კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2018 (152)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)
თებერვალი 2018 (208)
იანვარი 2018 (215)

რისთვის უბოძა ვახტანგ მეექვსემ ზაალ გარაყანიძეს სოფელი თეთრი წყარო და რა ურთიერთობა ჰქონდა ამ უკანასკნელს დავით გურამიშვილთან


ფსიქოლოგი გელა გარაყანიძე მრავალმხრივი ინტერესების მქონე პიროვნებაა. ამჯერად იგი უდიდესი ქართველი პოეტის – დავით გურამიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ისაუბრებს.



გელა გარაყანიძე: გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში ბატონ ნიკა აგიაშვილთან ვმეგობრობდი. თუმცა პაპად მერგებოდა, ისეთი განცდა მქონდა, თითქოს თანატოლები ვიყავით. ლადო ასათიანის ცხოვრებაზე რომანს ვწერდი. ათასნაირი შავი მასალა მქონდა მომარაგებული და მის სისტემაში მოყვანას ვცდილობდი. ბატონი ნიკა ჩემს ყველა შეკითხვაზე ამომწურავ პასუხს მაძლევდა. მასთან კონსულტაციებისას მხოლოდ ორჯერ მქონდა შეფერხება: ჯერ იყო და, 1937 წლის პერიპეტიებზე მესაუბრებოდა უხალისოდ; შემდეგ კი, როგორც მაშინ მეგონა, ერთ უმტკივნეულო თემას გაურბოდა. კერძოდ, მაინტერესებდა ლადოს სტუდენტობის დროინდელი გატაცებანი (დულცინეები), მათი გვარ-სახელებითა და ამურული დეტალებით... ხან ბანზე ამიგდო სიტყვა, ხან ნამუსზე შემაგდო – „რა გინდა, ანიკო გინდა, გადამკიდო?..” ბოლოს „სუსტი წერტილი” მიპოვა – აბა, შენ თვითონ თუ იცი, მართლა იყო თუ არა თქვენი – გარაყანიძეების სიძე დავით გურამიშვილიო? გადაჭრით ვერც „ჰო“ ვუპასუხე და ვერც „არა“... ბოლოს მითხრა, შენი ნათესავისა ვერა გაგიგია, ლეჩხუმელ კაცს რას გაუგებო...

– და თქვენც გურამიშვილის ოჯახური მდგომარეობით დაინტერესდით?

– დავინტერესდი და იმდენი ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრება ამოვიკითხე... გადავწყვიტე, საკუთარი გზით მევლო – ფსიქოანალიტიკური მეთოდით შემესწავლა „დავითიანი”, კონკრეტულად კი – „ქაცვია მწყემსი”... ერთ მშვენიერ დღეს კი გურამიშვილის ბიოგრაფიის მნიშვნელოვანი ნიუანსი „შემოაღმომეჩინა”!

– და რა „შემოაღმოგეჩინათ“ თქვენ?

– დავით გურამიშვილის დედის ვინაობა.

– თქვენამდე არ იყო ცნობილი მისი დედის ვინაობა?

– არათუ ცნობილი არ იყო, ვერსიაც კი არავის ჰქონია ამის შესახებ. ძველი ქართული მწერლობის მკვლევარი, გიორგი ლეონიძე წერდა: „ჩვენ არა ვიცით რა პოეტის დედის შესახებ, რომელიც ღირსია მოხსენიებულ იქნეს ქართული ლიტერატურის ისტორიაში.”

– ვინ აღმოჩნდა გურამიშვილის დედა?

– დავით გურამიშვილს ჰყავდა უფროსი ძმა – იღუმენი ქრისტეფორე, პოლიგრაფი, მისიონერი და სასულიერო მოღვაწე. აი, ამ ქრისტეფორეს შესახებ ამბობს ცნობილი ისტორიული პიროვნება, ზაალ გარაყანიძე (ბერი ზებედე) – ქრისტეფორე ჩემი დისშვილიაო.

თუ ქრისტეფორე ზაალ გარაყანიძის დისშვილია, გამოდის, რომ მისი და მისი ძმის, დავითის დედა გარაყანიძის ქალი ყოფილა, ზაალი კი მათი ბიძაა.

– თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ზაალ გარაყანიძე ცნობილი ისტორიული პიროვნება იყო?

– კი ბატონო. გნებავთ, გადავხედოთ მის ბიოგრაფიას: როდესაც კახეთის მეფე არჩილი, მეჩვიდმეტე საუკუნის 80-იან წლებში, რუსეთის გზას დაადგა, მას თან ახლდა ზაალ გარაყანიძე, რომელიც მისი ნაბოლარა ვაჟის მამამძუძე გახლდათ. სამწუხაროდ, მისი აღსაზრდელი 7 წლის ასაკში გარდაიცვალა და არჩილის ერთგული აზნაური მისმა უფროსმა ვაჟიშვილმა – ალექსანდრემ დაიახლოვა. როდესაც ალექსანდრე ბატონიშვილი პეტრე პირველს გაჰყვა ევროპაში „დიდი ელჩობის” შემადგენლობაში, (1697 წელს) მას სამი ქართველი მსახური ახლდა და, საფიქრებელია, რომ ერთ-ერთი მათგანი ზაალ გარაყანიძე იყო.

