კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველაზე იღბლიანი და ყველაზე უიღბლო ფეხბურთელი


თამამად შეიძლება, იტალიელ კრისტიან პანუჩის ყველაზე იღბლიანი და ამავდროულად, ყველაზე უიღბლო ფეხბურთელის ტიტული მივანიჭოთ. საამისოდ კი რამდენიმე მიზეზი არსებობს, თუმცა, რიგ-რიგობით მივყვეთ.

კრისტიანი 1973 წლის 12 აპრილს დაიბადა და ხასიათიდან გამომდინარე, ფეხბურთზე შეიყვანეს. ხასიათის თავისებურება ის იყო, რომ მუდმივად ჩხუბობდა და მეზობლის ბავშვებზე იწევდა. ჰოდა, მოზღვავებული ენერგია სადმე უნდა დაეხარჯა და ეს სადმე საფეხბურთო მოედანი იყო. მალე საფეხბურთო სკოლის წარმომადგენლები მიხვდნენ, რომ ამ მოჩხუბარი ბიჭისგან არც თუ ურიგო მცველი დადგებოდა და მართლაც, ყველა ალაპარაკდა პატარა მარგალიტზე, რომელსაც ქალაქ სავონაში საფეხბურთო სკოლა ზრდიდა. ამის მიუხედავად, პანუჩის პროფესიული კარიერა საკმაოდ გვიან დაიწყო. მის სანახავად მოდიოდნენ სხვადასხვა კლუბის მენეჯერები, მაგრამ გადაჭრით ვერავინ ამბობდა, რომ მათ წინაშე მომავალი დიდი ფეხბურთელი იდგა. საბოლოოდ, „ჯენოამ” გარისკა და უკვე 19 წლის პანუჩის პროფესიული კონტრაქტი გაუფორმა. „ჯენოაში” გატარებული ერთადერთი სეზონი საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ კრისტიანს თავი „მილანში” ამოეყო. ეს უკვე სხვა დონე და სხვა მოთხოვნები იყო, მაგრამ რად გინდა, იგი თავიდან ტრავმებმა დატანჯა და ყველას ეგონა, რომ პანუჩი კარიერასაც კი დაასრულებდა, მაგრამ არა – მან იბრძოლა და ისეთი სეზონი ჩაატარა, „მილანიდან” მადრიდის „რეალში” აღმოჩნდა.

„შინაგანად ვგრძნობდი, რომ „რეალში” გადასვლის შემდეგ, ჩემი დაღმასვლა დაიწყებოდა. ეს ხომ პიკი იყო – ოცნება, რომლის იქითაც ფეხბურთი არ არსებობდა. „რეალი” არ იყო კლუბი, ეს იყო ლეგენდა, ირგვლივ ლეგენდარული მოთამაშეებითა და ლეგენდარული სტადიონით. კლუბის მუზეუმი ჯილდოებს ვერ იტევდა და შეგრძნება იმისა, რომ შენ ამ ყველაფრის წევრი ხარ, საოცარ გრძნობებს იწვევდა“, – იხსენებს პანუჩი.

მართლაც, მან მადრიდში ორი საუცხოო სეზონი გაატარა და ჩემპიონთა ლიგაც მოიგო. პანუჩის ლიგა მანამდე „მილანშიც” ჰქონდა მოგებული, მაგრამ „რეალში” სულ სხვა იყო – ის კლუბის ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი იტალიელი ფეხბურთელი, რომელიც საპატიო პრიზს „სამეფო გუნდის” მაისურით დაეუფლა.

„ამით დღემდე ვამაყობ. ჯერ ერთი, ორ სხვადასხვა კლუბში ლიგა ცოტას თუ აქვს მოგებული და მეორეც, ვიცი, რომ „რეალის” ისტორიაში სამუდამოდ დავრჩები, როგორც პირველი იტალიელი, რომელმაც ეს თასი აქ აღმართა და ამ მიღწევას ვერავინ შეცვლის“, – ამბობს პანუჩი.

კრისტიანი მართალი გამოდგა – „რეალიდან” „ინტერში” წასული ფეხბურთელი ის აღარ იყო, მადრიდულ კლუბში გაუვალ კედლად რომ იდგა. ალბათ, ამიტომაც, „ნერაძურიმ” ერთი წლის შემდეგ პანუჩი ჭირიანივით მოიშორა.

„რაღაც ახალი მჭირდებოდა, ახალი კლუბი, ახალი ქვეყანა. იტალიაში დარჩენა აღარ შემეძლო, რადგან მძიმე წუთებში გვერდში კი არ დამიდგნენ, დაცინვა დამიწყეს. ამიტომ, როცა ლონდონის „ჩელსის” ვარიანტი გამოჩნდა, დიდხანს არ მიფიქრია“, – ყვება კრისტიანი. დიახ, ის ლონდონში გადავიდა და მწარედაც ინანა. ინგლისურ კლუბში მან, სულ რაღაც, რვა შეხვედრა ჩაატარა. ნახევარი სეზონის შემდეგ კი ფრანგულ „მონაკოში” მოისროლეს. ეს უკვე კატასტროფა იყო, კატასტროფა და უფსკრული, საიდან ამოსვლაც ძალიან ძნელია.

