კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ახოცვინებდა ცნობილი ფსიქოთერაპევტი თავის პაციენტებს ქირურგებს


ორმოციოდე წლის ხელფეხგაკოჭილი მამაკაცი ნაძვის ხეზე იყო მიყრდნობილი და შიშით სავსე თვალებით უმზერდა ნიჩბიან ახალგაზრდას, რომელიც გამალებით თხრიდა მიწას.

– ესეც ასე, საფლავი მზად გაქვს და გასამგზავრებლად მოემზადე! – უთხრა ახალგაზრდამ ხელფეხგაკოჭილს და ნიჩაბი ძირს დააგდო, – გეყო, რაც იბოგინე. დროა, კუთვნილი ადგილი დაიკავო.

ხელფეხგაკოჭილმა რაღაცის თქმა სცადა, მაგრამ პირში ჩაჩრილმა ჩოგბურთის ბურთმა მას ამის საშუალება არ მისცა.

– როგორია, ჰა, სიცოცხლესთან განშორება? – ჩაილაპარაკა ახალგაზრდამ და ტუსაღს ქოჩორში ჩაავლო მარჯვენა ხელი. შემდეგ ძლიერად მოქაჩა და გათხრილი ორმოსკენ წაათრია. ხელფეხგაკოჭილი თევზივით ფართხალებდა და გასხლტომას ცდილობდა, თუმცა, ეს შეუძლებელი იყო, რადგან ახალგაზრდის თითები მარწუხებივით ჩაფრენოდა თმაში.

– ახლავე, ახლავე, ცოტაც მაცადე! – თქვა ახალგაზრდამ და ორმოში ჩახტა. შემდეგ თავისი ტუსაღიც ჩაათრია და ზურგზე დააწვინა. ხელფეხგაკოჭილს ენით აუწერელი შიში აღებეჭდა სახეზე.

– ფუი, ადამიანურად სიკვდილიც კი არ შეგიძლია! – თქვა ახალგაზრდამ და ტუსაღს ზემოდან დააფურთხა, – ასე ჩასვრილ-ჩასველებული უნდა წარდგე ჯოჯოხეთში? მაინც რა ჭამე ისეთი, ასე საზიზღრად რომ ყარხარ? – სიცილით ჰკითხა ახალგაზრდამ შიშისგან ჩასვრილს და მიწიდან ნიჩაბი ამოიღო.

ტუსაღს უფრო მეტად დაეღრიჯა სახე და სანამ მიწა დაფარავდა, სულ ერთიანად გათეთრდა.

– ესეც ასე. კიდევ ერთი ნაძირალა გავამგზავრე, – ჩაილაპარაკა ბიჭმა. მას შემდეგ რაც ნიჩაბი ნივის საბარგულში ჩადო, თვითონაც ჩაჯდა მანქანაში და ტყიდან გავიდა.



ექსპერტიზის დასკვნა

– ხელი რატომ აქვს მოგლეჯილი? – იკითხა მაიორმა და პროზექტურის საპროექციო მაგიდაზე დასვენებულ გვამს მიუახლოვდა.

– ეგ ბულდოზერმა მოგლიჯა ამოთხრის დროს, მაგრამ მთავარი სხვა რამაა, – უთხრა მაიორს ექსპერტმა და გულის ჯიბიდან ცელოფნის პარკი ამოიღო, – აი, მთავარი სამხილი, რაც მკვლელს გვაპოვნინებს, – მაიორს მან პარკში მოთავსებული თმის ღერი დაანახვა.

– ვისია ეს? – იკითხა მაიორმა.

– სავარაუდოდ, მკვლელის, – თქვა ექსპერტმა, – უფრო სწორად, მკვლელის, ვარაუდი აქ ზედმეტია.

– რა შერლოკ ჰოლმსივით ბოლოდან იწყებ ხოლმე, გუჯა, – გაეცინა მაიორს, – არ შეგიძლია, დალაგებულად ამიხსნა ყველაფერი?

