კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ვერ შეჰბედა მომავალმა მეუღლემ ნინო ლეკვეიშვილს და სად იმოგზაურეს მათ ცოცხალ ვეფხვებთან და ნიანგებთან ერთად


ნინო ლეკვეიშვილი: ყველაფერი ძალიან სწრაფად, ჩუმად და სპონტანურად მოხდა, ვიყავი მილანში, მერე გავთხოვდი და ახლა უკვე პატარა დათა მყავს. ჩემი მეუღლე არის გუგა ჭუმბურიძე, პროფესიით ნეიროქირურგი, მაგრამ ამჟამად საკუთარი ბიზნესითაა დაკავებული. ძალიან განსხვავებულად, ტაქტიანად მომიდგა, თან ჩემზე ასაკით დიდია და გამოცდილებამაც თავისი ქნა.

– როგორ გაიცანით ერთმანეთი?

– მის ოფისში, მეგობრების წრეში გავიცანი. დაახლოებით, ორ თვეში დავიწყეთ შეხვედრები, მერე კი მე მილანში გავემგზავრე, იქ დაახლოებით ორთვე-ნახევარი დავრჩი და რომ ჩამოვედი, ერთობლივი ტურნე მოვაწყვეთ ტაილანდში, ტაილანდმა ყველაფერი გადაწყვიტა. როდესაც მილანში წავედი, უკვე შეყვარებულები ვიყავით, ყოველდღე მირეკავდა, ერთმანეთს ინტერნეტით სულ ვეკონტაქტებოდით. რა თქმა უნდა, ნერვიულობდა, მაგრამ გართულება არ აქვს იმაზე, რომ სამსახურიდან გამომდინარე, სადმე გავემგზავრო. ძალიან თავისუფალი, გახსნილი ადამიანია, და არ აქვს რთული ხასიათი. კარგად ვეწყობით ერთმანეთს, არ არის ისეთი, რაღაცაში შეგზღუდოს, ხელი შეგიშალოს, პირიქით, რაც გჭირდება, ყველაფრის საშუალებას გაძლევს. მილანიდან რომ ჩამოვდიოდი, არავინ იცოდა, მხოლოდ გუგა დამხვდა დილის 5 საათზე ვარდების დიდი თაიგულით ხელში და სახლში მიმიყვანა. სხვათა შორის, გუგა თავიდანვე ყველას მოსწონდა. როდესაც მე იტალიაში ვიყავი, ის ზრუნავდა ჩემს დაზე, დედაჩემს დაბადების დღეზე ყვავილები გაუგზავნა. თავისი ადამიანობით ძალიან ბევრი რამ მოიგო.

– მომიყევი მილანის ამბები.

– მილანში სამუშაო კონტრაქტით ვიყავი მიწვეული. მონაწილეობა მივიღე „შოუ-რუმებში“. ერთ-ერთი იყო კარლ ლაგერფელდის „შოუ-რუმი“, ასევე, რამდენიმე დღე ვიმუშავე „სი-ენ-ენთან“, „ლორეალის“ ფოტოგადაღება მქონდა, თმის საღებავის რეკლამა გავაკეთე. ძალიან კმაყოფილი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დატვირთული ვიყავი. რობერტო კავალის აქვს ღია კლუბი მილანში და როდესაც მილანში ვიყავი, იქ გაიმართა წვეულება და მოდელებიც მიწვეულები ვიყავით, თავად კავალიც მოვიდა, ასევე, ბევრი ცნობილი ადამიანი იყო, იტალიელი მომღერლები, დიზაინერები, რუსი რეპერი ტიმოტი. ძალიან კარგი დრო გავატარეთ. მერე კავალისთან ერთად მე და ერთ მოდელს მისმა დაცვამ ფოტოები გადაგვიღო.

– როგორი რეაქცია ჰქონდა შენს მეუღლეს, როდესაც გაიგო, რომ „ვიცე-მის საქართველო“ იყავი?

– თავიდან არ იცოდა, რომ „ვიცე-მის საქართველო“ ვიყავი, მერე, როდესაც ეს გაიგო, მაშინ ჯერ არ ვიყავით შეყვარებულები და არ გამოუხატავს – ვერ შემომბედა გაშინაურება, მაგრამ ახლა ძალიან ამაყია.

– ტაილანდში წასვლა და იქ ერთმანეთის უკეთ გაცნობა, ალბათ, ორივეს იდეა იყო.

