კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა

ქართული გვარ-სახელები



ავთანდილაშვილი

ავთანდილაშვილი ეპონიმური ტიპის გვარ-სახელია. ავთანდილ, მნიშვნელობის მიხედვით, უკავშირდება არაბულ-ირანულ ენებს, ნიშნავს „სამშობლოს გულს“, „სამშობლოს რწმენას“ ან „სარწმუნოების სამშობლოს (კერას)“. ის საკუთარ სახელად ქცეულა და ძალიან გავრცელებულია ქართულშიც. პირველად გვხვდება „ვეფხისტყაოსანში“. მისი მოფერებითი ფორმაა ავთო.

ავთანდილაშვილი-ავთანდელიშვილი ქართული გვარ-სახელია.

ავთანდილაშვილები, 1721 წლის აღწერის თანახმად, ქვემო ქართლში აზნაურები იყვნენ. მხოლოდ თავად ყაფლანიშვილებს ჰყავდათ ცხრა აზნაური. მათ შორის არიან: ყულიჯანა, ფრიდონა, ფარემუზა, ბერუა, გიორგი, დოლმაზა, ზავრიდა.

ავთანდილაშვილების გვარის შტო-გვარებია ბეჟანაშვილი და ტერტერაშვილი. ქვემო და შიდა ქართლში სამართლებრივ ძეგლებში მოიხსენიებიან: ბიძინა, ზაალ, გიორგი, როინ, თამაზ, იაგანა, იესე, ჟამურა, ბერუა ავთანდილაშვილები.

საქართველოში 203 ავთანდილაშვილია: ქარელში – 101, თბილისში – 44, გორში – 12.

ბევრი ავთანდილაშვილი ავთანდილიანად არის ჩაწერილი. ისინი 20 სულზე მეტია დაფიქსირებული, ხოლო ავთანდილოვად 141 ადამიანი ჩაწერეს და სხვა ეთნოსის გვარს მიაკუთვნეს.

მიქელაშვილი-მიქელაძე

მიქელა კაცის საკუთარი სახელია. აქედან არის ნაწარმოები გვარები: მიქელაძე, მიქელავა, მიქელაია, მიქელაიშვილი, მიქელბაია, მიქელთაძე და ასე შემდეგ.

მიქელაძეები დიდი თავადები იყვნენ.

მიქელა ძველ ებრაულ ენაზე „ღვთის სწორს“, „ღვთაებრივს“ ნიშნავს.

„აზნაური მიქელაშვილის წინაპარნი არიან იმერელი მიქელაძეების სახლის შვილთაგანნი, მდაბალ აზნაურად მიღებულნი, რომელნიც მოჰყვა ზითევსა შინა მიქელაძის ასულსა დედოფალს ხვარაშანს, მეუღლესა გიორგი მეფისასა და მუნიდგან არიან ცნობილ აზნაურად მიქელაშვილებად 1685 წელსა და მოხსენიებულია ტრაქტატსა შინა“.

საქართველოში 721 მიქელაძე ცხოვრობს: თბილისში – 163, ოზურგეთში – 109, ყვარელში – 67.

ასანიძე-ნადირაძე–ასმანიძე

გვარის ფუძეა კაცის საკუთარი სახელი ნადირა.

„ნადირაძე შაქარაი, ჩაქვს მცხოვრები, ის გიორგი გურიელმა უწყალობა ბოქაულთუხუცესს თავდგირიძეს“ (1664-1677 წლები).

ასან ნადირაძედანაა გაჩენილი გვარი ასანიძე. ასან (ჰასან) თურქულია და შემოსულია ქართველებთან. ფუძით ასან, ხასან-ასან – კარგს, ლამაზს უხმობენ არაბები, ხოლო თურქების ენაზე ასან-ხასან ითარგმნება, როგორც „წითელი“. დამოუკიდებლად არსებობს გვარები: ასანიშვილი, სანიშვილი, ასანბეგიშვილი, აჭარელი ასანიძენი.

ქართულ საისტორიო წყაროებში ასანიძენი პირველად მეთექვსმეტე საუკუნიდან ჩანან – ლიხთ-იმერეთს. „ამირეჯიბ გაბელისძეთა ულუმბოს მონასტრისთვის ბოძებულ შეწირულობის ნუსხაში მოიხსენიებიან მამია და ჯანიბეგ ასანიძეები, როგორც გუჯარასა და ჯრუჭულას შორის მდებარე მამულიდან სააღაპე გამოსაღების ამღებნი“. შემდგომში ასანიძეები შიდა ქართლშიც გამოჩენილან.

მეჩვიდმეტე საუკუნის ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში მოიხსენიება აბანოს სასახლის მოსახლე ასანიძე ქიტია თავისი სამი ვაჟით.

საქართველოში ასანიძეები ცხოვრობენ: ზემო იმერეთში, ოდიშში, გურიაში, აჭარაში, ქვემო და შიდა ქართლში, ჰერეთში. განსაკუთრებით მრავლად არიან ძირის, ლაგოდეხის, ჭიათურის, ოზურგეთის მხარეში. ასანიძეთა ნაწილი კი გახიზნულია იმერეთში და იქ დაეწერნენ ასმანიძეებად.

საქართველოში 5 166 ნადირაძე ცხოვრობს: თბილისში 1 285, საჩხერეში – 557, სამტრედიაში – 547.

2 747 ასანიძე: ჭიათურაში – 1 027, თბილისში – 345, საჩხერეში – 231.

