადმყოფოში უნდა წაგიყვანოთ.

– გამეცალე, ბოროტო დიაცო! – დავჭყივლე ჟუჟუნა სანიტარს და მარცხენა ხელი ვკარი, მარჯვენათი კი დავითფერული ვიშიშვლე და ჭინკებივით მიმოფანტულ სანიტრებს დავუწყე დევნა, რომლებიც თავქუდმოგლეჯილები გარბოდნენ. მე კი ხან ერთს დავედევნებოდი, ხან – მეორეს და ვჭექავდი: „მუსრს გაგავლებთ, მუსრს, თქვე ჯოჯოხეთის მოციქულებო!“

სანამ მე ხმალამოწვდილი დავდევდი სანიტრებს, მილიციელები უმოქმედოდ იდგნენ და ჩემი დაშოშმინება არც უცდიათ, რადგან ტიტე კუტალიამ მათ უბრძანა, ჩემთვის ხელი არ ეხლოთ. ამიტომ, მილიციელებს არ გავკარებივარ და მხოლოდ სანიტრებს ვერჩოდი. დაახლოებით, ათწუთიანი „ჯირითის“ შემდეგ დევნა შევწყვიტე, სანიტრებს ხმალი მოვუღერე და ჩემი სახლის სადარბაზოსკენ გავემართე, თუმცა, ხმალი ქარქაშში არ ჩამიგია და დაშვებული მეკავა ხელში.

სადარბაზოში რომ შევდგი ფეხი, უცებ კაპრონის სქელი ბადე წამომაცვეს ელვისებურად, თვალის დახამხამებაში გამკოჭეს და ისე მაგრად შემომაჭდეს ბადე, ხმლის მოქნევა ვერ მოვახერხე. თეთრხალათიანებმა, რომლებმაც ჩემ მიმართ ეს ქმედება ჩაიდინეს, ჰაერში ამწიეს და ფსიქიატრიული კლინიკის ფურგონისკენ წამიღეს.

– ჯოჯოხეთის ჭინკებო! ბნელეთის მოციქულებო! სუყველას დაგხოცავთ, სასტიკად აგხანჯლავთ და თქვენი დამპალი, მყრალი ხორცებით მოვფენ ბრძოლის ველს. გამიშვით, გამიშვით, ოქროს საწმისი უნდა დავიბრუნო! – ვღრიალებდი განწირული ხმით, მაგრამ ვინ გაგიშვებდა.

მანქანაში შემაგდეს და ჟუჟუნა სანიტარმა უზარმაზარი ნემსი დამარჭო მარცხენა საძილე არტერიაში. სანამ გავითიშებოდი, საზიზღარი სახე ახლოს მომიტანა და თვალებანთებულმა შემომსისინა:

– ხელი ვისზე აწიე, შე გიჟო! ცემა-ტყეპა როგორ უნდა, მე გაჩვენებ...

ფურგონი დაიძრა და მე გონება გამეთიშა. თვალები რომ გავახილე, აბსოლუტურად განიარაღებული ვიყავი. სადღა იყო დავითფერული, ან აბჯარ-მუზარადი. საავადმყოფოს ზოლიანი სამოსი მეცვა და უფანჯრო, 20-25 კვადრატული ფართის ოთახში ვიწექი, რკინის მაგიდაზე ხელ-ფეხით მიბმული. როგორც მოგვიანებით შევიტყვე, თურმე, სამხეცეში ვიმყოფებოდი. ასე უწოდებენ იმ განყოფილებას, სადაც ყველაზე დაუმორჩილებლებს ათავსებენ. სამხეცე ჩვენს ქვევითაა, სარდაფში და საიდუმლო შესასვლელი აქვს, რომლის შესახებ სულ რამდენიმე ადამიანმა იცის. მონიტორინგის ჯგუფებს იქ არ უშვებენ და არც არავინ თხოულობს მის ჩვენებას, რადგან ოფიციალურად არსადაა რეგისტრირებული და ვინც იქ ხვდება, უკან ცოცხალი ვეღარ ბრუნდება. მე, უბრალოდ, ბედმა გამიღიმა და სულ რაღაც ერთ თვეში დავაღწიე თავი იქაურობას. ისიც იმიტომ, რომ ჩემმა ყოფილმა კოლეგებმა იხლაფორთეს. ჩემს გადასარჩენად პირადად გენერალი გრომოვი ჩამოვიდა მოსკოვიდან თბილისში. უკვე 18 წელიწადია, აქ ვიმყოფები და შეიძლება ითქვას, რომ ამ უწყების უხუცესი ბინადარი ვარ. უნდა გითხრათ, რომ მეც ისევე, როგორც ბატონი პანტელეიმონ ჯაში, მზად ვარ, ვიმუშაო თქვენს გარდამავალ, დროებით მთავრობაში და დაველოდო 30 თებერვალს, იმ მაგიურ თარიღს, რომელიც ჩვენ ყველას ფართო საზოგადოებრივ ასპარეზზე დაგვაბრუნებს. აი, სულ ესაა, რისი თქმაც მინდოდა და მე დავასრულე.