– დალაგება შენი საქმეა, მე კი სამხილებს მოგაწვდი, – ღიმილითვე მიუგო მაიორს ექსპერტმა და ცელოფნის პარკი ისევ გულის ჯიბეში ჩაიდო, – წყნეთის ტყეპარკის ერთ-ერთ მონაკვეთზე ვინმე შერგილ მოწონელიძე აგარაკს აშენებს და გუშინ მისმა მუშებმა იქ თხრა დაიწყეს. პირველივე დარტყმით ამოაგდო ბულდოზერმა, – ექსპერტმა ხელში აიღო მოწყვეტილი ხელი და მაიორს ცხვირწინ დაუტრიალა. შემდეგ, რა თქმა უნდა, თხრა შეაჩერეს და იქიდან ამ სუბიექტის ხელფეხგაკოჭილი გვამი ამოიღეს. გუშინ მორიგე ვიყავი და მე მომიწია მისი გამოკვლევა. ახალი მკვდარია, სულ რაღაც 48 საათის, ანუ ორი დღის წინ გაუყვა საიქიოს გზას.

– რითია მოკლული?

– ინფარქტით, – გაეცინა ექსპერტს.

– აბა, იქ როგორ აღმოჩნდა?

– ინფარქტი მაშინ დაემართა, როდესაც მას ცოცხლად მარხავდა წითური ადამიანი და მანამდე გაუსკდა გული, სანამ მიწისგან გაიგუდებოდა. როგორც ეტყობა, მყისიერად გაჭაღარავდა, ნახე, რა თეთრია. მის სხეულზე უკვე სხვა ფერის ერთ ღერ ბალანსაც ვეღარ ნახავ.

– რატომ უკვე? – მხრები აიჩეჩა მაიორმა.

– იმიტომ, ჩემო ვარლამ, რომ ორი ცალი წითური ბალანი მე აღმოვაჩინე მის სხეულზე და დარწმუნებული ვარ, ისინი მკვლელს ეკუთვნის. ერთი სიტყვით, ჯერ ამ თმის გამოკვლევაა საჭირო ლაბორატორიაში. საორიენტაციოდ ახალგაზრდა, წითური ჰომოსექსუალი მამაკაცი უნდა ეძებო და რაც უფრო მალე დაადგენენ ამ სუბიექტის ვინაობას, – ექსპერტმა გვამისკენ გაიშვირა ხელი, მით უფრო გაგიადვილდება ძებნა.

– რატომ ჰომოსექსუალის? – ჰკითხა მაიორმა, რომელიც პათანატომ ელგუჯა ლაღიძისგან მიჩვეული იყო სიურპრიზებს, მაგრამ ბოლო სიტყვამ მასში მაინც ეჭვი გამოიწვია.

– იმიტომ, ჩემო ვარლამ, რომ ამის თეთრი თმის ფონზე აღმოჩენილი თმის ღერი მაძლევს ამ ვარაუდის საშუალებას. ერთი ღერი სასქესო ორგანოსთან, თმის საფარში აღმოვაჩინე, მეორე კი – მიცვალებულის ხშირ თმაში. როგორც ხედავ, – ექსპერტმა გულის ჯიბიდან ორი ცალი ცელოფნის პარკი ამოაცურა და მაიორს აჩვენა, – ორივე ღერი წითურია. ერთი გენიტალიების თმოვანი საფარის ტიპს განეკუთვნება, მეორე კი თავის თმის ღერია. ამას ჯერ კიდევ დამტკიცება უნდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ორივე ერთ პიროვნებას ეკუთვნის. მეორე ღერი, სავარაუდოდ, მაშინ ჩამოუვარდა თავიდან მკვლელს, როდესაც ის ხელფეხგაკოჭილ მსხვერპლს საფლავისკენ მიათრევდა. ხოლო, რაც შეეხება სასქესო ორგანოსთან აღმოჩენილ ბალანს, ამის ახსნაც არაა ძნელი. როგორც ეტყობა, სქესობრივი აქტის მცდელობის დროსაა ეს თმა მომძვრალი.

– რატომ მცდელობისას?

