კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პეტრე პირველის მიერ გაუქმებული რომელი სასულიერო თანამდებობა აღადგინა სტალინმა



დიდი ხანია, მიმდინარეობს პოლემიკა იმის შესახებ, სწამდა თუ არა სტალინს ღმერთი, იყო თუ არა მორწმუნე ათეისტური ზესახელმწიფოს ერთპიროვნული მბრძანებელი? ამ საკითხში გასარკვევად მასალა ძალზე მცირეა, თუმცა, შეიძლება გარკვეული დასკვნების გაკეთება.

იოსებ ჯუღაშვილის დედა, ეკატერინე (კეკე) გაბრიელის ასული გელაძე, ღრმად მორწმუნე მართლმადიდებელი იყო. მან შვილი, იოსები, დაბადებიდან მეთერთმეტე დღეს მონათლა გორის მიძინების ეკლესიაში. კეკეს დიდი სურვილი ჰქონდა, მისი ერთადერთი ვაჟი მღვდელი გამოსულიყო, ამიტომაც შეიყვანა იგი გორის სასულიერო სასწავლებელში. ეთანხმებოდა თუ არა პატარა იოსები დედის მისწრაფებას, უცნობია, შეიძლება, ყმაწვილს სასულიერო სასწავლებელში შესვლისას გაცნობიერებული არც კი ჰქონდა მოძღვრის მისია საზოგადოებაში, სამაგიეროდ, თბილისის სასულიერო სემინარიაში შესვლის პერიოდში სტალინს სრულიად გაცნობიერებული უნდა ჰქონოდა, თუ რომელ სასწავლებელში შედიოდა და სად იმსახურებდა იგი სემინარიის დამთავრების შემდეგ. ძნელი წარმოსადგენია, რომ სოსოს ხასიათის მქონე პიროვნებაზე კეკეს რაიმე გადამწყვეტი ზეგავლენა მოეხდინა. მამისაგან მიტოვებულ იოსებს დედა ძალიან უყვარდა და დიდ პატივს სცემდა მას, მაგრამ, უნდა ვივარაუდოთ, რომ სასულიერო კარიერაზე ფიქრი მარტო კეკეს სურვილს არ ემყარებოდა. როგორც ჩანს, ეკლესიაში მსახურება (დიაკვნად ან მღვდლად) იმჟამად სტალინის სურვილიც იყო.

სასულიერო სემინარიაში შესვლის პერიოდში სტალინი რომ ათეისტურად მოაზროვნე ყოფილიყო, მისთვის სემინარიაში სწავლა აუტანელი გახდებოდა. იოსებ ჯუღაშვილი კი დიდი მონდომებით და კარგად სწავლობდა. მაგალითად: წმიდა წერილის განმარტებაში, ბიბლიურ ისტორიაში, ჰომილეტიკაში, ლიტურგიკაში, პასქალიაში მან დაიმსახურა შეფასება ძალზე კარგი (4), სლავური საეკლესიო გალობა კი ფრიადზე (5) შეისწავლა. უნდა აღინიშნოს, რომ სასულიერო სემინარიაში ძველ და ახალ აღთქმას ასწავლიდნენ ძველ რუსულ (სლავურ) ენაზე. არამორწმუნე ადამიანი ძველი და ახალი აღთქმის ფრიადზე შეფასებით შესწავლას ვერ შეძლებდა. ასევე წარმოუდგენელია, ათეისტს ძალზე კარგი შეფასებებით დაესრულებინა ისეთი რთული საგნის შესწავლა, როგორიც ლიტურგიკაა. მეტსაც გეტყვით: სემინარიაში სწავლიდან რამდენიმე ათეული წლის შემდეგ სტალინი ზეპირად ახდენდა ციტირებას ძველი და ახალი აღთქმის წიგნებიდან, ხშირად მოჰყავდა მაგალითები იესოს ცხოვრებიდან.

