კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (100)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

ვისთან ერთად შემოივლის ფეხით დედამიწას გიორგი ვარდოსანიძე და რატომ ვერ გახდა ინდივიდუალური „მარიაჟი“ ბავშვი კარგი შერლოკ ჰოლმსი


სერიალმა „გოგონა გარეუბნიდან“ პირველი სეზონი დახურა. ჩვენი რესპონდენტი სწორედ ამ სერიალის ერთ-ერთი პერსონაჟი, ლევანი, იგივე გიორგი ვარდოსანიძეა, რომელიც მაყურებელმა საკმაოდ სწრაფად შეიყვარა. ის ისეთივე მხიარული, ენერგიული და სიცოცხლით სავსეა, როგორიც ლევანი. თავისი პერსონაჟის მსგავსად მასაც ხშირად უგრძნია თავი შერლოკ ჰოლმსად და არაერთი ჩუმი გამოძიება ჩაუტარებია. რაც შეეხება მის სამსახიობო დოსიეს, გიორგი უკვე მესამე წელია მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობია. ამ თეატრთან მისი ურთიერთობა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა პირველი კურსის სტუდენტი იყო. მაშინ მანანა ბერიკაშვილის ინიციატივით, ითამაშა სპექტაკლში „ბედნიერი ერი.“



– ხშირად ხდება შენს ცხოვრებაში მოულოდნელობები?

– ვიტყვი, რომ ბედნიერ ვარსკვლავზე ვარ დაბადებული. საქმის ამბავში ყოველთვის მიმართლებს. ისეთ ხალხში მიწევს ტრიალი, ვისგანაც ძალიან ბევრს ვსწავლობ. უცებ გამოხტება ისეთი შემოთავაზება, სადაც მიმართლებს და როლზე მიყვანენ – თუნდაც, სერიალი „გოგონა გარეუბნიდან.“ ჩემმა მეგობარმა ძალიან მთხოვა, იქნებ მიხვიდე, რას კარგავ, სცადეო. მეგობარს რომ ვერ აწყენინებ და წახვალ, მეც ასე მივედი ქასთინგზე. მივედი და გამიმართლა, ამიყვანეს. მე თვითონაც ვერ ვხვდები, თურმე ჩემს გარშემო ყველაფერი კარგად ტრიალებს.

– „გოგონა გარეუბნიდან“ პირველი სერიალია რომელშიც მონაწილეობ, თუ იყო კიდევ სხვა?

– პირველ კურსზე რომ ვიყავი, იმ პერიოდში ძალიან მონდომებით დავდიოდი ქასთინგებზე. ერთ-ერთი ქასთინგის შემდეგ ამიყვანეს რომელიღაც სერიალში, რომელიც „რუსთავი 2-ზე“ გადიოდა. დამირეკეს აყვანილი ხარ როლზე, მოდიო, მაგრამ თეატრალურიდან არ გამიშვეს. რეჟისორმა მითხრა, დაივიწყე სერიალებიო. მაშინ კი მეწყინა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ სწორად მოიქცა. მას მერე ქასთინგებში მონაწილეობაზე ხელი ჩავიქნიე და აღარც ვყოფილვარ. ერთი წლის წინ კი ასე უცაბედად აღმოვჩნდი სერიალში „გოგონა გარეუბნიდან.“

– ამის გამო მადლობა თუ უთხარი იმ ადამიანს, რომლის წყალობითაც გადაწყვიტე ამ კონკრეტული სერიალის ქასთინგზე მისვლა?

– კი, მას მადლობა ვუთხარი იმის გამო, რომ ასეთ კარგ და ნიჭიერ ხალხში მისი წყალობით აღმოვჩნდი. ეს არის „ღამის შოუ სტუდია,“ რომელთა ხუმრობებზეც გავიზარდე „რადიო 105-ის“ დროიდან მოყოლებული. ვგიჟდებოდი ამ ხალხზე, ისინი ჩემთვის კარგი იუმორის ეტალონები იყვნენ.

– გადაღების პროცესი როგორია?