– შთამბეჭდავი იყო, დიდად შთამბეჭდავი, ბატონი გენერლის მონათხრობი და მას მართლაც ჭეშმარიტი რაინდი მეომრისა და გულანთებული მამულიშვილის ბიოგრაფია აქვს, – თქვა ჯაბამ შევარდნაძის ხმით, – მე შეკითხვები არ მაქვს, თქვენ, მეგობრებო?

– არ მაქვს შეკითხვები, – თქვა პანტელეიმონ ჯაშმა.

– არც მე, – გაიმეორა ჯიოშვილმა.

– მე მაქვს შეკითხვა, შეიძლება? – თქვა დიტო სულაბერიძემ.

– რა ხართ ეს ჟურნალისტები, რა ხართ, – შევარდნაძისეულ სტილში თქვა ჯაბამ, – კითხვების კორიანტელი რომ არ დააყენოთ, არ შეგიძლიათ. ბრძანე, ჩემო დიტო, გისმენთ.

სულაბერიძე ფეხზე წამოდგა და გენერალს მიმართა:

– თქვენთან ორი კითხვა მაქვს. პირველი, გადარჩნენ თუ არა ცოცხლები საბერძნეთში დაზარალებული ტრაგედიის მონაწილეები და, თუ შეიძლება, იქნებ უფრო დაწვრილებით მოგვითხროთ ჩვენს ქვევით განლაგებული სამხეცის შესახებ.

გენერალმა პაუზა გააკეთა, ყელი მოიღერა და ღირსეულად თქვა:

– რაც შეეხება მეორე კითხვას, მოდი, მასზე პასუხს მოგვიანებით გაგცემთ, რადგან ახლა არც ამის დროა და არც ხალისი მაქვს. პირველ კითხვაზე გიპასუხებთ, რომ იმ ტრაგედიის შედეგების არაფერი ვიცი, და როგორც კი 30 თებერვალი დადგება და აქედან გავალთ, იმ ამბავს მაშინ გავარკვევ, – თქვა გენერალმა, პაუზა გააკეთა და ნაღვლიანი სახით დააბოლოვა, – მედიკო და იასონი არ მადარდებს, ჩემი ქალ-ვაჟის ბედზე ვნერვიულობ. თუმცა, უნდა გამოგიტყდეთ, მეგობრებო, რომ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და იმედია, ჩემი შვილები სიკვდილს გადაურჩნენ.

– მეტი კითხვა არ მაქვს, – თქვა სულაბერიძემ და საწოლზე ჩამოჯდა.

– დაბრძანდით, ბატონო გედეონ, – უთხრა ჯაბამ გენერალს და პოლკოვნიკისკენ გაიშვირა ხელი, – ახლა კი პოლკოვნიკი ჯიოშვილი გამოვა სიტყვით. გამოდი, ჯემალ, მოგვიყევი შენი ამბავი.

ჯემალ ჯიოშვილი გაცვეთილ ხალიჩაზე დადგა და თხრობა დაიწყო:

– მამაჩემი ზორბეგ ჯიოევი, ჯაველი ოსი გლეხი იყო და მთელი ცხოვრება თოხნა-ბარვასა და საქონლის დევნაში ჰქონდა წელი მოწყვეტილი. დედა ადრეულ ბავშვობაში გარდამეცვალა და ერთადერთ შვილს მამა მარტო მზრდიდა. არაფერი გვაკლდა და მაინც უკმაყოფილო იყო.

