კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენი წელი აქვს გატარებული ციხეში უკრაინული ოპოზიციის ლიდერს ვიქტორ იანუკოვიჩს და ედებოდა თუ არა მას ბრალად გაუპატიურება



10 ყველაზე სკანდალური, საინტერესო და უცნობი ფაქტი



უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, უკრაინის ¹1 ოპოზიციონერი, პარტია „რეგიონების“ ლიდერი, პრორუსული ორიენტაციის მქონე პოლიტიკოსი, რომელიც რამდენიმე წელია ცდილობს ვიქტორ იუშჩენკოს საპრეზიდენტო სკამიდან ჩამოგდებას და ბოლოს ვლადიმირ პუტინთან და მის გარემოცვასთან დაახლოებული პირი, ვიქტორ იანუკოვიჩი როგორც პოლიტიკური ფიგურა საინტერესოა, არა მხოლოდ უკრაინისთვის და რუსეთისთვის, არამედ საქართველოსთვისაც. იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული მოკავშირეა, საინტერესოდ მივიჩნიეთ გაგაცნოთ ვიქტორ იანუკოვიჩზე გავრცელებული სკანდალური და უცნობი დეტალების ნაკრები.

1. 1967 წლის 15 დეკემბერს, 17 წლის ვიქტორ იანუკოვიჩს, როგორც კრიმინალური ბანდის „პივნოვკას“ წევრს, ყაჩაღობის ფაქტზე სასამართლომ სამი წლით პატიმრობა შეუფარდა. იანუკოვიჩი არასრულწლოვანთა კოლონიაში იხდიდა სასჯელს, მაგრამ ოქტომბრის დიდი რევოლუციის 50-ე წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებით, მას ამნისტია შეეხო და წლინახევრით შეუმცირდა ციხეში ყოფნის პერიოდი. შვიდთვიანი პატიმრობის შემდეგ, სამაგალითო ქცევისთვის ის გაათავისუფლეს, მაგრამ 1970 წელს იანუკოვიჩი ხელმეორედ აღმოჩნდა განსასჯელის სკამზე. ამჯერად მას გაცილებით მძიმე ბრალდებას უყენებდნენ. ვიქტორს სხეულის განზრახ დაზიანება ედებოდა ბრალად, მაგრამ სინამდვილეში გაუპატიურებაში იყო ეჭვმიტანილი. თვითონ იანუკოვიჩი სასამართლოზე ამტკიცებდა, რომ ქუჩური გარჩევების დროს ქალბატონის დაცვას ცდილობდა ნასვამი მამაკაცებისგან და სხეულის დაზიანებაც აქედან ჰქონდა მიღებული ქალს. საბოლოოდ, სასამართლომ იანუკოვიჩს ორწლიანი პატიმრობა შეუფარდა. გადმოცემით იანუკოვიჩი, პატიმრობის პერიოდში ციხის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობდა და მისი წყალობით, ციხის უფროსობა მუდმივად საქმის კურსში იყო, თუ რა ხდებოდა ციხის შიგნით. 1973 წელს იანუკოვიჩს ორივე ნასამართლობა მოუხსნეს, ხოლო 1978 წელს დონეცკის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვიქტორ იანუკოვიჩი ყველა სტატიის თანახმად გაამართლეს. დღევანდელ დღეს, ყველა დოკუმენტი, რომელიც იანუკოვიჩის პატიმრობას ეხება განადგურებულია, ხოლო მოსამართლეები, პროკურატურის თანამშრომლები და მოწმეები ცოცხლები აღარ არიან.

