კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა საფრთხე შეუქმნა სტალინის კარიერას ბავშვობის მეგობარმა კამომ


სტალინს ერთი ბავშვობის მეგობარი ჰყავდა – ფსიქოფატი კამო. ძირითადად ჩოხით დადიოდა, არაორდინალური ადამიანი იყო – ძარცვის, მკვლელობებისა და ტყუილების დიდოსტატი. მას ერთნაირად შეეძლო ეთამაშა მრეცხავიც და პრინციც. ის თბილისის ბანკის ძარცვას ხელმძღვანელობდა. როცა დააპატიმრეს, კამომ თავი გიჟად გაასაღა და ისე დამაჯერებლად, რომ ექიმებმაც ირწმუნეს მისი სიგიჟე. მთავარი კი ისაა, რომ ახალგაზრდა ბოლშევიკი სტალინი, სანამ „წითელი კარის” მართვას შეუდგებოდა, ძალიან სწრაფად და მოხერხებულად ასრულებდა კამოს ბანდიტურ გეგმებს.

„1907 წლის მაისში კამო ფითილს ამაგრებდა კრასინის ჭურვზე და ცხვირწინ აუფეთქდა. ამის გამო კინაღამ თვალი დაკარგა. მაგრამ, საიდუმლოდ იმკურნალა და ისე გამოჯანმრთელდა, რომ „შეიარაღებულთა” მეთაური იყო მნიშვნელოვანი ძარცვის დღეს. კამომ საქართველოში ყველაზე ძლიერი ყაჩაღები და მძარცველები შეკრიბა, მათ შორის – ხუთი მსროლელი ქალი. ისინი პატარა საერთო ბინაში ჩაასახლა, თავად კი დიდი სახლი იქირავა და თავადივით ცხოვრობდა. „ოხრანკას” მონაცემებით, ძარცვაში, დაახლოებით, სამოცი ბანდიტი მონაწილეობდა. ამიტომ, სავარაუდოა, რომ ბოლშევიკებმა სოციალისტ-რევოლუციონერებისა და სხვა ორგანიზაციების დახმარება გამოიყენეს. მათთან ტერორისტები ხშირად თანამშრომლობდნენ. მაგალითად, ცოტა ხნით ადრე, კრასინმა სოციალისტ-რევოლუციონერები ჭურვებით მოამარაგა პრემიერ სტოლიპინის სახლის ასაფეთქებლად. მაგრამ, ამ ძარცვის შემთხვევაში სოციალისტ-რევოლუციონერებს ნადავლიდან წილის მიღების იმედი არ უნდა ჰქონოდათ. სტალინმა თბილისში ბოლშევიკურ კომიტეტს შეატყობინა, ბერლინში ლენინისგან მიღებული ბრძანებების შესახებ. კომიტეტმა ოპერაცია მოიწონა. როგორც ჩანს, სტალინი ადგილობრივების აღშფოთებას და საერთაშორისო სკანდალს ელოდა. ლენინის რჩევით, კამო და ბანდიტები დროებით განუდგნენ პარტიას, რაც მათ ოფიციალურად ათავისუფლებდა ლონდონის რეზოლუციისგან. სტალინი და შაუმიანი კი, ოპერაციის დასრულებისთანავე ბაქოში წასვლას გეგმავდნენ. ბოლშევიზმი თითქმის აღარ არსებობდა საქართველოში. აქ მხოლოდ 500 მხარდამჭერი ჰყავდათ. ამიტომ, სოსო საქართველოსთან კავშირის შეწყვეტას აპირებდა, რათა ახალ, უფრო ამბიციურ გარემოში ემოქმედა.