– ჯემალ! – მეტყოდა ხოლმე, მთელი დღის ნამუშევარი, ქანცგაწყვეტილი მამა, – ვირი შრომისთვისაა გაჩენილი, მაგრამ ის ვერ უძლებს მიწასთან ჭიდილს და კვდება. პირუტყვს რომ ასე მოსდის, შენ წარმოიდგინე, ადამიანს რა დაემართება. მიწის თოხნამ და საქონლის დევნამ მომტეხა და დამაბერა ასე, თორემ, იცი, რა ბიჭი ვიყავი? მთელ ოსეთში მეორე ჩემნაირს ვერ ნახავდი და ცხინვალში რომ ჩავდიოდი, იქაური გოგონები თვალს მაყოლებდნენ. თექვსმეტი წლისას დიდკაცური, შავი, ხშირი წვერ-ულვაში ამომეზარდა და შესახედაობით 20-22 წლის ვაჟკაცს ვგავდი. „რა ვაჟკაცი მყავს, რა ვაჟკაცი!“ იტყოდა ხოლმე ჩემი შემხედვარე მამაჩემი ვალოდია და უზარმაზარ ულვაშებზე კმაყოფილი გადაისვამდა ხელს. თვითონ გლეხი იყო, მაგრამ უნდოდა, მე დიდი ადამიანი გამოვსულიყავი და მაგულიანებდა:

– მიდი, ზორბეგ, მიაწექი, ტან-ფეხი შენ არ გაკლია და გონება. დიდი კაცი გამოდი, ჩვენც გაგვახარე, შენც გაიხარე და იხეირეო.

სკოლა რომ დავამთავრე, 17 წლის ვიყავი. მამამ კოხტად გამომაწყო და ორჯონიკიძეში წამიყვანა, რომ ნათესავები გაეცნო ჩემთვის და მათთან თავი მოეწონებინა, ასეთი ვაჟკაცი მყავსო. სწორედ იქ გავიცანი ზაირა, ცხონებული დედაშენი და ისე შეგვიყვარდა ერთმანეთი, მშობლებს არაფერი ვკითხეთ, გავიპარეთ და დავქორწინდით. ზაირა 14 წლის იყო მაშინ და ისეთი ლამაზი, რომ მასზე ბევრ რჩეულ ვაჟკაცს მოსდიოდა ელეთ-მელეთი. მართალია, შვილი კი გაუბედნიერდა და მზეთუნახავი რძალი შეუვიდა მამაჩემს ოჯახში, მაგრამ მთელი გეგმები ჩაეშალა, რადგან სწავლა-განათლებაზე ავიცრუე გული. ამიტომ, ცხონებული მამაჩემი დარდმა დააავადა, სული განუტევა და შენს დაბადებას ვერ მოესწრო. მე ჯერ მისი სახელის დარქმევა მინდოდა შენთვის, მაგრამ ვიფიქრე, იმისი ბედი არ დაებედოს-მეთქი და ჯემალი დაგარქვი. მამაჩემს დედაჩემი მიჰყვა და 18 წლის უკვე ობოლი, ცოლშვილიანი ყმაწვილი ვიყავი და ოჯახი რომ თავზე არ დამქცეოდა, მიწას შევეჭიდე, გლეხობას მივყავი ხელი. შენ რომ 5 წლის იყავი, ჩემი მზეთუნახავი ზაირა, 20 წლის ასაკში უკურნებელი სენით გარდაიცვალა და ასე დავრჩით მარტონი. ამიტომ, შვილო, ნურც ცოლის მოყვანას იჩქარებ და ისწავლე, ხალხში გაერიე, ჭკვიან და ცნობილ ადამიანებში იტრიალე, რომ შენც გამოჩნდეო...

აი, ასეთი ცხოვრებისეული ფილოსოფია ჰქონდა ცხონებულ მამაჩემს და მამამისივით, ანუ ბაბუაჩემ ვალოდიასავით, უნდოდა, მისი შვილი ცნობილი ადამიანი გამოსულიყო. ამიტომ, 10 წლის ასაკში ჭიდაობაზე სიარული დამაწყებინა და ყოველმხრივ მიწყობდა ხელს. ჭიდაობის ნიჭი აღმომაჩნდა და ცამეტი წლისა, უკვე ცხინვალის ჩემპიონი გავხდი, შემდეგ სამხრეთ ოსეთის პირველობაც მოვიგე და ავტონომიური ოლქის ნაკრების შემადგენლობაში საქართველოს ჭაბუკ მოჭიდავეთა ჩემპიონატში მივიღე მონაწილეობა, რომელიც თბილისში და თანაც სპორტის სასახლეში ტარდებოდა.

