კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ანიჭებს ყველაზე დიდ სიამოვნებას ამიკო ჩოხარაძეს და რაზე ვერ იტყვის ის ვერასოდეს უარს


„შაბათის შოუს“ მსახიობები მაყურებელს ყოველთვის კარგი იუმორისტული პროგრამითა და კონცერტებით ანებივრებენ. თითოეული მსახიობი უსაზღვროდ ნიჭიერია, მათმა ერთ-ერთმა წევრმა, ამიკო ჩოხარაძემ კი, ხალხის სიყვარული ეკრანზე გამოჩენისთანავე დაიმსახურა. იგი წარმოშობით აჭარელია, მაგრამ, გადატვირთული გრაფიკის გამო, მშობლიურ კუთხეში ჩასვლას იშვიათად ახერხებს. სამი წელია, რაც „შაბათის შოუს“ ბიჭებს შეუერთდა და თავისი ბედით ძალიან კმაყოფილია. რა სიახლეებია მის ცხოვრებაში და რა გზა გამოიარა მან, სანამ წარმატებას მიაღწევდა, ამ ყველაფრის შესახებ თავად ამიკო გვესაუბრება.



– ამიკო, რა ხდება ამ ეტაპზე შენს ცხოვრებაში, რით ხარ დაკავებული?

– ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი კარგი რამ ხდება, ყოველ შემთხვევაში, მე კმაყოფილი ვარ ჩემი სიახლეებით. სამსახურში ახლა შვებულება გვეწყება და მიხარია, იმიტომ, რომ დავისვენებ. პირად საკითხებშიც არის სიახლეები, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში. საერთო ჯამში, ყველაფერი ნორმალურად მიდის. ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, როგორც ყველა. ორშაბათიდან პარასკევამდე ვმუშაობ, შაბათ-კვირას კი ვცდილობ, მაქსიმალურად დავისვენო და, რაც გამოვტოვე, ის აღვიდგინო. მაგრამ, არის დღეები, როცა ვერც შაბათ-კვირას ვახერხებ დასვენებას – შეიძლება, გარე გადაღება გვქონდეს და მაგიტომ. მოკლედ, მთლიანად ჩართული ვარ ჩემს საქმეში და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

– როგორ ფიქრობ, იღბლიანი ადამიანი ხარ?

– ვფიქრობ, რომ ვარ იღბლიანი, თუნდაც იმიტომ ვარ იღბლიანი, რომ პოპულარობა მოვიპოვე, ვარ ძალიან ნიჭიერი და კარგ ადამიანებთან ვიმყოფები. საერთოდ, ხშირად მიმართლებს ხოლმე, არა მხოლოდ სამსახურის მხრივ, არამედ ცხოვრებაშიც, მაგრამ, ჩემს პოპულარობას და, თუნდაც იმას, რასაც აქამდე მივაღწიე, მარტო იღბალს ვერ დავაბრალებ. ეს, ალბათ, პირველ ყოვლისა, ჩემი ნიჭის დამსახურებაა. ძალიან მონდომებული ვარ და ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები. ალბათ, შეამჩნია ეს მაყურებელმა და ამიტომ მოვიპოვე მათი სიყვარული. საერთოდ, რისკიანი ადამიანი ვარ და, ჩემი ეს თვისება რომ არა, ახლა აქ არ ვიქნებოდი. თუ არ გარისკე, ვერაფერს მიაღწევ ცხოვრებაში. თუმცა, იმაზეც უნდა დაფიქრდე, რა შეიძლება ამას მოჰყვეს.

– რაზე ვერ იტყვი უარს ვერასდროს?

– ალბათ, სიცოცხლეზე. შეიძლება, კიდევ იყოს რაღაც-რაღაცეები, რაზეც უარს ვერ ვიტყოდი. მაგალითად, ჩემს პროფესიაზე ვთქვი უარი და იმიტომაც ვარ აქ – საზღვაო აკადემია მაქვს დამთავრებული და, შესაბამისად, მეზღვაური უნდა გამოვსულიყავი, მაგრამ ყველანაირად ვეცადე, რომ ეს არ მომხდარიყო და რაღაც გზა მეპოვა, რომ გამეკეთებინა ის, რაც შინაგანად მინდოდა და, მგონი, გამომივიდა.

– ამისთვის დიდი შრომა დაგჭირდა?

– რა თქმა უნდა! აბა, მარტივად არაფერი ხდება. მე ბავშვობიდან ახლო ურთიერთობა მქონდა სიმღერასთან, ცეკვასთან, ყველაფერთან, რაც სცენას შეეხება: დავდიოდი ბავშვთა სტუდიაში, გამოვდიოდი კონცერტებზე, დავამთავრე სამუსიკო სკოლა. ბავშვობიდან მიყვარდა ჯეკსონი და სულ ვცდილობდი, მისთვის მიმებაძა. შემდეგ იყო „კავეენები“, გამოვდიოდი „მანსანკანზე“ – ეს იყო შიდა საფაკულტეტო შეჯიბრებები. ყოველთვის ვცდილობდი, რაც შეიძლება მეტი გამეკეთებინა, რომ ჩემი მიზნისთვის მიმეღწია. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი წარმატება კი ის არის, რომ ასეთ კარგ ადამიანებთან მოვხვდი – ძალიან თბილად მიმიღეს. აქ ბევრი რაღაც ვისწავლე. შეიძლება, ვიცოდი, სცენაზე როგორ უნდა მემღერა, მაგრამ, როგორ უნდა მეთქვა ხუმრობა – ასე კარგად არ ვიცოდი. ყველაფერი თავისთავად მოხდა: ბევრი რაღაც ვისწავლე, ბევრიც ვიცოდი და, საბოლოო ჯამში, აღმოვჩნდი სცენაზე, სადაც უკვე დახვეწილი წარვდექი მაყურებლის წინაშე.