13 ივნისის დილას კამომ შეატყობინა სტალინსა და შაუმიანს, რომ ძარცვა იმ დღეს მოხდებოდა. ბანდიტები დუქან „ტილიპუჭურში“ იცდიდნენ, სადაც, დილით სტალინიც აღმოჩნდა... დაახლოებით, დილის ცხრა-ათ საათზე კამომ ოფიცრის ფორმა ჩაიცვა, ჩერქეზული ხმალი აიღო და ერევნის მოედანზე შეაჭენა ცხენი. ბანდის წევრებმა წინასწარ განსაზღვრული ადგილები დაიკავეს. ზაფხულის თბილი დღე იდგა, როცა აფეთქებებმა ქალაქი შეაზანზარა, კატო სვანიძე-ჯუღაშვილი (სტალინის პირველი ცოლი) თავის დასთან, საშიკოსთან ერთად აივანზე სამი თვის შვილს ეთამაშებოდა. „ძალიან შეგვეშინდა და სასწრაფოდ ოთახში შევედით”, – ამბობს საშიკო სვანიძე. დაჭრილებს სახელდახელო სამედიცინო პუნქტებში უვლიდნენ. კაზაკები და ჟანდარმერია მთელ ქალაქში დაქროდნენ, სახლებს ჩხრეკდნენ, პატარა დასახლებებსა და კვარტლებს არბევდნენ ფულის პოვნის იმედით. „იმ ღამით სოსო შინ მოვიდა და გვითხრა, რომ კამომ და მისმა ბანდამ ძარცვა მოაწყვეს და პარტიისთვის 250 ათასი რუბლი იშოვეს,” – წერს საშიკო. სტალინმა, ალბათ, იმიტომ გაუმხილა დებ სვანიძეებს ეს ამბავი, რომ მანამდე კამომ მათი მამის ხმალი ითხოვა და ისინი ისედაც მიხვდებოდნენ მიზეზს. სვანიძეების მემუარებიდან ჩანს, რომ კატომ ძალიან კარგად იცოდა სტალინის ორმაგი ცხოვრების შესახებ. იქ ისიც წერია, რომ, ყველასთვის მოულოდნელად, სტალინმა ცოლ-შვილთან ერთად ბაქოში გამგზავრება გადაწყვიტა. სვანიძეებს ეს ამბავი არ მოეწონათ. ისინი 1930-იან წლებშიც კი ბედავდნენ სტალინის გაკრიტიკებას იმის გამო, რომ იმ ცხელ ზაფხულს, კატო და პატარა შვილი მატარებლით 13-საათიანი მგზავრობისთვის გაიმეტა, მაგრამ არაფერმა გაჭრა: სოსო კატოსთან ერთად ბაქოში გაემგზავრა და მომავალი გეგმებისთვის 15 ათასი რუბლი წაიღო. კამო იმალებოდა. გამგზავრებამდე მან სტალინის ინფორმატორ ბანკის თანამშრომელს 10 ათასი რუბლი შესთავაზა დახმარებისთვის – ვოზნესენსკიმ 5 ათასი აიღო. პოლიციამ გამოაცხადა, რომ 500-რუბლიანი ბანკნოტები დანიშნული იყო (სულ 100 ათასი რუბლი). ამიტომ, ზოგიერთმა ბანდიტმა ფულის დაწვა გადაწყვიტა, რაზეც კამომ უარი განაცხადა. დანარჩენი წვრილი კუპიურები იყო.

ბანდის ყველა წევრს სურდა ლენინთან შეხვედრა, მაგრამ კამოს უცხოეთში მკურნალობა სჭირდებოდა, ამიტომ სწორედ ის გაემგზავრა მატარებლით ჯერ ბაქოში, მერე კი – ფინეთში, ლენინთან. თან, ფულის უმეტესი ნაწილი წაიღო. სამეგრელოს მმართველმა, თავადმა კოკი დადიანმა, ისევ ათხოვა თავისი პასპორტი კამოს. კამომ კი შენიღბვის კიდევ ერთი ხერხი დაამატა გრძელ სიას: ახლა ის თავადი იყო, რომელიც ახალგაზრდა ცოლთან ერთად ქორწინების მეორე დღეს სამოგზაუროდ მიდიოდა (ეს ქალიც ბანდის წევრი იყო, ბედის ირონიით, პოლიციელის ქალიშვილი). კამომ ლენინს დღევანდელი გათვლებით 1.7 მილიონი ფუნტის ეკვივალენტი თანხა ჩაუტანა, რაც საკმარისი იყო პარტიის დასაფინანსებლად გარკვეული დროის განმავლობაში. კამომ და ლენინმა ერთად გაატარეს ზაფხული და დიდი „სანახაობაც” დაგეგმეს, მაგრამ რეაქციულმა ძალებმა მალე ლენინის კვალს მიაგნეს. ის ჟენევაში გაიქცა, სადაც, როგორც კრუპსკაია წერდა – „ძალიან შეშინებული შვეიცარიელი ბიურგერები მხოლოდ რუსულ ექსპროპრიაციებზე საუბრობდნენ.” „საქართველო” – განგსტერიზმის სიმბოლო გახდა: როცა ჩოხაში გამოწყობილი ცხაკაია ლენინსა და კრუპსკაიას ესტუმრა ჟენევაში, მათ დიასახლისს კინაღამ გული წაუვიდა. შეშინებულმა, კივილით მიუხურა კარი ცხვირწინ.

