კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იშოვა მილიონები ქართველმა ტოპ-მენეჯერმა კახა ავალიანმა



ცენტრალური ევროპის ალუმინის კომპანიის გენერალური დირექტორი კახა ავალიანი უკვე რამდენიმე წელიწადია ჩერნოგორიაში უმსხვილესი ალუმინის კომბინატისა და ბოქსიტის საბადოს მმართველია. კომბინატი ყოველწლიურიად საშუალოდ, 120 ათას ტონა ალუმინს აწარმოებს, რომლის ნახევარზე მეტიც ექსპორტზე მიდის. ამ კომბინატის წილი ჩერნოგორიის მთლიან შიდა პროდუქტში საკმაოდ მნიშვნელოვანია – 15 პროცენტი და მასში 4 ათასამდე ადამიანია დასაქმებული. ცენტრალური ევროპის ალუმინის კომპანია დიდ ბრიტანეთშია დარეგისტრირებული და ის 2005 წელს ჯგუფმა EN+ შეიძინა. ის ცნობილი რუსი მილიარდერის, ოლიგარქ ოლეგ დერიპასკას „ბაზოვი ელემენტის“ ყველა საწარმოსა და კომპანიის მმართველია.

კახა ავალიანის ბიოგრაფიის შესახებ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი. ის 1962 წელს დაიბადა. უმაღლესი განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღო, სადაც ჰარვარდის პრესტიჟული ბიზნესის სკოლა დაასრულა. ცენტრალური ევროპის ალუმინის კომპანიამდე უცხოეთის სამთო-მომპოვებელ კორპორაციებში საქმიანობდა და იქ ჩამოყალიბდა წარმატებულ ტოპ-მენეჯერად. რუსული პრესის ინფორმაციით, მისი ქონება დღესდღეობით რამდენიმე მილიონი დოლარია. 2008 წელს კახა ავალიანი ერთხმად აირჩიეს პოდგორიცას ალუმინის კომბინატისა და ნიკშიჩის ბოქსიტის საბადოს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ. მისი ამჟამინდელი ანაზღაურება არ ხმაურდება.

ჩერნოგორია ადრიატიკის სანაპიროს მშვენებაა და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ამ ქვეყნის კურორტებზე ფასები კატასტროფულად გაიზარდა, მაინც იაფი რჩება დასავლეთთან შედარებით. ჩერნოგორიაში 630 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. აქედან 170 ათასი მის დედაქალაქ პოდგორიცაშია დასახლებული. ბევრი აღნიშნავს, რომ პოდგორიცა ძალიან ჰგავს იალტას, სადაც მუდამ აკაციის სუნი ტრიალებს, მთლიანად ჩერნოგორია კი – ყირიმის ნახევარკუნძულს. შესაძლოა, ამიტომაც იზიდავს ეს ქვეყანა განსაკუთრებულად რუსებს, რომლებიც აქ ყველაფერს ყიდულობენ, რაც კი ხელეწიფებათ – უძრავ ქონებას, საწარმოებსა თუ მაღაზიებს. აღსანიშნავია, რომ ჩერნოგორიის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით ოცდამეერთე საუკუნეში გაუღვივდა რუსეთს. იქ ხალხი მხიარული და სტუმართმოყვარეა, სანაპირო – ზღაპრული, ფასები – არცთუ ისე მაღალი. ჩერნოგორიას ხუმრობით ზოგიერთები ბოლო ხანებში მოსკოვის ზღვასაც კი უწოდებენ.

პოდგორიცას ალუმინის კომბინატი ჩერნოგორიის ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოა. მისი აქციების 67 პროცენტი რუსულ კომპანია „ბაზოვი ელემენტს“ ეკუთვნის, ანუ მისი ფაქტორივი მფლობელი რუსი ოლიგარქი ოლეგ დერიპასკაა.

რუსებმა გრძელვადიანი ინვესტიცია განახორციელეს. მათ ჩერნოგორიის ალუმინის კომბინატში 10 მილიონი ევროს ინვესტიცია ჩადეს და დამატებით 110 მილიონი ევროს მოცულობით არსებული დავალიანება დაუფარეს. რუსულმა კომპანიამ პოდგორიცას ალუმინის კომბინატის აქციების საკონტროლო პაკეტი 2005 წელს 48,5 მილიონად შეიძინა. აქციებთან ერთად, რუსებს მემკვიდრეობით ერგოთ რეკონსტრუქციის ვალდებულება და პროლეტარულად განწყობილი მუშახელი, რომელსაც მხოლოდ პროფკავშირისა სწამს და მუდამ მზად არის რევოლუციის მოსაწყობად.