– ეს თავიდან ბოლომდე მისი იდეა იყო. ძალიან უნდოდა წასვლა და ჯერ კიდევ მილანში ყოფნისას მითანხმდებოდა. ჯერ უნდოდა, მილანში ჩამოსულიყო, მაგრამ ისეთი დაკავებული ვიყავი, მაინც ვერ ვნახავდი, ამიტომ შემომთავაზა, ტაილანდში წავიდეთო. თავად იყიდა საგზურები, ბანკოკში ვიყავით, მარჯნის კუნძულებზე გადავედით, ექსკურსიებზე დავდიოდით, ყველაფერი მოვიარეთ. ძალიან კარგი იყო და ამ ყველაფერმა ჩვენს ურთიერთობაზე დადებითად იმოქმედა. მოგზაურობაში ადამიანს უფრო კარგად გაიცნობ და თანაც იმ პერიოდში, თავი განსაკუთრებულად შეინახა, არ გამოავლინა უარყოფითი თვისებები. მახსოვს, ბარში ვიჯექი და ვიღაც გოგონა ცდილობდა, ჩემთან ეცეკვა. გუგაც მეუბნებოდა, მიდი, იცეკვეო. მაგრამ, არ მინდოდა ცეკვა, ცოტა მოწყენილი ვიყავი. გვერდით იყიდებოდა ვარდისფერი ყვავილებით გაკეთებული ოქროსფერი ყელსაბამი. გუგა გავარდა უცებ გარეთ, თან საშინლად წვიმდა. იყიდა, თუმცა სულ დასველდა. მერე კი კისერზე, საქვეყნოდ, ოფიციალურად ჩამომკიდა. სიყვარულის ახსნის მთელი ცერემონიალი იყო ისეთი ლამაზი სიტყვებით, რომ ვერც კი ავხსნი. თან გარემოც ისეთი იყო – ყველა კარგად გექცევა, გიღიმის. უნდათ, რომ მათთან მიხვიდე. მე და გუგა ტრანსვესტიტების შოუზეც მივედით – „ალკაზარი“ ერქვა. ისეთი „გოგონები“ იყვნენ, გადავირიე. შოუც საოცრად ლამაზი იყო, კარგად ცეკვავდნენ და თვითონ დადგმა იყო საოცარი, კოსტიუმირებული. ისეთი ქალურები იყვნენ, ერთი-ორი მანერა მეც ვისწავლე. სხვათა შორის, ცოცხალ ნიანგთან და ვეფხვთანაც გადავიღეთ ფოტოები, ცოტა კი შემეშინდა, მაგრამ მშვიდად იყვნენ. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ სპილომ გამიკეთა ზურგზე მასაჟი. პატარა მოედანზე გაწვენენ, ზევიდან გადასაფარებელს გაფარებენ, მერე მოჰყავთ სპილო, რომელიც ჯერ ხორთუმს გირტყამს გამეტებით და შემდეგ ფეხს. მტკივნეული არ ყოფილა, მაგრამ ცოტა არ იყოს შემეშინდა. მოკლედ, იქ ყველაფერი საინტერესოა, პირდაპირი შეხება გაქვს ველურ ბუნებასთან და ცხოველებიც შენ გვერდით დადიან.

– შენ თქვი, ჩემი მეუღლე ტაილანდში არ ამჟღავნებდა უარყოფით თვისებებსო. როდის დაიწყო ამ თვისებების გამომჟღავნება?

– ერთად ცხოვრების პერიოდში – იქ ის არ დადო, ამას რატომ აკეთებ? – რაღაც პატარა დეტალები... მაგრამ, მგონი, ისევ თავს ინახავს, იმიტომ, რომ დღემდე ძალიან დადებითი პიროვნებაა. ყველაფერს კარგად ართმევს თავს.

– არის საკითხი, რაზეც მეუღლე გეწუწუნება, არ მოსწონს.

– ახლახან გამოვიწერე ფეხსაცმელი პლატფორმის ძირით. გადაირია, ეს არ შეუკვეთო, ამას არასდროს შეუკვეთავო. არადა, არ არის ჩემზე დაბალი, პირიქით მაღალია, მაგრამ არ მოეწონა.

– თანაცხოვრების პირველი პერიოდი ხშირად სირთულეებთან არის დაკავშირებული.