სასულიერო სემინარიიდან წასვლის შემდეგ, ცხადია, სტალინის აზროვნებასა და პრაქტიკულ საქმიანობას ქრისტიანულს ვერ უწოდებ, მაგრამ, ერთია ის, რა სწამდა სტალინს როგორც ადამიანს და მეორე – რას აკეთებდა ის, როგორც პოლიტიკური მოღვაწე და ზესახელმწიფოს ერთპიროვნული მბრძანებელი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოთა რუსეთისა და საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობის სათავეში ვლადიმირ ლენინის ყოფნის პერიოდში, წარმოუდგენელი ველურობით განხორციელებული სამღვდელოების დევნა და რეპრესირება სტალინის მმართველობის წლებში შერბილდა. ცხადია, ამ დროსაც საბჭოთა სახელმწიფო დარჩა ათეისტურ სახელმწიფოდ, მაგრამ ეკლესიებში ღვთისმსახურება არ შეწყვეტილა. მაგალითად: თუ რეგიონში დაიხურა ათი ეკლესია, ერთ ან ორ ეკლესიაში ღვთისმსახურება ჩვეულებრივ ტარდებოდა. სტალინის მმართველობის პერიოდში გრძელდებოდა სასულიერო სასწავლებლების, სემინარიებისა და აკადემიების დახურვა, მაგრამ სასულიერო პირთა მომზადება ხდებოდა უშუალოდ ეკლესიებში. რაც შეეხება მღვდლად კურთხევის პროცესს, ის არასდროს შეწყვეტილა. შეფერხებებით, მაგრამ მაინც გამოიცემოდა ღვთის მსახურებისათვის აუცილებელი წიგნები: ლოცვანი, ძველი და ახალი აღთქმა და სხვა. გამოდიოდა სასულიერო ხასიათის ჟურნალი. შედარებით შეიზღუდა ეკლესიასა და მონასტრებში ბერებისა და მონაზვნების რიცხვი. სტალინი ყველაფრის საქმის კურსში იყო, თუ რა ხდებოდა რუსულ ეკლესიაში. მეოცე საუკუნის დამდეგს, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისათვის მებრძოლ ქართველ სამღვდელოებას: ეპისკოპოს კირიონს (საძაგლიშვილს), არქიმანდრიტ ამბროსის (ხელაიას), დეკანოზ კალისტრატეს (ცინცაძეს) მხარში ამოუდგა ეროვნებით რუსი სასულიერო პირი ნიკოლოზ დურნოვო. ამისთვის, რუსეთის ხელისუფლებისაგან და რუსი საეკლესიო მოღვაწეებისაგან ნიკოლოზ დურნოვს დიდი რისხვა დაატყდა თავს, მაგრამ მას პოზიცია არ შეუცვლია. მოგვიანებით, რუსული სამღვდელოებისგან შერისხული ნიკოლოზ დურნოვო, სტალინის ნებით, რუსეთის ეკლესიის ეპისკოპოსი გახდა.

სტალინი საქმის კურსში იყო, თუ რა ხდებოდა საქართველოს ეკლესიაში. 1917 წელს აღდგენილი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია არ ცნო რუსეთის ეკლესიის სინოდმა. ასე გაგრძელდა 1943 წლამდე. 1943 წელს სტალინის ნებით რუსეთის ეკლესიაში დიდი ცვლილებები განხორციელდა. ჯერ კიდევ 1700 წელს, როცა გარდაიცვალა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი, პეტრე პირველმა ახალი პატრიარქი აღარ აარჩევინა, ხოლო მალე საერთოდ გააუქმა პატრიარქობა რუსეთში. რუსეთის ეკლესიას განაგებდა უწმიდესი სინოდი. 1917 წელს რუსეთის საეკლესიო კრებამ აირჩია პატრიარქი, მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ პატრიარქობა პრაქტიკულად კვლავ გაუქმდა. საბჭოთა კავშირ-გერმანიის ომის დაწყების შემდეგ, სტალინმა ეკლესიისადმი დამოკიდებულება კიდევ უფრო შეარბილა – ღვთის მსახურებისთვის კვლავ გაიხსნა ადრე დახურული ეკლესიები. 1943 წლის 4 სექტემბერს სტალინმა თავისთან მიიწვია რუსეთის ეკლესიის სამი ყველაზე უფრო ცნობილი იერარქი – მიტროპოლიტები: სერგი, ალექსი და ნიკოლოზი. სტალინმა და მეუფეებმა ბევრ საკითხზე ისაუბრეს. საუბრის დასასრულს ბელადმა მეუფეებს ასეთი კითხვით მიმართა: არ გსურთ, რომ რუსეთში პატრიარქობა აღდგეს? სიხარულისგან დაბნეულმა მეუფეებმა, ცხადია, დიდი მადლიერებით, თანხმობა განუცხადეს. სტალინმა თითქოს სხვათა შორის აუწყა მათ: მერე, რას უცდით? მოიწვიეთ საეკლესიო კრება და აღადგინეთ პატრიარქობა. ასეთი რამ რუს მიტროპოლიტებს არც კი დაესიზმრებოდათ. სტალინის წყალობით გათამამებულმა მიტროპოლიტმა სერგიმ (ივანე სტრაგოროდსკიმ) ბელადს ასეთი თხოვნით მიმართა: უამრავი სასულიერო პირი სასჯელს იხდის და, იქნებ, როგორმე შეიწყალოთო. სტალინს არ დაუმალავს, რომ ეს თხოვნა არ ესიამოვნა და ერთადერთი სიტყვით უპასუხა: „ვნახოთ“. მალე გადასახლებისა და საპატიმრო ადგილებიდან გაათავისუფლეს 20 ათასზე მეტი სასულიერო პირი. სულ რამდენიმე დღის შემდეგ რუსეთის საეკლესიო კრებამ რუსეთის პატრიარქად აირჩია სერგი. ასე აღადგინა პეტრე პირველის მიერ გაუქმებული პატრიარქობა იოსებ ჯუღაშვილმა. მადლიერი პარტიარქის სერგის ინიციატივით, იმავე 1943 წელს, რუსეთის ეკლესიის სინოდმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია სცნო. ეს არ მოხდებოდა, რომ არა სტალინის ნება, მარტო პატრიარქი სერგი საქართველოს ავტოკეფალიის ცნობის საკითხს ვერ გადაწყვეტდა. მიტროპოლიტ სერგის პატრიარქად კურთხევაზე, ისევე, როგორც მომდევნო პატრიარქის, ალექსი პირველის (სერგეი სიმანსკის) კურთხევაზე, საგანგებოდ იყო მიწვეული საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე, როგორც უძველესი ავტოკეფალური ეკლესიის საჭეთმპყრობელი.

