კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (145)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

როგორ გადარია ხალხი ჯაზფესტივალზე ქართველმა ჯაზმენმა


სულ ახლახან ბათუმი „შავი ზღვის ჯაზფესტივალს“ მასპინძლობდა, სადაც ჯაზის უცხოელ ლეგენდებთან ერთად ქართველი ვირტუოზი პიანისტები, გიორგი მიქაძე და ბექა გოჩიაშვილიც მონაწილეობდნენ. გიორგი მიქაძემ თავის ტრიოსთან ერთად სცენაზე ისეთი ცეცხლი დაანთო, არა მხოლოდ ქართველი მაყურებლის, არამედ უცხოელი ჯაზმენების გაოცებაც გამოიწვია. ახალგაზრდა პიანისტი აგვისტოში ბერკლის მუსიკალურ კოლეჯში სასწავლებლად მიემგზავრება და მას დიდ წარმატებას ვუსურვებ.



გიორგი მიქაძე: ბათუმში რომ ჩავედი, ძალიან კარგი ამინდი დამხვდა, თუმცა, არ მეშინოდა ცუდი ამინდის, წვიმის, იმიტომ რომ ჯაზი ყველაფერს უძლებს. ყველაზე რთულს – დროს გაუძლო და წვიმას არც ჯაზი შეუშინდებოდა და არც მე. კონცერტამდე ხმის გასასწორებლად წავედი, ამ დროს მოვიდა როი ჰარგროვის პიანისტი, ჯონათან ბატისტი, რომელიც დღეს ჩემი მეგობარია. ისინი ჩემ შემდეგ გამოდიოდნენ და ორგანიზატორებმა მითხრეს, ვაცადოთ, ჯერ ამათ გაასწორონ ხმა და მერე შენო. რა თქმა უნდა, ვაცადე, მერე მივედი ჯონათანთან, ვუთხარი, რომ ვაპირებდი ბერკლიში სწავლას, გაოცებულმა შემომხედა – ძალიან ბედნიერი ხარო. მერე რაღაც აკორდი აიღო და მკითხა, შეგიძლია, ამ აკორდზე დაუკრაო? მეც დავჯექი და დავიწყეთ ოთხ ხელში დაკვრა. მე ქართული აკორდები ვაჩვენე და გადაირია, ძალიან მოეწონა. „საუნდ ჩეკის“ ნაცვლად, პატარა „ჯემ სეიშენი“ მოვაწყეთ. შემდეგ გავასწორე ხმა, წავედი, მოვწესრიგდი, ბერკლის მაისური ჩავიცვი, რომელიც ბოსტონში ბერკლის მაღაზიაში ვიყიდე. რაც მთავარია, კონცერტზე გვიან მივედი – მინდოდა, კარგად დაღამებულიყო და ისე დამეწყო დაკვრა. მითხრეს, რომ 45 წუთი უნდა დამეკრა, თუმცა დარწმუნებული ვიყავი, უფრო მეტხანს დავუკრავდი. კონცერტი ბილ ევანსის კომპოზიცია „ნარდისით“ გავხსენი, რომელიც ძალიან ლამაზი და სევდიანია. სხვათა შორის, ჯაზფესტივალისთვის პროგრამა სპეციალურად შევარჩიე და გაამართლა. ყველაფერი გავითვალისწინე: გარემო, ცის ქვეშ, ტალღებისა და სიოს ხმა, მოკლედ, ყველაფერი. შემდეგ დავუკარი თელონიუს მონკის თემა. მე მოვისმინე ერთი კომპოზიცია, რომელიც აღმოსავლურ სტილშია გადაწყვეტილი და მეც გადავწყვიტე, რომ ამ სტილში გამეკეთებინა ეს კომპოზიცია, მერე უცებ თავში რაღაცამ დამარტყა და შუა იმპროვიზაციაში ბოლერო შემოვაგდე, რასაც საოცარი აჟიოტაჟი, აპლოდისმენტები მოჰყვა. თავიდანვე დიდი ტალღა დავატრიალეთ. ჩვენ არ ვიყავით ტრიო, ჩვენ ვიყავით სამი ძლიერი სოლისტი, რომლებიც ვიბრძოდით იმისთვის, რომ ერთისკენ წავსულიყავით და ამ პროცესს უყურებდა ხალხი. კახა თოლორდავას იმდენი ჯაზმენი ჰყავს მოსმენილი, კარგად იცის ეს სფერო და მან გვითხრა, თქვენ მართლა „დახურეთ“ და „დაგლიჯეთო“.