– ვგიჟდები გადაღების პროცესზე, რაც არ უნდა დაღლილი ვიყო რაღაც უნიჭო იუმორს ვანთხევ, ოპერატორს ვაცინებ, მაცინებს. ბევრს „ვბაცნობ“ ხოლმე. გადაღების პროცესი მართლა ძალიან სასიამოვნოა. ვიცინით, ვერთობით, მაგრამ საქმე ხუთიანზე კეთდება.

– რა მსგავსებას ხედავ შენსა და ლევანს შორის?

– ჩემი მეგობრები ხუმრობენ, შენსა და ლევან ხომერიკს შორის არანაირი განსხვავება არ არისო (იცინის). ჩემი აზრით, ლევან ხომერიკი რაღაცეებს იუმორით უყურებს და სწორეს ეს არის მისი თავდაცვის ნიღაბი. რაღაცეებში ვგავარ, მაგალითად უნიჭო იუმორით. ვცდილობ რაღაც სიტუაციებში ლავირება მოვახდინო ისევ ამ იუმორზე დაყრდნობით. ეს საერთო გვაქვს მე და ხომერიკს. კიდევ რა, ორივე ენერგიულები ვართ და ბევრი ლაპარაკი გვიყვარს. ვიზუალითაც ვგავართ ცოტა რაღაცით.

– ერთ-ერთი სერია განსხვავებულად სახალისო იყო, განსაკუთრებით იქ შენი გმირი გამოირჩეოდა.

– ძალიან გამახარეს სცენარისტებმა. სანამ მეცხრე სერიის წერა დაიწყებოდა, მითხრეს, ძალიან მაგარ რაღაცას ვწერთ, შენ რომ მოგეწონება ისეთსო. ერთი სული მქონდა, სცენარი ხელში ჩამეგდო და წამეკითხა. რომ წავიკითხე, უბედნიერესი ადამიანი ვიყავი.

– ცხოვრებაში თუ ხარ შერლოკ ჰოლმსის ტიპაჟი?

– ბავშვობიდან დეტექტივობა მინდოდა, ლუპით დავდიოდი, საქაღალდეებით, ვითომ ვიღაცას ვუთვალთვალებდი და ასეთი ბავშვური იდიოტობები. ჩავაბარე კიდეც სამართალმცოდნეობაზე, მაგრამ გადავიფიქრე, რადგან მივხვდი, რომ ჩემგან კარგი დეტექტივი არ დადგებოდა.

– ოჯახში შენს გარდა თუ არის კიდევ სხვა მსახიობი?

– მთელ საგვარეულოში არავინ გვყავს მსახიობი – არც დედის მხრიდან და არც მამის. პირველი მე ვარ.

– რამ გადაგაწყვეტინა ამ პროფესიის არჩევა?

– ბავშვობაში კი დავდიოდი დრამწრეზე, მაგრამ მსახიობის პროფესიაზე არასდროს მიოცნებია. ძალიან სასაცილო ფაქტი მოხდა. ჩემმა მეგობარმა, რომელთან ერთადაც ვიზრდებოდი, მითხრა, მოდი ვცადოთ და თეატრალურში ჩავაბაროთო. ბავშვურად ვიფიქრეთ. თეატრალური სტუდენტობის კარგი გატარების საშუალება გვეგონა – კარგი გოგონები, კარგი გართობა, შანსი, რომ გახდე პოპულარული. გაგვიმართლა და ორივემ ჩავაბარეთ, თან ერთ ჯგუფში მოვხვდით. მოკლედ, ბავშვური დებილური აზრებით მივედით და უცებ მივხვდით, რომ ისეთ ადგილზე მოვხვდით, იქ მარტო კარგი გოგონები და გართობა არ გველოდა. თურმე, სხვა რაღაცაც ხდებოდა და თუ არ ისწავლიდი, ისე არაფერი გამოვიდოდა. ხომ ამბობენ, სცენის მტვერი შეგეყრება და მოიწამლებიო. ჩვენ აუდიტორიის მტვერით მოვიწამლეთ და ვგრძნობდი ეს საქმე ნელ-ნელა როგორ მიყვარდებოდა.

– მანდილოსნებში თუ სარგებლობ პოპულარობით?

