კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ეგონათ გეგე სულხანიშვილი მკვდრების მაღაზიის უფროსი და როგორ აერია მას ცოლების სათვალავი


გეგე სულხანიშვილი კახური კოლორიტით გამორჩეული კაცია – პროფესიით მებაღე-მევენახეს, რომელიც კარგად მღერის და ყველას მსახიობი ჰგონია. მთელი ცხოვრება ერთი როლი ერგო – კახური იუმორი მემკვიდრეობით მიიღო მშობლებისგან, თუმცა, არც თავად გაუტარებია ცხოვრება უღიმღამოდ. მის ანგარიშზე ექვსი ცოლი, ბევრი ხუმრობა და ხალისიანი ისტორიაა, რომელთა გახსენებაც თავად ბატონ გეგეს ვთხოვეთ.


გეგე სულხანიშვილი: სულით და გულით, დედით და მამით კახელი ვარ. თელავში დავიბადე და გავიზარდე, იმიტომაც არის თელავი ჩემთვის პირველი ქალაქი. დედაჩემი, კოლაგელი ვაჩნაძის ქალი იყო, ძალიან ნიჭიერი და საინტერესო ადამიანი, მისგან გამომყვა ხელოვნების სიყვარული და მუსიკის ნიჭი. ნიკო სულხანიშვილის გენიც გამომყვა მუსიკაში. არ არსებობს ნაღდი თელაველი, რომელიც დღემდე არ იხსენებდეს ჩემს ოჯახს. დედა ისეთი ქალი იყო, ორ ჭიქას არ დალევდა, მაგრამ, 200-კაციან სუფრას თამადობდა ლექსების, სიმღერების, სკეტჩების თანხლებით. კოლორიტული კაცი იყო მამაჩემიც, რომელიც ვაჭრობაში მუშაობდა და, საოცარი იუმორი ჰქონდა, ანეკდოტებს ყვებოდნენ მასზე. ასეთი ბუნებრივი იუმორით დაჯილდოებული ხალხი კახეთში ბევრია. მათ გვერდით რომ მოხვდები, მათი ნათქვამი უნდა ჩაიწერო, რომ არ დაიკარგოს. მამაჩემს ეკუთვნის ძალიან ცნობილი ისტორია, რომელიც ანეკდოტად იქცა. მოგეხსენებათ, კახელებს ვირთან „ინტიმურ მეგობრობას“ გვაბრალებენ. ერთხელ მამაჩემი თბილისში ყოფილა წამოსული და თელავში დროზე ადრე დაბრუნებულა. ღამით მისულა სახლში. ეძახის თურმე დედაჩემს და ის კი კარს არ უღებს, შენ ჩემი ქმარი არ ხარ, ის ჯერ არ აპირებდა ჩამოსვლასო. უმტკიცებს თურმე მამაჩემი კარს იქიდან, რომ მისი ქმარია, მაგრამ ლიზიკო არ უჯერებს. ბოლოს უთხრა თურმე მამამ: ქალო, ორი წლის წინ ვირი რომ ის ვქენი, იმან მიცნო თელავის ბაზარში. 25 წელია, შენთან ვარ და, რა დაგემართა, რომ ვერ მცნობო...

თელავი კოლორიტების ქალაქი გახლდათ, თეატრისა და ინსტიტუტის გავლენით იყო ქალაქი აკადემიური, ძალიან კულტურული ხალხი ცხოვრობდა. იქაურებს საოცარი კახური იუმორი აქვთ. ყველა კუთხეს ვენაცვალე, მაგრამ, კახური ყველაფერი სხვანაირად გემრიელია. ქიზიყელებს აქვთ ცოტა უფრო პირდაპირი იუმორი. კახელი ლამაზად შეგაპარებს, გეტყვის, თან ისე, რომ არ გაწყენინოს. ერთი მეგობარი მყავდა უშანგი, ქიზიყელი ბიჭი იყო. კარგი ოჯახი ჰქონდათ, მაგრამ და 40 წლამდე ვერ გაათხოვა. ერთხელაც, თელავში დაურეკეს ქიზიყიდან – შენი და თხოვდებაო. გაიქცა ანაგაში გახარებული. თურმე უშანგი ეზოში მაგიდების გაშლაში ეხმარება, მის დას კი დეიდები და მამიდები საპატარძლო კაბას აცმევენ. იქვე ოთახში გაუვლია უშანგის და ესმის, რომ მისი და ეუბნება ნათესავებს: კარგი კაბა კია, მაგრამ ცოტა გაჭედილი ვარო. უშანგის ვერ მოუთმენია, სკამი ძირს დაუდგამს და თავის დისთვის უთქვამს: ეგ რა არი, გაჭედვა შენ ამაღამ ნახეო, – აი, ეს არის ქიზიყური იუმორი, კაცი თავის დასაც არ მოერიდა. ამას თელაველი არ იზამდა.

