კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის იქნება დედამიწაზე წელიწადში შვიდი დღე-ღამე


შალვა საბაშვილი: პირველი, რაც მთვარესთან დაკავშირებით ეშლებათ ხოლმე, ის არის, რომ მთვარე არ არის პლანეტა. ადრე ყველაფერს – მზეს, მთვარეს, სატურნს, იუპიტერს, მერკურს – ვარსკვლავებს უწოდებდნენ, სინამდვილეში მათგან მხოლოდ ერთი იყო ვარსკვლავი – მზე. რაც შეეხება მთვარეს, ის პლანეტის თანამგზავრია. ჩვენს უახლოეს კოსმოსურ სივრცეში არსებობს სხეულების სამი ტიპი: ვარსკვლავები, პლანეტები და მათი თანამგზავრები. რომ იკითხოთ რამდენი ვარსკვლავია ცაზეო, ნებისმიერი გეტყვით – მილიონობითო. რეალურად, ისინი ყველა დათვლილია, ვგულისხმობ იმ ვარსკვლავებს, რომლებიც ღამით უტელესკოპოდ ჩანან და მათი რიცხვი დედამიწის ჰორიზონტის ზემოთ 2 500-დან 3 000-მდე მერყეობს. იგივე რაოდენობაა ჰორიზონტს ქვემოთაც. ესენი არიან თვითმნათი სხეულები, მზეც ერთ-ერთი მათგანია და, ვინაიდან ის ახლოსაა ჩვენთან, იმიტომაც ჩანს ასეთი დიდი, გვანათებს და გვათბობს. მაგრამ, არსებობს ისეთი ვარსკვლავები, მაგალითად, ბეთელჰეიზე, რომელიც მზეზე ცხრაასჯერ დიდია, ის მოთავსებულია ორიონის თანავარსკვლავედის მარცხენა ზედა კუთხეში, მარჯვენა ქვედა კიდეში კი არსებობს რიგელი. ოთხმოცი ათასი მზე უნდა შეკრიბო ერთად, რომ იმდენი სინათლე გამოასხივოს რამდენსაც რიგელი ასხივებს. მზეც და სხვა ვარსკვლავებიც თვითმნათი სხეულებია. მზის გარშემო ორბიტაზე მოძრაობენ პლანეტები, თითქმის ყოველი პლანეტის გარშემო კი – მათი თანამგზავრები. დედამიწას ჰყავს ერთადერთი თანამგზავრი, რომელსაც ჰქვია მთვარე. მაგალითად, იუპიტერს ოთხი დიდი მთვარე ჰყავს: იო, ევროპა, კალისტო, განიმედე, რომლებიც მთვარეზე ზომით გაცილებით დიდები არიან და, კიდევ – სამოცი პატარა მთვარე. პლანეტა არის დიდი ზომის მყარი სხეული, რომელიც მთავარი ვარსკვლავის გარშემო ელიფსური წესით მოძრაობს. იუპიტერი დედამიწაზე თექვსმეტჯერ დიდია და მას ძალიან დიდი მთვარეები ეკუთვნის, მაგრამ მისი ყველაზე დიდი მთვარეები ჩვენს მთვარეზე ოდნავ დიდი ზომის თუა. ამით იმის თქმა მინდა, რომ დედამიწას ასეთი დიდი ზომის თანამგზავრი არ ეკუთვნის.

– როგორ წარმოიშვა მთვარე?

