კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სასწაულებს ახდენდა ღვთისმშობელი დაბადებისთანავე და როგორ მოხდა მისი შობა



„შობამან შენმან, ღვთისმშობელო ქალწულო, სიხარულით აუწყა ყოველსა სოფელს, რამეთუ შენგან აღმოგვიბრწყინდა მზე სიმართლისა ქრისტე ღმერთი ჩვენი, დახსნა წყევა და მოგვმადლა კურთხევა და განაქარვა სიკვდილი და მოგვანიჭა ჩვენ ცხოვრება საუკუნო”. 21 სექტემბერს ქრიასტიანული სამყარო დედა ღვთისმშობლის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. როგორ მოხდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობა, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):



– ყოვლადწმიდა დედა ღვთისა იშვა ნაზარეთში, უნაყოფო და მოხუცებული მშობლებისგან. ნაზარეთი მთის ფერდობზე მდებარეობდა და იერუსალიმამდე სამი დღის სავალი იყო. ამიტომაც ებრაელებმა, როდესაც შეიტყვეს, რომ იესო ქრისტე ნაზარეთიდან გამოვიდა, თქვეს „ნაზარეთით შესაძლებელი არს კეთილისა რაისიმესა ყოფად”? წინასწარმეტყველების მიხედვით ქვეყნიერების აღთქმული მხსნელი დავითის სამეფო ტომიდან უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბაბილონის ტყვეობის შემდეგ დავით მეფის შთამომავლობა ნელ-ნელა კარგავდა უფლებებს და ბოლოს ის ჩვეულებრივ ხალხს გაუთანაბრდა. როდესაც წინასწარმეტყველთა მიერ მოსწავებული დრო დადგა და სკიპტრა გადაეცა უცხო ტომელ ჰეროდეს, რომლის დროსაც მთლიანად დაითრგუნა ზნეობრიობა და რელიგიურობა, მაშინ იუდეველებმა გააცნობიერეს, რომ დანიელ წინასწარმეტყველის დათქმული ჟამი იწურებოდა და მოუთმენლად დაუწყეს ლოდინი მესიას, რომელიც მათ უცხოტომელების უღლისგან იხსნიდა და სხვა ხალხზე ბატონობას მიანიჭებდა.

– ვინ იყვნენ დედა ღვთისმშობლის მშობლები?

– სწორედ ნაზარეთში ცხოვრობდა ღვთისმოსავი ცოლ-ქმარი – იოაკიმე და ანა. იოაკიმე იუდას სამეფოს ტომის შთამომავალი იყო, ხოლო ანა აარონის ტომის ღვთისმსახური მატთანის უმცროსი ასული. მატთანს სამი ქალიშვილი ჰყავდა: მარიამი, სოფიო და ანა. სოფიოს ასული ელისაბედი არის დედა იოანე წინასწარმეტყველისა. იოაკიმე და ანა ღვთის წინაშე მართლები იყვნენ და მცნებებსაც სუფთა გულით იცავდნენ. ისინი შთამომავლობით იმდენად არ იყვნენ ცნობილი, როგორც მორჩილებითა და გულმოწყალებით. მთელი მათი ცხოვრება ღვთის სიყვარულითა და მოყვასისადმი თანაგრძნობით იყო განმსჭვალული. ისინი საკმაოდ მნიშვნელოვანი შემოსავლის ორ მესამედს ყოველდღიურად გასცემდნენ, ერთ მესამედს ღვთის ტაძარს სწირავდნენ, მეორეს ღატაკებსა და მოხუცებს უყოფდნენ, დანარჩენს პირადი საჭიროებისთვის იყენებდნენ. სათნოებითა და მოწყალებით სავსე ცოლ-ქმარი მხოლოდ იმაზე დარდობდა, რომ უნაყოფოები იყვნენ. თანაც იმდროინდელი წარმოდგენით უშვილობა შეურაცხმყოფელი იყო და უდიდეს სასჯელად მიიჩნეოდა. მათი თანაცხოვრების 50 წელი იყო გასული და იუდეველები ხშირად აყვედრებდნენ. თანაც კანონის თანახმად, რომელსაც ფარისევლები უჭერდნენ მხარს, იოაკიმეს შეეძლო უნაყოფო ცოლთან გაყრა მოეთხოვა, მაგრამ მას უყვარდა ანა და პატივს სცემდა მას არაჩვეულებრივი მოკრძალებულობისა და ღვთისმოსაობის გამო. ისინი ერთად იტანდნენ ყველაფერს, სიყვარულში მტკიცდებოდნენ და არ კარგავდნენ იმედს.