– იმიტომ, ჩემო ვარლამ, რომ ეს სუბიექტი კარგად გამოვიკვლიე და არც მის მიერ და არც მასზე არ ყოფილა განხორციელებული მსგავსი ქმედებები უახლოესი 4-5 დღის განმავლობაში. მასში არც უცხო სპერმაა აღმოჩენილი და არც მის სასქესო ორგანოს ეტყობა მსგავსი მოქმედებისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური ნაკაწრ-ნახეხები, – დაასრულა თავისი დასკვნა ექსპერტმა და ცელოფნები ისევ გულის ჯიბეში შეინახა.



წითური ეშმაკი

ელგუჯა ლაღიძის ვარაუდი აბსოლუტურად ზუსტი გამოდგა და თმის ორი ღერი ერთი და იმავე პიროვნების აღმოჩნდა.

მაიორმა ვარლამ გორგილაძემ გარდაცვლილის პიროვნებაც დაადგინა. ის ყოფილი ქირურგი სპირიდონ ბანძელაძე აღმოჩნდა. გარდაცვლილი ბანძელაძე 39 წლის, ცოლთან 11 წლის წინ გაცილებული, კარჩაკეტილი ადამიანი იყო. ის წყნეთში თავის სახლში ცხოვრობდა და მეზობლების განმარტებით, არავისთან არ ახლობლობდა. ბანძელაძე მოსკოვიდან იყო საქართველოში ჩამოსული და მას შემდეგ გამოიცვალა საცხოვრებელი ადგილი, რაც სამსახურიდან არაპროფესიონალიზმისთვის გაათავისუფლეს. შემდეგ კი ცოლსაც გასცილდა. მაიორმა გორგილაძემ მოსკოვიდან ბანძელაძის გათავისუფლების საბუთები გამოითხოვა და იქიდან შეიტყო, რომ მას პაციენტი ბრმა ნაწლავის ოპერაციის დროს შემოაკვდა.

„უცნაურია, – გაიფიქრა მაიორმა, – ჯობია, ადგილზე გავერკვე ყველაფერში. საბუთებიდან ჩანს, რომ ბანძელაძეს წითელ დიპლომზე დაუმთავრებია ინსტიტუტი და ასეთ შეცდომას როგორ დაუშვებდა? შესაძლოა, სხვა მოვლენასთან გვაქვს საქმე?“ – გორგილაძემ თავი გააქნია და მოსკოვიდან მიღებული ცნობების ასლი საგამოძიებო საქმეში ჩააკრა.

მილიციის სამმართველოს ოპერმუშაკებმა დაადგინეს, რომ ბანძელაძის მცირერიცხოვან ნაცნობებში მართლაც ერია წითური ახალგაზრდა კაცი. მილიციის ოპერებმა მოკვლევა დაიწყეს და წითურის ვინაობაც დაადგინეს, რომელიც ვინმე ოლეგ დოლმანი აღმოჩნდა. ის მატარებლის გამცილებელი იყო და თბილისი-მოსკოვის რეისის „ესვეს“ ვაგონში მუშაობდა. ოპერებმა დოლმანის თმის ღერის ნიმუშები მოიპოვეს და მას შემდეგ, რაც ის ექსპერტ ლაღიძის მიერ ნაპოვნ თმის ღერებს დაემთხვა, გამცილებელი პირდაპირ მატარებელში აიყვანეს.

– მე მოვკალი ბანძელაძე, – პირველივე დაკითხვაზე, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე გამოტყდა დოლმანი, – მაგრამ მისი ცოცხლად დამარხვა არ მინდოდა და მაიძულეს, – ისტერიკულად გაჰკიოდა გამცილებელი და იკრუნჩხებოდა.

– ჰმ, ამ წითურ ეშმაკს შეხედე, – თქვა გორგილაძემ, – ადამიანი ცოცხლად დამარხა და ამბობს, არ მინდოდაო...