– პროფესიით ვინ ხართ?

– ბედის ირონიით, პროფესიით მებაღე-მევენახე ვარ, თუმცა ყველას მსახიობი ვგონივარ. იმ პერიოდში სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი პრესტიჟული იყო, განსაკუთრებით – მეღვინეობის ფაკულტეტი. სპორტსმენი ბიჭი ვიყავი და თვითონ მოგვაწყვეს მებაღე-მევენახეობაზე. ასე გვითხრეს, აქ ჩააბარეთ და ღვინის ტექნოლოგიურზე მერე გადაგიყვანთო. „გადაგვაგდეს“ და არსადაც არ გადაგვიყვანეს, მებაღე-მევენახეობაზეც 17 წელი ვისწავლე და ისიც არ დამიმთავრებია. ჩემგან მებაღე ვერ დადგებოდა. მამაჩემი დამცინოდა ხოლმე – რანაირი მებაღე-მევენახე ხარ, ვაშლისა და მსხლის ფოთოლს ვერ არჩევ ერთმანეთისგანო (იცინის), არ ვიცი, რატომ გაუჩნდა თავის დროზე ხალხს წარმოდგენა, რომ მსახიობი ან მომღერალი ვარ. ეტყობა, თელავის თეატრის დირექტორის, პლატონ ახვლედიანის სიძე რომ ვიყავი, იმიტომ ფიქრობდნენ ასე. ისე, თელავის თეატრთან არის დაკავშირებული ჩემი ცხოვრების ლამაზი წლები. ხელოვნება ძალიან მიყვარდა, სცენაც მომწონდა, მაგრამ, ჩემი სიმაღლის გამო, სულ მქონდა კომპლექსი. სპექტაკლზე ან კინოში მაშინ შევდიოდი, როცა შუქს აქრობდნენ. ამ მიზეზის გამო, სულ ვერიდებოდი დაბალ ადამიანებთან ურთიერთობას. სამაგიეროდ, კალათბურთს ვთამაშობდი კარგად. იმის მიუხედავად, რომ აბსოლუტური სმენა მაქვს და სამივე ხმას ერთნაირად ვმღერი, სცენაზე არ ვმდგარვარ. სუფრასთან დილამდე არ გავჩერდებოდი, მაგრამ სცენაზე ერთხელაც არ გამოვსულვარ, სიმამრმა მხოლოდ იმიჯი შემიქმნა, სცენაზე ვერ შემიტყუა.

– ერთი ეპიზოდური როლიც არ გერგოთ თელავის თეატრში?

– არა... თეატრის დასთან ერთად ხშირად დავდიოდი ხოლმე გასტროლებზე ქუთაისში, ზესტაფონში, მაგრამ, ისე მივყვებოდი, „ბალეშჩიკად“. თან, „ბანკეტების კაცი“ ვიყავი, ყველა გასტროლს ბანკეტი მოჰყვებოდა ხოლმე, თან, კარგად ვსვამდი, კარგ ხასიათზე ათი ლიტრი ღვინის დალევა ისე შემეძლო, არ ვთვრებოდი, იმიტომ რომ, ნერვები მქონდა მწყობრში.

ისე მოხდა, რომ მთელი ცხოვრება მასპინძლის როლში გავატარე. უცებ დაარტყამდა თავში ვინმე თბილისელს, მორბოდნენ თელავში და, მეც ძალაუნებურად, მიწევდა მასპინძლობა. გავაცილებდი ნუგზარს შუამთის წყალთან, დავუქნევდი ხელს და, ვხედავ, იქიდან მანქანით ვაჟა მოდის. იმას ჰგონია, ხელს იმას ვუქნევ: ვა, კაცო, როგორ მიხვდი, რომ მოვდიოდიო? ხომ არ ვეტყოდი, შენ კი არ გხვდები, სტუმარს ვაცილებ-მეთქი (იცინის).

