კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენჯერ იქორწინა ერეკლე მეორემ და ჰყავდა თუ არა მას ცოლად ყაფლანიშვილების ქალი


– ბატონო გელა, რამ გიბიძგათ, ერეკლე მეფის ცოლების რაოდენობა დაგეთვალათ?

– დიდი მწერალი და საზოგადო მოღვაწე მიხეილ ჯავახიშვილი ყაფლანიშვილთა გვარის ისტორიით იყო დაინტერესებული. არცთუ შემთხვევითია, რომ მისი უმნიშვნელოვანესი რომანის, „ჯაყოს ხიზნების” ერთ-ერთი მთავარი გმირი (მარგო) ყაფლანიშვილია. ჯავახიშვილის გზას გავყევი – ყაფლანიშვილთა გვარის ისტორია დაწვრილებით შევისწავლე...

– როგორც ცნობილია, მკვლევართა უმრავლესობას მიაჩნია, რომ მეფე ერეკლეს სამი ცოლი ჰყავდა. თქვენ განსხვავებული აზრი გაქვთ?

– დიახ. ისე, ერეკლეს ცოლების რაოდენობა მკვლევარებს კი არ უნდა ეთვალათ, არამედ მემატიანეებს. ერეკლე ხომ „ახლახან” ცხოვრობდა, სულ რაღაც, ორასიოდე წლის წინ...

წესით და რიგით, ომან ხერხეულიძეს უნდა მოეწოდებინა ცნობა ამის თაობაზე. მის მატიანეს, ხომ ასე ჰქვია – „მეფობა ირაკლი მეორისა”.

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ მის ნაშრომში ერეკლეს არც ერთ ცოლზე არავითარი ინფორმაცია არ მოიპოვება. ალბათ, ამ ჟესტით, ავტორი გვეუბნება: „მე ხომ ამ თემას, საერთოდ, არ შევხებივარ. მოჰკითხეთ სხვა მემატიანეებს.” პაპუნა ორბელიანიც (იგივე ყაფლანიშვილი) არ ჩანს მიამიტი – საჭირბოროტო საკითხზე იგიც დუმილს ამჯობინებს. მოდით, „გავხსნათ კარტი”.

– „საჭირბოროტო საკითხში” გულისხმობთ ფაქტს – ჰყავდა თუ არა მეფე ერეკლეს ცოლად ვახტანგ ორბელიანის ქალი – ქეთევანი?

– საიდან წარმოიშვა ეს შეკითხვა? მეთვრამეტე საუკუნის, და იქნებ ყველა დროისაც უმთავრესი მემატიანისგან – ვახუშტისგან!

– ვახუშტი ხომ უდიდესი ავტორიტეტია?! რატომ არ გაიზიარეს მისი შეხედულება მომდევნო ხანის ჟამთააღმწერლებმა?

– ვახუშტი უდიდესი ავტორიტეტია სპეციალისტებისთვის. მაგრამ, მის სიცოცხლეშიც და მოგვიანებითაც იყვნენ ადამიანები, რომლებიც მას ოპონირებას უწევდნენ. თავისი ნაშრომი „აღწერა სამეფოს საქართველოსა“ 1742-1745 წლებში დაწერა. ჰოდა, ჯერ ისევ შავ ვარიანტებზე მუშაობდა, როცა უკვე კრიტიკა დაუწყეს. იყო ასეთი თავადი – დიმიტრი ორბელიანი, დიდი სულხან-საბას ღვიძლი ძმა, ვახტანგ მეექვსის ქვისლი. მოფერებით „ტეტიას” ეძახდნენ. გურამიშვილის „დავითიანით” ეხსომება მკითხველს: „შურმან დაჩაგრა და მოკვდა ყაფლანიშვილი ტეტია...” ტეტია 1739 წელს გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე მან მოასწრო და ვახუშტის ერთ-ერთ „შავ” ხელნაწერზე მინაწერი გააკეთა. ზუსტად იმის გასწვრივ, სადაც ვახუშტი მეფე იესეზე მოგვითხრობს: „... იყო ესე ფრიად მიქცეული მაჰმადიანობასა ზედა... იყო მშუებელი და განმცხრომელი უწესოებითა ყრმათა თანა და უგვანთა მღერათა... წაჰგვარა ცოლი დედის ბიძასა თვისსა ქაიხოსრო ამირეჯიბს, ბებიის ძმისწული თვისი, ასული ერასტისა, და შეირთო თვით ცოლად...” და ზუსტად ამ სიტყვებს მოსდევს ტეტიას მინაწერი: „მიკვირს შენის გონიერებისაგან ამ ამბის მწერალო და უსამართლოდ მაყივნებელო ბიძისაო. შენვე იტყვი ფრიად მიქცეული იყო მაჰმადიანთ რჯულზედაო, და რომელს თათარს უნათესავებია ბებიის ძმისწული და დედის ბიძის ცოლი, ოთხმოცდაათის წლის ამირეჯიბის ნაცოლარი თოთხმეტი წლის ქალი, წამკითხველთ განსაჯეთ.”