სწორედ მაშინ ჩამოვედი პირველად საქართველოს დედაქალაქში და პირდაღებული ვათვალიერებდი მრავალსართულიან შენობებს. ჯავაში მხოლოდ ქოხები იდგა, ცხინვალის ყველაზე მაღალი შენობა კი, საოლქო კომიტეტი, სულ რაღაც ორსართულიანი იყო.

– მოგწონს აქაურობა? – მკითხა მამაჩემმა, როდესაც თბილისის შემოვლა დავასრულეთ და ფატიმა ბიცოლას საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში შევედით.

– ძალიან მაგარია, – აღფრთოვანებულმა მივუგე მამას.

– ჰოდა, თუ დამიჯერებ და დიდი კაცი გამოხვალ, სულ მალე აქ, ამ დიდ და ლამაზ ქალაქში გადმოხვალ საცხოვრებლად. ამისთვის კი, სულ ცოტა, საქართველოს ჭაბუკთა პირველობა უნდა მოიგო, რომ საქართველოს ნაკრებში აგიყვანონ.

– ყველაფერს ვიღონებ, რომ ჩემპიონი გავხდე, – შევპირდი მამას და მართლაც ფინალში ისე გავედი, ოთხივე ჩემი მეტოქე სუფთად დავამარცხე და ერთი ქულაც არ დამიკარგავს.

– ყოჩაღ, შვილო, ყოჩაღ! ჩათვალე, რომ ჩემპიონი ხარ, წინ ვეღარავინ დაგიდგება და კირაკოზაშვილს ცალი ბეჭით დაამარცხებ, – მილოცავდა მამაჩემი და ჩემს ჩემპიონობას წინასწარ ზეიმობდა.

ფინალში თბილისელი მოჭიდავე კარენ კირაკოზაშვილი მხვდებოდა. კარგი, ძლიერი მოჭიდავე იყო, მაგრამ ჩემთან ვერ მოვიდოდა. მე მასზე ორი თავით მაღლა ვიდექი და ამას ყველა კარგად ხედავდა. მათ შორის მამაჩემიც და ჩემპიონობას ამიტომაც მილოცავდა წინასწარ. მეც დარწმუნებული ვიყავი, რომ ფინალს მოვიგებდი და სპორტის სასახლის ხალიჩაზე საკუთარ ძალებში თავდაჯერებული და გამარჯვების ურყევი რწმენით გავედი. თუმცა, ხომ გაგიგიათ: „ჰოპს ნუ დაიძახებ, სანამ არ გადახტებიო“. კირაკოზაშვილს აშკარად ვაჯობე და მთელი შეხვედრის განმავლობაში ზემოდან ვეჯექი, მაგრამ ჩემპიონი მაინც ის გახდა... მსაჯები აშკარად მის მხარეს იყვნენ და მე სამი წმინდა გამარჯვება არ ჩამითვალეს, სამჯერ სულ ტყუილუბრალოდ გამაფრთხილეს, შეხვედრიდან მომხსნეს და გამარჯვება ჩემს მეტოქეს გადაულოცეს.

კარენ კირაკოზაშვილი ისე იყო გახარებული ამ უსამართლობით, რომ ჭინკასავით დახტოდა ხალიჩაზე. ისე მოჰქონდა თავი, თითქოს დამსახურებულად მოეპოვებინოს ჩემპიონობა. სამაგიეროდ, სპორტის სასახლეში შეკრებილი ხალხი, უკიდურესად აღშფოთებული მომხდარი უსამართლობით, ერთხმად ყვიროდა: „სუ-დი-ა პი-და-რასტ! სუ-დი-ა პი-და-რასტ!“ სასახლე სავსე იყო, რადგან იქ დიდი საერთაშორისო ტურნირი ტარდებოდა ჭიდაობაში, სადაც მსოფლიოს ყველა ცნობილი მოჭიდავე იღებდა მონაწილეობას და ჩვენი, ჭაბუკთა პირველობა ამ ტურნირის შუალედში მიმდინარეობდა. ამიტომ, ხომ წარმოგიდგენიათ, რა გნიასი ატყდებოდა, როდესაც ათი ათასი ადამიანი ერთდროულად, მთელი ხმით გამოხატავდა პროტესტს. მაშინ, გაგანია კომუნისტების დროს, ასეთი რამ დაუშვებელი იყო და სპორტის სასახლეში მყოფი მილიცია თავქუდმოგლეჯილი დარბოდა აქეთ-იქით, მაგრამ 10 ათას კაცს ხომ ვერ დაიჭერდნენ?

