კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა თენგიზ არჩვაძე იუველირი და როგორ გამოიყვანა ის წყობიდან შვილმა


ქართულ კინოს ყოველთვის ჰყავდა გამორჩეული სილამაზისა და ნიჭის მსახიობები. ისინი ეკრანზე დარჩნენ განუმეორებლები და თავიანთი ცხოვრება ჩვენამდე სწორედ ამ სიყვარულით მოიტანეს. არსაკიძე, გოგუა, მუშნი ზარანდია... თენგიზ არჩვაძის მიერ ათეული წლების წინ კინოსა თუ თეატრში ნათამაშები ყველა გმირი ისეთივე რაინდული და ვაჟკაცურია, როგორიც თავად. „... რამდენი მეტი გავიდა დრო, იმდენი დაუნდობლად და განუკითხავად მცემა ცხოვრებამ, მაგრამ არ იყო ეს მარტო ამაყი ხასიათისა და ქედმაღლობის ბრალი; ერთი კაცისგან მეორე კაცის დაჩაგვრა მძულდა ბავშვობიდანვე, ვერ ვიტანდი ამას. დავდიოდი ამ ქვეყანაზე და სიცოცხლის ფასად რომ მღირებოდა, მაინც ვებრძოდი უსამართლობითა და ძალმომრეობით ლელოს გამტან კაცებს...“ – დათა თუთაშხიას სიტყვებით ცხოვრება მასაც მოუწია. ბევრი უსამართლობა და გულისტკენა შეხვედრია გზად. როცა შეხედა, რომ უვიცების, ცოდვილთა და არაკაცების სამფლობელოში კარგი კაცობა არ გადიოდა, განზე დგომა არჩია. ახლა, ოთხმოცი წლის მსახიობი შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად, ტკბილი მოგონებებით ცხოვრობს. მსახიობზე მისი ქალიშვილი, ნატო არჩვაძე გიამბობთ.

– ბატონი თენგიზი ძალიან მშვიდი, უთქმელი და თავმდაბალი ადამიანი ჩანს. ამიტომ გთხოვთ, თქვენ გვიამბოთ მისი ცხოვრების საინტერესო ეპიზოდები, რომელიც ყველას ძალიან აინტერესებს.

– მართალია. მას არ უყვარს თავის განვლილ ცხოვრებაზე საუბარი. ერთადერთი, თავის ბებიაზე – ნატოზე გველაპარაკებოდა ხოლმე, რომელიც მამას საოცრად უყვარდა. ბაბუა – დავით არჩვაძე ნატო ბებიაზე ბევრად უფროსი ყოფილა. მათ შვიდი შვილი ჰყავდათ. სასულიერო პირი იყო და „წითლები“ რომ შემოსულან, საყდრიდან გამოიყვანეს, კედელთან მიაყენეს და დახვრიტეს. დარჩა ბებია მარტო. ბავშვებს შორის უფროსი მამაჩემის მამა, გრიგოლი იყო და ის ეხმარებოდა დედამისს და-ძმის გაზრდაში. ცხოვრობდნენ რაჭაში. ომის პერიოდში, როცა თენგიზი თხუთმეტი წლის იყო, რაღაც პროდუქტი უნდა წამოეღო თურმე სოფლიდან. ნატო ბებია უცნაური ქალი გახლდათ, თავის გრძნობებს არასდროს გამოხატავდა, მაგრამ რომ ჩავედი, უნდა გენახათ, როგორი ცრემლებით სავსე თვალებით მიყურებდა. ჩემი ხელი ეჭირა და ერთადერთ სიტყვას იმეორებდა – როგორ მომენატრე. ამ ერთ სიტყვაში იმხელა გრძნობა იდო, რომ ეს არასოდეს დამავიწყდებაო, – იხსენებდა მამა. ბებია-ბაბუები საოცარი ადამიანები არიან, ძალიან მიყვარს, ოღონდ მე, ძირითადად, დედის დედასთან ვიზრდებოდი, რადგან ჩემს მშობლებს ხშირად უწევდათ გასტროლებზე სიარული.