ის კი ეჭვს არ იწვევს, რომ სამი წლის შემდეგ ზაალი ნარვის ბრძოლაში მონაწილეობდა. იგი ხომ ბატონიშვილთან ერთად ტყვედ ჩავარდა და 8 წელიწადი შვედური ჯურღმულები ხეხა. ალექსანდრემ პეტრეს წერილი გაუგზავნა და პერსონალურად მოითხოვა ზაალის გათავისუფლება შვედ ტყვეებზე გაცვლის გზით. პეტრემ თხოვნა 1708 წლის 19 ივლისს შეასრულა. ეს ამბები მიამბო ისტორიკოსმა ფრიდონ სიხარულიძემ, რომლის აზრითაც, არჩილმა ზაალი 1711 წელს თავის ძმისწულთან – ვახტანგ მეექვსესთან ქართლში გაგზავნა მნიშვნელოვანი დავალებით. 1712 წელს მეფე ვახტანგი ზაალ გარაყანიძეს თრიალეთში სოფელ თეთრი წყაროს უბოძებს: „... ესე მამულის წყალობის წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქვენ, ჩვენთა დიდათ ერთგულთა და მრავალფერად ერთგულად და თავდადებით ნამსახურსა და გარჯილთა, გარაყანიძეს ზაალს და შვილსა შენსა დავითს, ძმისწულსა შენსა გურგენს და ომანს. მას ჟამსა ოდეს მოგვიდექით კართა დარბაზისა ჩვენისათა და თქვენის ერთგულად სამსახურის სანაცვლოს წყალობას გვიაჯენით, ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი, შეგიწყალეთ და გიბოძეთ თრიალეთზედ ჩვენი სახასო სოფელი თეთრი წყარო მას შიგან მსახლობარის გლეხებითა, სახნავ სათიბითა, ყოვლის მისის სამართლიანის სამძღვრით. დღეს როსაც მქონებელნი იყვნენ, თქვენთვის გვიბოძებია და გქონდეთ ჩვენსა ერთგულად სამსახურისა შინა და არ მოგიშალოთ. აწ გიბრძანებ კარისა ჩვენის ვექილ ვეზირნო, ბრძანება ჩვენი თქვენცა ასრე დაუმტკიცეთ და ნურაოდეს ნუ მოუშლით...”

ამ ამბიდან ახლო ხანებში ზაალს რაღაც სენი შეეყარა და მძიმედ დაავადდა. სიკვდილის პირას მყოფს, ღმერთისთვის უთხოვია, ოღონდ გადამარჩინე და, ბერად შევდგები და დარჩენილ სიცოცხლეს შენი სახელის დიდებას შევწირავო... ბერობაში მისი საერო სახელი ზებედეთი შეიცვალა.

1724 წელს კონსტანტინე კახთა მეფემ ახალგორიდან ელჩები გაუგზავნა პეტრე პირველს. ელჩობის შემადგენლობაში შედიოდნენ: ზებედე, ბერი ქრისტეფორე (გურამიშვილი) და ზებედეს ბიძაშვილი დავით ბეჟანის ძე (გარაყანიძე) ხუთ მსახურთან ერთად.

– რით დაამტკიცებთ, რომ დავით ბეჟანისძე გარაყანიძეა, იგი ხომ რუსულ საარქივო მასალებში ერთთავად „კნიაზად” მოიხსენიება, გარაყანიძეები კი აზნაურები გახლდნენ.

– არცთუ იშვიათია ცალკეული აზნაურული გვარის რუსეთში „კნიაზად” მოხსენიება... ამაზე მაქვს ჩემი ვერსია, მაგრამ, ეს მსჯელობა შორს წაგვიყვანს. რაც შეეხება დავით ბეჟანის ძის გარაყანიძეობას, წარმოგიდგენთ საარქივო საბუთს: „ჩვენ, მეფეთ მეფემან და თვით ხელმწიფემან პატრონმან კონსტანტინემ და თანა მეცხედრემან ჩვენმან, დედოფალთ დედოფალმან პატიოსანმან ფერჯან ბეგუმ, წყალობა გიყავით შენ, ჩვენს ერთგულს და წესისამებრ ნამსახურს ყმას, გარაყანიძეს დავით და შვილსა შენსა ბეჟანს. შენი სამკვიდრო ნოდოკრა და ლაფანაშვილები ძველთაგანაც შენი სამკვიდრო ყოფილიყო და კურთხეულის ბატონის მამის ჩვენისგანაც წიგნები გქონდა. მასუკან უსამართლოთ გამოერთმიათ და ტუსიშვილის ქაიხოსროსთვის მიეცათ. მას უკან ჩვენ რუსეთს გაგგზავნეთ სამსახურზე და კარგა გაისარჯე და ხელმწიფის წყალობა როგორც ჩვენ გვინდოდა, ისე მოგვიტანეთ. ახლა, ამის სანუფქო გიბოძეთ და აღარც მოგიშლით. გქონდესთ და დაგიბედნიეროსთ ღმერთმა ჩვენს ერთგულობასა და სამსახურსა შინა ეს ჩვენი წყალობა.”