ერთხელ, ხუთი მეგობარი მეწვია თბილისიდან, მაგრად ვიქეიფეთ, ღამე გავათენეთ. დილის 11 საათზე გაიღვიძეს ჩემმა სტუმრებმა და მითხრეს: ხაშზე წაგვიყვანეო. ხაში ხინკალი ხომ არ არი, მიხვიდე და შეგიხვიონ, ხაში ღამით უნდა მოიხარშოს. თუ გათავდა, გათავდა! ეს ახლაა, ღამის 12 საათზე რომ შეხვიდე რესტორანში, ხაშს მაშინაც გაჭმევენ, ადრე არ იყო ასე. დილის 8 საათზე ან მიუსწრებდი ხაშს სადმე, ან – არა. გადამეკიდნენ ჩემი სტუმრები და წავედით. მოვიარეთ მთელი თელავი, არსად ხაში არაა, უკვე დავიღალე ხაშის

ძებნით. ბოლოს, მივედით ერთ ადგილას, მაგიდაზე ჯერ კიდევ თეფშები ეწყო, არც კი აელაგებინათ. ისე, ცალყბად ვუთხარი – ხაში ხომ არ გაქვთ-მეთქი? დარწმუნებული ვარ, უარს მეტყვის და ცალი ფეხი უკვე კარისკენ მაქვს. რამდენი ხართო? მკითხა „ბუფეტჩიკმა“. ხუთნი-მეთქი, ვუპასუხე. ვა, – თან ვფიქრობ, – რა ხდება? „ბუფეტჩიკმა“ მზარეულს გასძახა: ვანო, აბა ერთი ნახე, ხუთი ხაში გამოვაო? ველოდებით იქიდან პასუხს, ყურები გვაქვს დაგრძელებული. პაუზა ცოტა ხანს გაგრძელდა და ვანომ უპასუხა: გამოვაო... დავჯექით მაგიდასთან გახარებულები, მოგვიტანეს არაყი, ისეთი ბედნიერები ვართ, სიზმარში გვგონია თავი. გაიღო კარი, შემოვიდა ექვსი-შვიდი კაცი, წინ თელაველი მასპინძელი მოუძღვის. იმანაც ჩუმად ჩაიდუდუნა, ხაშიო. მე ჩემს ხაშს ვჭამ, ბოროტი კაცი არ ვარ და მეცოდებიან ის უბედურები, ხომ ვიცი, რომ მეტი ხაში აღარაა. „ბუფეტჩიკმა“ ისევ დაიძახა: ვანო, ექვსი ხაში გამოვაო? ვფიქრობ, ვარიანტი არაა, ხუთი ძლივს გამოიყვანა ვანომ, კიდევ ექვსს გამოიყვანს-მეთქი? ვანომ პაუზა გააკეთა და იქიდან გამოსძახა; გამოვა, გამოვაო. გაუხარდა იმ კაცს, დასხდნენ მისი სტუმრები მაგიდასთან. მე გაკვირვებული დავრჩი, ჩემთვის ვამბობ: ვა, კაცო, ნეტა, რა ხდება-მეთქი. ცოტა ხანში კიდევ შემოვიდა ერთი ათი კაცი, ვანომ კიდევ რომ გამოსძახა გამოვაო. ვეღარ მოვითმინე, წამოვხტი და პირდაპირ „კუხნაში“ შევედი. რასა ხედავს ჩემი თვალები: „კუხნაში“ ხაშით სავსე სამი დიდი ქვაბი დგას, რვაას კაცს მაინც ეყოფა, მაგრამ, საქმე რაშია, იცი?! „ბუფეტჩიკსა“ და ვანოს უნდათ, რომ გაახარონ სტუმრები და იმიტომაც ამბობენ – გამოვაო. აი, ეს არის დალოცვილი კახეთი.

– მებაღე-მევენახეს ასეთი რა შემოსავალი გქონდათ, რომ ამდენი ხალხის მასპინძლობა შეგეძლოთ?