– ძალიან რთულია, თუნდაც ის, რომ მას უნდა თეფში ასე დადოს, შენ სხვანაირად. ეს ცოტა დისკომფორტს გიქმნის, არ მოგწონს, მაგრამ მერე ყველაფერს ეჩვევი. როდესაც რაღაც მეწყინება, საკუთარ თავში ვიცი ჩაკეტვა, ვჯდები ჩემთვის და არ ვლაპარაკობ. მას კი, სხვებისგან განსხვავებით, აქვს ისეთი თვისება, რომ შეუძლია, მოვიდეს, გვერდით დაგიჯდეს, დაგელაპარაკოს, გაარკვიოს სიტუაცია – რა მეწყინა. ვსაუბრობთ და მერე წყენა და ცუდი განწყობაც გადამდის. რაც ერთად ვართ, საერთოდ არ გვიჩხუბია. თუ რაღაც არ მოგვეწონება, მიჯდება გვერდით და გამოვყავარ მდგომარეობიდან. ადამიანების დარწმუნება კარგად ეხერხება. თან, ძალიან თავისუფალია, უყვარს გართობა, სადმე წასვლა. მეც ასეთი ვარ. არც ერთს არ გვაქვს მძიმე ხასიათი. უბრალოდ, ის ჩემზე მეტად გამოცდილია, ჩემზე ბევრი რამ იცის. თურქეთიდან რომ მოვდიოდით თბილისში, ტრანსპორტმა გაგვასწრო. იქ ისეთები გააკეთა, მივხვდი, მასთან არ დაიკარგები. აეროპორტის ხარჯებით დავეწიეთ ტრანსპორტს და გადავჯექით.

– ჯვრისწერა თუ გქონდათ ან მოაწერეთ ხელი?

– ერთ დღეს გადავწყვიტეთ, ერთად დაგვეწყო ცხოვრება, მერე მალევე დავფეხმძიმდი და ვეღარ მოვახერხეთ ჯვრის დაწერა. გუგას უნდოდა უცხოეთში გადავფრენილიყავით და იქ დაგვეწერა ჯვარი. მე უფრო ქართულად მინდოდა ქორწილის გაკეთება. სექტემბერში პატარა და ორიგინალურ ქორწილს გადავიხდით. ფეხმძიმობის დროს გუგა მეუბნებოდა – ჯვარი დავიწეროთ, ხელი მოვაწეროთო, მაგრამ არ მინდოდა, ეს ყველაფერი ვალდებულებისთვის გამეკეთებინა. პირიქით, ყველაფერი ისე უნდა მოხდეს, როგორც მე მინდა..

– როდის გეყოლა შვილი?

– დათა 9 ივლისს დაიბადა – 3 კილოგრამი და 500 გრამი, 51 სანტიმეტრი. ახლა უკვე ბევრად აღემატება ამ ზომებს. კარგი ორსულობა მქონდა. უბრალოდ, ცოტა დეპრესიული გავხდი. ადვილად ვღიზიანდებოდი და მეტირებოდა. ძალიან მიყვარს სახელები – დათა, დადა და ვიფიქრე, დათას დავარქმევ და ორივეს დავუძახებ-მეთქი. გუგაც არ შემეწინააღმდეგა. ძალიან კარგი, მშვიდი ბავშვია, მაგრამ, როდესაც შია, შეიძლება აგაფეთქოს, მუშტებს გირტყამს. საკმაოდ „პანიკიორი“ დედა ვარ. გუგა სულ მეუბნება – დაანებე თავი, გაიზრდება და გეტყვის, აღარ შემიძლიაო. ასე მგონია, ეს პერიოდი ვიქნები ასე, მერე გადამივლის. გუგა მეხმარება ბავშვის გაზრდაში, ასეირნებს, აძინებს. დაძინების და სეირნობის თავისი ტაქტიკა აქვს.

– დამეთანხმები, რომ ქალისთვის ძალიან დიდი სტიმულია, როდესაც მას გვერდით საყვარელი მამაკაცი ჰყავს.

– ყველა ქალს ჩვენი სისუსტეები გვაქვს, რაღაც მომენტში გვერდით ადამიანი გჭირდება, რომელსაც ჩაეხუტები და იცი, რომ მის გვერდით დაცული ხარ, ის შენი ზურგი იქნება. გუგა სწორედ ასეთია. ის გვერდში მიდგას, არაფერში მზღუდავს და მაძლევს საშუალებას, თავად ვიაზროვნო, თავად გადავდგა ნაბიჯები.


скачать dle 11.3