კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ირაკლი ჩოლოყაშვილი მაფიის მსხვერპლი



მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი იღბლიან ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება – ფორტუნა არც სცენაზე აქცევს ზურგს და არც ცხოვრებაში. პროფესიაში ყველაზე მეტად მაშინ გაუმართლა, როცა თეატრალურ ინსტიტუტში ლევან წულაძეს შეხვდა. წარმატებული აღმოჩნდა, მათი ტანდემი მარჯანიშვილის სცენაზე. მოგვიანებით ჩოლოყაშვილების დიდი გვარის შთამომავალმა მარჯანიშვილის თეატრშივე იპოვა ბედი. ირაკლი ჩოლოყაშვილი აზარტულ თამაშებშიც იღბლიანია – ყველაზე პოპულარულ შოუში ბინა მოიგო, კაზინოში – ფული, ოღონდ არცთუ ისე ბევრი და ლატარიაში – ტელევიზორი, რომელსაც რახანია უკვე ტუმბოდ იყენებს...



ირაკლი ჩოლოყაშვილი: იღბალს მაინცდამაინც არ ვუჩივი. ამას მას შემდეგ მივხვდი, რაც ჩემს ცხოვრებაში დადგა პერიოდი, როცა დამოუკიდებლად, უფროსების ჩარევის გარეშე უნდა გამეკეთებინა ყველაფერი. ყოველდღიურ ცხოვრებაში მეც ბევრჯერ მიწუწუნია ჩემს ბედზე, მაგრამ მალევე მითქვამს, რომ საწუწუნო არაფერი მაქვს. იღბალი კარგია, მაგრამ შენც უნდა იწვალო. ის, რაც მზამზარეულად მოდის, ისეთი ფასეული არაა – „ცოტა მსხვერპლი“ თავადაც უნდა გაიღო. ძალიან გამიმართლა, რომ ჩოლოყაშვილად გავჩნდი, ეს კარგიც არის და რთულიც. როცა ჩოლოყაშვილი ხარ, მთლად დალხენილი ვერ იქნები, არ უნდა შეარცხვინო ის თამასა, რაც აქამდე მოუტანიათ ჩოლოყაშვილებს. ეს თამასა კი ძალიან, ძალიან მაღალია. მადლიერი ვარ უფლის იმითაც, რომ ჩემს ოჯახში გავჩნდი. ყველა საკუთარი ოჯახით არის ბედნიერი, მაგრამ მე მყავდა სახელოვანი პაპა, მისი სახელი დამარქვეს. პაპა მეღვინე იყო, მისი გაკეთებული სიკეთე ბევრჯერ დამხვდა წინ.

– ასეთი პაპისგან, ალბათ, სოლიდური მემკვიდრეობაც გერგო.

– ჩემი ყველაზე დიდი მემკვიდრეობაა კრამიტი, რომელიც კახეთში ჩვენს სახლს ეხურა. ეს სახლი შემდეგში რევოლუციას შეეწირა. იმ საგვარეულო სახლისგან მარტო კრამიტი დაგვრჩა, მას ახლა უჯრაში ვინახავთ. ყველაფრის მიუხედავად, ის მაინც ჩვენთვის ძვირფასია, ჩემს საგვარეულო ღირსებას და დამსახურებას ისეთი პატივისცემით ვეპყრობი, როკფელერების მემკვიდრეობაშიც კი არ გავცვლი. საერთოდ, ნივთებზე არ ვგიჟდები, ნივთებზე „ჩაციკვლა“ კერპთაყვანისმცემლობისგან ძალიან კი არ განსხვავდება. მთავარი ის ადამიანებია, ვინც ჩვენს გვერდით არიან და ვინც გვიყვარს.

– როგორ ფიქრობ, პროფესიულ არჩევანში გაგიმართლა? როგორც მსახიობი იღბლიანი ხარ?