– ქუდბედიანი კაცი ვიყავი ადრეც და, ახლაც ასეა, ადამიანებმა ვიცით ერთმანეთის დახმარება და პატივისცემა. მე კი სულ ვქეიფობდი, მაგრამ, ჩემს ოჯახს არ უჭირდა, სადღაც ყოველთვის ვიყავი გაფორმებული. ერთხელ ჩემმა ახლობელმა კაცმა ახმეტაში სამშენებლო რაღაცაში გამაფორმა. თვეში ერთხელ უნდა მივსულიყავი და ხელფასი – 250 მანეთი უნდა ამეღო. მაშინ ეს დიდი ფული იყო. ერთხელ ჩავედი ახმეტაში, მოლარემ გვარი მკითხა, ჩავხედე სიას და ჩემს გრაფაში წერია: მეექვსე თანრიგის კალატოზიო, იცი, როგორ მეწყინა? ვიფიქრე, მეორე ან მესამე მაინც დაეწერათ-მეთქი, თურმე მეექვსე თანრიგი ყველაზე კარგია. მაგის მერე აკადემიკოსობა მოდის (იცინის). ჩემი ფული სულ მქონდა, ბევრი ხალხი მცემდა პატივს. შრომის წიგნაკი რომ ნახოთ, ისეთი სამსახურები წერია, ზოგი სიტყვა არც გამიგია, ბოლომდე ვერც კი ჩავიკითხე. ერთი ის მახსოვს, პირველ სამუშაო ადგილად „მებეტონე“ მიწერია, არადა, ბეტონი ერთ კილომეტრში მაქვს ნანახი. არც ვიცი, საიდან მიწერდნენ, მთავარი იყო, ხელფასი მქონდა. ცოტა ხანს ვაჭრობაშიც ვიყავი, ოღონდ, მართლა ვმუშაობდი. მაშინ საკომისიოები არსებობდა, მაგრამ თელაველები საკომისიოში არ შედიოდნენ, ეგონათ, რაც იყიდებოდა, მკვდრების ნაქონი იყო. იმ პერიოდში თელავში გავხსენი მაღაზია, ისეთი საქონელი მქონდა, არსად რომ არ იყიდებოდა, თბილისიდან სპეციალურად ჩამოდიოდა ხალხი. მაღაზიას ვერაფერს დავარქმევდი და საკომისიო დავაწერე. თელაველები კანტიკუნტად შემოდიოდნენ ჩემთან და ძალიან ვბრაზობდი. ერთხელ ერთ ქალს შემოუცდა ფეხი და უკნიდან მეორე ეუბნება: ქალო, სად მიდიხარ, მანდ ყველაფერი მკვდრისააო. მკვდარი შენა ხარ, შე ოხერო-მეთქი, ვუთხარი. იცი, რამდენი დრო დამჭირდა ხალხის აზრის შესაცვლელად, რომ საკომისიო მკვდრების მაღაზია არ იყო? (იცინის)

– თქვენზე ამბობენ, რომ ექვსი ცოლი გყავდათ. რატომ იცვლიდით ასე ხშირად ცოლებს?

– რა ვიცი, აბა... არ ვიცვლიდი ხშირად, ერთ ცოლთან 15 წელი ვიცხოვრე, ცოტა დრო კი არაა. სიმთვრალეში კი არ მომიყვანია ის ცოლი, რომ გამოფხიზლებისთანავე გავყროდი, დიდი სიყვარული მაკავშირებდა მასთან. იცი, რაშია საქმე? მე ასე ვარ: სიყვარული საპონივით რომ გაილევა, იქ უნდა დაამთავრო ურთიერთობა. შვილისა და ვალდებულების გამო არ უნდა იცხოვრო ცოლთან. ურთიერთობაც ისე ლამაზად უნდა დაასრულო, რომ ცოლი მტრად არ მოიკიდო. ცოლების მოყვანა 23 წლის ასაკში დავიწყე: რუსი გოგო იყო, სპორტსმენი, თელავში ჩამოვიდა და ბავშვი გააჩინა. ცოტა ხანი ვიყავით ერთად, ვერ შეეგუა საქართველოს. წავიდეთ, წავიდეთო, გამიწყალა გული. მე ვუთხარი: უკრაინაში გრიალი მიყვარს, იქ ვერ ვიცხოვრებ-მეთქი. წავიდა და წაიყვანა ბავშვი. მერე პლატონის შვილი მოვიყვანე ცოლად.

– თქვენი მეუღლე იყო მზეო გოგოჭური, განსვენებულ ვახუშტი კოტეტიშვილის მეუღლე.