– რომ გითხრათ არაო, მოგატყუებთ, რომ გითხრათ ძალიან-მეთქი, ეგეც ტყუილი იქნება. ყოველთვის იყო ადამიანი ჩემს გვერდით ოფიციალური ან არაოფიციალური სტატუსით. ბავშვობიდან გოგონების ყურადღების ცენტრში ვიყავი. ცოტა დებილი, გამორჩეული ბავშვი ვიყავი.

– რატომ?

– ინდივიდუალური „მარიაჟი“ ვიყავი ბავშვობიდან, გოგონები თუ მიყურებდნენ, წრეში ბურთსაც კი სალტოებით ვთამაშობდი. ფეხბურთის თამაშის დროს სტადიონთან ერთ გოგოს მაინც თუ დავინახავდი, თამაშის მანერას ვცვლიდი, რაღაც „ფინტაობას“ ვიწყებდი – ლამაზად ვეცემოდი, ლამაზად ვურტყამდი ასფალტს სახეს და ასე შემდეგ. მარიაჟი დღესაც ვარ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ნაკლები დოზით, ბავშვობისგან განსხვავებით.

– მას შემდეგ რაც სერიალში გამოჩნდი, თაყვანისმცემლებმა თუ იმატეს?

– წესიერი ადამიანი ვარ, შეყვარებული მყავს და პატიოსნად ვიქცევი, მაგრამ, რა შედარებაა, ქუჩაში ყოველთვის ვგრძნობ, რომ მიყურებენ, მიღიმიან, მცნობენ, მესალმებიან და ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნოა. მართალია, თაყვანისმცემლების რიცხვმა სერიალის შემდეგ ერთიორად მოიმატა, მაგრამ ჩემი სიყვარულის ერთგული ვრჩები.

– როგორი გრძნობაა, როცა პირველად ხვდები, რომ ვიღაცამ გიცნო?

– ძალიან მაგარი. ყოველთვის მინდოდა, ეს განმეცადა. „მუსიკის ჰანგების“ ჩაწერა გვქონდა „პროფილში,“ სადაც ვმღეროდი. ერთმა მანდილოსანმა მითხრა, შენ ის არ ხარო? გოგო მართლა გამეპრანჭა და იმის შანსი მქოდა, მასთან დიალოგი მაინც გამება. იმდენად დავიბენი, რომ ძალიან „დერსკად“ ვუთხარი, ჰო, მე ვარ-მეთქი. უცებ მივხვდი, რომ შტერობა ვქენი. გავიხედე და ზედ აღარ შემომხედა. ასე რომ, ამ მხრივ პირველი შთაბეჭდილება არცთუ ისე კარგად მახსენდება. მერე უკვე „გოგონა გარეუბნიდან“ პირველი სერია რომ გავიდა, მაღაზიაში კედების საყიდლად შევედი. ყველა მიყურებდა, თან ვხვდებოდი, რატომ მიყურებდნენ, თან ვერა, რადგან ჯერ მხოლოდ ერთი სერია იყო გასული. ძალიან ფამილარული გამყიდველი შემხვდა და რომ დამინახა, ჩვენი ლევანი მოვიდაო, დაიყვირა და მეც სახე გამინათდა, ბედნიერი ვიყავი. ისე ვამაყობდი, ეს ამბავი ყველას მოვუყევი. მას მერე უკვე ლევანის სახელს შევეჩვიე და ჩვეულებრივად ვრეაგირებ ამ სახელზე.

– რომანტიკოსი ხარ?

– კი, მხოლოდ ისეთი, რომ მალავს.

– ანუ, „მარიაჟი“ რომანტიკოსი, არა?

– „მარიაჟი“ რომანტიკოსი ნამდვილად არ ვარ, თუმცა გულის სიღრმეში სულ ვცდილობ, ჩემს საყვარელ ადამიანს და ახლობლებს ჩემი რომანტიზმით ისეთი რაღაც გავუკეთო, რითაც ისინიც ბედნიერები იქნებიან და მეც ჩემს ჭიას გავახარებ.

– შენი საყვარელი ადამიანიც მსახიობია?

– ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს, ახლა ჩააბარა თეატრალურ უნივერსიტეტში. ძალიან მინდა, ბევრს მიაღწიოს თავისი შრომით.

– არ ეჭვიანობს მას შემდეგ, რაც ერთი-ორად პოპულარული გახდი და გოგონებიც არ გაკლებენ გაპრანჭვას?

– ერთხელ ძალიან სასაცილო ფრაზა თქვა, ამას უკვე შევეჩვიეო. თავიდან ცოტა ვერ ხვდებოდა. მაგრამ, ახლა მიხვდა, რომ ეს ისეთი არაფერია და თუ რამეა, ისევ მე მივქარავ, თორემ მისთვის არაფერი იცვლება. დღეს ეამაყება, რომ იგი დგას ჩემს გვერდით. მართალია, ყველა ქალი ეჭვიანია, მაგრამ ის დიდი დოზით არა.

– შენ რა დოზით ხარ ეჭვიანი?

– ო, მე მტრისას… ეს ჩემთვის ძალიან მძიმე თემაა, მაგრამ კერძოდ, ამ ურთიერთობაში 100 პროცენტით მშვიდად ვარ და ზედმეტი ფიქრი არ მიწევს. ეჭვიანობის საბაბს არ მაძლევს და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. ჩვენ ერთმანეთს ვუფრთხილდებით.

– გამოდის, რომ ამ ადამიანმა შეგცვალა.

– კი, ბევრი რაღაც რადიკალურად შეცვალა.

– სიყვარულის გამო რა სიგიჟე ჩაგიდენია?

– ისეთი შტერობა მიქნია იმის გამო, რომ გოგო მომწონდა და ერთი წუთით მინდოდა მენახა, მერე მე თვითონ გამცინებია. ან არ მეზარებოდა, ან გვერდით ვინმე არ მყავდა, რომ ეთქვა, გაჩერდი ბიჭო, სად მიდიხარო?! მგონი, 18 წლის ვიყავი, გოგოს გამარჯობით ვიცნობდი, რომელმაც ერთხელ გამიღიმა და მეგონა, უკვე ჩემი შვილების დედა იყო. რაიონში წავიდა, ამ დროს კი მე ჩემი მეგობარი გავაღვიძე ღამის 3 საათზე. ჯიბეში 10 ლარი მედო მხოლოდ, ასევე მასაც. რა უნდა გვექნა, წასასვლელადაც არ გვეყოფოდა. ბოლოს ვუთხარი, წამოდი, ფეხით წავიდეთ-მეთქი. ერთი უარი არ უთქვამს, ისიც ზუსტად ჩემი ჭკუისაა. შეგვიძლია, მთელი დედამიწა ფეხით მოვიაროთ და არ ვიწუწუნოთ. ფეხით 12 საათი ვიარეთ, გზაში ვიღაცამ წყალი დაგვალევინა, ვიღაცამ ხაჭაპური გაგვიტეხა. ზოგს ეცინებოდა, რომ იგებდნენ სად მივდიოდით ფეხით და საგზალს გვაძლევდნენ. მოკლედ, ჩავედით და არ ვიცოდი, რა მეთქვა – ფეხით გამოვიარე ამხელა მანძილი იმიტომ რომ მენახე? არა! ამიტომ სხვა რაღაც უნდა მომეფიქრებინა. მივედი, მივესალმე და რომ მკითხა, აქ რა გინდაო, მეგობართან ჩამოვედი სტუმრად-მეთქი. დავემშვიდობე და უკან წამოვედი. მერე მივხვდი, რომ ძალიან შტერობა გავაკეთე, არაფერი გამომივიდა. ზუსტად 12-13 წამით ჩემი ჭია გავახარე და ისევ უკან წამოვედით. ვიღაც ნაცნობი ვიპოვეთ, რომელმაც „მარშუტკაში“ ჩაგვსვა, წადით ახლა სახლშიო. ჩემი მეგობარი მთელი გზა დამცინოდა, შეიძლებოდა, უკეთესი რამეც გექნაო. რა ვქნა, ვერ მოვიფიქრე მეტი ვერაფერი. დაბნეულობამ მაჯობა.


скачать dle 11.3