– ელჩობის ვინაობა დავადგინეთ და გავარკვიეთ, რომ ერთი მათგანი (ბერი ქრისტეფორე) – პოეტის ძმა არის, მეორე (ბერი ზებედე) – დედის ძმა, მესამე (დავით გარაყანიძე) კი – დედის ბიძაშვილი... ჩვენს მკითხველს „დავითიანის” თქვენეული ხედვის რამდენიმე შტრიხიც მიაწოდეთ.

– გურამიშვილი უაღრესად ეროვნული და ღრმად რელიგიური პოეტია... ნაწარმოების სათაურშიც კი წარმოაჩინა მან საკუთარი მრწამსი. ამ დროს ბევრს ჰგონია, რომ სათაური „დავითიანი” იმგვარივე ტიპისაა, როგორც არჩილიანი, ბაქარიანი, თამარიანი, ვისრამიანი, როსტომიანი, დიდმოურავიანი და სხვა.

– როგორ, „დავითიანი” იმიტომ არ ჰქვია ლექსთა კრებულს, რომ იგი დავით გურამიშვილმა შექმნა?

– არა მხოლოდ მაგიტომ! „დავითიანი” პოეტმა სამი მიზეზის გამო დაარქვა თავის პირმშოს. პირველი იმიტომ, რომ:

„ამად ამ წიგნსა სახელად უწოდე „დავითიანი”,

დავით შევაწყევ, შევკონე, ვით ვარდნი, და ვით იანი”...

ეს გახლავთ სტრიქონები პოემის იმ ლექსისა, რომელიც დასათაურებულია ასე: „მეოთხე დავითის შესხმა და „დავითიანის” ქების იგავი”. ლექსი ასე იწყება:

„დავითის შესხმა შევკონე! ძმას ვარდი უძღვენ, დას – ია”.

მგონი, მეთანხმებით – აქ ავტორს საკუთარი თავი არ ჰყავდა მხედველობაში – წინა სამ შესხმაში სხვა დავითზეა ლაპარაკი!

„გულსა მოვსწყვიტე მუწუკი, მება ზედ ავი თიანი,

ზედ გულზედ ვიბი იგი ხე კაციანი და ღვთიანი”.

სწორედ აქ არის მინიშნება პოემის დასათაურების მეორე და მესამე მიზეზზე („ხე კაციანი და ღვთიანი”). როგორ ფიქრობთ, რომელ ხეზეა საუბარი? ამ სტროფის „გასაღები” გურამიშვილს პოემის დასაწყისში აქვს მოცემული: „ნერგად მას ვსახავ, იგ რაც ხე ისახა იესესითა;

ვინცა გამოსცა ნაყოფი თვისთა ნათქვამთა, ხე ვითა;

შურდულ-ქვით სძლია მებრძოლთა დამბადებელი ესვითა,

შტო-მორჩად ქართველთ უფალთა, ვინც მასზე ბმულ ჩანს ფესვითა”.

აქ მოხსენიებული იესეს შესახებ, აკადემიკოსი კორნელი კეკელიძე თავის კომენტარებში შენიშნავს: „იესე, ბიბლიური პერსონაჟი – მამა დავით წინასწარმეტყველისა და ებრაელთა მეფისა, რომელმაც „შურდულ-ქვით სძლია „მტერს” – გოლიათს და რომელზეც „ბმულ ჩანან ფესვით ქართველთ უფალნი”, ესე იგი, რომლისგან წარმოსდგებიან ქართველთა მეფეები – ბაგრატიონები”.

– ყველაზე რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება „დავითიანის” ირგვლივ.

– „ვინც არა ჰგავს კახებარსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად”. ტრადიციული შეხედულებით, კახაბერი ძველი საქართველოს ლეგენდარული გმირია. შესაბამისად, ამ სტრიქონების აზრი ასეთია – ვინც გმირს არ ჰგავს, მე გმირად ვერ ვიტყვიო.

ჩემი პირადი აზრი დიამეტრალურად საწინააღმდგოა: კახაბერი ძველ საქართველოში გმირის კი არა, მოღალატე კაცის სინონიმი იყო. ამდენად, სტრიქონის აზრს მე ასე ვკითხულობ – ვინც არა ჰგავს მოღალატეს, მე ვერ ვხერხებ მოღალატედ.

მკითხველის გონებამახვილობაზე მიმინდვია ჩემი მოსაზრებისთვის არგუმენტების მოძიება.


скачать dle 11.3