– ჰო, მზეო ჩემი მესამე ან მეოთხე ცოლი იყო, სათვალავი ამერია უკვე (იცინის). ჩვენ სამი წელი ვიცხოვრეთ ერთად. გადასარევი გოგოა მზეო, ახლაც კარგი ურთიერთობა მაქვს მასთან, იმიტომ რომ სასწაული გოგოა. სულ მეკითხებიან: ასე რომ აქებ მზეოს, ერთად რატომ ვერ იცხოვრეთო? ერთმანეთისთვის ხმამაღალი სიტყვა არ გვითქვამს, ამის საბაბს არ მოგცემდა მზეო, მაგრამ, რაღაც, ვერ ვიცხოვრეთ ერთად. თუმცა, მერე სულ ვგულშემატკივრობდი, მინდოდა, ბედნიერი ყოფილიყო. მზეოს საოცარი იუმორი აქვს, ხშირად ვხუმრობთ ხოლმე ჩვენს ერთად გატარებულ წლებზე, ყველა ჩემს ცოლს ვენაცვალე, მაგრამ, მზეო გამორჩეულად კარგი გოგო იყო.

– ბოლოს და ბოლოს, ჩაუშვით ღუზა?

– ღუზა კი ჩავუშვი, მაგრამ, რომ უნდა ამომეწია, რაღაცას წამოედო და ახლაც კი წვალებაში ვარ (იცინის). ახლა ვინც მყავს ცოლად, კარგი ქალბატონია, ოთხი წელია, რაც ერთად ვართ. არ ვიცი, ეს ბოლომდე გაგრძელდება თუ არა, ამ ცოლს შემოევლოს ჩემი თავი, მაგრამ, ხვალ რა იქნება, არ ვიცი. ხვალემ იკითხოს ხვალისო... ექვსი ცოლი მყავდა და უღელი ვერც ერთმა ვერ დამადგა. არც ერთს არ უკითხავს ჩემთვის: „სად მიდიხარ? როდის მოხვალ?“ ერთმა მკითხა თავიდან და ვუთხარი: შენი ჭირიმე, ეგ არასდროს აღარ მკითხო-მეთქი. ბევრს მებრძოდნენ ცოლები, მაგრამ ვერ შემცვალეს. რთული კაცი ვიყავი, ხშირად ვაეჭვიანებდი ცოლებს, თუმცა, ერთი უცნაურობა მჭირდა: ბევრს ვგულაობდი, მაგრამ, საყვარელი არასდროს მყოლია. სადღაც გავერთობოდი და იქვე ვამთავრებდი ყველაფერს. ერთდროულად ორ ფრონტზე არასდროს ვიბრძოდი.

– ბატონო გეგე, ერთი ანეკდოტი თქვენზეა, ოღონდ, აუცილებლად კახელებზე უნდა მოგვიყვეთ.

– კახელმა შვილს მობილური უყიდა და გააფრთხილა: მარტო მაშინ დამირეკე, ძალიან რომ დაგჭირდებიო. ერთხელაც ურეკავს მამას ვენახში: მამი, მამიო. რა იყო შვილო, რაზე მირეკავო? – უთხრა მიხომ. რაზეო და, შენ „სპალნაში“ ძაღლი შესულა და ხალიჩაზე მოუკურკლავსო. მერე მაგაზე მირეკავ, შვილო? – უთქვამს მიხოს, აიღე ცოცხი, აქანდაზი და ეგ კურკლი სადმე გადაყარეო. კარგიო, უთქვამს იმ მუტრუკს. ცოტა ხანში კიდევ ურეკავს შვილი: მამი, მამიოოო! რა იყო, შვილო, ეხლა რაღაზე მირეკავო – უკითხავს მიხოს. რაზეო და, კურკლსა ვყრიდი და, ზემოდან სირბილ-სირბილით ჩვენი მეზობელი ვასიკო ჩამოვიდა, შემოვარდა სახლში, გზაში თან შარვალს იხდიდა და ისე გარბოდა დედაჩემისკენო. მერე შვილო, მერეო? – ჰკითხა მიხომ. იცი, მამი, ხო ძალიან მიყვარხარ, რაც არ უნდა მთხოვო, გავაკეთებ, მაგრამ, ვასიკომაც რომ მოკურკლოს ჩვენ ხალიჩაზე, იცოდე, მაგას აღარ გადავყრიო.


скачать dle 11.3