– რა იცით ქალბატონი ნელისა და ბატონი თენგიზის შეუღლების შესახებ?

– დედა და მამა თეატრალურ ინსტიტუტში კურსელები იყვნენ – ახალგაზრდები, ლამაზები და ერთმანეთი შეუყვარდათ. დედა ამბობდა: სწორედ ამან მომხიბლა, რომ ძალიან ვაჟკაცური, ნამდვილი რაინდი იყო და ლაპარაკი არ უყვარდაო. მეოთხე კურსზე დაქორწინდნენ. მერე ორივე მარჯანიშვილის თეატრში გაანაწილეს. დედამ ოჯახის გამო თავის სამსახიობო კარიერა დათმო. ეტყობა, როგორც ყველა ქართველ კაცს, მამასაც არ სიამოვნებდა, ცოლის მსახიობობა. დედას ფილოლოგიურიც აქვს დამთავრებული და „საქართველოს ენციკლოპედიაში“ მუშაობდა. როცა დედამ ჩემს დაზე იმშობიარა დედაჩემის ძმას, მამაჩემისთვის უთქვამს, გოგოაო. თენგიზს სიმწრისგან ხელი მოუქნევია და ისე გაურტყამს ბიძაჩემისთვის, რომ ლამის ყბა ამოვარდნია. მერე ამბობდა, იუველირი ვარ, ქალიშვილები მხოლოდ იუველირებს ჰყავთო. ეტყობა, თავს იმშვიდებდა. კაცისთვის საცოდაობაა, ბიჭი თუ არ ჰყავს, მაგრამ სამაგიეროდ, ჩვენ გაგვზარდა ზომაზე მეტად ვაჟკაცურები, ქალს რომ არ შეეფერება, ისეთები. თენგიზს ხასიათის ისეთი თვისებები აქვს, რითაც ქალებს ხიბლავს. მასზე ყველა ქალი გიჟდებოდა. მაგრამ ეტყობა, თენგიზს მაინც დოქის ტუჩი ერჩივნა ქალისას – ვხუმრობ. პატარა ვიყავი და მახსოვს, ქუჩაში რომ მივდიოდით, ქალები უკან ბრუნდებოდნენ და უყურებდნენ, აჩერებდნენ, სიყვარულს უხსნიდნენ. იმდენად გულწრფელი და სუფთა იყო მათი სიყვარული, რომ როგორც ბავშვი, საშინლად ვღიზიანდებოდი. სხვათა შორის, 70 წლის იუბილეზე ვიღაც ქალმა სამოცდაათი ვარდი მოართვა და დღემდე ვერ გავიგეთ, ვინ იყო.

– გაიხსენეთ ის პერიოდიც, როცა მამას ბავშვები გადაღებებზე დაყვებოდით.

– მაშინ მსახიობები ოჯახებით დადიოდნენ ორი-სამი თვით. „ხევსურულ ბალადაზე“ სოფიკო ჭიაურელს თავის შვილები ჰყავდა წამოყვანილი, ზურა ქაფიანიძეს – თავისი. თითქოს ზღაპარში ვიზრდებოდით. „ხევისბერი გოჩას“ ფინალურ სცენას რომ იღებდნენ, სადაც გუგუა თავს იკლავს, საოცრად იმოქმედა ჩემზე. ასევე, სპარტაკ ბაღაშვილმა. მართლა ხევისბერი იყო, ისეთი სახე და ხმის ტემბრი ჰქონდა. ყველაფერი იმდენად შთამბეჭდავი იყო, ვერც იფიქრებდით, რომ კინოს იღებდნენ. პატარა ვიყავი და აქეთ-იქით დავდიოდი გადასაღებ მოედანზე. ლეილა აბაშიძე და ზურა შარია რაღაცას საუბრობდნენ და როგორც კი მივუახლოვდებოდი, რუსულზე გადადიოდნენ. გამიკვირდა და მამას ვკითხე: ესენი ხან რუსულად და ხან ქართულად რატომ ლაპარაკობენ-მეთქი. ეტყობა, ხან ქართული ავიწყდებათ და ხან – რუსულიო.

