კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის არ ეშინია ცოლს ქმრის ღალატის


ამბობენ, ადამიანს სჯერა იმის, რისი დაჯერებაც მას თავად სურსო. ჩვენ ხშირად ვიტყუებთ თავს, ვხუჭავთ თვალს და მერე ვცდილობთ, ეს გარეშე ფაქტორებს ან კონკრეტულ ადამიანებს გადავაბრალოთ. მით უმეტეს, როცა ტყუილი „ლამაზია“, ან კარგად არის შეფუთული. ის არათუ მისაღები, სასურველიც ხდება. თუმცა, მისი სასიცოცხლო „ლიმიტი“ არათუ გრძელია და წინასწარვე იცი, რომ ძალიან მალე დამთავრდება. რაღაც ეტაპზე რეალობა სრული სიცხადით გვიჩვენებს ნამდვილ სახეს და ჩვენ ისღა გვრჩება, უკან დავიხიოთ და ვაღიაროთ ჭეშმარიტება.

ვერ გახდება შენი კუთვნილი ის, რაც უკვე სხვისია. მამაკაცები ხშირად ცდილობენ, გაიმრავალფეროვნონ ყოველდღიური, ოჯახური რუტინა. ამ დროს ისინი მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობენ და არ მიიჩნევენ, რომ ამით ვიღაცას ტკივილს აყენებენ. ეს ძირითადად იმ მამაკაცებს ემართებათ, რომლებსაც პასუხისმგებლობასთან აქვთ პრობლემები. მაგრამ რა მდგომარეობაშია ამ დროს ქალი, რომელიც ამ მამაკაცის გვერდით იმყოფება?!



მანჩო (31 წლის): არ ვაპირებდი თქვენთან მოსვლას, მაგრამ არ მომასვენა იმან, რომ ყოველთვის ყველაფერი ქალებს ბრალდებათ. მამაკაცებს კი ხახვივით შერჩებათ ხოლმე ყველაფერი. ვერაფრით მივმხვდარვარ, რატომ? ჩემს სიტუაციაში კი ყველაზე ნაკლები ბრალი მე მიმიძღვის. შემიძლია ვთქვა, რომ სრულიად უდანაშაულო ვარ. მართალია, ორი წელი სხვის ქმართან ვიცხოვრე, მაგრამ ეს ჩემი სურვილით არ მომხდარა. არ მივეკუთვნები იმ ქალების კატეგორიას, სხვის ოჯახებს რომ ანგრევენ. წარმოუდგენელი რაღაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში. თუ დამიჯერებთ, მართლა არასოდეს არ გამიხედავს დაოჯახებული მამაკაცისკენ. თუმცა, არც იმას ვმალავ, რომ მყოლია ასეთი თაყვანისმცემლები.

– ცოლიან თაყვანისმცემლებს გულისხმობთ?

– დიახ. ხომ იცით, ზოგიერთი მამაკაცის ამბავი. როგორი კარგი ცოლიც უნდა ჰყავდეს, ის უკვე ცოლია და ოჯახური რუტინისგან რელაქსაციას სხვაგან დაეძებს. მე არ მომწონს ამ ტიპის კაცები. თუ ის თავის ცოლს არაფერში არგია, მე რაში გამომადგება?! – ჰოდა, დავდიოდი „ცალრქა ირემივით“, როგორც ერთ ქართულ ფილმშია ნათქვამი, მაგრამ გულის კარი გამოკეტილი არ მქონია! არა. სულ ვიცოდი, რომ სადღაც იყო ჩემი ოცნების პრინცი და ერთ დღეს ის თავის ფეხით მოვიდოდა ჩემთან. ჰო, მოვიდოდა და თავისთან წამიყვანდა. როგორ ფიქრობთ, მჭირდებოდა ზედმეტი პრობლემები, ვინმეს ქმრის გადარევა და ოჯახის დანგრევა? როგორც კი შევატყობდი, რომ კაცი არ იყო თავისუფალი და მხოლოდ თამაშობდა, მაშინვე უხეშად ვიშორებდი თავიდან. მაგრამ, ხომ იცით, თუ ბედია, რომ ეს ასე უნდა მოხდეს, აუცილებლად მოხდება. ზაფხულში უცხოეთში ვიყავი შვებულებით ორ მეგობართან ერთად. იქ გავიცანი. ჩვენს სასტუმროში ორი დღის შემდეგ ჩამოვიდა. დილით, რესტორანში შემოვიდა და პირდაპირ ჩვენს მაგიდას მოადგა, – შეიძლება, დავჯდე და თქვენთან ერთად ვისაუზმოო? ძალიან სიმპათიური იყო და ჩემმა დაქალმა მაშინვე მოიპატიჟა. მაგრამ იმან მე დამადგა თვალი. მიღიმოდა, რაღაცეებს ყვებოდა და მერე სისულელეებს მეკითხებოდა... ერთი სიტყვით, ორ დღეში ისე მომეწება, გვერდიდან აღარ მცილდებოდა.