– მთვარის წარმოშობის სამი ვერსია არსებობს. პირველი: მთვარე გარეშე სხეულის ზემოქმედებით მოსწყდა დედამიწას. შორეულ წარსულში დედამიწას ასტეროიდი ან რამე სხვა სხეული დაეჯახა და გამოიწვია ნამსხვრევების სახით მოგლეჯა. ამ ნაგლეჯებმა დედამიწის გარშემო ტრიალი დაიწყეს და დროთა განმავლობაში ისინი შეერთდა. დედამიწაზე კი, ნაგლეჯის ადგილას, შეიძლება, ახლა წყნარი ოკეანეა ან რაიმე სხვა სახით ამოივსო. ეს იმდენად დიდი ხნის წინ იყო, რომ დედამიწამ მას შემდეგ მრავალჯერ შეიცვალა ფორმა; მეორე ვერსია, რომელიც ასევე მთვარის სიდიდის გამო წამოვიდა: მთვარე დამოუკიდებელი სხეული იყო და მზის გარშემო დამოუკიდებლად მოძრაობდა. დედამიწამ ის შემთხვევით მიიზიდა, დააწყებინა თავის გარშემო ტრიალი და აიძულა, თანამგზავრი გამხდარიყო. ამით ამართლებენ მთვარის უჩვეულო სიდიდეს; მესამე: დედამიწა და მთვარე ერთდროულად წარმოიშვა – უზარმაზარი კოსმოსური ღრუბელი შეიკუმშა, ძირითადმა ნაწილმა წარმოშვა მზე, სხვადასხვა ადგილებში დარჩენილი ნივთიერების შეკუმშვის შედეგად კი – პლანეტები და მათი თანამგზავრები. ამ სიტუაციაში ისინი ერთად უნდა წარმოშობილიყვნენ.

– თქვენ რომელი ვერსიის უფრო გჯერათ?

– უფრო მესამე ვერსიის, რომ ისინი ერთად უნდა წარმოშობილიყვნენ. მგონი, მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს მეოთხე ვარაუდიც – ერთ-ერთმა კოსმონავტმა ასეთი ჰიპოთეზაც წამოაყენა: მთვარე იმდენად ხელოვნური ორგანიზმია, ისეთი თავისებურებები ახასიათებს, რომ, არ შეიძლება, ბუნებრივად იყოს წარმოშობილი. კერძოდ, ის თითქოს მზისოდენა ჩანს და ამიტომ მზის დაბნელებებს იწვევს, თუმცა, მზე მთვარეზე ოთხასჯერ შორს არის და ზუსტად ოთხასჯერ დიდია მასზე. ამიტომაც ამბობენ, ეს შერჩევა შემთხვევითი არ არისო. მზის დაბნელება საკმაოდ საინტერესო მოვლენაა, მაგრამ, ის რომ ხშირი იყოს, თვალი შეეჩვეოდა და მასში განსაკუთრებული არაფერი იქნებოდა. დედამიწისა და მთვარის სიბრტყეები ერთი და იგივე რომ იყოს, მაშინ მთვარე დედამიწასა და მზეს შორის მოექცეოდა თვეში ერთხელ, ანუ, წელიწადში 12-13 დაბნელება იქნებოდა. თუმცა, კლიმატური თვალსაზრისით, ეს დიდს არაფერს შეცვლიდა. ამ შემთხვევაში დახრის კუთხე ისეა შერჩეული, რომ დაბნელებები მაინც მოხდეს და, თან – იშვიათად. ამიტომაც ამბობდა ის კოსმონავტი, რომ ეს ყველაფერი არაშემთხვევითია, რომ, როგორც ჩანს, დედამიწას ოდესღაც სხვა ცივილიზაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ და ასეთი ნაკვალევი დატოვეს – მთვარე მოაახლოვეს და ისეთ მანძილზე განათავსეს, რომ მას დროდადრო მზის დაბნელება გამოეწვია. დედამიწის ერთი და იმავე ადგილიდან მზის სრული დაბნელება ჩანს დაახლოებით სამას წელიწადში ერთხელ, მთელ დედამიწაზე კი – საშუალოდ სამ წელიწადში დაახლოებით ორჯერ. ამ დაბნელებების მიმართ კაცობრიობის ინტერესი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია. ცხადია, ამის არ მჯერა, მაგრამ ასეთი ვარაუდიც არსებობს.

– როგორია მთვარე?

