კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქალის „დაწერა“ ახალგაზრდა კაცს სიკვდილის ფასად დაუჯდა


უცნობ ახალგაზრდებს შორის დაწყებული შელაპარაკება მკვლელობით დასრულდა. ახალგაზრდების ჩხუბის მიზეზი, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ქალი გახდა. შედეგად, ერთმანეთისთვის სრულიად უცხო ადამიანებმა იქაურობა დალეწეს. ჩხუბში კი ერთ-ერთი დაპირისპირებულის ძმა ჩაერთო, რომელმაც გაშველების ნაცვლად, მისთვის სრულიად უცნობ ახალგაზრდას 8 ჭრილობა მიაყენა.

23 ნოემბერს საღამოს 6 საათზე ახალშეუღლებული წყვილი რესტორანში ქორწილს აღნიშნავდა. იმავე რესტორნის ერთ-ერთ ღია კუპეში თამაზ გ. მეგობრებთან ერთად ქეიფობდა. მათ სუფრასთან ორი გოგონა იმყოფებოდა. რესტორანში ყველანი სვამდნენ. ცოტა ხანში სუფრები ისე აირია ერთმანეთში, რომ მექორწილეების სუფრიდან ერთ-ერთმა სტუმარმა, ზურა მ-მ კუპეში თამაზ გ-ს თანამესუფრე გოგონა საცეკვაოდ გაიწვია.

იმის მიუხედავად, რომ გოგონა რესტორანში თამაზს ახლდა და სხვა მაგიდაზე იჯდა, უცნობი მამაკაცის თხოვნას დათანხმდა და საცეკვაოდ გაჰყვა. თუმცა, მას შემდეგ, რაც მაგიდასთან დაბრუნდა, მამაკაცებმა ამ საქციელის გამო მსუბუქი შენიშვნა მისცეს. მექორწილეების სუფრიდან ზურა მ-ს მორიგი ნაბიჯი რომ არ გადაედგა, შესაძლოა, საღამოს მშვიდობიანად ჩაევლო. თუმცა, ცოტა ხანში მან გოგონას მაგიდისთვის ორი ბოთლი შამპანური და საქორწინო ტორტის ნაჭრები გაგზავნა. სწორედ ეს ფაქტი გახდა ნასვამი თამაზ მ-სა და მისი მეგობარი ბიჭებისთვის მიუღებელი. როდესაც გაარკვიეს თუ ვინ გამოგზავნა მათ სუფრაზე ნუგბარი, ოფიციანტს მოსთხოვეს, გამოგზავნილი უკან, უშუალოდ გამომგზავნისთვის დაებრუნებინა. ოფიციანტიც, იძულებული გახდა კატეგორიული მოთხოვნა შეესრულებინა.

ამის მიუხედავად ზურა მ. არ გაჩერდა. ცოტა ხანში მეგობარ ბიჭთან ერთად მათ სუფრასთან მივიდა და ამჯერად შამპანურები, თავად მიიტანა. სწორედ ამ ფაქტის გამო მოხდა ახალგაზრდებს შორის შელაპარაკება. თამაზმა იქაურობის დატოვება მოსთხოვა. თუმცა, ისე, რომ ზურა მ-ს ბიჭების ამ მოთხოვნისთვის ყურადღება არ მიუქცევია, პირდაპირ გოგონას მიმართა – რა მოხდა, უკან რატომ დამიბრუნე, კარგი გულით გამოვაგზავნეო. ამ წინადადებას თამაზ გ-ს მხრიდან გინება მოჰყვა და დაწყებული კონფლიქტი მალე ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. თამაზ გ. მოითხოვდა უცნობს არა მხოლოდ მათი მაგიდა, საერთოდ, რესტორანი დაეტოვებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოკვლით დაემუქრა.

როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, მათ ჩხუბში სხვებიც ჩაერივნენ. დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს მუშტს, ბოთლსა და წიხლს ურტყამდნენ. იქ მყოფთა ნაწილი კი, მოჩხუბრების გაშველებას ცდილობდა.