ეს ამბავი ამით არ დასრულებულა. თბილისის ბანკის ძარცვამ კამოს შესახებ ლეგენდები შექმნა. თუმცა, ძარცვის შედეგებმა დააჩქარა პარტიის გახლეჩა. ეს ამბავი დიდი ხნის განმავლობაში, 1918 წელსაც კი, საფრთხეს უქმნიდა სტალინს.

როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ბანდიტებმა მალე ნადავლის გაყოფაზე დაიწყეს ჩხუბი. პოლიციამ გამოაქვეყნა 500-რუბლიანი ბანკნოტების სერიული ნომრები. მათი გამოყენება ძალიან რთული იყო, მაგრამ კრასინის ტექნიკური ჯგუფის გამყალბებელმა, რომელსაც ყველა „სქელუას” ეძახდა, შეცვალა ციფრები კუპიურების ნაწილზე. ლენინმა და კრასინმა საქმის გაგრძელება გადაწყვიტეს. ფული მაშინვე უცხოეთში გადაიტანეს, ნაწილი კი „კრედიტ ლიონესის” ბანკის საშუალებით გაათეთრეს. ლიტვინოვმა თავის აგენტებსაც გაუნაწილა ფული, რომ სხვადასხვა ქალაქში გადაეცვალათ. იმავე დროს საიდუმლო პოლიცია გაფაციცებით ეძებდა დამნაშავეებს, მაგრამ ხელჩასაჭიდს ვერაფერს პოულობდა. ინფორმატორებმა, განსაკუთრებით ერთმა, კოდური სახელით „მსუქანამ,” აღმოაჩინეს, რომ სოციალისტ-რევოლუციონერთა ბანდიტებიც მონაწილეობდნენ ძარცვაში. მაგრამ, თავიანთი წილი ვერ მიიღეს ნადავლიდან. მათი პირველი ეჭვმიტანილი გორელი მძარცველი დავრიშევი იყო, რომელიც „ოხრანკას” ჩანაწერების მიხედვით, „ლუიზიანაში იმალებოდა კამოს სახელით”. „ოხრანკამ” იცოდა, რომ კამომ მთელი ფული კრასინს და ლენინს გაუგზავნა. რევოლუციონერებს შორის განხეთქილება დაიწყო. ლენინს 140 ათასი რუბლი შეხვდა კამოს ნადავლიდან, მაგრამ 1908 წელს მან ურთიერთობა გაწყვიტა ბოგდანოვთან და კრასინთან, რომელთაც თბილისის ფულიდან, დაახლოებით, 40 ათასი მიითვისეს. ლიტვინოვმა მათ ორი ქართველი ტერორისტი მიუგზავნა და გადასცა, რომ თუ ფულს სასწრაფოდ არ დააბრუნებდნენ, ცენტრალური კომიტეტის რომელიმე წევრს მოკლავდნენ.