– 45 წუთზე მეტხანს უკრავდით?

– საათსა და ხუთ წუთს, ან უფრო მეტხანსაც ვუკრავდით. თავიდან ვუყურებდი საათს, მერე მუსიკაში რომ შევედი, საერთოდ აღარ მაინტერესებდა დრო – უნდა გამეკეთებინა ის, რაც დაგეგმილი მქონდა. კიდევ რამდენიმე კომპოზიცია დავუკარი – სვინგი, სტანდარტი და, რაც მთავარია, ნოდარ გაბუნიას კომპოზიცია, რომელიც ქართველმა მსმენელმა ძალიან კარგად მიიღო. კიდევ, შევასრულე ჩემი კომპოზიცია, რომელიც რუსთაველის თეატრის სპექტაკლ „აფსენტისთვის“ დავუწერე ჩემს მეგობარს – ნელ, ბალადის რიტმში. გადავწყვიტე და ისე დავუკარი. მოკლედ, სტილური თამაში გავაკეთეთ: ხან სვინგი შემოვიტანეთ, ხან – ლათინო, ხან – ბალადა, ერთი სტანდარტიც დავუკარით, რომელიც, მაყურებელზე ძალიან მოქმედებს. როი ჰარგროვის გამოსვლისთვის ძალიან კარგი ატმოსფერო შევქმენი. სხვათა შორის, მას პატარა საჩუქარიც გავუკეთე: უკან იდგა და, სანამ ბოლო აკორდს დავცხებდით, ბიჭები გავაჩერე და პატარა ფრაზა დავუკარი მისი კომპოზიციიდან. ვიცოდი, რომ ახლოს იდგა და ხმას გაიგებდა. ძალიან მოეწონა. მისი კვინტეტის წევრებმა მითხრეს, საიდან, როგორო და ვუპასუხე, მე ეს ალბომი ძალიან მიყვარს-მეთქი. ეს სიურპრიზი მისთვის ძალიან გამართლებული აღმოჩნდა, რადგან ჩვენ ერთად დავუკარით „შერატონში“, „ჯემ სეიშენზე“, სადაც ყველას შეეძლო, დაეკრა. ყველაზე სასიამოვნო ის იყო, რომ მე როის მუსიკოსებთან ერთად ვუკრავდი და მხოლოდ ერთი ქართველი ვიყავი. „აფთერ ფართის“ შემდეგ ადიოდნენ სცენაზე და უკრავდნენ. მე როის დაველაპარაკე, ვუთხარი, რომ ძალიან მინდოდა მასთან ერთად დაკვრა. რა თქმა უნდა, დამთანხმდა, კომპოზიციაც ერთად დავგეგმეთ, თუმცა, როცა სცენაზე ავედი, სულ სხვა რაღაც დაუკრა. თუ შენ გააკეთებ იმას, რაც როის უნდა, დიდხანს დარჩები სცენაზე, თუ არა, მაშინ სხვა დაუკრავსო. – ეს იყო ჩემთვის ერთგვარი გამოწვევა და მეც მივიღე, დავთანხმდი მის „თამაშს“. დაკვრის მომენტში არაფერი უთქვამს, თემას შემოაგდებდა და მეც ამის მიხედვით ვჯდებოდი აკორდებზე, ბასი პარტიას წაიყვანდა და ეს ჩემთვის ძალიან კარგი გაკვეთილი იყო. მასტერკლასები ჩამიტარა როიმ, იმ მომენტში ბევრი რაღაცეები ვისწავლე.

– როგორი იყო როის რეაქციები?