სწორედ ამ მომენტში თამაზ გ-ს ტელეფონმა დარეკა. ტელეფონი ძირს ეგდო, მას ის გოგონა დასწვდა, რომლის გამოც ატყდა ეს აურზაური. მან კი ისე, რომ არც კი იცოდა, ვინ რეკავდა, ტელეფონში პირდაპირ ჩასძახა, რესტორანში საშინელი ჩხუბიაო. აღმოჩნდა, რომ თამაზის ძმა გიორგი გ. რეკავდა, რომელიც 10 წუთში რესტორანში გაჩნდა და პირდაპირ მოჩხუბრებისკენ გაემართა. თუმცა, შესვლისთანავე იმ სურათს შეესწრო, რომ მისი ძმა იატაკზე ეგდო, ვიღაც ბიჭი კი არ ეშვებოდა და გამეტებით ურტყამდა. ვინაიდან თამაზ გ-ს ძმა რესტორანში გინებითა და დანის ტრიალით მივიდა, მის დანახვაზე ხალხი მიმოიფანტა. ის კი პირდაპირ ზურა მ-სთან მიიჭრა და ყველას თვალწინ უცნობს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. თავად კი, ნაცემი ძმა მანქანაში ჩაისვა და იქაურობა დატოვა. დაჭრილი ზურა მ. ახლობლებმა სასწრაფოდ საავადმყოფში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა, – ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე ხულიგნური ქვენაგრძნობით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. თუმცა, ძალოვნებმა არა მხოლოდ გიორგი, ხულიგნობის ბრალდებით მისი ძმაც დააკავეს. საქმე აღიძრა სხვა პირებზეც, ჩხუბში მართლაც ბევრი ადამიანი მონაწილეობდა, მაგრამ საბოლოოდ, მხოლოდ ძმებს აგებინეს პასუხი.

საბრალდებო დასკვნაში აღნიშნულია, რომ გიორგი გ-მ მისთვის უცნობი ზურა მ. განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა. თუმცა, თავად განსასჯელი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობდა.

განსასჯელის ჩვენებიდან: „იმ დღეს ვიცოდი ჩემი ძმა საქეიფოდ მიდიოდა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ცუდი წინათგრძნობა მქონდა და ტელეფონზე დავურეკე. ქალმა აიღო ყურმილი და პირდაპირ მითხრა, რომ თამაზს კლავდნენ. მაშინვე რესტორანში მივედი. დავინახე ჩემს ძმას როგორ სცემდა რამდენიმე ახალგაზრდა. ის ძირს ეგდო. მაშინვე დასახმარებლად გავემართე, ვყვიროდი, მისთვის თავი დაენებებინათ. ყველა გაიქცა, მაგრამ უცნობი ბიჭი, რომელიც თაზოს ზემოდან ეჯდა და ხელში დანა ეჭირა, არ ეშვებოდა. მაშინვე ხელებში ვწვდი, დანის წართმევა მინდოდა, დიდხანს ვეჭიდავე და წავართვი. არ ვიცი, მას ჭრილობა როდის მივაყენე, მთელი აქცენტი ჩემი ძმის გადარჩენაზე მქონდა გადატანილი. არც ის ვიცი, რამდენი ჭრილობა მივაყენე. მაგრამ, მე განზრახ მკვლელობა არ ჩამიდენია... ჩემი ძმა იქიდან წამოვიყვანე. არ დავმალულვარ, მეორე დილით პოლიცია სახლში მოვიდა და დამაკავეს. მე ჩემს ძმას ვიცავდი. რომ არ მივსულიყავი, ის დღეს ცოცხალი არ იქნებოდა. ზურა მ-ს მოკვლა ნამდვილად არ მინდოდა. ვნანობ, რომ ყველაფერი ასე დასრულდა”.

განსასჯელი და მისი ადვოკატი სასამართლოზე კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვდნენ. მიიჩნევდნენ, რომ სახეზე იყო აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით ჩადენილი მკვლელობა. პარალელურად, თავს დამნაშავედ არ ცნობდა მკვლელობაში ბრალდებულის ძმაც.

თამაზ გ-ს ჩვენებიდან: „ჩხუბი სწორედ მექორწილეების სუფრიდან დაიწყეს. ჩვენთვის ვიჯექით, ცალკე სუფრასთან. გოგო რომ გაიწვია მეწყინა, მაგრამ ამის გამო ჩხუბი არ ამიტეხია. შემდეგ მოვიდა აწგარდაცვლილი და ჩემს მეგობარ გოგონას გამომწვევად დაუწყო საუბარი. ვთხოვეთ, იქაურობა დაეტოვებინა. უკმეხად გვიპასუხა და ისევ გოგოს მიუბრუნდა. ამის გამო მივეცით შენიშვნა. ის და მისი მეგობრები საცემრად წამოვიდნენ. გარდაცვლილმა ფოიეში გამათრია და მირტყამდა. ჩემი მეგობარი ცალკე ჰყავდათ დაჭერილი. ისინი ბევრნი იყვნენ და ყველაფერს გვირტყამდნენ, რაც ხელში მოხვდათ. მსუბუქად, მაგრამ დაჭრილი მეც ვიყავი. ჩემი ძმა რომ არ მოსულიყო, დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი. დანა გარდაცვლილსაც ეჭირა ხელში და სწორედ საკუთარი დანით დაიჭრა. მე უდანაშაულო ვარ. ჩვენ თავს ვიცავდით”.