ლენინს მალე გაუთავდა ფული. ბანკების ძარცვა არ იყო დაფინანსების ერთადერთი უკანონო წყარო. მან თაღლითობით განთქმულ ბოლშევიკს დაავალა, მოეხიბლა ორი ულამაზო და, რომელთაც მალე ახლად გარდაცვლილი ბიძის, ინდუსტრიალისტ შმიდტის მემკვიდრეობა უნდა მიეღოთ. ორმაგი ცდუნება წარმატებით განხორციელდა. შემდეგ ლენინი აღიარებდა, რომ თვითონ ვერაფრით შეძლებდა ამას. ერთ-ერთმა „საქმრომ,” ვიქტორ ტარატუტამ, მემკვიდრეობიდან საკმაო ფული მოიპარა და ნაწილი გაფლანგა, ნაწილი კი ლენინს გადასცა. ბერლინში მყოფმა კამომ გადაწყვიტა, უდიდესი ძარცვა განეხორციელებინა – მოეპარა 15 მილიონი რუბლი, რაც მისი თქმით „ექვს წელიწადს ეყოფოდა პარტიას, მაგრამ სულ ცოტა ადამიანს შეიწირავდა.” დაზღვევის აგენტის – მირსკის საბუთებით, ის აგვისტოში ბერლინში გაემგზავრა ასაფეთქებელი ნივთიერებების მოსამარაგებლად.

1907 წელს გერმანიის პოლიციამ გაჩხრიკა კამოს ოთახი სასტუმროში და დანიშნული ბანკნოტები, 200 დინამიტი, ოცი მერკურის ფულმინატი და ოცი ელექტროელემენტი იპოვა. „ოხრანკა” კმაყოფილი იყო, თუმცა მირსკის ვინაობა არ იცოდა. 31 ოქტომბერს მეფის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა გარტინგმა ზარ-ზეიმით გამოაცხადა, რომ მირსკი დიდ ძარცვას გეგმავდა და მას თბილისის ძარცვის დროს წაღებული რამდენიმე ბანკნოტი აღმოუჩინეს. იმ ცნობით აფეთქებაში მისი მონაწილეობის არავითარი მტკიცებულება არ არსებობდა. „ოხრანკას” ჯერ კიდევ სჯეროდა, რომ დავრიშევი იყო „კამო.” მაშ ვინღა იყო „მირსკი”? ბოლოს „ოხრანკას” ბედმა გაუღიმა: 1908 წლის 1 მარტს ბოლშევიკმა ბანდიტმა არსენ კარსიძემ, რომელიც ქუთაისის ციხეში იჯდა, გაამხილა, რომ ბანკის ძარცვის მეთაური სიმონ ტერ-პეტროსიანი იყო, მეტსახელად – „კამო“ და რომ ამჟამად იყო ბერლინში, ალტმოაბიტის ციხეში იჯდა „მირსკის” სახელით. პოლიციის სხვა ინფორმაციით დადასტურდა, რომ დავრიშევი შვეიცარიაში იმალებოდა და სულაც არ იყო „კამო.” მეფის ხელისუფლებამ კამოს ექსტრადაცია მოითხოვა. მას რუსეთში სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა. კრასინი სასწრაფოდ ჩავიდა ბერლინში და მის დასაცავად მემარცხენე გერმანელი ადვოკატი ოსკარ კონი დაიქირავა. კრასინმა ურჩია კამოს, თავი მოეგიჟიანებინა. კამო მთელი ორი წლის განმავლობაში, მართლაც გიჟივით იქცეოდა (ან იქნებ მართლა გიჟი იყო?). თავიდან ის ყვიროდა, ყეფდა, ტანსაცმელს იხევდა, მცველებს სცემდა. ის გაყინულ სარდაფში მოათავსეს, სადაც ცხრა დღე შიშველი ჰყავდათ. ოთხი თვის განმავლობაში მას თითქმის არ ეძინა და ღამეებს ფეხზე მდგომი ატარებდა. შემდეგ ჭამა შეწყვიტა – ძალით, მილით კვებავდნენ. თმა დაიგლიჯა, თავის ჩამოხრჩობაც დააპირა, მაგრამ წაასწრეს. ვენები გადაიჭრა, მაგრამ გადაარჩინეს. 1908 წლის მაისში კამო ბერლინის ფსიქიატრიულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს დიაგნოზის დასასმელად. ის სხვა პაციენტებს ჰბაძავდა და სიგიჟის მთავარი მახასიათებელი კარგად აითვისა: თავს ნაპოლეონად მიიჩნევდა. ექიმები მაინც სკეპტიკურად უყურებდნენ ყველაფერს. მათ გადაწყვიტეს, სხვადასხვა ხერხით ეწამებინათ, რასაც ნორმალური ადამიანი ვერ გაუძლებდა. ცხელი უთოთი დაწვეს და ფრჩხილებქვეშ ნემსებიც შეურჭეს, მაგრამ ყველაფერი აიტანა. საბოლოოდ, გერმანელებმა დაასკვნეს, რომ ის მართლაც გიჟი იყო, და ეს პრობლემური პაციენტი რუსეთს გადასცეს. რუსებმა თავის მხრივ კამოს თბილისის აფეთქებისა და ორმოცდაათი მოქალაქის მკვლელობაში დასდეს ბრალი. სასამართლოზე კამო ბოდავდა. მოულოდნელად მისი სახელოდან ჩიტი პეტკა გამოძვრებოდა და მას ელაპარაკებოდა ადვოკატების ნაცვლად.

