კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ჩამოიყვანეს ბერიას აგენტებმა გერმანიიდან წამყვანი მეცნიერები და რატომ ეძებდნენ მათ ტყვეთა ბანაკებში


პოტსდამის კონფერენციაზე, რომელიც 1945 წლის 17 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობდა, ერთ-ერთი სხდომის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა, იმ მიზნით, რომ სტალინზე ფსიქოლოგიური შეტევა მოეხდინა, განაცხადა: „ამერიკის შეერთებულ შტატებს უკვე აქვს არაჩვეულებრივი. დიდი სიმძლავრის ბომბები“. მას კონკრეტულად არ დაუსახელებია ატომური ბომბების სახელწოდება. სტალინს ასეთ განცხადებაზე არავითარი რეაქცია არ გამოუმჟღავნებია, უფრო მეტიც, მან ისეთი სახე მიიღო, თითქოს მისთვის არაფერი ახალი და საინტერესო არ უთქვამთ. უინსტონ ჩერჩილმა და მისმა თანამოაზრეებმა ჩათვალეს, რომ საბჭოთა კავშირის მეთაურმა ვერ გაიგო ტრუმენის სიტყვების მნიშვნელობა, მაგრამ, როგოროც კი დაბრუნდა სხდომიდან, სტალინმა იმწამსვე დაავალა მოლოტოვს, დაუყოვნებლივ დაკავშირებოდა კურჩატოვს და მისთვის გადაეცა, რომ ატომურ იარაღზე მუშაობის დაჩქარებისთვის აუცილებელი ზომები მიეღო...

ალბათ, ბევრმა არ იცის, როდის დაიწყო სტალინმა გადაწყვეტილების მიღება ატომური ბომბის შექმნის შესახებ. ამასთან დაკავშირებით, საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის გაზეთი „სეკრეტნიე მატერიალი“ (¹17, 2000 წლის სექტემბერი. სანკტ-პეტერბურგი). გერმანელი და ამერიკელი მეცნიერების მუშაობასთან დაკავშირებით საბჭოთა დაზვერვის მიერ მოპოვებულმა მონაცემებმა ჯერ კიდევ 1943 წელს იოსებ სტალინი აიძულა, მიეღო გადაწყვეტილება, სასწრაფო წესით დაეწყოთ საკუთარი ატომური ბომბის დამუშავებისა და შექმნის საკითხები. სტალინმა, პირველ ყოვლისა, ბერიასთან განიხილა კანდიდატურები „ურანის პროექტის“ სამეცნიერო ხელმძღვანელის პოსტის დასაკავებლად. ზემოაღნიშნულ გაზეთში მოყვანილია სტალინის სიტყვები: „ატომურ საქმესთან ყველაზე ახლოს არიან, რასაკვირველია, იოფე და კაპიცა. მაგრამ მათ უკვე აქვთ მსოფლიო სახელი და, ამასთან ერთად, ისინი ინსტიტუტების დირექტორები არიან. თუ მათ ასეთი მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტას მივანდობთ, მაშინ ეს სერიოზული დაბრკოლება იქნება მათ ყოველდღიურ საქმიანობაში. ამიტომ, უნდა მოვძებნოთ შედარებით ახალგაზრდა, ნიჭიერი ფიზიკოსი, რომელიც უხელმძღვანელებს ატომური იარაღის შექმნის პრობლემებს და ამ ამოცანის გადაწყვეტა მისი ცხოვრების ერთადერთ საქმედ იქცევა. ჩვენ მას მივცემთ ძალაუფლებას, გავხდით აკადემიკოსად და, რა თქმა უნდა, მას ფხიზლად გავაკონტროლებთ“. არჩევანი შეჩერდა იგორ კურჩატოვზე, რომელიც იმ დროს იოფესთან მუშაობდა ლენინგრადის ფიზიკა-ტექნოლოგიურ ინსტიტუტში. იმავე 1943 წელს კურჩატოვი კრემლში მიიწვიეს და დაამტკიცეს „ურანის პროექტის“ სამეცნიერო ხელმძღვანელად. იმავდროულად, სამუშაოების დასაჩქარებლად, პოლიტბიუროს წევრებს შორის გადანაწილდა მოვალეობანი. ურანის საბადოების დაზვერვითი სამუშაოებისა და მისი სამრეწველო მოპოვების კურირება ვიაჩესლავ მოლოტოვს დაავალეს. მაგრამ, უკვე 1945 წლის გაზაფხულზე ნათელი გახდა, რომ მან დავალებას თავი ვერ გაართვა. არადა, ურანის გარეშე სამუშაოების ბოლომდე მიყვანა ძალზე რთული იქნებოდა. ბერიასადმი დაქვემდებარებულმა ოპერატიულმა სამსახურმა მოიკვლია მონაცემები, რომ გერმანიაში შეიძლება ურანის საბადოდან მისი გარკვეული რაოდენობის მოპოვება. გერმანიაში, სახელდობრ საქსონიაში, გაგზავნეს გეოლოგიურ-კვლევითი ჯგუფი სახელმწიფო უშიშროების გენერალ-პოლკოვნიკ ივანე სეროვის ხელმძღვანელობით. ბერიამ მას აგრეთვე დაავალა, რომ საქსონიაში მოეძებნათ და მუშაობაში ჩაებათ გერმანელი მეცნიერები.