– მისი რადიუსი დაახლოებით სამ-ნახევარჯერ პატარაა დედამიწაზე, ზედაპირი კი – თითქმის თხუთმეტჯერ პატარა. მას გაცილებით ნაკლები არეკვლის უნარი აქვს, დედამიწაზე კი უმეტესი წყალია. ამიტომ, მთვარიდან დანახული დედამიწა იქნება მნათობი, დაახლოებით სამ-ნახევარჯერ დიდი მთვარეზე და ასჯერ უფრო კაშკაშა. სასწორის ერთ მხარეს რომ დავდოთ დედამიწა, გასათანაბრებლად მეორე მხარეს 81 მთვარე დაგვჭირდება. დედამიწის საშუალო სიმკვრივე წყალზე ხუთ-ნახევარჯერ მეტია, მთვარე კი – სამჯერ. რაც შეეხება ზედაპირს, იქ, რა თქმა უნდა, უსწორმასწორობები არის, მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც მთები, უფრო სწორად – მთაგრეხილებია, რომელთაც იგივე სახელწოდებები აქვთ, რაც დედამიწის მთებს, მაგალითად: აპენინები, ბალკანები, ანდები და, არის კავკასიონიც. მთვარის მთების სიმაღლე დედამიწისას სჭარბობს: დედამიწის უმაღლესი მწვერვალი, ევერესტი, 8 848 მეტრი სიმაღლისაა, მთვარეზე კი მთები ათ კილომეტრსაც აღწევენ, თან, მთვარე პატარაა და მის ზომასთან შედარებით მთები ძალიან დიდია. მიზეზი გრავიტაციაა: მთვარე ექვსჯერ ნაკლებ მიზიდულობას ქმნის, ამიტომ მთების წონაც იქ ექვსჯერ ნაკლებია და, შესაბამისად, ისინი არ ინგრევა. მარსზე 27 კილომეტრი სიმაღლის მთაა, რომელსაც „ოლიმპოს“ ეძახიან. ის რომ დედამიწაზე გადმოდგა დედამიწა დაინგრევა, ვერ გაუძლებს სიმძიმეს. მთვარეზე უზარმაზარი კრატერებიცაა, რომელთა შორის ზოგიერთი 100-დან 300 კილომეტრსაც აღწევს. დაახლოებით ასკილომეტრიანი კრატერის წარმოშობას, ათკილომეტრიანი სხეულის ჩამოვარდნა სჭირდება. ასეთი რამ ხშირად ხდება, ანუ, 4,5-5 მილიარდი წლის ასაკისთვის, მილიონობით წელიწადში ერთხელ. აქვე გეტყვით, რომ დედამიწაც იმავე ასაკისაა. კიდევ ერთი: მთვარის უკანა მხარეს ძალიან დიდი ზომის კრატერია, რომლის სიდიდე მთვარის რადიუსზე ერთ-ნახევარჯერ დიდია. მთვარე ყოველთვის ერთი და იმავე მხრიდან ჩანს, რადგან მის შემოვლას დედამიწის გარშემო დაახლოებით 27 დღე სჭირდება – ამას სიდერიული ანუ „მთვარის თვე“ ეწოდება და მისი ღერძული ბრუნვაც ამავე ხანგრძლივობისაა. გარდა ამისა, ღერძული და ორბიტული ბრუნვის მიმართულებები ერთნაირია. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ დედამიწაზე მთვარის ზემოქმედების გამო დედამიწის დღე-ღამე ხანგრძლივდება – საუკუნეში დაახლოებით წამში თხუთმეტი მეათასედით. თუ ეს ყოველთვის ასე იყო, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ ადრე დედამიწა გაცილებით სწრაფად ბრუნავდა, დაახლოებით ექვსსაათიანი პერიოდით. მაგრამ მომავალში ეს სიჩქარე შემცირდება და პერიოდი კი ოდესმე მთვარის ორბიტულ პერიოდს გაუსწორდება, ანუ მთვარისკენ დედამიწაც მუდამ ერთი და იგივე მხარით მიქცეული იქნება. ახლა კი მთვარეზე დღე გრძელდება თხუთმეტ მიწიერ დღეს და თხუთმეტი დღე კი ღამეა.