პრემიერ სტოლიპინს და მეფისნაცვალ ვორონცოვ-დაშკოვს გადაწყვეტილი ჰქონდათ, კამოს ჩამოხრჩობა, მაგრამ ადვოკატმა კონმა წარმოუდგენელი კამპანია ჩაატარა „სულით ავადმყოფის” სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ მთელ ევროპაში. სტოლიპინი იძულებული გახდა, ეღიარებინა, რომ კამოს ჩამოხრჩობა არ წაადგებოდა რუსეთის ინტერესებს. ცდების დროს რუსმა ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ კამოს კანი არ გრძნობდა ტკივილს. მას უფრო მეტი ნემსი შეურჭეს ფრჩხილებქვეშ. შემდეგ დენით აწამეს. „დამწვარ ხორცს საშინელი სუნი აქვს“, – იხსენებს კამო. რუსი ექიმები დარწმუნდნენ კამოს სიგიჟეში და 1910 წელს ის გიჟად გამოაცხადეს. სამუდამოდ ჩაკეტეს მეტეხის ციხეში, დამნაშავე გიჟების განყოფილებაში. პოლიცია უკვე დანიშნულ ბანკნოტებს პოულობდა მთელ ევროპაში. პარიზში ლიტვინოვმა საკუთარი საწოლის ქვეშ აღმოაჩინა დეტექტივი. ლიტვინოვს ოცი დანიშნული ბანკნოტი უპოვეს, დააპატიმრეს და ლონდონში გადაიყვანეს. კრასინი ფინეთში დაიჭირეს. ფულის სხვა გამთეთრებლები მიუნხენში, ციურიხში, პარიზში, ბერლინსა და სტოკჰოლმში დააპატიმრეს. სტალინი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. განრისხებულმა მენშევიკებმა სამი კომიტეტი შექმნეს თბილისის ბანკის ძარცვის საქმის გამოსაკვლევად. კომიტეტები ორი წლის განმავლობაში მუშაობდნენ. ერთს ჟორდანია ხელმძღვანელობდა თბილისში, მეორეს ჯიბლაძე – ბაქოში და მესამეს – ჩიჩერინი უცხოეთში. მენშევიკებმა ყველა ეჭვმიტანილის დაკითხვა მოახერხეს, სტალინის ჩათვლით. ის ბაქოში დაკითხეს, როგორც „ამხანაგი კობა.” უცნაურია, რომ არქივებს შემორჩა მისი მონაწილეობის პირველი ცხადი დადასტურება. სტალინის მოკავშირეებმა, ბანკში მომუშავე კასრაძემ და ვოზნევსკიმ, აღიარებითი ჩვენება მისცეს და ყველაფერი სტალინს დააბრალეს. ლენინმა თავისი უდანაშაულობა დაუმტკიცა ჩიჩერინს, რადგან ყველა ძარცვა არაპარტიულმა წევრებმა ჩაატარეს. როგორც არსენიძე და ურატაძე იხსენებენ, თბილისისა და ბაქოს კომიტეტებში კენჭი ყარეს სტალინის გასარიცხად, მაგრამ პარტია უკვე გახლეჩილი იყო. ამიტომ საკითხავია, ჰქონდათ თუ არა მენშევიკებს იმის უფლება, ბოლშევიკი გაერიცხათ. ყოველ შემთხვევაში, მათ ყველა სამხილი შეაგროვეს სტალინის წინააღმდეგ, რომ ლენინისთვის წარედგინათ. 1908 წლის აგვისტოში ისინი ლენინს ჟენევაში შეხვდნენ, სადაც მარტოვმა ლენინი მკაცრად გააკრიტიკა. ნოე რამიშვილმა დაასახელა დამნაშავეები – მათ შორის კამო და ცინცაძე. შემდეგ კი გამოაცხადა, ყველა მათგანი ამხანაგ კობას დავალებით მოქმედებდაო.