ფსიქოთერაპია

ოლეგ დოლმანი თავის აღიარებით ჩვენებაში წერდა: „ჰომოსექსუალიზმისადმი მიდრეკილება მას შემდეგ გამიჩნდა, რაც ერთხელ ჩვენი რკინიგზის სასწავლებლის მეოთხეკურსელებმა აუდიტორიაში გამაუპატიურეს. ოთხნი იყვნენ და ეს იმიტომ ჩაიდინეს, რომ მათ „სეკაში“ წაგებული 800 მანეთი ვერ ჩავაბარე. იმ დღიდან მოყოლებული ჩემივე სქესის ადამიანებისადმი გამიჩნდა ლტოლვა. პარალელურად, ფიზიკური ვარჯიში დავიწყე, რათა არავის დავეჩაგრე. თან, შურისძიების გრძნობა არ მასვენებდა. მე ოთხივე ჩემი მოძალადე მოვიხელთე. სათითაოდ გავაუპატიურე, შემდეგ კი ყველანი ცოცხლად დავმარხე. ამის შემდეგ არავინ მომიკლავს და სინდისიც კი მქენჯნიდა. ჰომოსექსუალიზმისგან განკურნებაც გადავწყვიტე და საამისოდ მოსკოვში, ერთ-ერთ ანონიმურ კლინიკას მივმართე. ჩემი ნამდვილი ტანჯვა-წამება სწორედ იქ, მას შემდეგ დაიწყო, რაც პავლე როტმანს ჰომოსექსუალიზმისგან განკურნების განზრახვის შესახებ მოვუყევი. მან მე ფსიქოთერაპია დამინიშნა. როტმანი ჩემთან ინდივიდუალურ სეანსებს ატარებდა. ჩემგან შეიტყო ჩემ მიერ ჩადენილი მკვლელობების შესახებ და ახლა ვხვდები, რომ ეს ფაქტი მან საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა. ერთხელ მან ბანძელაძის შესახებ მითხრა, რომ ის სექსუალური მოძალადე იყო. როტმანმა ჯერ ბანძელაძესთან კონტაქტის დამყარება, შემდეგ კი მისი მოკვლა დამავალა. როტმანის ბრძანებას წინ ვერ აღვუდექი და ბანძელაძე 3 თვის წინ გავიცანი. შემდეგ მასთან სქესობრივი კონტაქტი დავამყარე და ბოლოს ცოცხლად დავმარხე, წყნეთში, მისივე საცხოვრებელი სახლიდან 700 მეტრის მოშორებით“.

ოპერმუშაკებმა დოლმანის მიერ ნახსენები პიროვნებები გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ ოთხივე მათგანი 5 წლის წინ უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებოდნენ. შემდეგ ოპერებმა დოლმანის მიერ მითითებული ადგილი გათხარეს და ლისის ტბის მიდამოებში 4 ადამიანის ჩონჩხი აღმოაჩინეს.

– ვარლამ, ეგ როტმანი მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომ იცოდე, – უთხრა ელგუჯა ლაღიძემ მაიორს, – მე რომ მოსკოვში ვსწავლობდი, ჯერ კიდევ მაშინ მაქვს გაგებული მის შესახებ და ის ფსიქოთერაპიაში მაგარ სპეციალისტად ითვლება.

– აშკარაა, რომ დოლმანს როტმანმა აიძულა ბანძელაძის მოკვლა, მაგრამ რატომ, რა მოტივით? – იკითხა მაიორმა.

– ბანძელაძის სამსახურიდან გათავისუფლების ისტორია გამოიკვლიე და დარწმუნებული ვარ, სწორედ იქ იპოვი ახსნას, – უთხრა მაიორს ლაღიძემ.