– ეს რას შეცვლის?

– არაფერს, გარდა იმისა, რომ დღე-ღამე უფრო და უფრო გაიზრდება. კიდევ ერთი – მზეც აღმოსავლეთისკენ მოძრაობს ცაზე და მთვარეც. მთვარე ვარსკვლავების მიმართ უფრო ჩქარა გარბის, ვიდრე მზის მიმართ. საბას ლექსიკონში მშვენივრად არის ახსნილი – მთვარე რომ ცას შემოუვლის, მზე იქ არ დახვდება და კიდევ ორ-ნახევარი დღე სჭირდება, რომ მზეს დაეწიოსო. ამის წყალობით იცვლება მთვარის ფაზები. მთვარე თვითონ არ ანათებს, ესე იგი, ის მზის გამოსხივებას ირეკლავს და ამიტომ ანათებს. წარმოვიდგინოთ, რომ მთვარე ჩვენსა და მზეს შორის იყოს მოქცეული, მაშინ მზე მის უკანა მხარეს გაანათებს, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ და ამიტომ მთვარე სრულიად გაუჩინარებული იქნება. ერთი კვირის შემდეგ კი მთვარე მზეს გაასწრებს და ისინი მართ კუთხეს შექმნიან, მაშინ მზის მიერ განათებული ნახევრიდან ჩვენ ნახევარს დავინახავთ – სწორედ ეს არის ნახევარმთვარე. ახალმთვარეობიდან ორი დღის შემდეგ მთვარე პატარა ნამგლის სახით გამოჩნდება, რომელიც მზისკენ, ანუ დასავლეთისკენ არის მიბრუნებული.

– ახალ მთვარესა და ახალმთვარეობას შორის რა განსხვავებაა?

– ახალმთვარეობა არის მომენტი, როდესაც მთვარე არ ჩანს. მილევის, მიწურვის შემდეგ, სანამ გამოჩნდება გაუჩინარებიდან გამოჩენამდე, სამი-ოთხი დღეა: ერთ კვირაში ნახევარი გახდება, კიდევ ერთ კვირაში სულ გაივსება, მერე მიწურვა დაიწყება და, ამ შემთხვევაში, როდესაც მთვარის ნახევარი ჩანს, ის უკვე დასავლეთისკენაა, ხოლო მისი ამოზნექილობა აღმოსავლეთით.

– რატომ ხდება, რომ ახალმთვარეობის დროს ყველაფერი გააქტიურებულია, ადამიანებიც უფრო აგრესიულები არიან და ბევრი დანაშაული ხდება? რატომღაც უამრავ შეუცნობელ მოვლენას სწორედ ახალმთვარეობას აწერენ.

– ადამიანი მაინც ემოციური არსებაა. გარდა მატერიალურისა, მასზე ემოციური ფაქტორებიც მოქმედებს. გარდა ამისა, შეუცნობელი მოვლენებიც, რა თქმა უნდა, არსებობს, თუნდაც მთვარეულები, მაგრამ ეს სფერო კარგად შესწავლილი არ არის.

– ანუ მთვარე სერიოზულ გავლენას ახდენს დედამიწაზე?