– ის დრამთან იჯდა, მე ჯაზის დაკვრის ფარგლებს გავცდი, არ დავუკარი სტანდარტულად, გამომხედა და თვალებით მივხვდი, რომ ისმენდა იმას, რასაც ვუკრავდი, მერე უცებ სცენაზე თავის მიკროფონთან მივიდა და საყვირზე დაუკრა. მასთან დაკვრა ჩემთვის ძალიან ბევრის მომცემი იყო, მისგან ბევრი რამ ვისწავლე. მესამე დღეს მე და როის პიანისტმა ჯონათანმა გადავწყვიტეთ, ოთხ ხელში დაგვეკრა და ძალიან კარგი გამოვიდა, ჯონათანი კარგი მუსიკოსია და, შეიძლება, ორ როიალზე მომავალში ალბომი ჩავწეროთ. მას ვუთხარი, რამე მასწავლე-მეთქი, მან კი მითხრა, მე შენგანაც ვსწავლობო. არ მჯერა, როგორ შეიძლება, ჯაზი ვასწავლო ამერიკელს! თუმცა, მე მაქვს რაღაც ქართული და ეს მოსწონთ. თან, მას ქართული ფოლკლორი, გალობა მოვასმენინე და ძალიან მოეწონა. მესამე დღეს, როდესაც დავინახე ჩემი საყვარელი დრამერი, მაიკ სტერნი, გავუღიმე, იმანაც გამიღიმა და მკითხა, როგორ მღერისო და მეც ვუთხარი – დიდებულად-მეთქი. მერე გამოველაპარაკე, ვკითხე მის მეგობარ ბობ ბერგიზე, რომელიც ჩემი საყვარელი საქსოფონისტია. სამწუხაროდ, გარდაიცვალა. მან მიამბო, როგორ გაიცნო, როგორ გააკეთეს ერთად ჯაზკლუბი, გაუხარდა, რომ მას მეც ვიცნობდი, ბევრი რაღაც მირჩია.

– რა ხდება ჯაზის იქით, როგორ ცხოვრობს გიორგი, რა უყვარს?

– გიორგის ძალიან უყვარს გოგონები. მიყვარს ლამაზი ადამიანები, როდესაც ლამაზი სხეული, ფეხები, სახე აქვთ, მაგრამ არ მიყვარს მოდელი გოგონები, რადგან როგორც კი პირს გააღებენ, იდიოტობას იტყვიან – ეს სამწუხარო ფაქტია. ჯერჯერობით ჩემი საქმისთვის სერიოზული ურთიერთობები დამღუპველია, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაც არ მყვარებია.

– როცა გიყვარს, უფრო მეტი ემოციებით უკრავ?

– ადამიანი ვერაფერს შექმნის, თუ რაღაც არ აწუხებს, ვინმეზე არ ფიქრობს, მაგალითად, „აფსენტის“ თემა ერთ ქალბატონს ეძღვნება. შეიძლება, ადამიანით გატაცებული იყო, ფიქრობდე მასზე, რაღაც ზრახვები გქონდეს და ეს ყველაფერი მერე იდება დაკვრაში. მგრძნობელობა კარგად მაქვს განვითარებული – შეიძლება, ქალბატონი ჩემზე გაცილებით უფროსი იყოს, არ მიყურებდეს, არ მაქცევდეს ყურადღებას, მაგრამ მის სიმპათიას მაშინვე ვგრძნობ.

– ასეთ დროს როგორ იქცევი?

– თუ ინსტრუმენტი ახლოს არის, დაკვრას ვიწყებ. ნაბიჯებსაც ვდგამ. ისე, მე ცოტა ვაშინებ გოგონებს, ალბათ, მზერით, არ ვუშვებ ჩემამდე. თუმცა, მაინც ვერ გავიგე, რატომ ეშინიათ. ვცდილობ, ამას არ მივაქციო ყურადღება, მაგრამ ხანდახან მწყინს და, რაც მთავარია, მერე ვარკვევ, რომ ძალიან ბევრ გოგონას ვაინტერესებ, ბევრს ვუნდივარ. რამდენჯერმე მინანია, ქალთან თვალებით ლაპარაკს რომ არ გავცდენილვარ და რატომ არ ვუთხარი რამე. მოკლედ, ქალებს ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი უკავია, ადრე თუ გვიან ცოლს აუცილებლად შევირთავ. კაცმა ისეთი ქალი უნდა მოიყვანოს ცოლად, რომ სხვისკენ აღარ გაიხედოს.

– ერთგული ადამიანი ხარ?

– თუ ჩემი საქმის მიმართ ერთგული ვარ, ცოლის მიმართაც ერთგული ვიქნები, განსაკუთრებით, როცა უკვე ბეჭედი გიკეთია – ეს ძალიან დიდი საიდუმლოა. ეკლესია მრუშობას ცუდად უყურებს, ასეც უნდა იყოს, მაგრამ, მუსიკოსს ასეთი ურთიერთობები სჭირდება, მრუშობა ჩვენთვის ერთგვარი საკვებია. მუსიკოსებს ყოველთვის გვჭირდება ადამიანი, რომელიც გვერდით გვეყოლება და არა მხოლოდ სექსუალურად დაგეხმარება, არამედ აზროვნებითაც. მაგრამ კაცი ცოლის ერთგული უნდა იყოს, იმიტომ რომ, მისი ღალატით შვილებსაც ღალატობს.


скачать dle 11.3