გერმანიაზე გამარჯვებული მოკავშირე სახელმწიფოების (საბჭოთა კავშირი, ინგლისი, ამერიკის შეერთებული შტატები) კონფერენციაზე, რომელიც ქალაქ პოტსდამში გაიმართა, მოკავშირეებმა ერთმანეთს მომავალშიც აღუთქვეს თანამშრომლობა და თავიანთი ოპტიმისტური განწყობილება გამოამჟღავნეს. სტალინი ყოველივე ამას ყურადღებით უსმენდა და, რომ ეგონათ, ის სულ მოკლე სიტყვას მაინც წამოთქვამდა, სმენად ქცეულ დარბაზში გაისმა ორად ორი სიტყვა: „ღმერთმა ინებოს!“

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, სტალინს ჰკითხეს: „ათეისტური სახელმწიფოს ბელადი როგორ ინებებს დასაფლავებას?“ სტალინის პასუხი ასეთი იყო: „რა თქმა უნდა, ქრისტიანულად“. ცნობილია, რომ სტალინს ჰყავდა მოძღვარი, რომელსაც აღსარებას აბარებდა სიცოცხლის ბოლომდე. ხშირი შეხვედრები და საუბრები ჰქონდა ბელადს პატრიარქ ალექსი პირველთან. რაზე საუბრობდნენ ბელადი და პატრიარქი უცნობია, არც ის არის ცნობილი, რა ცოდვებს ინანიებდა სტალინი სულიერ მამასთან. ნიკიტა ხრუშჩოვმა იცოდა, რომ სტალინს მოძღვარი ჰყავდა და აღსარებას აბარებდა მას. დიდ ბელადზე გაბოროტებულმა ხრუშჩოვმა მღვდელი მოაძებნინა და ცდილობდა, გაეგო მისგან, რა ცოდვების მონანიებას ითხოვდა ათეისტური სახელმწიფოს ერთპიროვნული მბრძანებელი. მღვდელმა პირნათლად შეასრულა ღვთისაგან დაკისრებული მისია და აღსარების საიდუმლო არ გათქვა.

ადამიანისთვის, განსაკუთრებით, რევოლუციონერისა და ათეისტური ზესახელმწიფოს ერთპიროვნული მბრძანებლისათვის დამახასიათებელი თითქმის ყველა ცოდვის თანაზიარი იოსებ ჯუღაშვილი ინანიებდა და ღმერთისაგან შენდობას ელოდა. ამის უფლებას მას ვერავინ წაართმევდა, რადგან ის ყველა მოკვდავს ღმერთისგან ებოძა.

ვახტანგ გურულის

მასალების მიხედვით მოამზადა

ანრი შავლაძემ


скачать dle 11.3