2. ამბობენ, რომ ადამიანებით მანიპულირება იანუკოვიჩს „კაგებემ“ ასწავლა. ჯერ კიდევ პირველი პატიმრობის დროს თანამშრომლობდა უშიშროების კომიტეტთან და უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატებს დღემდე უამრავი კითხვა უჩნდებათ იანუკოვიჩისთვის ნასამართლობის მოხსნის თაობაზე. 1974 წელს ის ჯერ არ იყო რეაბილიტირებული სასამართლოს მიერ, მაგრამ ყოველგვარი პრობლემის გარეშე ჩააბარა დონეცკის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში და ასევე მონაწილეობა მიიღო მონტე-კარლოში გამართულ ავტორალიში. დეპუტატების მტკიცებით, ადამიანი რომელიც ორჯერ იყო ნასამართლები და გარკვეული პერიოდი ციხეში ჰქონდა გატარებული ვერ მოახერხებდა საბჭოთა კავშირიდან გასვლას, თუ, რა თქმა უნდა, მას „კაგებე“ არ მფარველობდა.

3. 2004 წელს უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ლეონიდ კუჩმამ ვიქტორ იანუკოვიჩს სამუდამო მფლობელობაში გადასცა აგარაკი „მეჟგორიეში“, რომელშიც ეს უკანასკნელი პრემიერ-მინისტრად დანიშვნის დროს გადასახლდა. იანუკოვიჩის აგარაკი იმით იყო ცნობილი, რომ ერთხანს იქ ნიკიტა ხრუშჩოვი ცხოვრობდა და ადგილობრივები ამ სახლს „ხრუშჩოვის სახლად“ მოიხსენიებდნენ. როდესაც უკრაინაში მთავრობა შეიცვალა იუშჩენკოს გუნდმა იანუკოვიჩს აგარაკი ჩამოართვა და იქიდან გამოასახლა. თვითმხილველები იხსენებენ, რომ გამწარებული იანუკოვიჩი ფანჯრებს ამსხვრევდა და ამტვრევდა ავეჯს. 2006 წელს იუშჩენკომ ისევ დაუბრუნა აგარაკი იანუკოვიჩს სამუდამო მფლობელობაში, მაგრამ სახელმწიფო ქონების განკარგვის კომისიამ სახლი საცხოვრებლად გამოუსადეგრად გამოაცხადა და 2007 წელს „ხრუშჩოვის სახლი“ დაანგრიეს.

4. 2004 წლის ოქტომბერში პრეზიდენტობის კანდიდატი ვიქტორ იანუკოვიჩი მიტინგს ატარებდა, რომელზეც განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, აპირებდა რუსულის მეორე სახელმწიფო ენად გამოცხადებას. ამ განცხადებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა საზოგადოებაში. 80 წლის ომის ვეტერანმა და უკრაინული ენის მასწავლებელმა ვასილი იაროშენკომ კი, ტრიბუნაზე მყოფი იანუკოვიჩი რუსეთის აგენტობაში ხმამაღლა დაადანაშაულა, რაზეც იანუკოვიჩმა თავის დაცვას განუცხადა - „ სხåðèòå åჯî íჭ õ.“ . იანუკოვიჩის გინების დამამტკიცებელ აუდიო-ვერსიაზე დაყრდნობით, ომის ვეტერანმა მას სასამართლოში უჩივლა და მოსამართლემ ვიქტორ იანუკოვიჩს ვეტერანისთვის გადასხდელი ჯარიმა დააკისრა 50 ათასი გრივნის ოდენობით.

5. უკრაინული პრესა და ტელევიზია დიდ დროს უთმობს პოლიტიკოსთა შვილების ცხოვრების გაშუქებას და არც ვიქტორ იანუკოვიჩის ვაჟიშვილი, ვიქტორ იანუკოვიჩ-უმცროსია გამონაკლისი. ის ხშირად ხდება ბულვარული პრესის ფურცლებზე. განსაკუთრებული ინტერესით სარგებლობს მისი ავტოფარეხი, სადაც სხვადასხვა ცნობებზე დაყრდნობით, ათობით ავტომობილია. გარდა ავტომობილებისა, უმცროსი იანუკოვიჩი ფლობს იახტა „ცენტურიონს“, რომლის ფასი 800 ათასი ევროა. ერთადერთი, რაც იანუკოვიჩ უმცროსს არ გააჩნდა, ეს იყო საკუთარი ბინა კიევში, მაგრამ სულ ახლახან, უკრაინის პირველი ოპოზიციონერის ვაჟი დაქორწინდა და პრესაში ვარაუდობენ, რომ უფროსი იანუკოვიჩი შვილს უსახლკაროდ არ დატოვებს.

6. საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში უკრაინაში ჩასვლას გეგმავდა ფეხბურთის მეფე პელე. მისი ვიზიტი საფეხბურთო სკოლის გახსნას უკავშირდებოდა და ასევე, ის გეგმავდა ვიქტორ იუშჩენკოსთან შეხვედრას, რომელსაც უკრაინის მომდევნო პრეზიდენტად განიხილავდა. პელეს ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, უკრაინის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა გრიგორი სურკისმა, რომელიც იანუკოვიჩის გარემოცვის წევრია და საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთი თანადამფინანსებელი, ფიფაში ფაქსი გააგზავნა. ფაქსი მათ ატყობინებდა, რომ მძიმე პოლიტიკური ვითარების გამო, უკრაინის ფეხბურთის ფედერაცია არ იძლეოდა უკრაინის ტერიტორიაზე პელეს უსაფრთხოების გარანტიას. ფიფამ ეს ფაქტი პელეს შეატყობინა და ვიზიტი გაურკვეველი დროით გადაიდო. საინტერესო კი ამ საკითხში ისაა, რომ პელეს არ მოუთხოვია არანაირი გარანტიები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და სურკისის ეს ფაქსი იანუკოვიჩის ფიარკამპანიის ნაწილი იყო, რათა მსოფლიო დონის ვარსკვლავი არ შეხვედროდა მის უშუალო კონკურენტს ვიქტორ იუშჩენკოს.

7. სომხეთის მთავრობამ მადლობა გადაუხადა ვიქტორ იანუკოვიჩს იმასთან დაკავშირებით, რომ ის მონაწილეობდა 1988 წელს სპიტაკში მომხდარი მიწისძვრის შედეგად მიყენებული კატასტროფის ლიკვიდაციასა და ქალაქის აღდგენაში (იმ დროს იანუკოვიჩი „დონბასტრანსრემონტს“ ხელმძღვანელობდა). ამიტომ განახლებულ სპიტაკში ერთ-ერთ ქუჩას, ვიქტორ იანუკოვიჩის სახელი უწოდა. საინტერესოა, რომ თავდაპირველად, სომხური მხარე სპიტაკის ერთ-ერთი მოედნისთვის გეგმავდა სახელის შეცვლას, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ ქუჩას მიენიჭა იანუკოვიჩის გვარი.

8. 2005 წელს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იური ლუცენკომ სენსაციური განცხადება გააკეთა, შესაძლებელია, ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ საქმე აღიძრასო. საქმე ეგრეთ წოდებულ იანუკოვიჩის „საქველმოქმედო ფონდებს“ ეხებოდა, რომლებითაც ფინანსდებოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის საარჩევნო კამპანია. ლუცენკოს განცხადებით შპს. „სმერეკას“ ანგარიშებიდან ლიტვაში გადაირიცხა 130 მილიონი დოლარი, რომელიც შემდეგ უცნობმა ფიზიკურმა პირმა გაანაღდა. მინისტრის ვარაუდით, საქმე ფულის გათეთრებას ეხებოდა და ამასთან დაკავშირებით დაიკითხნენ, ის პირები, რომლებიც ჩართული იყვნენ იანუკოვიჩის დაფინანსებაში: „დინამო“ კიევის“ პრეზიდენტი სურკისი და დნეპროპეტროვსკის საოლქო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლა შვეცი. გარდა ამისა, იანუკოვიჩის კიდევ ერთ ფონდში – „უკრაინა“ გამოძიებამ აღმოაჩინა ექს-პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას და ბიზნესმენ ვიქტორ პინჩუკის კუთვნილი თანხები, რომლებიც ასევე იანუკოვიჩის კამპანიას ხმარდებოდა. უკრაინელი სამართალდამცავები იმის დადგენას ცდილობდნენ, თუ რა სქემით აღმოჩნდა კუჩმას ფული იანუკოვიჩის ფონდში. საინტერესოა, რომ მსგავსი ბრალდებები ლუცენკოს იუშჩენკოსა და ტიმოშენკოს მიმართაც ჰქონდა, მაგრამ სენსაციური განცხადებების იქით ეს საქმეები აღარ წასულა.