რუსულ და დასავლურ პრესაში ბოლო ხანებში არაერთი წერილი დაიბეჭდა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ოლეგ დერიპასკამ სერიოზული შეცდომა დაუშვა, როდესაც ჩერნოგორიის ალუმინის კომბინატში მასშტაბური ინვესტიცია განახორციელა. საწარმოში, სადაც უამრავი პრობლემა არსებობს, მუდამ გაფიცვებითაა მოცული და მოუგვარებელია ელექტროენერგიის მიწოდება. ორივე ეს პრობლემა ალუმინის კომბინატზე მართლაც მომაკვდინებლად მოქმედებდა, მაგრამ რუსებმა გამოსავალი მონახეს – შეიძინეს ელექტროსადგური და შექმნეს ქვანახშირის მარაგი. მოგვიანებით, რუსულმა კომპანიამ ჩერნოგორიის ერთ-ერთი მსხვილი ჰიდროელექტროსადგურის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა, თუმცა თავს ახალი პრობლემა დაატყდა: 2007 წელს ჩერნოგორიაში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. მასში გამარჯვებულმა ახალმა ხელისუფლებამ სადავო პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და მანამდე ჩატარებული ყველა ტენდერის შედეგები ერთი ხელის მოსმით გააუქმა.

ცენტრალური ევროპის ალუმინის კომპანიის გენერალური დირექტორის, ოლეგ დერიპასკას თანამოაზრე კახა ავალიანის განცხადებით, ჩერნოგორიის ხელისუფლებამ აშკარად მცდარი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. „და რა შედეგი მოჰყვება ამას? – ყველასთვის უარყოფითი. თავად საწარმოც მძიმე მდგომარეობაშია, ჩვენც ძალიან რთული ვითარება შეგვექმნა, საიდანაც გამოსავალს ვეძებთ“, – აღნიშნა ბალკანეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა.

ბოქსიტებს პოდგორიცას ალუმინის კომპანიისთვის ქალაქ ნიკშიჩის მახლობლად, მთებში მოიპოვებენ. ბოქსიტი უმნიშვნელოვანესი წიაღისეულია, რომლისგანაც ალუმინს გამოიმუშავებენ. წიაღისეულს დიდ სიღრმეზე მოიპოვებენ. ამჟამად ნიკშიჩის საბადოზე 1 200-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

და მაინც, რა დავალება მისცა მილიარდერმა ოლეგ დერიპასკამ კახა ავალიანს? ეს კითხვა რუსული მასმედიის არაერთ წარმომადგენელს გაუჩნდა. როგორც ირკვევა, დერიპასკა-ავალიანის ტანდემის მიზანი, ბალკანეთის „დაპყრობა“ იყო, რაც საუკუნეების განმავლობაში ვერც რუსეთმა მოახერხა და ვერც თურქეთმა. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ავალიანს ევროპის უმსხვილესი ალუმინის კომპანიის რეკონსტრუქციისა და მომგებიან საწარმოდ გადაქცევის გზით ევროპაში მორიგი ბიზნესპლაცდარმის შექმნა დაევალა. პოდგორიცაში ნებისმიერი მოქალაქისგან შეიძლება იმის შეტყობა, რომ რუსებმა ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩერნოგორიაში თითქმის ყველაფერი შეისყიდეს.