დიდ დღესასწაულზე მათ ჩვეულებად ჰქონდათ იერუსალიმში ასულიყვნენ. იოაკიმე მივიდა ტაძრის განახლების დღესასწაულზე, რათა თანამემამულეებთან ერთად მსხვერპლი შეეწირა, მაგრამ მღვდელმსახურმა მისი მსხვერპლი არ მიიღო, უშვილობა აყვედრა და უთხრა: „უფალმა რაღაც საიდუმლო ცოდვის გამო მოგაკლო კურთხევა”, სხვა თანატომელებმა კი დაუმატეს: „შენ არ გაქვს ნება, მსხვერპლი ჩვენთან ერთად შეწირო, იმიტომ, რომ არ შეგიქმნია ისრაელის თესლი”. ორმოცი დღე და ორმოცი ღამე მართალი მოხუცი ტიროდა, მარხულობდა და ლოცულობდა. როდესაც ანამ ქმრის შეურაცხყოფის ამბავი გაიგო, ატირდა და ახლობლებისთვის საკუთარი მწუხარება რომ დაემალა ბაღში გავიდა. დაფნის ხის ძირას მჯდარი არ წყვეტდა ტირილს, თან ლოცულობდა: „მხოლოდ მე ვარ ველი უნაყოფო, უსიცოცხლო და აღმოუცენებელი, მომხედე უფალო და ისმინე ჩემი ლოცვა”. უცებ მის წინაში ღვთის ანგელოზი წარმოდგა და უთხრა: „ნუ გეშინია, უფალმა ისმინა შენი ლოცვები, შენ გეყოლება შვილი და შენი თესლიდან იკურთხება ყოველი ტომი დედამიწაზე, შენი ასულის სახელი იქნება მარიამი და კაცობრიობა ხსნას მისგან მიიღებს”. ანგელოზი მართალ იოაკიმესაც გამოეცხადა, რომელიც სალოცავად უდაბნოში იდგა და ახარა, რომ შვილი ეყოლებოდათ.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მარიამი ნაკლებად ცნობილ ადგილას – ნაზარეთში დაიბადა, ამქვეყნიური დიდება და პატივი არ შემორტყმია მის აკვანს. სახარების მიხედვით მას კურთხეული და მიმადლებული მაშინ ეწოდა, როდესაც მასში ქვეყნიერების მხსნელი ჩაისახა. იუდეველთა ჩვეულების მიხედვით ახალშობილისთვის მეთხუთმეტე დღეს სახელი უნდა დაერქმიათ. ანგელოზის მითითებით ყრმას მარიამი უწოდეს, რაც ებრაულად ქალბატონს და იმედს ნიშნავს. მარიამი გახდა დედა ღვთისა და ამით ყოველივე შექმნილის ქალბატონად და იმედად იქცა.

– როგორი ბავშვი იყო დედა ღვთისმშობელი?

– გარდამოცემა მოგვითხრობს, რომ როდესაც მარიამი ექვსი თვის გახდა, დედამ მიწაზე დასვა, სურდა გამოეცადა, შეძლებდა თუ არა ფეხზე დგომას. მარიამმა შვიდი ნაბიჯი გადადგა და კვლავ მასთან დაბრუნდა. მართალმა ანამ ხელში აიყვანა და შესძახა: „ცხოველს არს ღმერთი ჩემი, შენ მიწას ფეხს არ დააკარებ მანამ, სანამდის უფლის ტაძარში არ მიხვალ”. ამის შემდეგ ანამ თავის საძინებელ ადგილას განსაკუთრებული სამყოფელი მოაწყო, სადაც არანაირი უწმინდურება არ დაიშვებოდა. ასევე შეკრიბა უმწიკვლო ცხოვრების მქონე ებრაელი ასულები, რათა მათ ეზრუნათ ღვთივრჩეულ ყრმაზე. როდესაც მარიამს ერთი წელი შეუსრულდა, იოაკიმემ მოიწვია ღვთისმსახურები, მწიგნობრები, მოხუცებულები და მათ მარიამი დალოცეს. როდესაც ის ორი წლის იყო, გარშემო მყოფები გაოცებულები იყვნენ მისი გონებისა და გულის არაჩვეულებირივი განვითარებით, რაც მის ასაკს აღემატებოდა. ის სამი წლის ასაკში ტაძრად მიიყვანეს და მოათავსეს ქალწულთა სავანეში, რომელიც უძველესი დროიდან არსებობდა. დადგენილი კანონებისამებრ ის ალიონზე დგებოდა და დღეში სამჯერ ლოცულობდა, დანარჩენი დროის განმავლობაში კი წიგნების კითხვით და ხელსაქმით იყო დაკავებული. საეკლესიო საგალობლებში არის იმის მოწმობა, რომ მარიამს წმიდა ანგელოზები ეცხადებოდნენ და ზეციურ საკვებს მიუძღვნიდნენ ხოლმე. მისი ყოფნა ტაძარში სულიწმიდის მიერ იყო ნაკურთხი. წმიდათა წმიდაში მიყვანიდან დაახლოებით ცხრა წლის განმავლობაში მარიამი ღვთისმოშიშობითა და წმიდა გულით ცხოვრობდა. ტაძარში ცხრაწლიანი ცხოვრების შემდეგ მან პირველი მწუხარება განიცადა, დაკარგა მოხუცი მშობლები, რომელთა ხსენება ღვთისმშობლის შობის ხსენების მეორე დღეს არის. საყვარელ მშობლებთან განშორების შემდეგ მარიამი ღმერთს მიენდო და მხოლოდ იმის სურვილს განიცდიდა, რომ სიცოცხლის ბოლომდე ღვთის მხევლად დარჩენილიყო, მუდამ მის წმიდა ნებას დამორჩილებოდა და მან უფლის წინაშე აღთქმა დადო, რომ სამუდამოდ ქალწულობას დაიცავდა.

– როდის დადგინდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ხსენების აღნიშვნა?

– ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ხსენება უძველესი დროიდან, როგორც მართლმადიდებლური დღესასწაული, ჯერ კიდევ მეთოთხმეტე საუკუნეში დადგინდა. მოციქულთა სწორმა ელენემ ღვთისმშობლის შობის სახელზე აღმართა ტაძარი.



ნათია უტიაშვილი


скачать dle 11.3