9. სულ ახლახან ამერიკელი ვარსკვლავი ბიონსე ნოულზი და ვიქტორ იანუკოვიჩი ერთმანეთს სასტუმროს ნომრის გამო დაუპირისპირდნენ. დონეცკში დაგეგმილი კონცერტის ჩასატარებლად ვარსკვლავი უკრაინას ესტუმრა და მისმა საქმის მწარმოებლებმა ყველაზე ძვირად ღირებულ სასტუმროში მომღერლისთვის ყველაზე ძვირად ღირებული ნომერი მოითხოვეს. აღმოჩნდა, რომ ზუსტად იმ პერიოდში დონეცკში იმყოფებოდა ვიქტორ იანუკოვიჩი და მასაც იგივე ნომერში გაჩერება სურდა. სასტუმრო „დონბას პალასის“ საპრეზიდენტო ნომერი ერთ ღამეში 2 128 დოლარი ღირდა და სწორედ იქ აპირებდნენ ორგანიზატორები ბიონსეს დაბინავებას, მაგრამ ყველასათვის მოულოდნელად, ვიქტორ იანუკოვიჩმა დაასწრო უცხოელ ვარსკვლავს და თვითონ შესახლდა ნომერში. ამ ფაქტის გამო ბიონსეს წარმომადგენლებმა უკმაყოფილება გამოხატეს, თვითონ მომღერალი კი იმუქრებოდა, რომ კონცერტს ჩაშლიდა თუ მას ყველაზე ძვირად ღირებულ ნომერში არ დააბინავებდნენ. საბოლოოდ, სასტუმროს ადმინისტრაციამ მომღერალი სამეფო ჰაი-კლასის აპარტამენტში დააბინავა, რომლის ფასი 2 600 დოლარია ერთ ღამეში.

10. ვიქტორ იანუკოვიჩი ცნობილია მიტინგზე ან ტრიბუნაზე სიტყვით გამოსვლის დროს დაშვებული შეცდომებით, მაგალითად, ერთ-ერთ მიტინგზე მას ერთმანეთში აერია ოდესელი მწერალი ისააკ ბაბელი და გერმანელი სოციალ-დემოკრატი ავგუსტ ბებელი. ერთ-ერთ მიტინგზე მან ცნობილ პოეტ ქალს ანა ახმატოვას შეცდომით ანა ახმეტოვა უწოდა. სტადიონ „დონბას არენას“ გახსნაზე კი მას უკრაინელი პოეტის, პაველ ბესპოშადნის გვარი დაავიწყდა და ბესპოშადნის ნაცვლად ის პაველ ბესმერტნიდ მოიხსენია. ხოლო ყველაზე ცნობილი შეცდომა იანუკოვიჩს კიევში გამართულ მიტინგზე მოუვიდა, როდესაც დაავიწყდა დოსტოევსკის ცნობილი ციტატა – „სილამაზე გადაარჩენს მსოფლიოს“ და მთელი ათი წუთის განმავლობაში ცდილობდა გაეხსენებინა, თუ ვის ეკუთვნოდა ეს ფრაზა და როგორი იყო სიტყვების თანმიმდევრობა.



უშანგი რუხაძე


скачать dle 11.3