ფრანგულ კლუბში მან თითებზე დასათვლელი შეხვედრები ჩაატარა და... მოულოდნელად, იგი „რომამ” იყიდა. იტალიაში დაბრუნებულ პანუჩის კვლავ ირონიით დახვდნენ და სწორედ ეს ირონია გახდა მისი გარდასახვის მიზეზი.

„მე ან უნდა დამემტკიცებინა, რომ ფეხბურთის თამაში შემეძლო, ან კარიერა დამესრულებინა. ამიტომ, ვარჯიშებზე ყველაზე ადრე მივდიოდი და ყველაზე გვიან ვბრუნდებოდი იქიდან. ამან შედეგი გამოიღო. პირველივე სეზონზე გუნდის ლიდერად ვიქეცი“, – აცხადებს პანუჩი.

მართლაც, მაშინ, როცა ყველა მის ჩავარდნილ სეზონს ელოდა, პირიქით მოხდა. კრისტიანი „რომას” ლიდერად იქცა და ამ გუნდში რვა წელი დაყო. გარდა იმისა, რომ იგი ლიდერი იყო, ვიცე-კაპიტნადაც აირჩიეს და „რომა” და პანუჩი განუყრელი ცნება გახდა.

ამის მიუხედავად, კრისტიანს იმედგაცრუება სანაკრებო დონეზე ელოდა. მას რეგულარულად ეძახდნენ ეროვნულ გუნდში, თუმცა, მთავარმა გამოძახებამ გვერდით ჩაუარა – 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე კრისტიანი მარჩელო ლიპიმ განაცხადში არ შეიყვანა. არადა, ის გუნდი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და ახლაც ამბობენ, რომ მაშინ პანუჩი რამეს თუ გააკეთებდა, თორემ გაფუჭებით არაფერს გააფუჭებდა.

„შინაგანად ვგრძნობდი, რომ ტრიუმფი გველოდა და ლიპის ზარს მოუთმენლად ველოდებოდი. მაესტრომ დარეკა და სიხარული წამში მწუხარებით შემეცვალა. მან მითხრა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე არ წამიყვანდა. არც მახსოვს, რა ვუპასუხე, ტელეფონი გავთიშე და ლოგინზე დავემხე. ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წუთები იყო“, – ახლაც სევდიანად ყვება კრისტიანი.

მალე „რომაში” სიტუაცია შეიცვალა და გუნდმა მასთან კონტრაქტის გაგრძელება აღარ ისურვა. ვეტერანი მცველი გასულ სეზონში „პარმამ” აიყვანა, მაგრამ ნახევარი სეზონის გასვლის შემდეგ, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, კონტრაქტი განულდა. წელს კი...

„რამდენიმე შეთავაზება მაქვს, მაგრამ ვხვდები, ფეხბურთის თამაში სიამოვნებას აღარ მანიჭებს. ამიტომ, უნდა წავიდე. მე კარიერას ვასრულებ, მაგრამ ფეხბურთში ვრჩები, რადგან მეტი არაფრის კეთება არ ვიცი“, – განაცხადა პანუჩიმ.

ალბათ, უინტერესო არ უნდა იყოს ფეხბურთელის პირადი ცხოვრება. მით უმეტეს, რომ საკმაოდ სკანდალურია. ძირითადად, კრისტიანის სკანდალები როსარია კანავოს უკავშირდება. ცნობილი მოდელი და ფეხბურთელი ერთად წლების განმავლობაში იყვნენ, თუმცა, ერთ დღეს, იჩხუბეს და... იმავე დღეს, როსარია ანტონიო კასანოს იახტაზე ნახეს. არადა, კასანო და პანუჩი „რომაში” თანაგუნდელები იყვნენ, ერთმანეთს ყოველდღე ხვდებოდნენ და მეგობრობდნენ კიდეც. მათ იმდენად კარგი მეგობრობა ჰქონდათ, რომ თავიდან ივარაუდეს, როსარია ანტინიოსთან საქმის ჩასაწყობად გავარდაო, თუმცა, როცა წყვილმა სასტუმროში გადაინაცვლა და იქაურობა დილით დატოვა, კითხვის ნიშნები მოიხსნა. ამ ამბის შემდეგ, პანუჩიმ როსარია სახლიდან გააგდო, ვარჯიშზე კასანოსაც წაეჩხუბა, მაგრამ ორ თვეში გული მოულბა და როსარია ისევ დაიბრუნა. კრისტიანმა სამაგიეროს გადახდა ცოტა უცნაური ფორმით გადაწყვიტა და ძალიანაც ინანა. როსარიას დაბადების დღეზე იგი ღამის ბარში წავიდა და ვიღაც ოფიციანტთან ერთად გაერთო. ასე არ უნდაო და კანავომ დაბადების დღე იტალიელ ბიზნესმენს გადაახდევინა. მაშინ, როცა პანუჩი ბარში ერთობოდა, როსარია ბიზნესმენის ნომერში ნებივრობდა და სავარაუდოდ, ტორტზე სანთლებსაც აქრობდა. ფოტოები მეორე დღეს გაზეთებში დაიბეჭდა და წყვილი ერთმანეთს კვლავ დაშორდა. თუმცა, რამდენიმე თვის შემდეგ ისინი ისევ შერიგდნენ და დღემდე ერთად არიან.


скачать dle 11.3