კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაზე ოცნებობს ანი სირაძე და ვის დაუჩოქა მან ანრი ჯოხაძესთან ერთად


– ანი, სად და როგორ დაისვენე?

– ბიძაჩემმა, რომელიც ავსტრიაში ცხოვრობს, გამიკეთა საზაფხულო საჩუქარი და 10 დღე ჯერ ბათუმის „შერატონში“, მერე ინტურისტში ვისვენებდი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ წლევანდელი ზაფხული მართლა გამორჩეულად კარგი და განსხვავებული გამოვიდა. ყველა ჩემი მეგობარი ბათუმში იყო და ყოველდღე ერთად ვხალისობდით.

– რით ხალისობდით?

– მეგობრებს ბულვარში ვხვდებოდი, მივდიოდით ბუნგალოში და ღამეში რამდენიმე ბუნგალოს დალაშქვრას ვასწრებდით, ზოგჯერ სანაპიროზე ვსხდებოდით, ვუკრავდით და ვმღეროდით. ერთი სიტყვით, კმაყოფილი ვარ წლევანდელი დასვენებით, თან ამინდებმაც ხელი შეგვიწყო.

– გარუჯული არ ხარ. მზეს ემალებოდი?

– საერთოდ, ძალიან თეთრი ვარ და ძნელად მეკიდება მზე, თუმცა მზის სხივების მოყვარული მაინც არ ვარ. ამიტომ ძირითადად „შერატონის“ „ბასეინზე“ ვიყავი ქოლგის ქვეშ, თანაც, ვიღაც მყავს გადაკიდებული და რამდენჯერაც ზღვაზე გავედი, იმდენჯერ თავი ამოყო ტალღებიდან (იცინის). არ შემიძლია. ასეთ ადამიანზე, ნერვები მეშლება. ყურადღება ვის არ უყვარს, მაგრამ ეს ნამეტანია. მე და მომღერალი დათო ძიძიგური ვიყავით ერთად და მოსვლას ვერ ბედავდა. თორემ, დარწმუნებული ვარ, დათო რომ არ ყოფილიყო ჩემ გვერდით, უფრო შორს წავიდოდა და მთლად გადამრევდა.

– ბევრი გყავს ასეთი მომაბეზრებელი თაყვანისმცემელი?

– თაყვანისმცემელი ბევრი მყავს, მაგრამ საბედნიეროდ, არა ასეთი. ასეთი ერთიც საკმარისია, რომ მოსვენება დაკარგო. მარტო ეს ერთი უდრის თაყვანისმცემელთა მთელ არმიას. გადარეული ვარ უკვე, ოღონდ ხუმრობის გარეშე. ყველგან დამყვება. სახლთან ათენებდა და აღამებდა. სადაც წავიდოდი, უკან მომყვებოდა, ოღონდ, არ ვიცი, ამას როგორ ახერხებდა. წარმოიდგინე, მივედი სადღაც და უცებ ეს ტიპი მხვდება. შევდივარ „მაკდონალდსში“, გავიხედავ და იქ ამოყოფს თავს. მაგრამ, ყველაზე მეტად ის მაგიჟებს, კი არ მოვა და მეტყვის რაღაცას, ასე გამოჩნდება, დაინახავს, რომ მეც დავინახე და თვალსა და ხელს შუა ქრება. რომ მოდიოდეს, ვეჩხუბები მაინც, გამოვლანძღავ და დავისვენებ, მაგრამ ასე აჩრდილივით რომ დამყვება, ამაზე ვცოფდები.

– საჩუქრებს არ გიტოვებს ხოლმე კართან?

– არა, მაგას არ აკეთებს და არ ვიცი, რატომ? ძალიან უცნაური ადამიანია და უცნაურად იქცევა. ისე, თაყვანისმცემლების საჩუქრებით მაინცდამაინც არ ვარ განებივრებული. თუმცა, რამდენიმე ხნის წინ, ერთმა მომიტანა, მაგრამ საჩუქრის ნახვაც ვერ მოვასწარი, ისე გაქრა, როგორც გაირკვა, მეგობარ გოგოს მოუპარავს. იმ გოგოს ჰყვარებია ის ბიჭი სიგიჟემდე და ამიტომ მოიქცა ასე, თუმცა, ეს მაინც არ ამართლებს მის საქციელს.