გოჩაშვილი

დროთა ვითარებაში გვარშეუცვლელი დავითაშვილები, თამაზიშვილები, ბაგრატაშვილები-ბაგრატიშვილები, ელიზბარიშვილები, გოჩაშვილები, თავისთავად ბაბადიში-ბაბადიშვილები, ისეთივე ბაგრატიონები არიან. ვახუშტი ბატონიშვილი (ბაგრატიონი) „ქართლის ცხოვრების“ თავისსავე დაწერილ მეოთხე ტომში წერს: „ხოლო მუხრანის ბატონი და გოჩაშვილი, აწ მთავარნი, არამედ გუარნი მეფეთა ბაგრატიონთა არიან, ვითარცა აღწერილნი არიან“.

საქართველოში 611 გოჩაშვილი ცხოვრობს. თბილისში 249, გორში – 187, ქარელში – 90.

ჭარელიძე

ფუძით ჭარი ნაწარმოებია ქართული გვარები: ჭარელაშვილი, ჭარელი, ჭარელიშვილი, ჭარელიძე.

ჭარელების სოფელი შქმერია (ონის რაიონი). მეცნიერები მხარს უჭერენ ვერსიას, რომ გვარი ნაწარმოებია ტოპონიმიდან ჭარა, საიდანაც უნდა იყოს ნაწარმოები ჭარელი და ჭარელიძე. შესაძლოა, ჭარა ძირეული საკუთარი სახელის კნინობითი ფორმაც იყოს. ილია მაისურაძე წერს: „ამასვე უჭერთო მხარს ჭარაბაძე და ჭარაქაშვილი“. ის იქვე შეგვახსენებს, რომ „დღევანდელი საინგილო ძველად ჭარბელაქანად, ანუ კაკენისელად იწოდებოდა“.

გვარ ჭარელიძის უპირატესობა ის გახლავთ, რომ ჭარელიძეები მოიხსენიებიან სორის ტაძრის სოფლის და სამლოცველოს წარწერაში მეთოთხმეტე საუკუნეში, როგორც რაჭის ერისთავები.

სადაურობის მწარმოებელ ელ-სუფიქსით ნაწარმოებ გვარებს შორის, ბატონი ზურაბ ჭუმბურიძე ასახელებს გვარებს: ჭარელიძე, ჭარელიშვილი.

საქართველოში 46 ჭარელიძე ცხოვრობს: ჭიათურაში – 21, თბილისში – 10, ახმეტაში – 9.

49 ჭარელი: თბილისში – 32, ონში – 5, ბორჯომში – 4.

ქილიფთარი

ქართველთა გვარებში გვარის მწარმოებლად გამოყენებულია სუფიქსები: არი, ური, ული. ასეთებია, მაგალითად, ქალანთარი – კალანტარი, გვარად ქცეული თანამდებობის ტერმინი. „კალანტარი“ სპარსულია და „პოლიციის უფროსს“, „ქალაქის თავს“ ნიშნავს. ქალუნდარი კი ხევსურეთში წარმოიშვა საკუთარი სახელისგან „ქალუნდა“.

გვარზე ქილიფთარი ილია მაისურაძე „ქართულ გვარ-სახელებში“ წერს: „ქილიფთარი, სილაური, ცრემლის ხიდი; ქილიფთარი (სპარსული) ზოგადი მნიშვნელობით „მნე სასმელისა, „პირის მეღვინე“.

ზოგი ქილიფთარი ამბობს, ჩვენ ბერძნები ვართო და გული იქით მიუწევთ. ჰგონიათ, რომ მათი წინაპრები საბერძნეთიდან არიან, თავად კი – მიგრირებულები საქართველოში, კერძოდ გურიაში. შესაძლოა, ასეც იყოს.

საქართველოში 404 ქილიფთარი ცხოვრობს: ოზურგეთში – 256, თბილისში – 38, ლანჩხუთში – 37.

გილაური

გილაური ქართული ეპონიმური გვარ-სახელია, რომელშიც ფუძედ გამოყენებულია მამაკაცის საკუთარი სახელი გილა. ეს სახელი ბევრ ისტორიულ წყაროშია დაფიქსირებული. ასევე, მისგანაა წარმოშობილი გვარი გილაშვილი.

გილაშვილი და გილაური ერთი და იმავე გვარად ჩანს. გილაშვილი უსწრებს წინ გილაურს. „გილაშვილი ერეთში მცხოვრები, სვიმონ მეფის ნებართვით, ნიკოლოზ კათალიკოსმა იგი, მამულითურთ უბოძა ვახტანგ ბატონიშვილს, ყურისუბნის სანაცვლოდ, ეს მოხდა 1574 წელს“.

„გილაშვილი გიორგი, ერედველი, მამულითურთ კათალიკოსმა ზებედემ უწყალობა ჯვარისმტვირთველ დავით ელიოზის ძე გედევანიშვილს“ (1610 წელი).

გილაშვილები ჩანან სოფლებში თვალი, ერედვი; იყვნენ საეკლესიო პირები და აზატი ყმები. „დავით გილაშვილი, თვალს გაღმა მცხოვრებია აზატი ყმა, არსენ ნინოწმინდელის განჩინებით, მას ევალებოდა ნინოწმინდის საყდრისთვის შეკაზმული ცხენისა და იარაღის გამოღება, თუ უმართალი კაცი გარდაიცვლებოდა“ (1688-1694 წლებში).

„გილაური ქიტუა იყო მოწმე უცნობი პირების მიწის ნასყიდობის წიგნისა“ (1685 წელი).

საქართველოში 217 გილაური ცხოვრობს: მცხეთაში – 160, თბილისში – 53, დუშეთში – 2.

231 გილაშვილი: საგარეჯოში – 114, თბილისში – 74, გურჯაანში – 23.



აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

მოამზადა ნონა დათეშიძემ


скачать dle 11.3