ვარლამ გორგილაძე მოსკოვში სპეციალურად ჩაფრინდა, რომ მოკვლევა ჩაეტარებინა და „მურის“ თანამშრომლებთან ერთად დაადგინა: ოფიციალურად ბანძელაძე იმის გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან, რომ არასწორად ჩაუტარა ბრმა ნაწლავის ოპერაცია ვინმე ბორის მელნიკოვს, რომელიც გარდაიცვალა. მილიციელთა ვარაუდით, ეს ოპერაცია შეგნებულად ჩატარდა შეცდომით, ხოლო პაციენტის მკვლელობის მიზეზი კი მისი რომელიმე ჯანსაღი ორგანოს ტრანსპლანტაცია იყო. ჩატარდა ექსჰუმაცია და მილიციელების ვარაუდი დადასტურდა. მელნიკოვს მარჯვენა თირკმელი ამოჭრილი ჰქონდა.

საქმეში უშიშროების სამსახური ჩაერთო და პროფესორ როტმანზე თვალთვალი დაწესდა, მის მიმართ კი საიდუმლო გამოძიება დაიწყო.

„კაგებემ“ დაადგინა, რომ პროფესორი როტმანი ხშირად მოგზაურობდა უცხოეთში სხვადასხვა სიმპოზიუმსა თუ კონფერენციაზე. აგენტურულმა ინფორმაციამ ცხადყო, რომ ფსიქოთერაპევტ როტმანს იმ იუგოსლავიელ ექიმებთან ჰქონდა მჭიდრო კავშირი, რომლებიც ადამიანთა ორგანოების უკანონო ტრანსპლანტაციაში იყვნენ შემჩნეულები.

– პროფესორი ასე ადვილი წასაქცევი არაა და ჩვენ თუ რკინის სამხილები არ მოვიპოვეთ, ჩვენი ხელმძღვანელობა მის დაპატიმრებაზე უარს იტყვის, – განუმარტა „კაგებეს“ კაპიტანმა გორგილაძემ.

გადაწყდა სპეციალურად მომზადებული ოპერმუშაკის როტმანთან მიგზავნა და ამ გზით გამოაშკარავება. უშიშროების ოპერმუშაკს დაახლოებით ისეთი ლეგენდა მოუგონეს, როგორი ისტორიაც გამცილებელ ოლეგ დოლმანს გადახდა და „ჰომოსექსუალი“ პაციენტი პროფესორ როტმანს ეწვია პირველ ანონიმურ ფსიქოთერაპიის სეანსზე...

ორი კვირის შემდეგ სამი ფსიქოთერაპიული სეანსი რომ ჩატარდა, „კაგებეს“ სპეციალურად მომზადებული აგენტი თავის კოლეგებს მოუთხრობდა: „ეს პროფესორი ნამდვილი სატანაა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი წინასწარ მაქვს დამუშავებული, ისეთ სეანსებს მიტარებს, რომ დიდი ძალისხმევა მჭირდება, მისგან თავის დასაღწევად. ხვალ მსხვერპლი უნდა მაჩვენოს. მორიგი ქირურგის მოკვლა დამავალა და მაგ ეშმაკს წაქეზების მუხლით თუ დავაკავებთ, თორემ ხელჩასაჭიდი ბევრი არაფერია“.

როტმანის დასაპატიმრებლად მისული ოპერჯგუფის თვალწინ, პროფესორმა შუბლში ტყვია დაიხალა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

„კაგებეს“ მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ ცხადყო, რომ ცნობილი პროფესორი საერთაშორისო ორგანიზებული ჯგუფის საქმიანობაში აქტიურად იყო ჩართული. ის თავის პროფესიულ ცოდნას დანაშაულებრივი საქმიანობისთვის იყენებდა და ქირურგებს უკანონო ტრანსპლანტაციას აიძულებდა. თავისივე პაციენტების საშუალებით კი დანაშაულის კვალს შლიდა და მათ ქირურგებს ახოცვინებდა.

საბჭოთა მთავრობამ მკაცრად გაასაიდუმლოა როტმანის საქმე და ფართო საზოგადოებრიობას მისი სიკვდილი უბედურ შემთხვევად ამცნო. მაიორ გორგილაძეს პოდპოლკოვნიკობა და წითელი ვარსკვლავის ორდენი მიანიჭეს, თან სასტიკად გააფრთხილეს, რომ ენისთვის კბილი დაეჭირა...


скачать dle 11.3