– არ მიყვარს, როცა თინეიჯერ გოგონებს ბიჭებზე და სიყვარულზე ელაპარაკებიან. მაგრამ, ეს ის ასაკია, როცა სწორედ ეს თემაა თქვენთვის აქტუალური და მუდმივად შეყვარებულები ხართ. შენ რას მეტყვი სიყვარულზე და შენს გატაცებებზე?

– თუ დამიჯერებ, გეტყვი, რომ დღემდე არ ვყოფილვარ შეყვარებული და შესაბამისად, არ ვიცი, რა გრძნობაა ეს. როცა ვამბობ, მყავს შეყვარებული – ეს იმას ნიშნავს, რომ ვიღაცას ვუყვარვარ და ამაზე სულ დამცინიან ჩემი მეგობრები. სერიოზულად ვერასოდეს აღვიქვამ, რომ მეუბნებიან, მიყვარხარო. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ასეა.

– ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ თუ მართლა ასეა, არც ეს ვარგა. შენხელა რომ ვიყავი, გოგონები მარილწყლით დაყენებული მამლის კუდის ფორმის „ჩოლკით“ მოდიოდნენ პაემანზე. ბიჭები თავზე ლუდჩამოსხმული, გადატკეპნილი თმით დავდიოდით და ჩემი თავი სამოთხეში მეგონა ხოლმე, შეხვედრაზე ბუზების და ფუტკრების არმია რომ დაგვყვებოდა თან. შენ პაემნებზეც არ დადიხარ?

– (იცინის) მარილწყალი და ლუდი მომეწონა. არა, არასოდეს პაემანზე არ ვყოფილვარ და შესაბამისად, არც მარილწყალი დამჭირვებია. ჩემს მეგობრებს რომ ვუყურებ, რამდენიმე დღით ადრე ემზადებიან, იპრანჭებიან, მირეკავენ, მეკითხებიან – რომელი ტანსაცმელი ჯობია რომ ჩავიცვათ და მეც დიდი პაემნების ექსპერტივით, ვაძლევ რჩევა-დარიგებებს. ვერ წარმომიდგენია, ვიღაცამ დამირეკოს, პაემანი დამინიშნოს და სარკის წინ საათობით ვიპოზიორო. რა ჩავიცვა ან როგორი მაკიაჟი გავიკეთო? ასეთ რაღაცეებზე მეცინება, ოღონდ მართლა.

– მე არც რესპონდენტების ქება-დიდება მჩვევია, მაგრამ მინდა გითხრა, რომ ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავი ხარ ქართულ ესტრადაზე შენი სილამაზით და ვოკალური მონაცემებით. თუმცა, ვერ ვიტყოდი, რომ „არ გვინდა ვანია“ ან შენი სტილია ან შენი რეალური მონაცემები გამომჟღავნდა მასში-მეთქი. რამე უფრო სერიოზულს ხომ არ გააკეთებ მომავალში?

– ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე გეტყვი, რომ ეს სიმღერა ნამდვილად არ არის ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი, თუმცა, რაც გაკეთდა, ძალიან მომწონს, ანრის მდიდარი ფანტაზია აქვს და მისი თავიდანვე მჯეროდა, დედაჩემისგან განსხვავებით. ის სასტიკი წინააღმდეგი იყო ამ ტექსტით და სიუჟეტით კლიპი გაკეთებულიყო. მაგრამ ორი ერთზე ვიყავით და ჩვენ ვაჯობეთ. კარგა ხანს მე დედას არ ველაპარაკებოდი, დედა კიდევ – ანრის – დაანებე თავი, რა დროს ამის ვანია და გალიააო (იცინის). ბოლოს მე და ანრიმ ლამის მუხლებზე დავუჩოქეთ, რომ თანხმობა მოეცა და მიზანსაც მივაღწიეთ. ვფიქრობ, კლიპიც და სიმღერაც წარმატებული აღმოჩნდა, რაზეც აჭარის კონცერტებიც მეტყველებს. სიმღერის გამოცხადებისთანავე, არ იცი, რა ტაში და ოვაციები იყო. ახალს და უფრო სერიოზულს, სავარაუდოდ, ოქტომბრისთვის გავაკეთებ. ძალიან მინდა, ბებიას სიმღერა ვიმღერო ცოცხალ ორკესტრთან ერთად, რომელზეც კლიპს გადავიღებ. ამ სურვილის ასრულებაში ბიძა დამეხმარება. ის ისედაც ბევრი რამით მეხმარება.