მოდით, განვსაჯოთ! ჩვენი ძირითადი თემიდან „ლირიკულად” გადავუხვიოთ! ჯერ ის ვთქვათ, რომ ბებიის ძმისწული სწორედ ერასტია (არა მისი ქალიშვილი), რომელიც მინაწერის ავტორის ღვიძლი ძმა გახლავთ. ესე იგი ტეტიაც ბებიის ძმისწულია იესესი... ღმერთმა დაგვიფაროს იესეს დაცვისგან, მაგრამ რომელი მეტი დანაშაულია, მაჰმადიანი იესეს ნამოქმედარი, თუ ქრისტიანი ერასტისა, რომელმაც თოთხმეტი წლის ქალიშვილი 90 წლის მოხუცს ცოლად გაატანა!.. იესეს ვაჟს, კათოლიკოს ანტონ პირველსაც რომ ჰქონოდა პრეტენზია ვახუშტისადმი, რაღა გასაკვირია?! თუმცა, მას არც ვახუშტის ღვაწლი უარუყვია.

აუგად მოიხსენიებს ვახუშტის იოანე ბატონიშვილიც: „ვახუშტი, ბუში ბაგრატოანთა, აღზარდა ვახტანგ მეფემან მოსკოვსა შინა და იყო კარგი მეცნიერ. ამან განავრცელა ქართლის ისტორია და აღწერა კარგად, აგრეთვე მეფეთა შთამომავლობანიცა, გარნა ვინაიდგან გამოძიებულ იქნა კახთა მეფეთაგან, ამისთვის ისტორიასა შინა თვისსა მიერ ქმნილსა შურითა მოუთხრობს საქმეთა მათთა შეწევნითა ცხვირმოჭრილისა ორგულობასა ზედა მეფისასა ამილახვრისშვილისა. და ამისთვის ზრახვენ ქართველნი და არა-ჭეშმარიტს ისტორიად რაცხავენ, ვინაიდგან შურითა მეფეთა და მრავალთა თავადთა აუგნი დაწერა.”

მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი ღრმა რწმენით, ვახუშტი ერეკლესთან პირნათელია.... მოდით ვნახოთ, კონკრეტულად, საიდან მოდის აზრთა სხვადასხვაობა ჩვენი გასარჩევი თემის თაობაზე. ვახუშტი წერს: „ხოლო მერმე, მორაიქცა შაჰნადირ ინდოეთიდამ, წარმოავლინა ერეკლე ნიჭითა კახეთს, მოვიდა მშობელთა თვისთა თანა და განიხარეს სიხარულითა დიდითა და მოგუარეს ცოლად ასული ვახტანგ ყაფლანიშვილისა. გარნა მიზეზითა რითამე განუტევა იგი და მოიყვანა იმერეთიდამ ასული ზაალ ფხეიძისა და იქორწინა მის თანა.”

– როგორც ჩემთვის ცნობილია, მეფე ერეკლეს ბოლო ორ ცოლზე – ზაალ აბაშიძის ასულ ანაზე და გიორგი დადიანის ასულ – დარეჯანზე არავინ კამათობს, წინა ცოლებია დავის საგანი?

– დიახ, ასეა. ოღონდ არც მის მესამე (ბოლოდან) ცოლზე დავობენ. ერთადერთი ლევან სანიკიძეა, რომელიც მის იგნორირებას ახდენს „უქარქაშო ხმლებში.” დავუბრუნდეთ ვახუშტის. მას კალამი გაქცევია: ერეკლეს სიმამრის სახელი შეშლია! თანაც კარგ შეცდომასთან გვაქვს საქმე – ფხეიძეს სინამდვილეში გიორგი ჰქვია, ვახუშტი კი ზაალს მიუთითებს. როგორც ჩანს, ვახუშტიმ თავისი დისშვილის მომდევნო სახელიც იცოდა! დიახ – ზაალი ერქვა ანა აბაშიძის მამას! იმ ანასი, რომელიც ზუსტად იმ წელს (1745) გაჰყვა ერეკლეს ცოლად, როცა ვახუშტიმ თავისი ისტორია დაასრულა.

– როგორც იქნა, მივედით მთავარ კითხვასთან, ჰყავდა თუ არა ერეკლეს ყაფლანიშვილების ქალი ცოლად?

– თუ დავუჯერებთ ვახუშტის და საფლავის ქვას, რომელიც ალავერდში დასაფლავებულ ქეთევან ყაფლანიშვილს 1750 წელს დაადგეს და რომელზე ამოტვიფრულ ეპიტაფიაზეც ასეთი სიტყვები ყოფილა: „... კახთ მეფის ერეკლეს თანა-მეცხედრე დედოფალი ქეთევან, მდევარე ვიქამენ მეფეთა სამარხოსა ამას შინა, რათა საცნაურად იხილვებოდეს ტაგრუცი ესე, და მრავალთა მიერ შენდობა წარმოითხრობოდეს...” თუ დავუჯერებთ პლატონ იოსელიანს, რომელიც წერს: „... იტყვიან მისთვის, მონოზონად გარდაცვალებასა სახლისა მისისა წევრნი.”