– არ გაამჟღავნოთ მისი გვარი, – წამოხტა ლენინი.

– არ გავამჟღავნებ, – გაეღიმა რამიშვილს, რადგან ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ის ცნობილია, როგორც კავკასიელი ლენინი. სტალინი ამით იამაყებდა.

– იღებთ პასუხისმგებლობას, რომ ამ სახელებს პოლიცია არ გაიგებს? – დაიჟინა ლენინმა. სტალინი და ლენინი სწორედ მოიქცნენ, რომ საიდუმლოდ შეხვდნენ ერთმანეთს: მენშევიკებს შეეძლოთ სტალინის დადანაშაულება, მაგრამ ლენინის წინააღმდეგ ვერაფერს იტყოდნენ. როგორც ჩანს, სტალინი მაინც გარიცხეს, თუმცა არა ცენტრალურმა, არამედ თბილისისა და ბაქოს ლოკალურმა კომიტეტებმა. როცა ბოლშევიკები მოვიდნენ ხელისუფლებაში, მენშევიკებმა მათთვის ძირის გამოთხრა სწორედ მათი კრიმინალური წარსულის გახსენებით სცადეს. მეტიც, მარტოვმა დაწერა, რომ სტალინი პარტიიდან გარიცხეს 1907 წელს. 1918 წელს სტალინს ძველი ბოლშევიკის მანდატი სჭირდებოდა და ამ გარიცხვის ამბავმა ძალიან შეაშფოთა. ამიტომ, ცოტა არ იყოს ისტერიკულად უპასუხა ამ „გაუწონასწორებელი, წაგებული კაცის სამარცხვინო აქტს” და მარტოვს „ბინძური ჭორის” გამო უჩივლა რევოლუციურ ტრიბუნალზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე უცნაური სასამართლო იყო საბჭოთა კავშირის ისტორიაში. სტალინს, არც უარუყვია და არც დაუდასტურებია თავის როლი ძარცვებში, მაგრამ დაჟინებით აცხადებდა: „ჩემს ცხოვრებაში არასოდეს დავუკითხივარ და არც გავურიცხივარ რომელიმე პარტიულ ორგანიზაციას.” პირდაპირი მნიშვნელობით ეს სიმართლეს შეესაბამებოდა, რადგან თბილისისა და ბაქოს კომიტეტებში მენშევიკები იყვნენ და არა ბოლშევიკები. ამიტომ, გარიცხვა ფორმალურად ითვლებოდა. მენშევიკები მოსკოვშიც აპირებდნენ სარჩელის გაგზავნას, მაგრამ ეს სამოქალაქო ომის გამო რთული აღმოჩნდა. საქმე შეწყდა და მარტოვს საყვედური გამოუცხადეს, მაგრამ სტალინმა გადაწყვეტილება მიიღო.

– შენ საცოდავი ადამიანი ხარ! – შეუღრინა მარტოვს, როცა მას გადასახლებაში აგზავნიდნენ. 1921 წელს, როცა სტალინი თბილისში დაბრუნდა, როგორც დამპყრობელი ბოლშევიკი, მას შეკრებაზე სტვენით შეხვდნენ და ღიად უწოდეს „ბანდიტი”. სტალინი გარეთ გავარდა. მისი მმართველობის დროს მეტად აღარასოდეს უხსენებიათ სტალინის ბანდები და პარტიიდან გარიცხვა. ქართული ბანდიტიზმის შესახებ საინტერესო ლეგენდებს ყვებოდნენ, მაგრამ ძარცვები ჯერ არ იყო დასრულებული. „ბანდიტებისა და კაზაკების” თამაში უფრო მძიმე ფორმას იღებდა ბაქოში, ვიდრე თბილისში.


скачать dle 11.3