პოდგორიცას ალუმინის კომბინატის შემოსავლები დღემდე ქვეყნის ტურისტული სფეროდან მიღებულ შემოსავლებს აღემატება. ჩერნოგორიაში ტყუილად არ ამბობენ, როცა პოდგორიცას კომბინატი აცემინებს, მთელი ჩერნოგორია ავადააო. ალუმინის კომბინატს პრობლემები ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან შეექმნა. ჯერ იყო და, გაერომ იუგოსლავიის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო, მეორე მხრივ კი სერბეთმა, რომელიც ჩერნოგორიელი სეპარატისტების ქმედებებს ეწინააღმდეგებოდა, პატარა რესპუბლიკის მთავარი პორტი ბარი დაბლოკა. კომბინატმა თავისი სიმძლავრის თითქმის მეხუთედი დაკარგა, რადგან მისთვის საჭირო პროდუქციას არა ზღვიდან, არამედ ალბანეთიდან, ბოსნიიდან და ხორვატიიდან იღებდა. ერთადერთი, რამაც თავის დროზე კომბინატი გადაარჩინა 1998 წელს შვეიცარიული ფირმა „გლენკორის“ მიერ გამოყოფილი 25 მილიონი დოლარის კრედიტი იყო. საწარმოს პრივატიზაცია 90-იანი წლებიდან დაიწყო. მუშახელს უფასოდ გადასცეს აქციების 10 პროცენტი, დამატებით 30 პროცენტის გამოსყიდვა კი მათ შეღავათიანი პირობებით შეეძლოთ. პრივატიზაციამდე კომბინატში 15 წლის განმავლობაში ინვესტიცია არავის ჩაუდია.

პოდგორიცას ალუმინის კომბინატის გარშემო ძალიან ბევრი ჭორიც გავრცელდა. 2005 წელს პირადად ოლეგ დერიპასკა ჩავიდა ჩერნოგორიის დედაქალაქში, სადაც იმდროინდელ პრეზიდენტ მილო ჯუკანოვიჩს შეხვდა. ისინი პოდგორიცას „გრანდ კაფეში“ ორი საათის განმავლობაში საიდუმლო ვითარებაში მსჯელობდნენ სადავო საკითხებზე.

პრესის კითხვაზე, თუ იცოდა, რაზე საუბრობდნენ პირისპირ შეხვედრისას ჩერნოგორიის პრეზიდენტი და რუსეთის „ალუმინის პრინცი“ ოლეგ დერიპასკა, კახა ავალიანი ღიმილით პასუხობდა, ამის თაობაზე ამ ორ პიროვნებას მიმართეთო. „ისევე როგორც ყველა მსხვილი გარიგება, პოდგორიცას ალუმინის კომბინატის გაყიდვაც ზოგს მოსწონს და ზოგს არა. ისე კი ყველაფერი კანონის სრული დაცვით განხორციელდა. ყიდვა-გაყიდვის შესახებ შეთანხმება შეგიძლიათ „ბაზოვი ელემენტის“ საიტზე იხილოთ. ჩვენ არაფერს ვმალავთ, საჯარო კომპანიას წარმოვადგენთ და ჩვენი აქციების მონიტორინგი ყველას შეუძლია“, – აცხადებდა წლების წინ კახა ავალიანი. მისი თქმით, პოდგორიცას კომბინატში პრობლემები შეექმნათ, მაგრამ მათი მოგვარება შეუძლებელი სულაც არ არის.

კომბინატის აქციების გარშემოც საინტერესო ამბები დატრიალდა. მათი ფასი ერთი პერიოდი 0,65 დოლარი იყო და ყურადღებას არც არავინ აქცევდა. შემდეგ აქციების ღირებულებამ 2,65 დოლარამდე აიწია, მოგვიანებით კი – 3,2 დოლარამდე. აქციების მფლობელმა მუშახელმა მაშინვე დაიწყო მათი უცხოური ბანკებისა და სხვა ინვესტორებისთვის მიყიდვა.

2002 წლიდან ჩერნოგორიაში საერთო ევროპული ვალუტა – ევრო მოქმედებს. ქვეყანაში ნორმალური საქმიანი კლიმატია და უცხოელებისთვის ხელსაყრელი ბიზნესგარემოა. 2008 წელს ინფლაციის მაჩვენებელი ჩერნოგორიაში 0,55 პროცენტი იყო. კახა ავალიანის განცხადებით, გამორიცხული არ არის პატარა ქვეყანა მცირერიცხოვანი მოსახლეობით მალე ევროპის ფინანსური ცენტრების ალტერნატივაც კი გახდეს.