– გაგეცნოთ, როგორც უცოლო?

– არა. ცოლი მყავდა და ახლახან დავშორდი. ახლა „რეაბილიტაციის“ პერიოდი მაქვს. ყველაფრისგან ვისვენებ. არც ვაპირებდი ვინმესთან სერიოზული ურთიერთობის დაწყებას, მაგრამ დანახვისთანავე შემიყვარდიო.

– ასე მარტივად დაუჯერეთ?

– ასე მარტივად არ დავუჯერე. კარგა ხანს ვუყურებდი ეჭვის თვალით, მაგრამ დამაჯერა. თვალებში შემომციცინებდა. ყოველ წუთს ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ მოხიბლული და გადარეული იყო ჩემით. ისეთ რამეებს სჩადიოდა ჯერ კიდევ იქ, იმ კურორტზე, რომ ჩემი დაქალები გადარეულები იყვნენ. წარმოიდგინეთ, ისინიც მოხიბლა და გადარია. როგორიც ყოველთვის წარმომედგინა ჩემი ოცნების მამაკაცი, ზუსტად ისეთი იყო. ძალიან ხელგაშლილი, ყურადღებიანი... იცით, როგორ ყურადღებას ვგულისხმობ? – ხელოვნური რომ არ არის და ეს ყოველ ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა. თავი ისე ღირსეულად ეჭირა... თან, ძალიან მხიარულიც იყო, განათლებული...

– ცოლთან დაშორების მიზეზი არ ჰკითხეთ?

– რა თქმა უნდა. მითხრა, საკმაოდ დიდხანს ვცდილობდი, ოჯახის შენარჩუნებას იმის გამო, რომ ჩემი ცოლი ერთ დროს არანორმალურად მიყვარდა, მაგრამ აბსოლუტურად სხვადასხვანაირი ადამიანები ვიყავით. არ გვესმოდა ერთმანეთის, ვერც ერთ საკითხში ვერ ვთანხმდებოდით, კვირაობით არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს, დამღალა ამ ურთიერთობამ. ბევრი ვეცადე, მაგრამ ჩემიანად ვერ ვაქციე. ამიტომ, როცა მივხვდი, რომ ერთმანეთს მხოლოდ გულს ვტკენდით, წამოვედიო. ახლა არ მითხრათ, რომ კაცის სიტყვა დასაჯერებელი არ არის და ოღონდ კი ქალი შეაბას, ყველაფერს იტყვისო. მეც ვიცი ეს, მაგრამ რა ვქნა, იმ წუთში მომეჩვენა, რომ ძალიან გულწრფელი იყო და დავუჯერე. დიახ. ალბათ, რისი დაჯერებაც მინდოდა, ის დავიჯერე. შემიყვარდა. აქედან დაიწყო ჩემი უბედურება. ის დღეები ხომ სულ ერთად ვიყავით. მობილურის ნომერი გამომართვა და ჩამოვედით თუ არა, დილითვე დამირეკა, უკვე მომენატრეო. ყველაფერს დაწვრილებით გიყვებით, რომ გავიგო, ვარ თუ არა დამნაშავე მომხდარში. მაინტერესებს, სხვა ქალი რას იზამდა ჩემს ადგილზე. გაუწევდა ამ გრძნობას წინააღმდეგობას, თუ ჩემსავით ფარ-ხმალს დაყრიდა. როცა ფიქრობ, რომ შენი იდეალი იპოვე, ლოგიკა და ეჭვი სადღაც მეათასე პლანზე გადადის. ნურავინ დამიმტკიცებს საპირისპიროს. ყველა ქალს სჭირდება გვერდით საყვარელი მამაკაცი. ამისკენ მიდიხარ ნებით თუ უნებლიეთ. სიყვარული ბუნებრივი მოთხოვნილებაა და როცა მოდის, ძალიან ბევრ რამეს, უბრალოდ, აღარ ამჩნევ.

– ანუ, შეგნებულად იბრმავებ თვალს...

– შეიძლება, ასეც ითქვას. მაგრამ ჩემ შემთხვევაში, მთლად სრულ „სიბრმავეს“ ადგილი არ ჰქონია. გეუბნებით, რომ მივმხვდარიყავი, მატყუებდა, სიახლოვეს აღარ გავიკარებდი. გაოგნებული ვარ, ან როგორ ახერხებდა ორ „ფრონტზე“ ასე ოსტატურად „მოღვაწეობას“, შეცდომა არ დაუშვია, ჩემთან მაინც არაფერი შეშლია. ისევ ცოლმა „გაშიფრა“.