ძებნითი სამუშაოების კონსპირაციისთვის შეიქმნა აქციონერული საზოგადოება, სახელწოდებით „ვისმუტს“, რომელსაც სათავეში ჩაუყენეს ლავრენტი ბერიას უახლოესი თანამშრომელი, გენერალი მალცევი. საზოგადოების სტრუქტურა ასე გამოიყურებოდა: შტაბზე, რომელსაც ექვემდებარებოდა 27 ცალკეული ობიექტი, მიმაგრებულნი იყვნენ სახელმწიფო უშიშროების ოპერრწმუნებულები. უშიშროების ოპერატიულ ჯგუფს ექვემდებარებოდა სამთო მილიცია, რომელიც ზედამხედველობას უწევდა გერმანელ მუშებსა და მოსამსახურეებს.

ამერიკელებმა, რომლებმაც 1945 წელს მსოფლიოში პირველებმა გამოსცადეს ატომური ბომბი, აშკარად ვერ შეაფასეს საბჭოთა კავშირის იმჟამინდელი სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალი. იმ დროს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის სპეციალური კომისიის სხდომაზე გამოსვლისას, გენერალი გროკსი აცხადებდა: „იმისთვის, რომ ჩვენ დაგვეწიონ, საბჭოელებს ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, 15 წელი დასჭირდებათ“, ხოლო მსოფლიოში პირველი ატომური ბომბის შემქმნელი რობერტ ოპენჰაიმერი ვარაუდობდა, რომ საბჭოთა მეცნიერები ჩამორჩენას გაცილებით ადრე გადალახავდნენ.

სერგო გეგეჭკორი, თავის წიგნში – „მამაჩემი – ლავრენტი ბერია“ – წერდა, რომ ომის შემდეგ რობერტ ოპენჰაიმერი მოსკოვში იყო და ბერიას ბინაში ცხოვრობდა, მამამისი კი მას უკრძალავდა, ოპენჰაიმერს გამოლაპარაკებოდა. ასე იყო თუ ისე, გამოდის, რომ იგი ბერიას დაზვერვამ მოსკოვში ჩამოიყვანა და თავის საქმეს იქ განაგრძობდა.

ბერია სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის გეგმაში განსაკუთრებულ ადგილს უთმობდა გერმანელ მეცნიერებს, რომლებიც ადრე ატომურ იარაღზე მუშაობის თემატიკით იყვნენ დაკავებული. აქედან გამომდინარე, ბერიას აგენტებმა გერმანიიდან წამოიყვანეს ყველა წამყვანი მეცნიერი და სპეციალისტი, ვინც კი აღმოაჩინეს და იპოვეს. ამასთან ერთად, ბერიას „სელექციონერები“ მეცნიერ-სპეციალისტებს ეძებდნენ სამხედრო ტყვეთა ბანაკებში. საბოლოოდ, 200 გერმანელი იქნა ჩამოყვანილი სოხუმში, სადაც მათ დაუმატეს 120 ახალგაზრდა საბჭოთა ფიზიკოსი, რომლებიც ატომურ იარაღზე მუშაობდნენ. 1946 წელს სოხუმში, ზღვის სანაპიროსთან ახლოს, უკვე შეიქმნა პატარა ქალაქი, სადაც განლაგებული იყო სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიები და საცხოვრებელი სახლები. ყოველივე ეს გარე სამყაროსგან იზოლირებული გახლდათ. ყველა მუშაობდა სრულიად საიდუმლო ატმოსფეროში და არავინ იცოდა, ვინ იყვნენ იქ და რას საქმიანობდნენ.

