კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოძღვარს არ უნდა ჩააბაროს ადამიანმა საკუთარი სულიერი ცხოვრება და რა არის სულიერი მოძღვრის სწორი დანიშნულება


როდესაც ადამიანი ეკლესიაში იწყებს სიარულს, მისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი სულიერი მოძღვრის არჩევა და მასთან ურთიერთობაა. როგორი უნდა იყოს მათი ურთიერთობა, ამის შესახებ გვესაუბრება ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი საბა (ბიგაშვილი):


– როდესაც ადამიანი გადაწყვეტს, ეკლესიური ცხოვრება დაიწყოს, ის უნდა ეცადოს, კარგად გაერკვეს საკუთარ სულიერ მდგომარეობაში, ძალებში, როგორ აპირებს ის ქრისტიანულ ცხოვრებას. მოძღვრის შერჩევისას, ადამიანი აუცილებლად კარგად უნდა დაფიქრდეს, რომ შეცდომა არ დაუშვას. მართლმადიდებლურ ტაძარში ყველა მოძღვარი სულიწმიდის მადლით არის დადგენილი და ეს უდავოა. მაგრამ, მოძღვარი, როგორც ყველა ადამიანი, ინდივიდუალური პიროვნებაა. შეიძლება, ადამიანი მივიდეს მოძღვართან და მათ სულ განსხვავებული ხედვა ჰქონდეთ, არა ეკლესიურ და სულიერ, არამედ სულ სხვა საკითხებზე. როგორც პიროვნებები, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებოდნენ. ისინი შეიძლება, ვერ შეეწყვნენ ერთმანეთს და მათი სულიერი წვრთნა ვერ წარიმართოს კარგად. ამიტომ, როგორც, სამწუხაროდ, ხდება, მრევლი ერთი მოძღვრიდან მეორესთან გადადის, ან სულ უარესი, მეორესთანაც ვერ ახერხებს შეგუებას და კიდევ სხვასთან მიდის. ეს, ერთი მხრივ, პათოლოგიაც არის. შეცდომა, რომ არ დავუშვათ – მოძღვარმაც და მრევლმაც ეკლესიური ცხოვრების პრაქტიკაში, საჭიროა, ჯერ ერთმანეთის გაცნობა, განსაკუთრებით მოძღვრის. როდესაც ავირჩევთ კონკრეტულ ტაძარს, მოძღვარს, არ არის აუცილებელი, მას იმ დღიდანვე ჩვენი სულიერი ცხოვრება ჩავაბაროთ. ჯერ საჭიროა წირვა-ლოცვებზე დასწრება, დაკვირვება, პარალელურად კი, ჩვენი პირადი განვითარება, რადგან მოძღვარი, მართალია წყვეტს ბევრ რამეს, მაგრამ ყველაფერს – არა. თუ მათი ურთიერთობა კარგად წარიმართა, მაშინ ნაყოფიერი იქნება მათი ქრისტიანული ცხოვრების ერთობლივი წარმართვაც. დღეს ხშირად ხდება, რომ ადამიანი მოძღვარზე ზედაპირულად აჩერებს ყურადღებას. ანუ, ის ყურადღებას აქცევს მოძღვრის ჩაცმულობას, მის გარეგნობას, ფიზიკურ მდგომარეობას, საუბარს, ქადაგებას, მაგრამ ეს არ არის მთავარი. პირველ ყოვლისა, ადამიანმა უნდა მიაქციოს ყურადღება მოძღვრის სულიერ მდგომარეობას. მოძღვრის დანიშნულება სწორედ ის არის, რომ ქრისტიანმა, რომელიც მიდის მასთან თავისი პრობლემებით, სულიერი მოძღვრისგან ის კი არ უნდა ისწავლოს, როგორ დაიხაროს, უკეთ როგორ ჩაიცვას, როგორი ავტომობილით იაროს, არამედ მან თავისი სულიერი მოთხოვნილება მოძღვრის დახმარებით სწორად უნდა დაიკმაყოფილოს. სულიერი შვილი უნდა განვითარდეს სულიერად, მოძღვართან ერთად უნდა იპოვოს სწორი გამოსავალი და ასე შეძლოს იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც მას მთელი ცხოვრების განმავლობაში ეღობებოდა წინ სხვადასხვა საცდურის, ვნების, გაჭირვების სახით. მას მოძღვარმა ხელი უნდა შეაშველოს და სწორი გზა უნდა აპოვნინოს, ხელიხელჩაკიდებულებმა უნდა გაიარონ ცხოვრების გზა, ანუ მოძღვარი ყოველთვის უნდა იყოს მსახური ღმერთისა და თავისი მრევლის. მოძღვართან, რომელიც ამ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და სამწუხაროდ, ეს ხანდახან ხდება მოუცლელობის ან სულიერი მდგომარეობის გამო, ჯობია, სულიერი შვილი კარგად დაფიქრდეს – მასთან ერთად წარმართოს სულიერი ცხოვრება, თუ სხვა მოძღვარი მონახოს. მაგრამ, თუ ის იპოვის ამ თვისებების მოძღვარს, საბედნიეროდ, დღეს ასეთი მოძღვრები მრავლად არიან, შეუძლია, მასთან დარჩეს და გააგრძელოს ქრისტიანული ცხოვრება. მოძღვრის მთავარი თვისება, სულიერი მდგომარეობა ის არის, რომ ყველასთვის იყოს ერთნაირი, უპოვრისთვისაც და შეძლებულისთვისაც და არავინ გამოარჩიოს ფიზიკური თუ მატერიალური, თუნდაც სულიერი მდგომარეობის გამო.