– კლიპის გამოსვლიდან რამდენიმე დღეში თქვენი ფოტოებით და საოცარი სათაურებით აჭრელდა პრესა. როგორც წესი, შეყვარებულების იარლიყი მოგაკერეს და შენ რა რეაქცია გქონდა?

– არანაირი რეაქცია არ მქონია. შოუ-ბიზნესში ბავშვობიდან ვარ და კარგად ვიცნობ შიდა სამზარეულოს. ეს ტრადიციაა, როგორც კი ქალი და კაცი ერთად დადგებიან, მაშინვე მათ სასიყვარულო ტანდემზე იწყება საუბარი. მაშინაც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, მე მამას კი არ ვეძებ! ანრის ღრმა ბავშვობიდან ვიცნობ, იმ დროიდან, როცა ხმის ჩამწერ სტუდიაში მიკროფონსაც კი ვერ ვწვდებოდი, ხელიდან მივარდებოდა ხოლმე. ანრის ხელში ვარ გაზრდილი და ასეთი რამის წარმოდგენა და მით უმეტეს, გახმოვანება წარმოუდგენელია. თუმცა, ნამდვილად არც მწყენია და არც გავბრაზებულვარ.

– ისე, ხშირად გაგიგია ჭორები შენზე და რა რეაქცია გაქვს ხოლმე?

– ჭორების სამიზნე ნამდვილად არ ვარ. ალბათ, იმიტომ, რომ დღემდე არ ვყოფილვარ ძალიან ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ სამი წლის ასაკიდან დიდ სცენაზე ვდგავარ. საბედნიეროდ, ისეთი დედა მყავს, რომელიც სწორად აფასებს ყველაფერს, მას მთელი ცხოვრება ქართულ ესტრადასთან მჭიდრო კავშირი აქვს, ისეთი დედის შვილია. და ყოველთვის ამბობდა ჩემზე – რომ ჯერ პატარაა, არ მინდა, გადაიწვას და სცენა შესძულდესო. თუმცა, ვაკეთებდით სიმღერას, ვიღებდი კლიპს, ვმონაწილეობდი არაერთ სერიოზულ კონცერტში და ასე, წვეთ-წვეთ მიკმაყოფილებდა სცენაზე დგომის ამბიციას, რის გამოც მადლობას ვუხდი. ხალხს არაერთი ნიჭიერი ცნობილი პატარა მომღერალი ახსოვს, რომლებიც გაიზარდნენ, სცენას ჩამოშორდნენ და სულ სხვა პროფესიები აირჩიეს. ალბათ, ეს იმიტომ მოხდა ასე, რომ სცენაზე დგომის სურვილი და ამბიცია ბავშვობაში დაიკმაყოფილეს. მე კიდევ პირიქით ვარ, ახლა და ახლა მიჩნდება მეტის კეთების სურვილი, რომელიც არასოდეს მომბეზრდება.

– დაქალებთან ერთად სამკითხაოდ დადიხარ?

– ვაიმე, ძალიან მეშინია ასეთი რაღაცეების. არასოდეს ვყოფილვარ მკითხავთან. ასე მგონია, ყველა მკითხავი, თმებგაწეწილი, სუნიანი და დაუბანელი ზის გამოქვაბულში და რომ შევალ, გული გამისკდება. თანაც, არარელიგიურია მკითხაობა და არანაირი სურვილი არ მაქვს, ეშმაკის ბოდვებს ვუსმინო.

– ვიცი, რომ ჟურნალისტობა გინდა და მოდელობაც შემოგთავაზეს. მრავალპროფილიანი მომღერალი ხომ არ გახდები მომავალში?

– ტელეჟურნალისტიკაზე მინდა ჩავაბარო. მომწონს გასართობი შოუებისა და თოქ-შოუების წაყვანა. ბავშვობაში ჩემი ჟურნალიც კი გავაკეთე, ფურცლებზე სურათები დავაკარი და დედაჩემის და ჩემი მეგობრების ინტერვიუები დავწერე. დღემდე მაქვს შენახული ის ჟურნალი. მოდელობას რაც შეეხება, ლიკა ყაზბეგის ჩვენების შემდეგ რამდენიმე შემოთავაზება მივიღე, მათ შორის, ეგვიპტიდან. მაგრამ, ამ დროს ეგვიპტეში აუტანელი სიცხეებია, ვერც ერთი დღე ვერ გავჩერდებოდი და უარი ვთქვი წასვლაზე.


скачать dle 11.3