საპირისპირო ჩვენებას იძლეოდნენ მოკლულის ახლობლები. ამბობდნენ, რომ ჩხუბი თამაზ გ-მ დაიწყო. კატეგორიულად უარყოფდნენ იმას, რომ გარდაცვლილს დანა ჰქონდა.

„ჩხუბი იყო და ჩვენ ვაშველებდით. უცებ მანქანა გაჩერდა და იქიდან დანით შეიარაღებული ბიჭი ყვირილით გადმოვიდა. მოჩხუბრები დაიშალნენ, მას ზურა შერჩა ხელში და ყოველგვარი კითხვის გარეშე დანა რამდენჯერმე დაარტყა. ყველაფერი ისე უცბად მოხდა, ვერაფერი მოვიმოქმედეთ”, – ასეთი შინაარსის იყო რამდენიმე თვითმხილველი მოწმის ჩვენება, რომლებიც ორივე ძმას ამხელდნენ.

დაზარალებულის სტატუსით, მოკლულის დედა, ორივე ძმის უმკაცრესად დასჯას მოითხოვდა. მიიჩნევდა, რომ შვილი სადისტურად მოუკლეს. მას 8 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ისიც ირწმუნებოდა, რომ მის შვილს დანა არასდროს ჰქონია და არც იმ მომენტში ჰქონდა.

სასამართლოზე მთავარი მოწმის, ანუ ვის გამოც ეს ტრაგედია დატრიალდა, დაკითხვა ვერ მოხერხდა. იმ დროისთვის მას საქართველო დატოვებული ჰქონდა. საქმეში იდო მისი განცხადება, რომ ის იტალიაში იმყოფებოდა. სასამართლომ მისი ჩვენება გამოაქვეყნა.

მოწმის ჩვენებიდან: „თაზო ახალი გაცნობილი მყავდა. იმ დღეს რესტორანში ჩემს მეგობარ გოგონასთან ერთად დამპატიჟა. გვერდით დარბაზში ქორწილის სუფრა იყო გაშლილი. მე და ჩემი მეგობარი ვცეკვავდით, როცა ჩვენთან უცნობი ბიჭები მოვიდნენ და გვაცეკვეს. მაშინ გავიცანი ზურა. მერე ისევ სუფრასთან დავბრუნდით. თაზომ მაშინვე შენიშვნა მოგვცა. ყველაფერი კი შამპანურის გამოგზავნას მოჰყვა. როცა ზურა შამპანურებით მოვიდა, მას უკმეხად მიმართეს და ჩხუბი ატყდა. თაზოს ძმას არ ვიცნობდი. ჩვენც ვცდილობდით, მოჩხუბრების გაშველებას, მაგრამ ისე აირია სიტუაცია, ვერაფერს გავხდით. მერე ვიღაცამ დაიყვირა, ზურა დაჭრესო. მოგვიანებით გავიგე, რომ ის თაზოს ძმამ მოკლა. ისინი იქიდან მანქანით წავიდნენ, მე და ჩემმა მეგობარმაც დავტოვეთ იქაურობა”.

საქმეში იდო სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით, გარდაცვლილის სიკვდილის მიზეზი მწვავე სისხლნაკლებობა იყო. მოკლულს ღვიძლი და ელენთა ჰქონდა დაზიანებული. სხეულზე სულ 8 ჭრილობა აღენიშნებოდა, რაც მიყენებული იყო მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით.

სასამართლო პროცესზე ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა თამაზ გ-ს ადვოკატმაც, რითაც დასტურდებოდა, რომ სხეულზე სისხლნაჟღენთები მასაც ჰქონდა და მკლავში მსუბუქად ისიც იყო დაჭრილი. ამიტომ, სასამართლომ მას ორი წელი შეუფარდა. თუმცა, ვინაიდან ეს ვადა განაჩენის გამოტანის დღეს ამოიწურა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა. რაც შეეხება მის ძმას, სასამართლომ გიორგი გ-ს ხულიგნური ქვენაგრძნობით ჩადენილი მკვლელობის მუხლი მოუხსნა და მხოლოდ განზრახ მკვლელობისთვის გაასამართლა. განაჩენში მითითებულია, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია ხულიგნურ ქმედებას, რადგან გიორგი გ-ს მისვლისას, ჩხუბი უკვე დაწყებული იყო. თუმცა, ჩადენილისთვის მას 13 წელი პატიმრობა მიუსაჯეს.


скачать dle 11.3