– რაც მთავარია, როგორც დღეს ხშირად ხდება, მათი ურთიერთობა მხოლოდ აღსარების თქმით და მოსმენით არ უნდა შემოიფარგლებოდეს.

– ეს საკმაოდ მტკივნეული თემაა, რადგან ხშირად მოძღვრისა და სულიერი შვილის ურთიერთობა, მხოლოდ წირვა-ლოცვაზე მისვლით და აღსარების ჩაბარებით შემოიფარგლება და ფაქტობრივად, სულიერი მოძღვარი თავის სულიერ შვილს არ იცნობს. რა თქმა უნდა, აღსარებით მოძღვარი ადამიანის შესახებ ბევრ რამეს იგებს, მაგრამ ეს ამომწურავი და საბოლოო არ არის. თავად მაცხოვრის მაგალითი რომ გავიხსენოთ, ის თავისი მოციქულებისთვის არა მხოლოდ მოძღვარი და ზეციური მასწავლებელი, არამედ მეგობარიც იყო. თუ მოძღვარი თავის სულიერ შვილთან ერთად ტრაპეზზე არ არის ნამყოფი, არ იცნობს მისი ოჯახის წევრებს, ასევე, მრევლი არ იცნობს მოძღვრის მეუღლეს, შვილებს, მათი ურთიერთობა არ არის მეგობრობაში გადაზრდილი, ეს შეიძლება, სავალალოდაც დამთავრდეს, რადგან მათ ბოლომდე ვერ გაიცნეს ერთმანეთი. როდესაც ისინი ერთმანეთს კარგად არ იცნობენ, ერთმანეთის გულისთქმა არ იციან, შეიძლება, სულიერმა შვილმა რაღაც დააშავოს, მას მოძღვარმა ეს მოჰკითხოს: მხილების, სასჯელის, ეპიტემიის დადებით და მათი ურთიერთობა აქ დამთავრდეს. ამ დროს ადამიანი მას ისე კი არ უყურებს, როგორც მოძღვარს და მისთვის საყვარელ ადამიანს, დამრიგებელს, იმიტომ რომ მას არ იცნობს; არამედ უყურებს, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს და შეიძლება, გამოუსწორებელი შეცდომაც დაუშვას. სწორედ ამიტომ უნდა იყოს მათი ურთიერთობა სიყვარულზე დაფუძნებული. თუ მოძღვარს არ უყვარს სულიერი შვილები, რომელ ურთიერთობაზეა საუბარი. ან პირიქით, თუ სულიერი მრევლი არ ზრუნავს სულიერ მამაზე, არ უყვარს ის, როგორც სულიერი მოძღვარი და მასწავლებელი, რა თქმა უნდა, მათი ურთიერთობა არ აეწყობა.

– ხშირ შემთხვევაში, როდესაც მოძღვარსა და სულიერ შვილს შორის ურთიერთობა არ აეწყობა, ამაში მრევლი ცალსახად მოძღვარს ადანაშაულებს და საკუთარ შეცდომებს ვერ ხედავს, არ აღიარებს.