– როგორ გგონიათ, რატომ?

– იმიტომ, რომ ცოლი მას უკეთ იცნობს. ჩემზე გაცილებით უკეთ და ეს, ბუნებრივია. მათ იმდენი წელი იცხოვრეს ერთად. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ აქვს მნიშვნელობა კაცთან ერთი წელი იცხოვრებ, ორი, რვა თუ ათი. თან, ჩვენ ცოტა უცნაური ცოლქმრობა გვქონდა.

– იყავით ცოლ-ქმარი?

– ოფიციალურად არ დავქორწინებულვართ, მაგრამ ოჯახში მოვიდა, ჩემი მშობლები გაიცნო და უთხრა, წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, თუ ერთად დავიწყებთ ცხოვრებას, მერე კი ყველაფერი წესის მიხედვით იქნებაო. მე კი ამიხსნა, მინდა, ცოტა ხანი თავისუფლება შევიგრძნო. სერიოზული სტრესი მივიღე ოჯახისგან. ამიტომ, ზოგჯერ სახლში არ მოვალ ხოლმეო. ბინა ვიქირავეთ და ასე დაიწყო ჩემი „ოჯახური“ ცხოვრება. მაკითხავდა სამსახურში, დავყავდი რესტორანში, სასეირნოდ... მანებივრებდა ყვავილების თაიგულებით, სამკაულებით... ჩემ გვერდით იწვა და ამ დროს ცოლს მესიჯს სწერდა, არ მოიწყინო უჩემოდ, მენატრებიო. შოკში ვვარდები, ეს რომ მახსენდება. ორ წლამდე „გავქაჩეთ“.

– ანუ, ხან იმ ოჯახში იყო, ხან თქვენთან?

– ასე გამოვიდა. უფრო ხშირად იმ ოჯახში იყო. მე მისი განტვირთვის საშუალება ვიყავი. ჩემს მეგობრებს და თანამშრომლებს როგორ შურდათ ჩემი?! იდეალური ქმარი გყავსო, მეუბნებოდნენ. კიდევ კარგი, ბავშვი მაინც არ გავაჩინე, სულ დავიღუპებოდი. მისმა ცოლმა რომ დამირეკა, თქვენთან მინდა შეხვედრაო, გავშტერდი.

– როცა გეუბნებოდათ, ზოგჯერ სახლში არ მოვალო, არ გითხრათ სად დარჩებოდა?

– კი. როგორ არა. თავის ბინაში, მარტო. ძველი ბინა ცოლს დავუტოვე, ეს ახალი ნაყიდი მაქვს, თან ვარემონტებ. არ მინდა, რემონტით შენ გაგაწვალო. მორჩება ყველაფერი და შეგაბრძანებ ზეიმითო. გეკითხებით, რა უნდა მეეჭვა? ჰოდა, ასე გავბრიყვდი. ვინც მეკითხებოდა, ნაცნობი თუ უცნობი, როდის ქორწინდებითო, ყველას ვპასუხობდი, როგორც კი ახალ ბინაში გადავალთ-მეთქი. თურმე, სად გადახვალ, ვისთან გადახვალ?! კაცს ცოლიც ჰყავს და ორი შვილიც.

– რომ დაგირეკათ მისმა ცოლმა, გითხრათ, ვინ იყო?