სტალინმა, დანიშნა რა კურჩატოვი „ურანის პროექტის“ სამეცნიერო ხელმძღვანელად, შექმნა ეგრეთ წოდებული „¹2 ლაბორატორია“, სადაც ატომური ბომბის პრაქტიკული დამუშავება და დამზადება დაევალა აკადემიკოს ხარიტონს. მასთან ერთად მუშაობდნენ ფლერსოვი, ზელდოვიჩი და კიკოინი.

გერმანელთა მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს მიღწეულ წარმატებებს და პრაქტიკულ გამოცდილებას ამაოდ არ ჩაუვლია. მათი მიღწევები ფართოდ იქნა გამოყენებული საბჭოთა რაკეტმშენებლობაში. 1947 წელს, მოსკოვთან ახლოს, პოდლიპკაში, შეიქმნა ახალი ბანაკი, სადაც 177 გერმანელი სპეციალისტი მუშაობდა. აქ, როგორც სოხუმში, მკაცრ და სრულიად გასაიდუმლოებულ პირობებში, გამოუშვეს „ფაუ-2“ ტიპის რაკეტები, ხოლო 1951 წელს საბჭოთა შეიარაღებაში გამოჩნდა რაკეტა „რ-2“. ერთი წლის შემდეგ დამზადდა უფრო მძლავრი რაკეტა „რ-5“, რომელიც აღჭურვილი იყო ბირთვული მუხტით. სტალინის მითითებით, ყველა აღნიშნული იარაღის გამოშვებისა და მათი წარმოების კონტროლს ხელმძღვანელობდა ლავრენტი ბერია.

ალბათ, ინტერესმოკლებული არ იქნება აღვნიშნოთ, რომ რაკეტების – „ფაუ-1“ და „ფაუ-2-ის“ დამუშავება გერმანიაში ჯერ კიდევ ომის დასასრულამდე მიმდინარეობდა, რაზეც პირადად ჰიტლერი დიდ იმედებს ამყარებდა, მაგრამ, ამაოდ – ძმებმა ფონ ბრაუნებმა სამუშაოების ბოლომდე დამთავრება ვერ მოასწრეს, რადგან ერთ-ერთი ძმა, ვერნერ ფონ ბრაუნი, ამერიკელებმა მოიტაცეს და იგი, ფონ ბრაუნის გვარით, დიდი ხნის განმავლობაში ნამდვილად ხელმძღვანელობდა ამერიკის შეერთებული შტატების სარაკეტო-კოსმოსურ ცენტრს. მეორე ძმა ბერიას ხალხმა საბჭოთა კავშირში ჩამოიყვანა, მაგრამ დღემდე გასაიდუმლოებულია და არავინ იცის, რა გვარით მოღვაწეობდა იგი.

მართალია, სტალინმა ატომურ ბომბსა და რაკეტმშენებლობაზე პასუხისმგებლობა უშუალოდ ბერიას დააკისრა, მაგრამ საერთო ხელმძღვანელობას, განსაკუთრებით კი კონტროლს, პირადად ასრულებდა. სტალინის დავალებით საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოსთან შეიქმნა პირველი მთავარი სამმართველო, რომელსაც დაუქვემდებარეს „ურანის პროექტთან“ დაკავშირებული სამინისტროები, ინსტიტუტები და საკონსტრუქტორო ბიუროები. პირველი სამმართველოს უფროსად დაინიშნა საბრძოლო მასალების მინისტრი ვანნიკოვი, რომელსაც მთავრობასთან შეუთანხმებლად შეეძლო, სრულიად დამოუკიდებლად ემოქმედა და გადაეწყვიტა საკითხები. მის მოადგილეებად დაამტკიცეს მრეწველობის დიდი ორგანიზატორები – ზავეგინი და პერვუხინი, ხოლო მოადგილედ სამეცნიერო დარგში – კურჩატოვი. შემდგომში სტალინმა პირველი მთავარი სამმართველო უშუალოდ დაუქვემდებარა საბჭოთა კავშირის თავდაცვის კომიტეტთან არსებულ სპეციალურ კომიტეტს, რომელსაც ბერია ხელმძღვანელობდა. ეს გასაიდუმლოებული ორგანო ატომური იარაღის დამუშავებისა და წარმოების დარგში დიდ და განსაკუთრებულ უფლებებს ფლობდა. იმავდროულად, შეიქმნა კიდევ ერთი გასაიდუმლოებული სპეციალური კომიტეტი, რომელიც მუშაობდა რადიოლოკაციის საკითხებზე და უშუალოდ ბერიას ექვემდებარებოდა. ასე რომ, ბერია ორივე სპეციალური კომიტეტის სათავეში იდგა და ამის გამო ხშირად უხდებოდა სამუშაო თათბირების ჩატარება, სადაც ყველა პასუხისმგებელი პირისგან ისმენდა შესრულებული სამუშაოების ანგარიშებს, იხილავდა პროექტებს და ამზადებდა დოკუმენტებს ხელმოსაწერად, რომლებიც მიჰქონდათ სტალინთან სპეციალურ სამთავრობო კურიერებს, განსაკუთრებული კონვერტით, ნიშნით „სტალინი“.