გაგიჟებული იყო მამაჩემიც, რომელიც მსაჯებთან მივარდა და ცდილობდა, მათთვის დაემტკიცებინა, რომ უსამართლოდ მოიქცნენ. მოუწოდებდა გადაწყვეტილება შეეცვალა. მაგრამ ასეთი რამ მაშინ წარმოუდგენელი იყო და მანაც ხელი ჩაიქნია. თუმცა, დამაძალა, რომ მეორეადგილოსნის მედალი და სიგელი ამეღო, რადგან მე უარის თქმას ვაპირებდი.

ნათესავის სახლში რომ დავბრუნდით და ყველაფერი მოვყევით, მამაჩემის ბიძაშვილმა ბესთამ ღიმილით გააქნია თავი და გვითხრა:

– ეგ იმიტომ მოხდა, რომ ჯიოევის გვარით ჭიდაობდა. აბა -შვილზე ყოფილიყო ჩაწერილი, მაშინ ვნახავდით, ვინ მოიგებდა. იმიტომაც მოუგო ჯიოევს ვიღაც -შვილმა, რა გვარი იყო ის ბიჭი?

– ბაგრატიონ-მუხრანსკი, – ირონიულად თქვა მამაჩემმა, – რა გვარი იყო და კირაკოზაშვილი, სინამდვილეში კი ალბათ, კირაკოზიანი.

– სინამდვილე არ ვიცი, მაგრამ -შვილი ხომ იყო, – ღიმილით თქვა ბესთამ, – თანაც თბილისელი და ჯავაში ოქროს მედალს ვინ გაგატანდათ. აი, მე, სანამ ბესთაევად ვეწერე, „მლაჩში სერჟანტობას“ ვერ ავცდი მილიციაში და „გაის“ „ნაჩალნიკი“ ვიწრო ქუჩებზე მიშვებდა საპატრულოდ. იქ კი ფული არ იშოვება. ახლა კი რა ხდება? ტრასაზე ვდგავარ, კაი „მაყუთს ვღუნავ“, კაპიტანი ვარ და სულ მალე მაიორიც გავხდები და იცით, რატომ, იმიტომ, რომ პასპორტში ბესთავაშვილი მიწერია, გესმის, შვილო, და ძაღლის თავიც იქაა დამარხული. გაიგე, ახლა თუ რაშია საქმე, ჩემო ძმაო ზორბეგ? რა მნიშვნელობა აქვს, რა გვარი გვიწერია პასპორტში, გალოევი თუ მესხი? მთავარია, ჩვენ ვიცოდეთ, ვინ ვართ და ჩვენი მეობა არ დავკარგოთ. მესხი რომ ვართანოვი იყოს გვარად და კალოევი – ორჯონიკიძე, ის 4-5 კაცს ვეღარ გვაპამპულებდა მინდორზე და მეორე კი თავით ბურთებს ვეღარ გაიტანდა თუ როგორაა შენი საქმე? გაპამპულავებდა და გაგიტანდა კიდევაც. ამიტომ, როგორც საქმეს სჭირდება, ისე უნდა მოიქცე და მაგარიც იქნები და ფულიც გექნება.

– მე რომ ჯიოევობა მინდა და ასე მსურს ვიყო მაგარი? – ვუთხარი ძია ბესთას, – კალოევი ხომ კალოევია და სწორედ ასეა მაგარი?

– კი, გეთანხმებით, ზოგჯერ ასეც ხდება, შვილო, – მითხრა ძია ბესთამ, – მაგრამ, შენს შემთხვევაში ვხედავ, რომ ჯერჯერობით მაინც ჯიოშვილობა ჯობია, თორემ, კირაკოზაშვილი ყოველთვის პირველი იქნება, შენ კი მეორე და შეიძლება, ეგეც არ გაღირსონ. გვეყოფა ახლა ფილოსოფია. ამ ჭიქით შენ გაგიმარჯოს, ჩემო ჯემალ და სულ მალე მომელოცოს შენთვის ჩემპიონობა. შენი ჭიდაობის საყურებლად რომ მოვალ, მსაჯს საქვეყნოდ გამოეცხადებინოს: „ჩემპიონი გახდა ჯემალ ჯიოშვილი!...“

ჯავაში მეორე დღესვე დავბრუნდით. მამაჩემს ჭკუაში დაუჯდა ძია ბესთას სიტყვები და ერთ კვირაში ახალი დაბადების მოწმობა მომიტანა ცხინვალიდან, რომელშიც ეწერა: „ჯემალ ზორბეგის ძე ჯიოშვილი“. ასე გავხდი 14 წლის ასაკში ჯიოშვილი და მართალია, ეს მამაჩემის სურვილი იყო, თავად ჯიოევად დარჩა.