– დიახ. მითხრა. სახელიც და გვარიც. ამისი მეუღლე ვარო. ჯერ კი ვიფიქრე, ვიღაც ბოროტად დამცინის-მეთქი. სხვათა შორის, საკმაოდ მშვიდი და სასიამოვნო ხმა ჰქონდა. მითხრა, სკანდალის ასატეხად არ გირეკავთ, მე ასეთი რაღაცეები არ მახასიათებს, უბრალოდ, რაღაც უნდა აგიხსნათო. წავედი შეხვედრაზე, ისე, რომ საყვარელი „მეუღლისთვის“ არაფერი მითქვამს. კაფეში შევხვდით. საკმაოდ ლამაზი ქალი მოვიდა, მოვლილი და ამაყად თავაწეული. მომეწონა. ჩხუბით და წიოკით რომ მოსულიყო, იქნებ, მეც მედგრად დავხვედროდი და გვეჩხუბა კიდეც, მაგრამ ხმისთვის არ აუწევია. მითხრა, ეჭვი გამიჩნდა და კვალში ჩავუდექი. მეუბნებოდა, მივლინებებში დავდივარო, მაგრამ ხომ იცით, ქალს მაინც არ გამოეპარება სიყალბე?! ძალიან მალე აღმოვაჩინე თქვენი ტელეფონის ნომერი და მივხვდი, რომ მატყუებდა. აი, შეგხვდი და მინდა, ვიცოდე, რას აპირებო. გავგიჟდი. რას უნდა ვაპირებდე, ცოლი ვარ მისი-მეთქი. არა. შენ არ ხარ ცოლი. ცოლი მე ვარ. ცხრა წელია, ერთად ვცხოვრობთ და ორი შვილიც გვყავს. უფროსი – შვიდი წლის არის, უმცროსი, ბიჭი ათი თვის წინ გავაჩინე. სხვათა შორის, ჩემი ქმრის დაჟინებული თხოვნით. გიჟდება მასზე და არ იფიქრო, რომ როდისმე მიატოვებს. შენთვის უთხოვია, რომ შვილი გაგეჩინა? ხედავ? ესე იგი, მხოლოდ დროებით გასართობად, მრავალფეროვნებისთვის უნდოდი. არასოდეს წამოვა ჩემგან შენთანო. მერე თავისი მობილური მომცა და მთხოვა, მესიჯები წამეკითხა. როგორი ნაზი სიტყვებით მიმართავდა და ეფერებოდა – „ჩემო ფისო“, „ჩემო სულის ნაწილო“, „ჩემო დედიკუნა და ცოლებში ჩემპიონო“, – თან, დროსაც რომ დავხედე, როდის იყო მესიჯი გაგზავნილი, მივხვდი, ხშირად ჩემთან მყოფი აკეთებდა ამას. დაფიქრდით, გჭირდებათ ასეთი მატყუარა კაციო? თქვენ რატომ გჭირდებათ-მეთქი? იმიტომ, რომ ცხრაწლიანი ურთიერთობის განმავლობაში შევეჩვიე და იმასაც მივხვდი, რომ ყველა მამაკაცი ერთნაირია. რა აზრი აქვს გამოცვლას. მირჩევნია, ჩემს შვილებს ისევ თავიანთი მამა ჰყავდეთ, ვიდრე უცხო მამაკაცი შემოვუყვანო სახლში. ნუ შეიქმნით იმის ილუზიას, რომ უყვარხართ. არ გირჩევთ. მოძებნეთ სხვა, ვისაც ასეთი ტვირთი არ ექნება წამოკიდებული. ჩვენ კი თავი დაგვანებეო.

– რა უპასუხეთ?

– რა უნდა მეპასუხა. გამშრალი და გაოგნებული ვიჯექი. ენაჩავარდნილივით. ვგრძნობდი, რომ სიმართლეს ამბობდა. იმასაც მივხვდი, რომ ვერასოდეს ვიქნებოდი ბედნიერი, თუკი ორ ბავშვს მამას წავართმევდი. მართლა ძალიან გამიჭირდებოდა ამ სიმართლესთან შეგუება. სინდისი ძალიან შემაწუხებდა.

– უარი თქვით სიყვარულზე?

– მე ჩემს სიყვარულზე ვთქვი უარი, იმ გრძნობაზე, რომელიც გულში მქონდა, თორემ იმას არ ვყვარებივარ. როცა ყველაფერი ვუთხარი, შევატყვე, რომ შვებით ამოისუნთქა. ესე იგი, ახლა უკვე იცი სიმართლე. მეც მინდოდა მეთქვა, ცოლს რომ შევურიგდი, მაგრამ ვერ ვბედავდი, მეცოდებოდი. ახლა რადგან სიმართლე იცი, ერთმანეთის მოტყუებასაც აღარ აქვს აზრი და ჩვენი ხანმოკლე რომანიც უნდა დასრულდესო... სურვილი მქონდა, რაღაც ჩამერტყა მისთვის, მაგრამ ვერ შევძელი და ძალიან ვნანობ. წავიდა. მე ახლა იმას ვფიქრობ და ვდარდობ, როგორ გავამხილო ჩემი „განქორწინების“ ამბავი სხვებთან, თუნდაც, ჩემს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან. იმას ვერ ვიტყვი, რომ ცოლიანი კაცი მყავდა ქმრად. ყველას ვერ ავუხსნი, როგორ მოვტყუვდი და რა დამემართა. მირჩევნია, მეც ვიცრუო და ვთქვა, მიღალატა. მე კი ეს არ ვაპატიე-მეთქი. რატომღაც ეს საუკეთესო ვარიანტი მგონია. თუკი ჩემს სიტუაციაში რამე შეიძლება იყოს საუკეთესო. ახლა გეკითხებით, არ არის ის ვაჟბატონი ამ ყველაფერში დამნაშავე? არ უნდა მოეთხოვოს პასუხი ასეთი უსინდისო ტყუილისთვის? მაგრამ, ცოლმა გადასარევად „გადაყლაპა“ ყველაფერი და ეს კიდევ უფრო მაგიჟებს.


скачать dle 11.3