– სამწუხაროდ, ასეთ მდგომარეობაში მყოფნიც არიან ჩვენს ეკლესიაში და მათ მართლმადიდებლურ ფსიქოლოგიაში დეპრესიულ ადამიანებს უწოდებენ. ისინი ცდილობენ, საკუთარი ვალდებულებები ბოლომდე მოძღვარს დააკისრონ და ამ მდგომარეობას მორჩილებად აღიქვამენ. თუ მოძღვარი ასეთ ადამიანს ეუბნება, რომ ეს უნდა გააკეთოს, როგორც სულისთვის სათნო, ან სხვა რაღაც (ეს კი არ შეესაბამება ქრისტიანობას), ის მოძღვარს ყველაფერში ემორჩილება. მაგრამ, თუ მოძღვრის დარიგებით, სწავლებით, ასე ვთქვათ „ცუდი“ მორჩილებით ადამიანი ცუდ შედეგს მიიღებს, ის ყველაფერს მოძღვარს გადააბრალებს, რომ საკუთარი თავი არაფერში დაადანაშაულოს. ეს ძალიან ცუდი მდგომარეობაა და სასწრაფოდ ჩარევასა და გამოსწორებას მოითხოვს ორივეს მხრიდან. ხშირ შემთხვევაში, ხდება მოძღვრის გაკერპება, ესეც ძალიან საშიში მდგომარეობაა. თუ მასში ჩავარდა ერთი ან მეორე მხარე, რომ არა უფლის დიდი მოწყალება, ისინი შეიძლება, ამ მდგომარეობიდან ვერც გამოვიდნენ. ამ დროს ხდება დედაეკლესიიდან გამოყოფა და ორივე მხარე ცოდოა. ისინი ვერ წავლენ მთავარი მიზნისკენ, რასაც სწორი აზროვნება, ცხონება ჰქვია. მორჩილება ძალიან კარგია, მაგრამ ის არ უნდა გადაიზარდოს მონობაში. რა თქმა უნდა, მოძღვარი დიდ როლს ასრულებს მრევლის ცხოვრებაში, მაგრამ თუ მრევლი არ აცნობიერებს იმას, რომ მისი გადაწყვეტილება მისივე თავისუფალი ნებაა, შეთანხმებული უფლის მცნებებთან, მოძღვრის გადაწყვეტილებასთან, ეს ყველაფერი პათოლოგიამდე მიდის.

– აქვს მოძღვარს იმის უფლება, არ გაუშვას მრევლი სხვა მოძღვართან?

– თუ მოძღვარსა და მომავალ ქრისტიანს შორის აღმოჩნდება სულიერი შეუთავსებლობა, მაშინ ჯობია, ადამიანი სხვა მოძღვართან გადავიდეს, ოღონდ ეს დიდი დაკვირვების შემდეგ უნდა მოხდეს. შეიძლება, ადამიანი წლების განმავლობაში დადიოდეს მოძღვართან, მაგრამ ისინი ერთმანეთს ვერ შეეწყვნენ, როგორც სულიერი შვილი და მოძღვარი. როგორც ხშირად ამბობენ: მე ვერ ვიხსნები ბოლომდე, მოძღვარი ნამეტანი რბილი ხასიათისაა და მკაცრ პასუხს არ მთხოვს ცოდვებზე, ან ფიცხია და უფრო მოსიყვარულე მოძღვარი მჭირდება. ამ შემთხვევაში, მას შეუძლია, დატოვოს და გადავიდეს სხვასთან. სწავლება იმის შესახებ, რომ მოძღვარი არ უნდა აძლევდეს სულიერ შვილს სხვა მოძღვართან გადასვლის კურთხევას, ასეთი რამ არ არსებობს და ეს თავისთავად, არასწორი მდგომარეობაა. მაგრამ ხდება ისეც, რომ ადამიანი ისე გადადის სხვა მოძღვართან, ძველ მოძღვარს არაფერს ეუბნება, არც კი ემშვიდობება. ასეთ ადამიანებს მინდა, შევაგონო, რომ მოძღვარი ერთი, ორი ან სამი წლით იყო მისი სულიერი მამა. ის, შეძლებისდაგვარად, როგორც შეეძლო, იღვწოდა მისთვის, შეეწეოდა, რჩევას აძლევდა. ელემენტარული კულტურაა, რომ მივიდეს მასთან და თავისი გადაწყვეტილება გაუმხილოს, მადლობა გადაუხადოს და დალოცვა მიიღოს.


скачать dle 11.3