ის დღე იყო და თითქოს ჯადოქარმა ჯადოსნური ჯოხი დამკრაო, ტურნირს ტურნირზე, ჩემპიონატს ჩემპიონატზე ვიგებდი და ჩემი წამქცევი კაცი არ იყო. მეტოქეს მეტოქეზე ვამარცხებდი და განსაკუთრებით კარენ კირაკოზაშვილი მყავდა ამოჩემებული. ის საცოდავი თორმეტჯერ დავამარცხე სასტიკად და სადაც მოვიხელთებდი, არ ვახარებდი. მეცამეტედ კი, თავადვე განაცხადა ჩემთან შეხვედრაზე უარი. როგორც საერთო ნაცნობისგან შევიტყვე, მას უთქვამს: „ცამეტი თარსი რიცხვია და რამე არ ამიტეხოსო“. 16 წლის ასაკში დაუმარცხებელი ფალავნის სახელი მქონდა და ჯერ საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებში ამიყვანეს და საბჭოთა კავშირის პირველობა რომ მოვიგე, უკვე საბჭოთა ჭაბუკთა ნაკრებშიც მიხმეს. თავი არც იქ შემირცხვენია და „ევროპა“ მოვიგე. მსოფლიოსთვის ვემზადებოდი და სწორედ ამ დროს დამატყდა თავზე უბედურება. მამაჩემი – ზორბეგი გარდაიცვალა. უფრო სწორად კი დაიღუპა. ის ცხონებული, თურმე, ხარ-კამეჩს მიერეკებოდა ღამით და ერთ-ერთმა კამეჩმა გადაიყოლა უფსკრულში. მამას კამეჩზე მიბმული თოკი ხელზე ჰქონდა დახვეული და დროზე გახსნა ვერ მოასწრო. დამფრთხალმა ცხოველმა კლდიდან გადაჩეხა...

ეს უბედურება რომ მოხდა, 18 წლის ვსრულდებოდი და მართალია, საკმაოდ ცნობილი და ერთი შეხედვით, დამოუკიდებელი ადამიანი ვიყავი, მაგრამ ამ ტრაგედიამ თავზარი დამცა და გამტეხა. ამიტომ ჭიდაობას თავი დავანებე, საკუთარ ნაჭუჭში ჩავიკეტე და ისეთ დეპრესიაში ვიყავი, სახლიდანაც იშვიათად გამოვდიოდი. მიუხედავად იმისა, რომ მწვრთნელებმა რამდენჯერმე ჩამომაკითხეს და სპორტში დაბრუნებას მთხოვდნენ, მე კატეგორიულ უარზე ვიდექი და ბოლოს თავი დამანებეს.

ერთ მშვენიერ დღეს ძია ბესთამ ჩამომაკითხა თავისი „გაის“ ყვითელი მანქანით ჯავაში და მითხრა:

– ასე რამ დაგაჩაჩანაკა ეს ვაჟკაცი კაცი, არ გრცხვენია, ბიჭო? ღმერთმა აცხონოს ჩემი ზორბეგი, მით უმეტეს, რომ ძალიან ახალგაზრდა წავიდა ამქვეყნიდან, მაგრამ რას იზამ, ასეთია ბუნების კანონი და ჯობია, მამა წავიდეს შვილზე ადრე ამქვეყნიდან, ვიდრე შვილმა გაასწროს მას. ყველაფერი კარგად იქნება. გამაგრდი, ძალები მოიკრიბე და ვაჟკაცურად შეებრძოლე ცხოვრებას. ეს ცხოვრება ბრძოლაა, რომელშიც სუსტი მარცხდება. არ უნდა დათმო, მაგრად უნდა დაუდგე და გაგიმართლებს. ერთ კვირაში ჩამოვალ, მოწესრიგებული და მზად დამხვდი, თბილისში ჩემთან მიმყავხარ.