– კმაყოფილი ხარ შენი ცხოვრებით?

– შეიძლება ითქვას, კმაყოფილი ვარ, მიმაჩნია, რომ ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან მომწონს ჩემი ცხოვრება. შანსი რომ მომეცეს, ყველაფერი თავიდან დავიწყო, ამ შანსს ხელიდან გავუშვებდი. შეიძლება, ცხოვრება თავიდან რომ დავიწყო, ასე აღარ გამიმართლოს, ანუ, ასე კარგად ვერ ვიყო, როგორც ახლა. რისკიანი ადამიანი კი ვარ, მაგრამ, ამ შემთხვევაში ძალიან დიდ რისკზე მივდივარ. დამიჯერე, რა, მართლა გულით გეუბნები, ახლა შანსი რომ მქონდეს, ცხოვრება თავიდან დავიწყო, მაგ შანსს ძალიან თამამად გავუშვებდი ხელიდან.

– სცენაზე ძალიან მხიარული ხარ, ცხოვრებაშიც ასეთი ხარ?

– რომ გითხრა, სერიოზული და ძალიან სასტიკი ვარ – ეგრეც არ არის. ძალიან მხიარული ვარ, ადვილად შევდივარ ადამიანებთან კონტაქტში, მიყვარს მეგობრებთან ერთად ყოფნა. დღე არ დამთავრდება ისე, რომ არ ვიხუმროთ და კარგი დრო არ გავატაროთ. ეს, ალბათ, ჩემი სამსახურიდანაც გამომდინარეობს – მხიარული დღეები მაქვს.

– პოპულარობა გსიამოვნებს?

– რომ გითხრა, პოპულარობა სიამოვნებას არ მანიჭებს, მაწუხებს და ცუდად მხდის-მეთქი, დამიჯერებ? რატომ არ უნდა მსიამოვნებდეს, ვერ ვხვდები. მაგას რა ჯობია! პირიქით, პოპულარული რომ არ ვიყო, ალბათ, ვინატრებდი პოპულარობას. ერთადერთი უარყოფითი, რაც შეიძლება, დავასახელო, ის არის რომ, ხალხი ცდილობს, სულ პატივი მცეს – თუნდაც, მაღაზიაში არ გადამახდევინონ ფული და მსგავსი რაღაცეები, ეს, რა თქმა უნდა, კარგი საქციელია მათგან და ამით სიყვარულს გამოხატავენ, მაგრამ, ძალიან უხერხულ სიტუაციაში ვვარდები ამის გამო და ვცდილობ, იმ მაღაზიაში, ან იმ კაფეში აღარ შევიდე ხოლმე. მხოლოდ ეს შეიძლება ჩავთვალო მინუსად.

– როცა „შაბათის შოუს“ ბიჭები იკრიბებით, ალბათ, ბევრს ხალისობთ და სასაცილო სიტუაციებშიც ხშირად ხვდებით.

– დიახ, არის ხოლმე ასეთი შემთხვევები. არა მარტო ჩვენ, არამედ ყველას შეიძლება, შეემთხვას რაიმე კურიოზი. მაგალითად, ერთი გამახსენდა: ისრაელში მივდიოდით და ბიჭებმა დასალევი წამოიღეს. მე საერთოდ არ ვსვამ – ცხოვრების ფხიზლად ყურება მიყვარს. მიშა ანდღულაძე ისე დათვრა, ენით აუწერელ სისულელეებს ამბობდა, ვერ ლაპარაკობდა, ასოები ერეოდა, სიტყვებს ანაცვლებდა. საზღვარზე ყველას ჩანთებს უმოწმებდნენ. ვახო ბიჭიკაშვილს ჰქონდა დასალევი წამოღებული. პოლიციელმა რომ დასუნა, გადააგდებინა, ისეთი ძლიერი ალკოჰოლი ყოფილა, ერთი ნაპერწკალი და, შეიძლებოდა, აფეთქებულიყო. ყველაზე სასაცილო აქ იყო ვახოს რეაქცია: შეჰყვირა – შენ გული არ გაქვსო, მერე მთელი თხუთმეტი წუთი ელაპარაკებოდა, სთხოვდა რაღაცეებს. ბოლოს აღმოჩნდა, რომ ამ მესაზღვრემ მხოლოდ ივრითული ენა იცოდა და არაფერი არ ესმოდა. საწყალი ვახო ტყუილად ლაპარაკობდა.

– შენს მშობლიურ კუთხეში რომ ჩადიხარ, ხალხი როგორ გხვდება? ალბათ, ძალიან ამაყობენ შენით.

– ნამდვილად ასეა. მათ სიყვარულს თუნდაც იმაში ვგრძნობ, რომ მოდიან და თბილ სიტყვებს მეუბნებიან, ცდილობენ, პატივი მცენ. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულო ფაქტია და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ხალხს ვუყვარვარ – ამაზე კარგი რა შეიძლება, იყოს.

– ბოლოს, შენი სამომავლო გეგმების შესახებაც მოგვიყევი.

– საერთოდ, წინასწარ არაფერს არ ვგეგმავ. დაე, მოხდეს ის, რაც მოსახდენია. ჯერჯერობით, როგორც უკვე გითხარით, კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრების სტილით, მომავალში რა იქნება – ამას ვერ გეტყვით. რაც შეეხება სამსახურს, ამ ეტაპზე ვმუშაობთ პროექტზე „დაამარცხე ვარსკვლავი“. დანარჩენი ყველაფერი ძველებურად არის. თუ რამე ახალი იქნება, აუცილებლად შეგატყობინებთ.


скачать dle 11.3