– რა თქმა უნდა, გამიმართლა, ჩემგან ხიდების ინჟინერი ნამდვილად ვერ დადგებოდა. ჯერ ერთი, არასდროს მაინტერესებდა ტექნიკური სფეროები, მეორეც – მათემატიკაში ვარ არიფი. გამრავლების ტაბულა მხოლოდ იმიტომ ვისწავლე, რომ როგორმე გამოცდა ჩამებარებინა. როგორც კი გამოცდა ჩავაბარე, იმ მომენტიდან ტაბულა აღარ მახსოვს. ტაბულაში ყველაზე კარგი რიცხვი არის 48, იმიტომ რომ ბევრი ციფრი ერითმება. ჩემთვის უფრო მარტივი იქნებოდა შვიდჯერ შვიდი რომ ოცდაშვიდი იყოს (იცინის). ადრე მაღაზიაში რომ გამგზავნიდნენ, გაშტერებული თვალებით ვუყურებდი ხოლმე გამყიდველს. ვფიქრობდი, ხურდაში ხომ არ მატყუებდა, ახლა ფული იყოს და როგორმე დავითვლი (იცინის).

ვერც პროფესიაში ვიტყვი, რომ უიღბლო ვარ. ჩემდა ბედად, თეატრალურ ინსტიტუტში მოვხვდი ლევან წულაძესთან. მე ვფიქრობ, რომ ამან ბევრი რამ სხვანაირად წარმართა ჩემს კარიერაში. ჩვენ თითქმის ერთი თაობის წარმომადგენლები ვიყავით, საერთო ინტერესი იმდენად ბევრი იყო, რომ მალევე დავმეგობრდით. რეჟისორი სპექტაკლის დადგმის დროს მეგობრობაზე მეტად იმაზე ფიქრობს, ვინ რა როლს „გაქაჩავს“. თუმცა, მე კმაყოფილი ვარ იმით, რომ ლევანმა ბევრ სიტუაციაში სწორად შეაფასა ჩემი შესაძლებლობები. ძალიან გამიმართლა პარტნიორების თვალსაზრისითაც. შემდეგ შეიქმნა თეატრალური სარდაფი, სადაც ჩვენი დასის წევრების გარდა მუშაობა მომიწია სხვა თაობის და წრის მსახიობებთანაც, რაც შემოქმედისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემს ცხოვრებაში იყო ბევრი საინტერესო როლი, რომელთა შექმნაში ლევანის გარდა ჩემი ავანტიურისტული ხასიათიც დამეხმარა. იმის მიუხედავად, რომ ცხოვრების რთული პერიოდი გვქონდა, ცოტა და ცუდი როლები არ მაქვს ნათამაშები (იცინის).

– ავანტიურისტი მარტო სცენაზე ხარ, თუ ცხოვრებაშიც?

– ხშირად მივდივარ ავანტიურაზე, ერთფეროვანი ცხოვრება, როცა ყველაფერი დალაგებულია, ცოტა არ იყოს მოსაწყენია. მიყვარს სიურპრიზები, გარისკვა, თან ეტყობა, იღბლის იმედიც ყოველთვის მქონდა. ისე ძლიერ მაქვს განვითარებული ინტუიცია, რომ ყოველთვის ვხვდები საით უნდა წავიდე. ძალიან ოპტიმისტი ვარ, არ მიჭირს უსიამოვნებებთან შებმა და სირთულეების გადატანა. ვიცი, რომ ცხოვრების ცუდ პერიოდს კარგი ცვლის. როცა რაღაც არ გამოდის, განგება უკეთესისთვის გამზადებს. ძალიან იშვიათად, რომ მე პესიმიზმი „შემეყაროს“, ასეთ ერთდღიან მელანქოლიაში, ჩემი მეუღლე მაფხიზლებს ხოლმე. მე ვურჩევ ყველა ქვეყნის პესიმისტს, რომ დაიქსაქსონ და შეუერთდნენ მსოფლიო ოპტიმისტთა დიდ არმიას. ახლა ჩემი ავანტიურიზმის ერთი შემთხვევა გამახსენდა – სეულში ვიყავით გასტროლებზე, კონცერტებს ვმართავდით. ყოველდღე კონცერტის მსვლელობის დროს ინტერვიუს ფორმატით ვმუშაობდით, მაყურებელი გვაჩერებდა, კორეელი წამყვანი შეკითხვებს გვისვამდა, ჩვენს პასუხებს კი რუსი თარჯიმანი თარგმნიდა. ეს გრძელდებოდა ორი კვირის განმავლობაში, შეკითხვები ძირითადად ერთი და იგივე თემას ეხებოდა ხოლმე. ძალიან გვტანჯავდნენ კორეელები, ორი კვირა მათ ტყვეობაში ვიყავით. (იცინის) ინტერვიუებით რომ დავიღალეთ, კითხვებზე პასუხებს აღარც ვცემდით – ქართულად რაც მოგვესურვებოდა, იმას ვსაუბრობდით, სერიოზული სახეებით „ვმაიმუნობდით“, რუსი თარჯიმანი კი აღარც გვისმენდა და თავისას „უბერავდა“ ხოლმე. ასე ვატყუებდით კორეელებს, მათთვის, როგორც ჩანს ეგზოტიკური ხილი ვიყავით, ჩოხებში რომ გვხედავდნენ, ვერ ხვდებოდნენ, რაში იყო საქმე. იმ პერიოდში კორეაში მსოფლიო ჩემპიონატის თამაშები იყო, ჩვენი გუნდი იქ არ თამაშობდა, რომ ჩვენი ქვეყანა გაეცნოთ. მთელი მსოფლიო შიშველი დადიოდა, ჩვენ შავი ჩოხები გვეცვა. რომელი ქვეყნის გუნდის გულშემატკივრები ხართო, გვეკითხებოდნენ. (იცინის).