– როგორი იყო დედის დამოკიდებულება მამათქვენისადმი. მან ხომ იცოდა, რომ მისი ქმარი ყველას მოსწონდა?

– დედაჩემი ძალიან კორექტული ადამიანია და არ მახსოვს, მამასთვის რამე თავზე მოეხვიოს. ზედმეტ კითხვასაც არ დაუსვამდა. ბევრი წერილი მოდიოდა საბჭოთა კავშირიდან – რუსი ქალბატონები სწერდნენ. ჩვენ უფრო გვაინტერესებდა, რა ეწერა შიგ. დედა კი გვეუბნებოდა: არ იკადროთ მამის წერილების გახსნა. ტელეფონზეც ცუდად არავის უპასუხოთო. ალბათ, მასაც ჰქონდა რეაქცია და საშინლად განიცდიდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ჩვენ არ გვაგრძნობინებდა. არ მახსოვს, მამას ვინმესთან ისეთი გახმაურებული რომანი ჰქონოდა, რომ ჩვენ შევწუხებულიყავით. თაყვანისმცემელი ქალები ვინც ჰყავდა, ვიცოდი. „კეთილ ადამიანებში“ რომ ვნახე მამა, ნანა პირველზე ძალიან ვიეჭვიანე და განვიცადე. დედაჩემმა სიცილით ამიხსნა – ეს ხომ ფილმიაო. ვბრაზდებოდი იმაზე, რომ ძალიან ბევრს მუშაობდა და ჩვენ გვერდით იშვიათად იყო. 130 ფილმში აქვს ნათამაშები. ჩვენ რომ ცუდ ხასიათზე არ ვყოფილიყავით, დედა დღესასწაულებს გვიწყობდა. დღეს კინოში მუშაობის სხვა სტილია, მაშინ ფილმებს წლობით იღებდნენ. მამაჩემის პოპულარობას ყოველთვის დადებითი მუხტი ჰქონდა. მის მიმართ დიდი სიყვარული ჩვენზეც გადმოდიოდა, როცა იგებდნენ, რომ მისი შვილები ვიყავით. მამაჩემი სულ ამბობს – არაფერს გიტოვებთო. რასაკვირველია, სამწუხაროდ, მატერიალურიც საჭიროა და ამის გარეშე ადამიანი ვერ იცხოვრებს, მაგრამ სამაგიეროდ, მან ცხოვრებაში ის შექმნა, რასაც ვერანაირი მატერიალური ვერ გადაწონის. სტუდენტი ვიყავი. მაშინ ხალხი სოჭაში და გაგრაში დადიოდა და ვუთხარი, ამხანაგებთან ერთად წავალ-მეთქი. ჯვარზე ვიყავით ასულები, სტუმრები გვახლდნენ. მომიტრიალდა და მეუბნება: კარგი რა, რა გამიჭირე საქმე. ნახე, რა მზეა? რა მტკვარი, რა მთები, რა ქვეყანა, არ გრცხვენია? აბა, აქედან სად უნდა წახვიდეო.

– მამასთან თუ ლაპარაკობდით თქვენს პრობლემებზე, სურვილებზე?