ძია ბესთამ სიტყვა შეასრულა, თავისთან სახლში მიმიყვანა და ცოლ-შვილს განუცხადა:

– ფატიმა, მარიანა, ჯემალს ჩემთან ვაწყებინებ მუშაობას და სანამ ფეხზე არ დადგება, ჩვენთან იცხოვრებსო.

ბიცოლაჩემ ფატიმას და ჩემს ბიძაშვილ მარიანას არც აღტაცება გამოუხატავთ და არც პროტესტი გამოუთქვამთ. ხუთოთახიან ბინაში ერთი საძინებელი გამომიყვეს და იქ დავსახლდი. ძია ბესთამ კი ავტოინსპექციაში მომაწყო სამუშაოდ და იმდენი მომიხერხა, რომ სამსახურის პირველი ორი წელიწადი ჯარში ყოფნად ჩამეთვალა.

იმ პერიოდისთვის ძია ბესთა მაიორი და ასეულის უფროსი იყო, კარგ მაყუთს ხვეტავდა და პოდპოლკოვნიკობას ელოდა. მეც მის ასეულში ვმსახურობდი და მისი წყალობით, ისე კარგად დავეუფლე პროფესიას, ანუ ფულის კეთებას, რომ 20 წლის ასაკში საკმაო თანხა დავაგროვე და ბინის ყიდვას ვაპირებდი.

– ჯერ 20 წლის ხარ და ნურც ბინის ყიდვას იჩქარებ და ნურც მანქანისას, – მეტყოდა ხოლმე ძია ბესთა, – ყველაფერი წინ გაქვს, ყველაფერს მოესწრები და უფროსობას და ხალხს ნუ აალაპარაკებ, რომ ეს ლაწირაკი რა უცებ გამდიდრებულაო.

მე ვფიქრობ, რომ ძია ბესთას არ უნდოდა ჩემი სახლიდან გაშვება, რადგან ძალიან შემეჩვია, შვილად მთვლიდა და იმიტომ მეუბნებოდა ასეთ რამეებს. მე კი ძალიან დავალებული ვიყავი მისგან, ხათრს ვერ ვუტეხავდი და ამიტომ ვჩერდებოდი მასთან, თორემ ფატიმას და მარიანას შემყურე, იმ სახლში რა გამაჩერებდა. საქმე ისაა, რომ ბიცოლაჩემი ფატიმა და მისი ბედოვლათი ქალიშვილი მარიანა მსუბუქი ყოფაქცევისანი იყვნენ, ანუ ბოზები. როგორც კი ძია ბესთა თვალს მიეფარებოდა, დედა-შვილს უკვე ფეხები ჰქონდა აშვერილი და ხან სად და ვისთან ეყარნენ და ხან – სად...

ფატიმა თუ ორმოც წელს მიტანებული „დამა“ ქალი იყო, მარიანას ცხრამეტიც არ შესრულებოდა და ისე იყო გაწაფული წაკლობაში, რომ დედამისსაც კი აჭარბებდა. მათი ამბავი კი, სრულიად შემთხვევით, ერთი ჩემი ნაცნობისგან შევიტყვე, რომელმაც თურმე მარიანასთან ერთად დამინახა „გაის“ მანქანაში. ერთხელ მარიანამ მთხოვა, ინსტიტუტში მიმიყვანეო და სამსახურებრივი მანქანით წავიყვანე. სწორედ მაშინ დავუნახივარ იმ ჩემს ნაცნობს.

– არ მეგონა, თუ ქალები გიყვარდა, თანაც წაკლა-ბოზებიო...

– რა ქალები, რის წაკლა-ბოზები? – გამიკვირდა მე, რადგან ჯერ ერთი, ბოზებში არ დავდიოდი, თანაც იმ პერიოდში შეყვარებული მყავდა, დაოჯახებას ვაპირებდი და რა მებოზებოდა.

– აბა, მარიანა ვინაა? – ნიშნის მოგებით მითხრა ჩემმა ნაცნობმა და ყველაფერს მივხვდი.

– ვინ, მარიანა? – თავი გავიშტერე და მთელი ნებისყოფა მოვიკრიბე, რომ არ გავშიფრულიყავი.

– რომელი და, თბილისში რომ მსხვილი სეტყვა მოვიდა, იმ დღეს რომ გეჯდა მანქანაში ის.

– უბრალოდ, ვიღაც უცნობი გოგონა იყო. სეტყვა რომ წამოვიდა, მთხოვა, მანქანაში ჩამსვიო და შევიფარე.