– პირად ცხოვრებაშიც იღბლიანი ხარ? საკმაოდ დააგვიანე ოჯახის შექმნა, ვერ დავიჯერებ, რომ მანდილოსნებში ბედი არ გწყალობდა.

– ნინო არ ჩანდა და იმიტომ დავაგვიანე, საქართველოში 37 წლის ასაკი მამაკაცისთვისაც კი „კრიტიკულია“, მაგრამ მრავალცოლიანობას, მგონი, ერთი და ნაღდი ცოლი სჯობია. (იცინის) ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ჩემ ირგვლივ ბევრი თაყვანისმცემელი ქალბატონი იყო, რაღაც ურთიერთობებიც არსებობდა, მაგრამ ნინომ ყველაფერს წერტილი დაუსვა. ჩვენი შეხვედრაც, შეიძლება ითქვას, რომ შემთხვევით მოხდა. ნინო თეატრში მოვიდა ქასთინგზე, ჩვენთან რომ არ მოსულიყო, შეიძლებოდა ჩვენი ცხოვრება არც გადაკვეთილიყო. ჩვენ დილიდან საღამომდე თეატრში ვართ „ჩაკეტილები“, იქ ვინმეს ძალით თუ შემოაგდებ, ისე ვინ შემოვა... (იცინის) მსახიობებს მართლა არანორმალური ცხოვრება გვაქვს, ვერ ვიცლით მეგობრებისთვის, არ არსებობს დაბადების დღე, ქორწილი და ნათლობა. ეს არ არის პატარა მსხვერპლი (იცინის). ასეთ რთულ ცხოვრებაში ვიპოვე ნინოც...

– როგორც ჩანს, ბედისწერამ შემოგიგდო ნინო „მარჯანიშვილში“.

– ასეა, ასე... პირდაპირ რეპეტიციაზე შევხვდით ერთმანეთს, თუმცა მე ის ადრეც მყავდა ნანახი სარდაფში. პირველად მაშინ მივაქციე ყურადღება, თუმცა ურთიერთობის აწყობას საკმაოდ დიდი პერიოდი მოვანდომეთ. ვერ ვიტყვი, რომ ნინოს გული იოლად მოვიპოვე.

– ანგარიშთან ვერ ვმეგობრობო მითხარი, აქედან გამომდინარე, ალბათ, ბიზნესის გაკეთების ნიჭიც არასდროს გქონია?