პოდგორიცას ალუმინის კომბინატის გარშემო ხმაური კიდევ ერთხელ მაშინ ატყდა, როდესაც მისმა მუშებმა 2008 წელს გაფიცვა მოაწყვეს. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასის 30 პროცენტით გაზრდას მოითხოვდნენ. საინტერესოა, რომ გაფიცვის მომენტში, 2008 წლის ოქტომბერში მათი საშუალო ხელფასი 620 ევრო იყო თვეში. ეს კი საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია ჩერნოგორიისათვის. საწარმოს დირექტორმა კახა ავალიანმა განაცხადა, რომ მუშების მოთხოვნები უკანონოა. „კომბინატში 3 000-მდე ადამიანი მუშაობს, მაშინ, როცა შესაძლოა, იგივე საქმე 900-მაც გააკეთოს. ჩვენ მუშახელის შემცირებას მოვერიდეთ. 2006 წელს პროფკავშირებთან გავაფორმეთ შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ხელფასი უნდა მომატებულიყო ინფლაციის შესაბამისად და ეს პირობა სრულდება. პროფკავშირი ვალდებული იყო მოსალოდნელი გაფიცვის თაობაზე ადმინისტრაციისთვის 10 დღით ადრე ეცნობებინა, მაგრამ ეს 5 დღით ადრე გააკეთეს“, – აღნიშნა ჩერნოგორიულ პრესასთან საუბარში ავალიანმა. ის ასევე აცხადებდა, რომ ჩერნოგორიაში მოქმედი შრომითი კანონმდებლობით, მუშებს უფლება არ ჰქონდათ მთლიანად გაეჩერებინათ ქარხანა.

ცენტრალური ევროპის ალუმინის კომპანიის გენერალური დირექტორი კახა ავალიანი ერთ საინტერესო მომენტზეც ამახვილებს ყურადღებას. „როცა ადამიანები დერიპასკას გვარს იგებენ, ჰგონიათ, რომ მას ჯიბეში უდევს 40 მილიარდი დოლარი. ამიტომაც ფიქრობენ, რომ მან ყველაფერში გაცილებით მეტი უნდა გადაიხადოს, ვიდრე რეალურად ღირს“, – აღნიშნავდა 2008 წელს ბალკანეთში მოღვაწე ქართველი ტოპ-მენეჯერი.

ვითარება მას შემდეგ გართულდა, რაც გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა ოლეგ დერიპასკაზეც სერიოზულად იმოქმედა. გლობალურ კრიზისს თან დაერთო ენერგოკრიზისიც, რამაც პოდგორიცის ალუმინის კომბინატი აიძულა აქციონერთა საგანგებო კრება მოეწვიათ და საწარმო კრიზისულ მართვაზე გადაეყვანათ. კრიზისის პირობებში მსოფლიოში ალუმინზე მოთხოვნამაც იკლო, მისი წარმოება წამგებიანი გახდა, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა იმავე პოდგორიცას კომბინატის არსებობას.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, კრიზისულ ვითარებაში შემუშავდა სტრატეგია, რომლის მიხედვითაც კომბინატი და მისი შემადგენელი ნაწილები ნაწილ-ნაწილ უნდა გაყიდულიყო. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს კომბინატის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ კახა ავალიანმა, აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელმა ოლეგ დერიპასკამ და სამეთვალყურეო საბჭოს სხვა წევრებმაც. დერიპასკამ ჩერნოგორიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გამართა და 2009 წლის ივნისში ისინი დაიყოლია, არ მოეხდინათ ოლიგარქის კუთვნილი კომბინატის ნაციონალიზება. უფრო მეტიც, ჩერნოგორიის ხელისუფლებამ და ოლეგ დერიპასკამ შეთანხმებას მიაღწიეს კომბინატის მუშაობის რეორგანიზაციის თაობაზე, რომელსაც სრული გაკოტრება ემუქრებოდა. მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ცენტრალური ევროპის ალუმინის კომპანია ჩერნოგორიის ხელისუფლებას აქციების ნახევარსა და ბოქსიტების საბადოს გადასცემს, ოღონდ უკან გამოსყიდვის უფლებით. გარდა ამისა, ჰოლდინგის დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში ჩერნოგორიის მთავრობის ერთი წარმომადგენელი შევა.

საბოლოოდ, ყველაფერი დერიპასკას სასარგებლოდ გადაწყდა და ამაში მნიშვნელოვანი წვლილი ქართველ ტოპ-მენეჯერ კახა ავალიანსაც მიუძღვის.



დავით ბახტაძე


скачать dle 11.3