– ვითომ?! – ეჭვის თვალით შემომხედა ჩემმა ნაცნობმა, – არ მატყუებ?

– კი მაგრამ, რაში მჭირდება, ან დასამალი რა მაქვს. ჩემი ცოლი ხარ, შეყვარებული თუ ცოლის ძმა; ან ცოლის და შეყვარებულის ახლო ნათესავი?

– პრინციპში, მართალს ამბობ, – ჩაეცინა ნაცნობს, – უბრალოდ, ამდენი ვერ მოვტვინე.

– ისე, ცუდი გოგო არ იყო, რა, წაკლაა?

– წაკლაო? – შეიცხადა ჩემმა ნაცნობმა, – წაკლა კი არა, გაქანებული „პრაშმანდოვკაა“, დედამისთან ერთად პონტს არ მაზავს და ორივე დედა-შვილი, რომ იტყვიან, არანაირ სიამოვნებას არ იკლებენ და სულ ვიღაცის ქვეშ არიან ამოდებულები – მიდი და მიდი, მიდი და მიდი... ჩემმა ნაცნობმა უხამსი მოძრაობებით მიმანიშნა, თუ რას აკეთებდნენ ბიცოლაჩემი და ჩემი ბიძაშვილი.

ამის მოსმენას, მერჩივნა, მიწა გამსკდომოდა და ჩავვარდნილიყავი. ძია ბესთა კი ისე შემეცოდა, ისე, რომ იმ წუთას ფატიმა და მარიანა რომ დამენახა, შუაზე გავხევდი. მაგრამ, არ შევიმჩნიე და ვკითხე:

– შენ საიდან იცი ამდენი?

– რა, დაგაინტერესა? თუ გინდა, დავურეკავ, შეხვედრაზე გამოვიყვან და თუ ცარიელი ბაითი გაქვს, წავიყვანოთ და მივამყნოთ. მაგრამ, შვილი მე, დედა კი – შენ. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს, გავცვალოთ ხოლმე. დედას გეფიცები, ისეთ მაგარ დროს გაგვატარებინებენ, უკეთესს ვერ ინატრებ.

– მაყუთი რამდენია გადასახდელი?

– არც არაფერი. უფრო სწორად კი იმდენი, რაც „პრავიზიასა“ და სასმელში დაგვეხარჯება. ქალები კი მაყუთს არ იღებენ, პროსტო „გულაობა ევასებათ“ და ეგაა.

– არა, ძმაო, – ორივე ხელი ავწიე და ნაძალადევად გავიცინე, – ორივე შენთვის დამითმია, მე კი – პას...

– როგორც გენებოს, – მითხრა ჩემმა ნაცნობმა და წავიდა. მე კი განადგურებული წამოვედი და ძია ბესთაზე ვფიქრობდი, რომელსაც მისი უნამუსო ცოლ-შვილი უზარმაზარ რქებს ადგამდა. ის კი მათ არაფერს აკლებდა, დედოფლებივით აცხოვრებდა და ეგონა, უმწიკვლო ოჯახი მაქვსო.

ისეთი თავზარდაცემული ვმართავდი მანქანას, რომ იპოდრომთან კინაღამ საშინელი ავტოავარია მოვახდინე. ამიტომ, მანქანა გადავაყენე და იმაზე დავფიქრდი, როგორ მოვქცეულიყავი. კარგა ხანს ვიფიქრე, მაგრამ გადაწყვეტილება ვერ მივიღე. მეთქვა ძია ბესთასთვის, თუ რა ხდებოდა – ვაი იყო, რადგან შეიძლებოდა, გული გასკდომოდა. არ მეთქვა და იქნებოდა, ვუი... რადგან ასე თავლაფდასხმული ცხოვრება შეუძლებელი იყო. თანაც, ისე იყო იმ საზიზღარი დედა-შვილის ამბავი თბილისში გაბაზრებული, ადრე თუ გვიან, ძია ბესთა მაინც შეიტყობდა ყველაფერს.

„ეს რა ხათაბალაში ჩავვარდი, – ვფიქრობდი მანქანაში მოკალათებული, – იქნებ სულაც აზვიადებს ამ ყველაფერს ჩემი ნაცნობი. ღმერთმა ქნას, რომ მართლა ასე იყოს. მოდი ერთი, გადავამოწმებ“.

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3