– კი, მაგრამ რატომ არ უნდა დავუჯეროთ?

– ქეთევან ყაფლანიშვილის დედა, ანა-ხანუმი გახლდათ ცნობილი მემატიანის – სეხნია ჩხეიძის ქალიშვილი. პაპუნა ორბელიანს კოლეგიალობის ეტიკეტის დაცვის გამოც შეიძლება, შევუნდოთ... პუპლია, რომელიც ამავე დროს შეიძლება ჩაითვალოს „სახლისა მისის წევრად“, მეფე ერეკლეს შვილიშვილიც იყო თეკლა ბატონიშვილისგან – და თავისი პაპის იდეალიზების ყველაზე თავგამოდებული მომხრეც... თანამედროვე მკვლევრები კი საქმის ვითარებას ისე წარმოაჩენენ, თითქოს ქეთევან ყაფლანიშვილის ხელი მხოლოდ ითხოვეს ერეკლეს მშობლებმა და შემდეგ ეს განზრახვა გადაიფიქრეს.

– განა, არ შეიძლება მართლა ასეც ყოფილიყო? ვახუშტი ხომ 1724 წლიდან რუსეთში წავიდა და საქართველოში აღარასოდეს დაბრუნებულა. იქნებ, 1739 წლის ამბები მას ვიღაცამ დამახინჯებულად მიაწოდა?

– ვახუშტი ვახტანგ მეექვსის უკანონო შვილია. მამამ მის მიმართ დიდი სითბო და ამაგი გამოიჩინა. ვახუშტიც დაკომპლექსებული იყო მამის იდეალიზებით და ვახტანგისა და კახთა მეფის კონსტანტინეს ურთიერთობათა აღწერისას, ძალზე ტენდენციურია... მას მერე, რაც მან თავის ნაშრომი დაასრულა, კიდევ 13 წელი იცოცხლა. ამ ხნის განმავლობაში, მართალია ხელნაწერში, მაგრამ მის ნააზრევს ათეულობით ადამიანი გაეცნობოდა. ნუთუ, არავინ მიუთითა ჩვენთვის საინტერესო ფაქტის სიყალბე?

– გამოდის, რომ თქვენ ჭეშმარიტებად მიგაჩნიათ ვახუშტის ვერსია...

– ნუთუ, ორმოცდაათს მიტანებულმა ვახუშტიმ სიტყვის „განუტევა” მნიშვნელობა არ იცოდა? უფრო რადიკალურია პლატონ იოსელიანი: იგი მომხდარი ამბის გადმოსაცემად ხმარობს სიტყვას „განდევნა“.

– კეთილი, მაშინ თქვენი აზრით, რა უნდა გამხდარიყო ახლად შექმნილი ოჯახის დანგრევის მიზეზი?

– მკვლევარი დავით ბრეგაძე მიიჩნევდა, რომ: „ვახტანგის ქალის განდევნის მიზეზი პოლიტიკური უნდა ყოფილიყო. ჯერჯერობით არაა ცნობილი რა პოზიცია ეკავა ქეთევანს ქართლში თეიმურაზის და მის შთამომავალთა გამეფების საკითხთან დაკავშირებით. იქნება ამანაც გამოიწვია მისი განდევნა.” ჩემი აზრით, კი 15-16 წლის ქეთევანს პოლიტიკური თემები ნაკლებად დააინტერესებდა. აქ უფრო მთავარი მისი მამა-ბიძის ვახტანგისა და ელიზბარის, აგრეთვე მამიდის ქმრის – დიდი ფეოდალის, გივი ამილახვრის პოზიციებია შესასწავლი.

გივი ამილახვარი იმ დროის მნიშვნელოვანი ფიგურის ნადირ-შაჰის სიმამრი გახლდათ. მეთვრამეტე საუკუნის 40-იანი წლების დასაწყისში იგი თავის სიძეს დაუპირისპირდა... ძაღლის თავი აქ უნდა იყოს დამარხული – თეიმურაზი და ერეკლე კი ყველანაირად ცდილობდნენ ნადირ-შაჰთან დაახლოებას. არაა გამორიცხული, კახელ ბაგრატიონებს ქეთევანისთვის არაპოლიტიკური შინაარსის ცილიც დაეწამებინათ...

იგი ოცდახუთიოდე წლისა გარდაიცვალა. როგორც ჩანს, მან ეს მძიმე დარტყმა (ოჯახის დანგრევა) ვერ გადაიტანა.

დაბოლოს, თუ ვინმე იტყვის, რომ ქრისტიანული ეკლესია არ დაუშვებდა გამონაკლისს ერეკლეს მიმართ (ოთხჯერ ჯვრისწერას), ამ მოტივით მისი ყაფლანიშვილების სიძეობა უნდა გამოირიცხოს – ამაზეც მაქვს ჩემი ვერსია. ოღონდ ამჯერად, სასულიერო პირთა კომპეტენციაში არ შევიჭრები.


скачать dle 11.3