1946 წელს თავდაცვის მრეწველობის ერთ-ერთ ქარხანასთან შეიქმნა სპეციალური საკონსტრუქტორო ბიურო, რომლის უფროსად დაინიშნა ზერნოვი, ხოლო მის მოადგილედ სამეცნიერო ნაწილში – ხარიტონი. სწორედ აქ, სახელმწიფო საიდუმლოების უმკაცრესი დაცვის პირობებში, დაიწყო პირველი საბჭოთა ატომური ბომბის შექმნა.

1946 წლის 25 დეკემბერს გაუშვეს არა მარტო საბჭოთა კავშირში, არამედ, ევროპაში პირველი ატომური რეაქტორი.

1949 წლის 23 აგვისტოს, დილის 7 საათზე, სემიპალატინსკთან ახლომდებარე საცდელ პოლიგონზე დაიქუხა პირველი ატომური ბომბის აფეთქების ხმამ, რომლის გამოცდამ ბრწყინვალედ ჩაიარა. პირველმა აფეთქებამ აჩვენა, რომ შედეგი წარმატებული იყო.

ბერიამ მოითხოვა, სტალინთან სასწრაფოდ დაეკავშირებინათ, რომ მისთვის პირადად ემცნო ეს სასიამოვნო ამბავი. მოსკოვში ტელეფონის ყურმილი პოსკრებიშევმა აიღო და ბერიას უპასუხა: „იოსებ ბესარიონის ძე დასაძინებლად წავიდა“. „სთხოვეთ მას, რომ ძალზე მნიშვნელოვანი საქმე მაქვს“. რამდენიმე წუთის შემდეგ ბერიამ ყურმილში გაიგონა სტალინის ნამძინარევი ხმა: „რა გინდა“! „ამხანაგო, სტალინ, ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა! აფეთქება უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდით“! „მე უკვე ვიცი!“ – უპასუხა სტალინმა და ყურმილი დაკიდა.

ასეთი პასუხის შემდეგ ბერია კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ მას უთვალთვალებდნენ, და მის ყოველ ნაბიჯს ფარულად ამოწმებდნენ. მაგრამ, ვინ აცნობა ეს სტალინს, რეალურად, არავინ იცოდა, რადგან მას ჰყავდა პირადი დაზვერვა და მათი საშუალებით იგებდა ყველაფერს...

1949 წლის 30 აგვისტოს საბჭოთა კავშირის სამხედრო ძლიერების განმტკიცების საქმეში მიღწეული უდიდესი წარმატებისთვის, ატომური ბომბის გამოცდასთან დაკავშირებით, საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, ლავრენტი ბერიას მიენიჭა სოციალისტური შრომის გმირის წოდება. სტალინმა გულუხვობა გამოიჩინა და, ბერიას შედგენილი და წარდგენილი სიის მიხედვით, ზოგი გმირის ვარსკვლავით დააჯილდოეს, ზოგი – ორდენებითა და მედლებით, ზოგი – ფულადი პრემიებით, ფასიანი საჩუქრებით, საპატიო წოდებებით, ზოგი კი შეღავათებით წაახალისეს.


скачать dle 11.3