– ასე ნამდვილად არ არის. პირველ კურსზე ვიყავი, როცა მე და ჩემმა მეგობრებმა ლიმონათის ბიზნესი წამოვიწყეთ. ჩვენს ლიმონათს „ბასტი ბუბუ“ ერქვა. ჯერ საამქრო ავაწყვეთ, მერე კიდევ ბევრი სირთულის გადალახვა მოგვიწია. მშვენივრად მიდიოდა ჩვენი საქმე, ბავშვებში ისეთი პოპულარული გახდა ჩვენი ლიმონათი, რომ იმ ოჯახებში, სადაც პატარები ჰყავდათ, ყუთებით დამქონდა ლიმონათი საჩუქრად (იცინის). მერე მოხდა ისე, რომ ბაზარზე შემოვიდა ერთ-ერთი ძლიერი კომპანია და ჩვენ მათი და სახელისუფლებო მაფიის მსხვერპლი გავხდით.

– აზარტულ თამაშებში გიღიმის ფორტუნა?

– არც ამ მხრივ ვუჩივი ბედს. აზარტულ თამაშში არა, მაგრამ ჩემი ყველაზე დიდი მოგება იყო „კალასის“ ბინა, რომელიც „იმედის ტალღაში“ მოვიგე. პრიზის მიღების თეორიული შანსი, რა თქმა უნდა, მეც მქონდა, მაგრამ ასევე შეიძლებოდა, რომ ყველაფერი სხვაგვარად დამთავრებულიყო. იღბალი იმ შოუშიც ძალიან დამეხმარა. შოუს დროს, ერთ მშვენიერ დღეს ძალიან ცუდად დავეცი. იმ პერიოდში მარხვა იყო, მე მოვიქეცი ძალიან ცუდად, მეგობრებთან ერთად ზომაზე მეტი ალკოჰოლი მივირთვი. როცა ვჯდებოდი მანქანაში, აღმოჩნდა, რომ იქ ადგილი არ იყო, მეორე მანქანისკენ წავედი, ბნელოდა, გზაც გაფუჭებული იყო, ფეხი გადამიბრუნდა და დავეცი. 18 ნაკერი დამადეს სახეზე. მახსოვს, სამშაბათი იყო, კიდევ კარგი წინა დღეს გვქონდა ჩაწერილი მომდევნო კვირის ნომერი, თორემ შეიძლებოდა, საერთოდ გამოვვარდნილიყავი იმ პროექტიდან და ვეღარც ბინას მოვიგებდი და ვერც ვერაფერს (იცინის). მოგებულ ბინაში ჯერ არ შევსულვარ, „სამასი არაგველების“ მეტროსთან შენდება ჩვენი სახლი და მშენებლობა, ალბათ, მალე დასრულდება.

რაც შეეხება აზარტულ თამაშებს, ამ მხრივ მიმართლებს, მაგრამ არ ვთამაშობ ხოლმე. ერთი პერიოდი, ხშირად მიწევდა კაზინოში სიარული. მაშინ კაზინო ახალი ხილი იყო და ძალიან მაინტერესებდა, მეც „ვცდუნდი“ სხვებთან ერთად. იქიდან გამომდინარე, რომ კაზინოში მივდიოდი გასართობად და არა ფულის მოსაგებად, უფრო ვიგებდი ხოლმე. როცა „ჩაციკლული“ ხარ იმაზე, რომ აუცილებლად უნდა მოიგო, უფრო არ გიმართლებს. დიდ ფულზე არ ვთამაშობდი, რომ წაგების დროს გული დამწყვეტოდა. თუ ათ ლარს წავაგებდი, ვერთობოდი მაინც, მაგრამ იქამდე არასდროს მივდიოდი, რომ კაზინოს ბოლომდე ჩავეთრიე და „გავეღლიტე“. ხშირად ვყიდულობდი ლატარიის ბილეთებსაც, მანქანის მოგების იმედითაც ბევრჯერ დამირეკავს გათამაშებაში. დუტას გათამაშებაში მოვიგე ტელევიზორი, ამაზე მეხუმრებიან ხოლმე: ეტყობა, მეგობარმა ჩაგიწყოო, მაგრამ თუ ჩაწყობა იყო და ტელევიზორზე მეტი არ მომცა, მაშინ სირცხვილი მაგას (იცინის). ისე, ის ტელევიზორი უკვე გადაიწვა და ტუმბოდ ვიყენებთ, „ჯეოსელის“ სახელზე ვაწყობთ ზედ რაღაცეებს...

თამუნა სამადაშვილი


скачать dle 11.3