– ხანდახან მითქვამს: ზედმეტად იცით დისტანციის დაჭერა-მეთქი. ვერც ერთს ვერ დაუჯდებოდი და ასე, თავისუფლად ვერ დაელაპარაკებოდი. ახლაც მაქვს ის რიდი და პატივისცემა. თვითონაც საოცრად მორიდებული კაცია, სულ დაძაბულია და ეტყობა, ჩვენც გადმოგვედო. მისთვის ტრაგედია და მტკივნეული იყო ჩემი გათხოვება. პირველი მეუღლე ჩემზე უფროსი იყო. გაგიჟდა, არ მელაპარაკებოდა. ანუკი (ანუკა ქებურია, დიზაინერი – ავტორი) რომ გაჩნდა, რასაკვირველია, შემირიგდა. რამდენიმე წლის წინ ისევ გავთხოვდი. ჩემი მეუღლე ლიტველია. სულ სტრესულ მდგომარეობაში მყავს მამა. ჯერ ასაკოვანი სიძე, მერე უცხოელი. ძირითადად, მისთვის მიუღებელ რაღაცეებს ვაკეთებ. ძალიან ფრთხილად, მორიდებით ვუთხარი: მგონი, ვთხოვდები-მეთქი. გაკვირვებულმა შემომხედა – რამდენი წლის არისო. ნუ გეშინია, ჩემი ტოლია-მეთქი. აბა, რა სჭირს, ამიხსენიო. უცხოელია-მეთქი. გადაირია. ეტყობა, მაინც ქართველი ვაჟკაცი უნდოდა, როგორიც თვითონ არის. მე ვუთხარი – ეჰ, მამა, ეგეთები აღარ არიან-მეთქი. ხომ ასეთი მშვიდია, მაგრამ თუ რაღაცაზე გაბრაზდა, ვულკანივითაა. როცა გაიგო, რომ თეატრალურში ჩავაბარე, ლამის ყველაფერი დაანგრია, საშინლად მიყვიროდა. ხელოვნების ისტორიაში ვემზადებოდი და ეგონა, ხელოვნებათმცოდნე გამოვიდოდი. სულ დავყავდით ქალაქგარეთ, კულტურულ ძეგლებს გვათვალიერებინებდა, საქართველოს ისტორიას გვიყვებოდა, რომელიც ზედმიწევნით კარგად იცის. ახლა რომ ვფიქრობ, სწორი იყო, უნდა მოერგო ამ პროფესიას. სულ მეუბნება, რომ ძალიან დაუფასებელი და არაადამიანური საქმეაო.

– ცხოვრებაში, ალბათ, მძიმე პერიოდებიც ჰქონია.

– მისთვის მძიმე იყო, როცა თეატრის გარეშე დარჩა. ახლაც ცუდად არის თეატრის გარეშე, მაგრამ არასდროს უთქვამს საყვედური. თენგიზი ამიტომ არის თენგიზი, რომ არასოდეს გამოვა და იტყვის. მებრძოლი არასდროს ყოფილა, მაგრამ ბრძოლასაც გააჩნია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის იკადრო, რაც არ არის საკადრებელი. თენგიზი მაინც მრავალფეროვანი მსახიობია. სხვა კუთხიდანაც შეიძლებოდა მისი დანახვა – ბევრი როლი შეიძლებოდა ეთამაშა. ილია ჭავჭავაძეს თამაშობდა. გრიმი გაიკეთა, გავიდა სცენაზე და უთხრეს სპექტაკლი მოხსნილიაო. ესეც სხვისგან ვიცი. როცა ამაზე ვკითხე, მიპასუხა – მაგ თემაზე არ ვლაპარაკობო. გული ეტკინებოდა, რასაკვირველია. იცით, როგორ ემზადებოდა და როგორ კითხულობდა? მძიმე იყო, როცა თეატრალურში ფარიკაობის გაკვეთილზე „შპაგით“ დაჭრეს. ფილტვი ჰქონდა გახვრეტილი. მართალია, პარტნიორს შემთხვევით მოუვიდა, მაგრამ ლამის მოკვდა. „დიდოსტატის მარჯვენას“ რომ იღებდნენ, მკლავი და ზურგი სულ გადატყავებული ჰქონდა, ხომ გახსოვთ ის სცენა, სადაც მორიელებით დაკბენილი არსაკიძე რატის სასახლიდან სვეტიცხოვლის ტაძრისკენ მიხოხავს. მაინცდამაინც ეს დუბლი ფუჭდებოდა. იმეორებდნენ და იმეორებდნენ.


скачать dle 11.3