– რა თქმა უნდა. მთვარის ფაზებთან დაკავშირებით ბევრი სახალხო წესი არსებობს, იგივე მოსავლის დათესვა, აღება, საქმის დაწყება და სხვა. სპეციალური კალენდრებიც კი გამოდის გერმანიაში და სხვა ქვეყნებში ამასთან დაკავშირებით. სწორიც რომ იყოს ყველაფერი, მართლა ძალიან ძნელია ყველა მითითებული წესის დაცვა, რადგან, მთვარის გარდა, არსებობს კლიმატური პირობებიც. რაც შეეხება ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას – ეს არის მიქცევა-მოქცევა. დედამიწაზე დიდი რაოდენობით წყალია და მას მთვარე იზიდავს. მთვარე იზიდავს დედამიწის ქერქზე განლაგებულ ყველა ნაწილს, მაგრამ, უფრო მეტად – ახლოს განთავსებულ ნაწილებს. ამიტომ, ძალთა სხვაობა იქმნება, ოკეანის ნაწილი მთვარისკენ მიიზიდება და მთვარის ქვედა წერტილზე ოკეანე ამოიბურცება, დაახლოებით, ერთი მეტრის სიმაღლეზე. ამას, შეიძლება, მოქცევა დავარქვათ. რა ხდება მეორე მხარეს? ბევრს ჰგონია, რომ დაიწევა, მაგრამ ასე არაა. მეორე მხარეს მთვარე უფრო ნაკლებად იზიდავს, ვიდრე ცენტრს და ის მხარეც ამოიზნიქება, მაგრამ, საპირისპირო მხარეს. ანუ, დედამიწის ორივე საპირისპირო მხარეს იქნება ამოზნექა, ანუ მოქცევა, ხოლო მოპირდაპირე ორ მხარეს – მიქცევა, ანუ ოკეანის დაწევა. დედამიწა რომ არ ბრუნავდეს, მაშინ მოქცევა სულ ერთსა და იმავე წერტილში იქნებოდა, მაგრამ, მოძრაობასთან ერთად, ეს წერტილიც იცვლება. ექვს საათში მოქცევა მიქცევით შეიცვლება და მეორე მოქცევა, დაახლოებით, თორმეტ საათში იქნება. მაგრამ, მთვარეც მოძრაობს. დედამიწაზე მოქცევისა და მიქცევის განუწყვეტელი ცვალებადობაა. ერთი მეტრის ამოზნექა გაშლილ ოკეანეში არაფერია, მაგრამ, თუ ის ყურეში შედის, იქ, რა თქმა უნდა, მოქცევამ შეიძლება ათ, ოც და ოცდაათ მეტრსაც კი მიაღწიოს. ეს ძალიან დიდი სიმაღლეა. ამიტომ მიქცევა-მოქცევის ცხრილები გასათვალისწინებელია. მზეც, რა თქმა უნდა, იწვევს მიქცევა-მოქცევას, მაგრამ ორ-ნახევარჯერ. ამიტომ, ჯობია, ჯამში დავითვალოთ. როდესაც მთვარე, მზე და დედამიწა ერთ სწორ ხაზზე არიან, ახალმთვარეობის ან სავსემთვარეობის დროს მოქცევები ჯამდება და ყველაზე დიდ მასშტაბს აღწევს, ამ დროს შტორმები უფრო ძლიერდება. მაგრამ, ნახევარმთვარის დროს პირიქითაა, მოქცევა ყველაზე სუსტია. ვთქვათ, დედამიწა ბრუნავს და მოქცევითი ტალღა სულ მთვარისკენაა, თვითონ დედამიწის ზედაპირზე ამოზნექილობა საწინააღმდეგოდ იმოძრავებს. ღრმა ფენებთან ხახუნი გამოიწვევს დედამიწის ბრუნვის შენელებას, ანუ დღე-ღამის გაზრდას. სწორედ ამიტომ იზრდება დღე-ღამე და ოდესმე ის მთვარის დღეს გაუტოლდება, ანუ, წელიწადში, შეიძლება, დარჩეს შვიდი დღე, ხუთი დღე და ასე შემდეგ. გარდა ამისა, დედამიწის არასფერულობის გამო, მის ეკვატორულ შვერილზე მთვარის მიზიდულობა იწვევს დედამიწის ღერძის პრეცემიულ ბრუნვას საკმაოდ დიდ კონუსზე, რაც ასტრონომიულად მნიშვნელოვანია და რაზეც ადრე ვისაუბრეთ.


скачать dle 11.3